მთავარი,სიახლეები

წელს ზღვის სანაპიროზე 200 მაშველი იმუშავებს

04.07.2018 • 3414
წელს ზღვის სანაპიროზე 200 მაშველი იმუშავებს

ზღვის სეზონთან დაკავშირებით, აჭარის სანაპიროებზე მაშველების რაოდენობა იზრდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი, ირაკლი თოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, სანაპირო ზოლში 200 მაშველი იმუშავებს. გასულ წელს, სეზონის დასაწყისიდან, 130 მაშველი მუშაობდა, სეზონის ბოლოსთვის კი – 97 მაშველი.

„წლის დასაწყისში გავაკეთეთ გარკვეული ანალიზი, თუ როგორი ვითარება იყო გასულ წელს, აქედან გამომდინარე გავზარდეთ მაშველების რაოდენობა. წინასწარი პროგნოზით წელს დამსვენებლების დინამიკა არის მზარდი და გვინდა მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ზღვის სეზონს“, – გვეუბნება თოიძე.

როგორც ირაკლი თოიძე გვეუბნება, მაშველების 70 პროცენტი წელს აიყვანეს. მათგან ბევრი საზღვაო აკადემიიდან და დასაქმების სააგენტოდან მიიღეს.

„ჩაუტარდათ გამოცდა მანძილზე ცურვაში, შემდეგ გაიარეს პირველადი დახმარების ტრენინგები“.

როგორც თოიძე ამბობს, არ ჰყავთ ქალი მაშველები, თუმცა მსურველები იყვნენ.

„წელს თავი შევიკავეთ ქალების დასაქმებაზე, რადგან გამოცდილება და დატრენინგება სჭირდებათ.“

თოიძის თქმით, მაშველები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ინსტრუმენტით, იქნება ეს სამაშველო რგოლები, ჟილეტები, ჭოგრიტები, ხელის რადიოსადგურები და ა.შ.

მაშველები ამ პერიოდისთვის ზღვის სანაპირო ზოლზე 150 მეტრის დაშორებით არიან განლაგებული, თუმცა დამსვენებლების ზრდის პარალელურად მაშველებს განლაგებას შორის მანძილი შემცირდება.

ამ ეტაპზე თითო საგუშაგოზე ორ-ორი მაშველი იმყოფება და რადგან მაშველებს შორის რადიუსი დიდია, მათ ხშირი მოძრაობა უწევთ.

მაშველები მუშაობას დილის ცხრა საათიდან იწყებენ და საღამოს ცხრამდე აკვირდებიან სანაპიროს.

„ჩვენს სამსახურში არის საზღვაო განყოფილება, სადაც გვყავს მყვინთავები, გემთწამყვანები, წელს გავზარდეთ მცურავი საშუალებების რაოდენობაც და მათი მოძრაობაც უკვე შესამჩნევია სანაპიროზე – სისტემატურად პატრულირებენ გონიო-კვარიათის, ახალი და ძველი ბულვარის, მახინჯაურის, მწვანე კონცხისა და ჩაქვი-ქობულეთის მიმართულებით.

ერთი ეკიპაჟის დამატებასაც ვგეგმავთ, რომელიც ღამის განმავლობაში დააკვირდება  სანაპირო ზოლს, ოღონდ ძველი და ახალი ბულვარის პერიმეტრში“.

ირაკლი თოიძის თქმით, საბავშვო ბანაკების შემოსვლის დროს, ზღვაზე მაშველების რაოდენობა გაიზრდება.

მიუხედავად მაშველების აქტიური მცდელობისა, როგორც ირაკლი თოიძე ამბობს, მაინც ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები არ ემორჩილებიან მათ მითითებებს და ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შედიან.

„პირველი მაისიდან დღემდე ოთხი ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ორთან დაკავშირებით დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ ზღვაში შესული.

ვურჩევთ მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ მაშველების მითითებები“.

ირაკლი თოიძის თქმით, ამ დროისთვის იმ სანაპიროებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, ოთხი ბანერია თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული, თუმცა ადამიანები მაინც შედიან ზღვაში.

ირაკლი თოიძის ინფორმაციით, გასულ წელს ზღვაში 9 ადამიანი დაიხრჩო, 135 გადარჩენის შემთხვევა იყო, წელს კი, 6 ივნისიდან დღემდე,   გადარჩენის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი ადამიანი კი დაიღუპა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: