მთავარი,სიახლეები

მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი

05.07.2018
მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი

აჭარის მთავრობა ქობულეთის ფიჭვნარში კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს განიხილავს – ინვესტორი ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 1,2 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ითხოვს. საინვესტიციო წინადადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ განუხილიათ, შესაბამისად, არ ვიცით რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი. ვიცით ის, რომ ინვესტორს ქობულეთის სარეკრეაციო ზოლში, პარკის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსისა და აკვაპარკის მოწყობა სურს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორის წინადადება განსახილველად ქობულეთის მერიას გადაუგზავნეს. მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანხმობის შემთხვევაში, ქობულეთის მერიას მოუწევს დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ქობულეთის განაშენიანების გეგმაში ცვლილების შესატანად, ინვესტორის მიერ მოთხოვნილ ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ლანდშაფტური ზონის სტატუსის მოხსნის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონის დარღვევა იქნება.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, შპს „ჯინო ჰოლდინგის“ საინვესტიციო წინადადების შესახებ კორესპოდენცია ქობულეთის მერიაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს. მერიის მიზანშეწონილობის კომისიამ ის უკვე განიხილა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. „ჩვენ მხოლოდ შევიმუშავეთ პირობები, რა პირობებითაც ეს ნაკვეთი შესაძლოა გადაეცეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“, – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის მერი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ზუსტად არ ახსოვს რა პირობებზე შეთანხმდნენ მიზანშეწონილობის კომისიის სხდომაზე. თუმცა ახსოვს, რაც ჩაწერეს ჩამონათვალში – შეთანხმების შემთხვევაში საჭირო იქნება პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი ტერიტორიის ზონის სტატუსის შეცვლა. გარდა ამისა, ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმების შემთხვევაში, ქობულეთის მერია ითხოვს ტერიტორიის გასხვისებით მიღებული შემოსავალი ქობულეთის ბიუჯეტს დარჩეს:

„ეს არის ჯერჯერობით პირველადი ინფორმაციის გაცვლა, არანაირად არ გულისხმობს ნაკვეთის გადაცემის წინაპირობას… თუკი ის მისაღებია საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, მაშინ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ამ ნაკვეთზე ლანდშაფტურ-ეკონომიკური ზონის სტატუსის მოხსნაზე და არა მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთებზე, არამედ სხვა მიწის ნაკვეთებზეც, სადაც შესაძლებელია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდეს“.

ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს სხვადასხვა უწყების მხრიდან საინვესტიციო წინადადებით შეთავაზებული პროექტის შეფასებას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას, რაც შეიძლება გახდეს დაგეგმილ პროექტზე თანხმობის ან უარის თქმის საფუძველი.

ქობულეთის მერს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში. თუმცა ამბობს, რომ მისი, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიდგომა თამამია და მიიჩნევს, რომ ქობულეთში აუცილებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, „რომელიც ეხება ქობულეთის სანაპირო ზოლში საინტერესო ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სწორი ინვესტიციების განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს ისეთი ობიექტების არსებობაში, რომელიც გულისხმობს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ობიექტების არსებობას და თანამედროვე მომხმარებლის პრეტენზიაზე და სურვილზე გათვლილ სერვისს“.

„ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილია, რომ ინვესტორს მიწის ნაკვეთის მიღება პირდაპირი წესით და პირობით სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ქონება აუქციონის გარეშე, კონკურენტულ გარემოში არ გაიყიდება. ამ ინფორმაციას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გაცემა არ იგეგმება.

ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობამ ქობულეთის ფიჭვნარში, სამშენებლოდ ათვისების მიზნით 71 523 კვადრატულ მეტრ ფართობს შეუცვალა სარეკრეაციო ლანდშაფტური ზონის სტატუსი. ეს ტერიტორია 24 678 კვადრატული მეტრით მეტია თავად ქობულეთის ცენტრალურ პარკზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარკი 46 845 კვადრატული მეტრია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: