მთავარი,სიახლეები

100-მდე ფერადი ფრანი ცაზე – ფრანების ფესტივალი ბათუმში

04.07.2018
100-მდე ფერადი ფრანი ცაზე – ფრანების ფესტივალი ბათუმში

28-29 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ბულვარის მიმდებარედ ფრანების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი კლუბი KiteDreams-ისა და აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. კლუბი KiteDreams-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიჯეი ლაშა გურული (კუკულაძე) ამბობს, რომ მათ საკუთრებაში 100-მდე ფრანია, მათი ფორმები და ზომები სხვადასხვაა, “ყველაზე პატარები ნახევარმეტრიანი ფრანებია, ყველაზე დიდები კი 15 -მეტრიანი ფრანები გვაქვს” – ამბობს ის.

წყარო: KiteDreams

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ სამოყვარულო ფრანების გაშვება, რისთვისაც სპეციალური მასტერკლასიც ჩატარდება. მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი ფრანებიც გამოიტანონ ფესტივალზე.

ფესტივალზე ასევე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, ერთ-ერთი მათგანი სპორტული ფრანების შოუა [Kitesurfing].

ასევე, დაუკრავენ მოწვეული დიჯეები.

ლაშა ამბობს, რომ ფესტივალზე პირველად გაუშვებენ ახალ, 15-მეტრიან ფრანს, რომლის ფორმაც ჯერ საიდუმლოდ რჩება, თუმცა ამბობს, რომ აქამდე მათ კოლექციაში არსებული ფრანებისგან განსხვავებით, იგი ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება.

წყარო: KiteDreams

კლუბი KiteDreams-ი დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩამოყალიბდა და ნელ-ნელა ვითარდებოდა. “სხვადასხვა პატარა ღონისძიებებს ვაკეთებდით ჩვენი სახსრებით, თავიდან სულ ათამდე ფრანი გვქონდა, თბილისში, კახეთში, ბათუმში და სხვადასხვა ადგილებში ვაკეთებდით პატარა ღონისძიებებს. ჩვენს ფეიჯზე ვაანონსებდით პატარა შეკრებების შესახებ და მსურველები მოდიოდნენ. როცა დავინახეთ, რომ ხალხისგან ამდენი დადებითი ემოცია მოდიოდა, ისევ ჩვენივე ბიუჯეტით დავიწყეთ ახალი ფრანების შეკვეთა. პირველი შედარებით მასშტაბური ღონისძიება იყო ბათუმში, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალზე “SoundSpring”, როცა პირველად გავუშვით ყველა ფრანი ჩვენი კოლექციიდან. შემდეგი იყო ჯემ-ფესტი, იქაც ჩვენი ინიციატივით გავუშვით  ფრანები და ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. შემდეგ ნელ-ნელა უფრო მასშტაბური სახე მიეცა ჩვენს კლუბს,” – ყვება ლაშა.

წელს ბათუმში ფრანების ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროც იქნება.

წყარო: KiteDreams

ფესტივალი ორივე დღეს 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, უამინდობის შემთხვევაში ღონისძიება გადაიდება  გამოდარებამდე, რის შესახებაც დაინტერესებულ ადამიანებს კლუბის ფეისბუქგვერდისა და მედიის საშუალებით აცნობებენ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან მარკეტინგული კომპანია შინდი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: