მთავარი,სიახლეები

თურქული კლინიკის ქართველი მრჩეველი: არ მითქვამს, რომ C ჰეპატიტის პროგრამა კიბოს იწვევს

05.07.2018 • 19573
თურქული კლინიკის ქართველი მრჩეველი: არ მითქვამს, რომ C ჰეპატიტის პროგრამა კიბოს იწვევს

რადიო „ფორტუნას“ მიერ გავრცელებული ინტერვიუს შესახებ, რომლის ერთი ნაწილი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის  მკურნალობას ეხებოდა, მეორე დღეა განმარტებები კეთდება. საქართველოში მოქმედმა სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ პროგრამასთან, გაავრცელეს დეტალური განმარტება, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თურქეთში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში დასაქმებულ ქართველს, მალინა ბერეკაშვილს და პრესაში მისი სახელით გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განმარტება სთხოვა. მალინა ბერეკაშვილი პროფესიით ექიმი არ არის, იგი კლინიკაში დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს.

მალინა ბერეკაშვილის თქმით, მას არ უთქვამს, რომ საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის პროგრამა იწვევს კიბოს.

„C ჰეპატიტის პროგრამა კი არ იწვევს სიმსივნეს. C ჰეპატიტი გენეტიკურად როდესაც გამოიდევნება ორგანიზმიდან, შეიძლება მოხდეს რეციდივი სიმსივნის სახით. ყველასთან არა, შეიძლება ოცი პაციენტიდან ერთში გადაგვარდეს კიბოს სახით.

მე არ ვამბობ, რომ საქართველოში არსებული C ჰეპატიტის პროგრამა კლავს. C ჰეპატიტი არის რთული ვირუსი და მას სჭირდება სხვა სპეციფიკით მიხედვა. კვლევები უნდა ჩატარდეს სრულყოფილად. მხოლოდ ექოსკოპიით და ანალიზებით არ უნდა დასვან დიაგნოზი და ამის საფუძველზე პაციენტს დააწყებინონ C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული წამლები.

თვითონ C ჰეპატიტია რთული ვირუსი, როდესაც ორგანიზმიდან განიდევნება, ბოლომდე არ გადის, უჯრედულად მაინც რჩება, რაც არ უნდა ვიმკურნალოთ. რადგან უჯრედულად რჩება, ის შეიძლება გადაგვარდეს ონკოდაავადებად. ამას ვამბობ, თორემ C ჰეპატიტით ვინც იმკურნალა, მერე ორი წლის თავზე სიმსივნით მოვიდა-თქო, მე ეგ არ მითქვამს“.

რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს განუვითარდეს კიბო?

„კიბო შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ანტივირუსული  მკურნალობა დაწყებულია ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის ეტაპზე. ასეთ პაციენტებს არ ვეუბნებით უარს და პროგრამაში ჩართვაში შანსს ვაძლევთ. მათ დიდ პროცენტში ვიღებთ კიდევაც შედეგს, მაგრამ  პაციენტების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი განულდება და აღარ არსებობს, თვითონ ღვიძლის დაზიანების პროცესის შეჩერება ვერ ხერხდება. ეს ბოლოს შეიძლება სიმსივნეში გადავიდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ C ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის წევრი, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მაია ბუწაშვილის თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობა სიმსივნური დაავადებებს არათუ არ ავითარებს, ხშირ შემთხვევაში, პირიქით, პრევენციაში ეხმარება:

„ანტივირუსული მკურნალობის მთელი მიზანი არის ის, რომ ვირუსი მოვაცილოთ ორგანიზმს. ამის ფონზე მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი, რომ ღვიძლის დაზიანებები გაგრძელდეს და პირიქით ღვიძლის დაზიანებების უკუგანვითარების პროცესი მოხდეს. ციროზი არის ის დაავადება, რომელიც რთულდება ღვიძლის კიბოთი, იგივე კარცინომით. თუ ციროზი არ დადგა, ვერ იქნება ღვიძლის კიბო ჰეპატიტით გამოწვეული. ამიტომ როდესაც ციროზის წინააღმდეგ არის მიმართული ეს მკურნალობა, ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სიმსივნის რისკიც აღარ აქვთ. შესაბამისად, ანტივირუსული მკურნალობის მთელი იდეა არის ის, რომ ამ ხალხს სიმსივნე აღარ დაემართოს. რეალურად,  ყველაფერი არის იმის საპირისპირო, რაც ითქვა ინტერვიუში“.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/290493/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: