„საბავშვო ბაღების დირექტორები „ოცნებისთვის“ სიებს აგროვებენ“ – ფარული ჩანაწერები ბათუმში


„სამ საათზე მოვიტან მხარდამჭერების სიებს… ნაციონალი არა, არ გვყავს,“ – ეს ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის, რომელიც დღეს, 24 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. პარტიის წარმომადგენელი ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან ურეკავდა. ბაღის დირექტორები ნანული ერემაშვილი, როენა ბოლქვაძე და ფატი შარაშიძე ჩანაწერში მხარდამჭერების სიების დროულად წარმოდგენის პირობას დებენ.

„შტაბი არ ვიცი, მე გაერთიანებიდან დამირეკეს, რომ მოიტანე სიებიო,“ – ამბობს ჩანაწერში როენა ბოლქვაძე. სატელეფონო ჩანაწერებში ბაღების დირექტორები არ აკონკრეტებენ, მხოლოდ თანამშრომლების სია შეაგროვეს, თუ სხვა პირებისაც. სამივე ბაღის დირექტორი ჩანაწერში ამბობს, რომ სიებს ბაღების გაერთიანებაში „ლიას“ დაუტოვებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ლია მოქიაზე, რომელიც ბაღების გაერთიანებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. ლაშა კომახიძემ მხარდამჭერების სიების წარმოდგენა ბაღების გაერთიანებას მისცა, ბაღების გაერთიანება კი სიებს იბარებს. ეს ყველა საბავშვო ბაღში ხდება, ჩვენ, უბრალოდ, სამს გავესაუბრეთ,“ – განაცხადა ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ.

სატელეფონო ჩანაწერში საუბარია სიების ფორმატზეც. ბაღების დირექტორები აკონკრეტებენ, რომ სიებში მითითებული არაა საარჩევნო უბნები, სადაც ბაღის თანამშრომლები ხმას აძლევენ. „მხოლოდ სახელი-გვარია მითითებული და მათი ტელეფონის ნომრები,“ – ისმის ჩანაწერში.

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა… ყურადღება მიაქციეთ, ერთ-ერთი დირექტორი ამბობს, რომ სამუშაო საათებში, დღის სამ საათზე მიიტანს სიას ოფისში. მეორე დირექტორი კი ადასტურებს, რომ ამ სატელეფონო გასაუბრების დროს მასთან იმყოფება „ოცნების“ კოორდინატორი, ვინმე რუსუდანი. მე მოვუწოდებ ბაღის დირექტორებს, შეწყვიტონ უკანონო დავალებების შესრულება,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე.

„ჩანაწერების შესახებ არაფერი ვიცი, ეტყობა, რაღაც პროვოკაციაა,“ – ასეთია ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა შამილიშვილის რეაქცია ფარულ ჩანაწერებზე. მისი თქმით, ბაღების დირექტორები მას გუშინ დაუკავშირდნენ.

„მითხრეს, რომ ვიღაცამ დაურეკა და რაღაც სიები ითხოვა. დირექტორებს გაუკვირდათ, რა სიებს გვთხოვენო… მე გარკვევა ვცადე, უკან გადავრეკე იმ ნომერზე, საიდანაც დირექტორებს დაურეკეს, მაგრამ აღარ მიპასუხეს,“ – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გამორიცხავს ბაღების დირექტორებისთვის პოლიტიკური დავალების მიცემას და მხარდამჭერების შეგროვებას.

„ეს გამორიცხულია. დირექტორებს მსგავსი დავალება არ აქვთ…. ჩემთვის უცნობია ეს ჩანაწერები. გავეცნობი და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს,“ – აღნიშნა მამუკა შამილიშვილმა.

საბავშვო ბაღების დირექტორების სატელეფონო ჩანაწერებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია ბათუმის მერიას.

უდიო ჩანაწერი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. ენმ-ს თქმით, ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორმა „ოცნებისთვის“ მხარდამჭერთა სიების შეგროვებაზე მუშაობა დაადასტურა. ჩანაწერების ავთენტიკურობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი