მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს

04.07.2018 • 3393
აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს

თუკი ზურაბ პატარაძე თანამდებობას დატოვებს, უფლებამოსილება შეუწყდება აჭარის მთავრობას, შესაბამისად, ავტომატურად თანამდებობას ყველა მინისტრი დატოვებს. ზურაბ პატარაძე ბრიფინგის ჩატარებას დღეს, 4 ივლისს, 14 საათზე გეგმავს.

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი აჭარის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდა უყაროს კენჭი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ამ პროცესში მონაწილეობას აღარ იღებს ქვეყნის პრემიერი.

ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი:

„თავდაპირველად პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები, ამის შემდეგ უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა. ამ კანდიდატმა, თავის მხრივ, უნდა დაასახელოს თავისი მინისტრთა კაბინეტი. ამის შემდეგ ეყრება კენჭი მთავრობის დამტკიცებას, რასაც სრული შემადგენლობის უმრავლეოსბამ უნდა დაუჭიროს მხარი. თუ მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ვერ დაამტკიცებს, პრეზიდენეტი იმავე კანდიდატურას ან სხვა შემადგენლობას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს“.

აჭარის კონსტიტუციის 23-ე მუხლი, „მთავრობის დამტკიცება“:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.

თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: