მთავარი,სიახლეები

შრომითი მიგრაციის შეთანხმება ისრაელთან – „არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“

01.10.2018 • 4504
შრომითი მიგრაციის შეთანხმება ისრაელთან – „არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“

2018 წლის პირველი იანვრიდან 28 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 9 500-მა მოქალაქემ გადაკვეთა ისრაელის საზღვარი. იმავე პერიოდში დაახლოებით 9 222-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ისრაელის ტერიტორია, ხოლო ისრაელში შესვლაზე უარი საქართველოს 2 000 მოქალაქეს უთხრეს.

საზღვარზე უარის თქმის დაბალი მაჩვენებელი, ისრაელში არალეგალურად დარჩენილი ნაკლები საქართველოს მოქალაქე და მათი ნებაყოფლობით დაბრუნება საქართველოში შეიძლება გახდეს წინაპირობა, რომლის საფუძველზეც ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ისრაელში უვიზო რეჟიმის დარღვევით, არალეგალურად, 15 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

„2014 წელს დაიწყო უვიზო მიმოსვლა ისრაელთან და პრობლემებმა თავი 2015 წლიდან იჩინა. მაგალითად, 2015 წელს ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 550-მა მოქალაქემ, 2016 წელს თავშესაფარი მოითხოვა 3 900-მა მოქალაქემ, 2017 წელს თავშესაფარი მოითხოვა 1 350-მა მოქალაქემ.  მიმდინარე წელს ეს ციფრი შემცირდა და თავშესაფარი მხოლოდ  350-მა მოქალაქემ მოითხოვა,“ –  ამბობს საქართველოს  კონსული ისრაელში, ალექსანდრე ჯიშკარიანი.

იმისთვის, რომ არალეგალური მიგრაციის პროცესი შეჩერებულიყო ისრაელში, საქართველოს საელჩომ და ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურმა ერთობლივად დაიწყეს „სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამის“ განხორციელება.

პროგრამა სამთვიანი იყო და ითვალისწინებდა მოქალაქეების დახმარებას სამგზავრო დოკუმენტის მოწესრიგებაში, ისრაელის საემიგრაციო სამსახური კი, მათთვის იძენდა ავიაბილეთს.  მოქალაქეები საქართველოში ბრუნდებოდნენ ყოველგვარი დაკავებისა და სადეპორტაციო ცენტრში დროის გატარების გარეშე. პროგრამა ითვალისწინებდა იმასაც, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი სარეინტეგრაციო პროგრამებში ჩართულიყვნენ. ისრაელში საქართველოს კონსულის თქმით, ამ ადამიანებს არ უწესდებოდათ ისრაელში შესვლაზე აკრძალვა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება, მათ ექნებათ საშუალება ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში.

2018 წელს „სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა“ სამი თვის მანძილზე – პირველი ივლისიდან 30 სექტემბრამდე ხორციელდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, წელს 100-მდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ამ პროგრამით. გასულ წელს მათი რიცხვი 180 იყო.

საკონსულოს ინფორმაციით,  ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა უკვე სხვა პირობებით, პირველი ოქტომბრიდან  წლის ბოლომდე ისევ გაგრძელდება. ამ პერიოდში დაბრუნებულ მოქალაქეებს ისრაელში შესვლაზე 10-წლიანი აკრძალვა დაუწესდებათ.

როდის გაფორმდება შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის

შრომითი მიგრაციის შესახებ კონსულტაციები 2015 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს თბილისში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა. მაშინ ისრაელის დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი ამნონ შმუელი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად მოლოდინისა, ხელშეკრულება დღემდე არ არის გაფორმებული.

„იმ ფაქტორმა, რომ მიგრაციის კუთხით საკმაოდ ნეგატიური ფონი არსებობდა, იმოქმედა მთელ ამ პროცესზე და შეაფერხა. სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა, საინფორმაციო კამპანია, რაც გულისხმობს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის წესების ახსნას – არის საემიგრაციო თანამშრომლობის მთავარი კომპონენტი, რამაც  ჩვენ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ საემიგრაციო კუთხით არსებული მდგომარეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს ხელს შეუწყობს უკვე შრომითი მიგრაციის შეთანხმების გაფორმების კუთხით პროგრესსაც,“ – ამბობს ალექსანდრე ჯიშკარიანი.

კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა საქართველო შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას მომავალ წელს, ისრაელში საქართველოს კონსული პასუხობს:

„გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი, იციკ მოშე კი ვარაუდობს, რომ  2019 წლისთვის ეს საკითხი [შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება] გადაწყდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი დამდგარიყო და გადაწყვეტილიყო ისევე, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მოხდა.

„მაგალითად, ისრაელს მოლდოვასთან გარკვეული კვოტა აქვს დაწესებული, მუშახელი ოფიციალურად ჩაჰყავს ისრაელში სამშენებლო ობიექტებზე. იციკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოვიდა ამ ინიციატივით, რომ ანალოგიური მექანიზმი გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამით რა ხდება – ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩნდება ლეგალური ანაზღაურების სერიოზული წყარო, მეორე მხრივ, არსებობენ საშუამავლო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დასაქმების მიზნით ართმევენ  საკმაოდ სოლიდურ თანხას. ეს არ უნდა ხდებოდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში „ისრაელის სახლის“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ბერნშტეინი.

მისივე თქმით, თუკი ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება, საშუამავლო კომპანიები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა, რომელსაც ისრაელში ჩასასვლელად და დასასაქმებლად იხდიდნენ.

ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი იმ გავრცელებულ მიზეზებზე საუბრობს, რითაც შეიძლება უარი უთხრან მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე. მისივე თქმით, საზღვარზე უარის მაჩვენებლის კლებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„2016-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნებოდნენ ისრაელში შემოსვლაზე იმიტომ, რომ ისინი ვერ ასაბუთებდნენ მათი ისრაელში მოგზაურობის მიზნობრიობას.

რამდენიმე ტიპის პრობლემა იყო:  მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთხელ უკვე უარი უთხრეს ისრაელის საზღვრის გადაკვეთაზე, მათ ავტომატურად დაუწესდათ ხუთწლიანი ან ზოგ შემთხვევაში ათწლიანი აკრძალვა. ეს მოქალაქეები ერთი კვირის, ერთი თვის შემდეგ ისევ ცდილობდნენ ისრაელში შესვლას.

მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ თუ იმ  პირის ოჯახის წევრები იყვნენ, რომელიც ისრაელში არალეგალურად იმყოფება ან მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი, მიუხედავად იმისა, ისინი აპირებდნენ თუ არა დარჩენას არალეგალურად ისრაელში, საზღვრის დაცვის სამსახური ვალდებულია ასეთ პირებს უარი უთხრას შემოსვლაზე.

ყველაზე ხშირად უარს ეუბნებოდნენ შემდეგ გარემოებაში – საქართველოს მოქალაქეები მოემგზავრებოდნენ ისრაელის მოქალაქესთან სტუმრად. შეიძლება ნამდვილად არ ჰქონდათ ისრაელში დარჩენა განზრახული, მაგრამ  ისრაელის ამ მოქალაქესთან თუ ადრე უკვე ჩამოსული იყვნენ საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ დატოვეს ისრაელის ტერიტორია  ან დარღვევით დატოვეს, ასეთ შემთხვევაში ეს  ისრაელის მოქალაქეები ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი საზღვრის დაცვის დეპარტამენტს.

ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის საზღვარზე უარის მაჩვენებლის კლებას. მოქალაქეები დიდ სამსახურს გაუწევდნენ თავიანთ თავსაც და ქვეყანასაც, თუ ისინი ისრაელში გამომგზავრებამდე დაფიქრდებოდნენ, ნამდვილად შეძლებდნენ თუ არა თავიანთი ვიზიტის მიზნობრიობის დადასტურებას. მაგალითად, რომ ნამდვილად ტურისტულად ან ნამდვილად სამკურნალოდ,  ან ნამდვილად ოჯახის ახლობლების მოსანახულებლად მოდიან. და პლუს ამას, ამ ახლობლებს და მეგობრებს არ აქვთ პრობლემები ისრაელში. თუ პირის ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი იმყოფება ისრაელში არალეგალურად, ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, თუ თავს შეიკავებდნენ ჩამოსვლისგან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: