დღეს, 9 აგვისტოს, „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა უმეთვალყურეოდ დატოვებული სამი სული პირუტყვი, მათ შორის ორი ხბო დაიჭირეს. მეპატრონეს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა, რომელიც თითოეულ შემთხვევაზე 20 ლარია [ჯამში 60 ლარი].
გარდა ამისა, გუშინ „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა 8-სული უპატრონოდ მოხეტიალე პირუტყვი დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 16 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამავე პერიოდში ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენია მიღებული 7 საქმეზე, 6 საქმის განხილვა შეწყდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.
სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ჩათვლით სასამართლოში სულ 688 სისხლის სამართლის საქმე შევიდა, სასამართლომ ამ პერიოდში 655 საქმის განხილვა დაასრულა, აქედან ნახევარზე მეტ – 376 შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, 817 საქმეზე შედგა საპროცესო შეთანხმება, 811 საქმეზე კი – არსებითი განხილვა. 2016 წელს 732 საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, 658 – არსებითი განხილვით.
რაც შეეხებება გამამართლებელ განაჩენებს: 2017 წელს სრულად გამართლდა 31 ადამიანი, ნაწილობრივ – 19.
„ჩხრეკის შედეგად მას ამოუღეს წინა მარჯვენა ჯიბიდან: სუნამო წარწერით ,,AN MK IN’’, ტელეფონი „ნოკია” შავი კორპუსით, ვერცხლისფერი სავარცხელი. უკანა მარცხენა ჯიბიდან: რკინის ხურდა ფული, სულ 23 ლარისა და 35 თეთრის ოდენობით, უკანა მარჯვენა ჯიბიდან საფულე შავი ფერის G, მწვანე ფერის სანთებელა და რკინის კონსტრუქციის წაწვეტებული მეტალი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები აღწერის შემდეგ დაილუქა სპეციალურ პაკეტში,“ – ეს 17 წლის ზაზას [სტატიაში სახელები შეცვლილია] ჩხრეკის ოქმში წერია. ის ერთ-ერთია იმ არასრუწლოვნებს შორის, რომლებიც ქურდობისთვის გაასამართლეს ბათუმში.
ოფიციალური სტატისტიკით, ქურდობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ჩვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ქურდობის მუხლით გამოტანილ განაჩენებს გავეცანით, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე.
დედამ ქურდობა არ აპატია, მამა – თავს არიდებს
ზაზამ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანა 21 იანვარს, ღამის სამ საათზე გაქურდა. ის პოლიციელებმა მანქანაში ფანჯრიდან გადაძრომის დროს შეამჩნიეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა და მონანიება ითხოვა. ზაზას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რადგან ის მანქანის გაქურდვის დროისთვის უკვე ნასამართლევი იყო და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
სასამართლოს განაჩენში ნახავთ ფსიქოლოგის დასკვნასაც. ის ზაზას ციხეში შეხვდა.
„მას უჭირს იზოლაციაში ყოფნა და იზოლაციით გამოწვეულ უარყოფით ემოციებთან გამკლავება, გამომდინარე იქედან, რომ იგი 9 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად იქცევა. არასრულწლოვანი ასევე ღიად საუბრობს იმაზე, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უფრო მეტად დაფიქრდა საკუთარ ქცევაზე, შედეგებზე, მომავალზე. რომ არა ციხე იგი ვერ იგრძნობდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის თავისუფლება და თავისუფალი ცხოვრება შეცდომების გარეშე.
მოზარდს არ ახასიათებს სხვათა მიმართ აგრესია და ძალადობრივი ქცევა, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც უხეშად ექცევიან და შეურაცხყოფენ, იგი კარგავს თვითკონტროლის უნარს, ვერ ახერხებს საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლს. არასრულწლოვანი არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და იშვიათად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, არ არის დამოკიდებული კომპიუტერულ თამაშებზე. რაც შეეხება თამბაქოს, არასრულწლოვანი მას ჭარბად მოიხმარს. ზ.- ს არ ჰქონია თვითდაზიანების, ან სუიციდური ფიქრები და მცდელობა,“ – აღნიშნულია ფსიქოლოგის დასკვნაში.
განაჩენში ნახავთ ზაზას დედის პოზიციასაც. მან სოციალურ მუშაკებს უთხრა, რომ შვილს ქურდობას ვერ აპატიებს და სამუშაოდ თურქეთში წავიდა. „არასრულწლოვანს მამა თავს არიდებს,“ – წერია განაჩენში.
ჩიფსების, იოგურტის და ფარდის ქურდობისთვის გასამართლებული არასრულწლოვნები
ჩიფსის ერთი შეფუთვა ბათუმის ერთ-ერთ მაღაზიაში 16 წლის გელამ მოიპარა. მას სამი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მოსამართლე ირაკლი შავაძემ 2017 წლის 22 მაისს. გელაც ქურდობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევი იყო და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ჩიფსის ქურდობამდე გელამ ტანსაცმლის მაღაზიიდან ქალის ქურთუკი მოიპარა, შემდეგ კი, სიგარეტის სავაჭრო ჯიხურში შევიდა, მაგრამ იქ სიგნალიზაცია ჩაირთო და „დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი,“ – ვკითხულობთ განაჩენში.
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ნახავთ გელას საქმეშიც:
„ბრალდებულს მიღებული აქვს არასრული საშუალო განათლება, აქვს არაორგანიზებული თავისუფალი დრო, არ აქვს რეალური სამომავლო გეგმები, იკვეთება ოჯახის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა განათლების მიღების და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. მისი მეგობრების უმეტესობა კანონთან კონფლიქტშია, თუმცა სამომავლოდ აღარ გეგმავს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას. არ არის ჩართული სარისკო ქმედებებში, არ ხასიათდება ძალადობრივი ქცევით, არ არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, აქვს დასაქმების მოტივაცია. რეკომენდებულია მასთან ფსიქოლოგის თერაპიული მუშაობა…“
ერთი ცალი იოგურტი მამუკამ მოიპარა, ისიც არასრულწლოვანია. განაჩენის მიხედვით, მან ღამის საათებში ერთ-ერთი მაღაზიის წინ, მაცივარში „უკანონოდ შეაღწია და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ს—-ს“ ფირმის იოგურტს“.
მოსამართლე ლევან გელოვანმა იოგურთის ქურდს 60 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.
რაც შეეხება ფარდის ქურდებს – ეს ჩაქვში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ორი არასრულწლოვანი სიგარეტის მაღაზიაში ღამით შეიპარა „ისინი ფარულად დაეუფლნენ მ.გ.-ს კუთვნილ სხვადასხვა დასახელების სიგარეტებს და ფულად თანხას, ასევე ფარდას, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი,“ – აღნიშნულია განაჩენში.
ეს არასრულწლოვნები ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.
ავტომანქანის მაგნიტოფონისა და მობილური ტელეფონის ქურდობა – არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაული
თუკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ არასრულწლოვნები ძირითადად მობილურ ტელეფონებს, ფულსა და ავტომანქანის მაგნიტოფონს იპარავენ.
2017 წლის 31 ოქტომბერს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა [რაც ჩაეთვალა პირობით] მ.ბ.-ს, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში ღამის თორმეტ საათზე შევიდა და იქედან 715 ლარი, ასევე 3 მობილური ტელეფონი წამოიღო.
იმავე დღეს იმავე მოსამართლემ კიდევ ორი არასრულწლოვანი: გ.მ. და მ.ჩ. გაასამართლა. ამ საქმის მიხედვით, არასრულწლოვნებმა 6 მაისის პარკში დღისით წაართვეს მობილური ტელეფონი დაზარალებულს. საქმეში ქურდობის კიდევ 7 სხვადასხვა ეპიზოდია. თითოეულ შემთხვევაში არასრულწლოვნებმა ავტომანქანა გაქურდეს, ან მისი გაქურდვა სცადეს. ორივე არასრულწლოვანს 4-4 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.
3 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს ზ.ქ.-ს. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის მიერ ხელმოწერილ განაჩენში წერია, რომ მან უცხო პირის ავტომანქანაში შეაღწია და „ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თანხას 50 ლარის ოდენობით, მობილური ტელეფონის სამუხტს და სამსუნგის ფირმის მობილურ ტელეფონს“.
ავტომანქანის მაგნიტოფონის არაერთგზის დაუფლებისთვის გაასამართლეს არასრულწლოვანი კ.ფ. მან რამდენიმე ავტომანქანა გაქურდა და ერთხელ მაგნიტოფონთან ერთად მაჯის საათი და მაკრატელიც თან წაიღო. კ.ფ-ს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2018 წლის 13 მარტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ძარცვისთვის გასამართლებული არასრულწლოვნები
ძარცვისთვის ორი არასრულწლოვანი 2018 წლის 3 მაისს გაასამართლეს. განაჩენის მიხედვით, ისინი სახეზე ჩამოფარებული ნიღბებით შევიდნენ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ნელი ო-ს. საცხოვრებელ სახლში.
„…უკანონოდ შეაღწიეს სახლის პირველ სართულზე განლაგებულ სასტუმრო ოთახში, სადაც თავს დაესხნენ ნელი ო.-ს. რ.ქ.-მ პირზე ხელის მოჭერით წააქცია იატაკზე, ხოლო ი.კ.-მ მიადო დანა კისერში და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით. ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნელი ო.-ს კუთვნილ ფულად თანხას და ძვირფასეულობას,“ – წერია განაჩენში.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ამ შემთხვევაში სასჯელის სახით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა, ორი წლით კი – პირობითი მსჯავრი.
ძარცვის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში, პლაჟზე მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ო.გ. „აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილი პირადი ნივთები და ფულადი თანხა… რის შემდეგაც გაქცევით შეეცადა მიმალვას. აღნიშნული ფაქტი შეამჩნიეს ნივთების მეპატრონეებმა, რომლებიც მას დაედევნენ უკან და რომელთა მითითების შემდეგ, ო. გ. დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლის მიერ“.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ო.გ.-ს 4 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებულ განაჩენებში პროცესის მონაწილე ყველა პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დაფარულია. განაჩენებში დაფარული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაც, როგორიცაა, მაგალითად, მოპარული თანხის ოდენობა ან მობილური ტელეფონის ფასი.
რამ განაპირობა არასრულწლოვბნებში ქურდობის ჩადენის მაჩვენებლის მკვეთრი მატება – მიზეზებზე სპეციალისტების განმარტება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრს მიაღწიოს. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 31 ივლისს მოაწერა.
სააგენტოს ინფორმაციით, სააგარაკო სახლი, რომელიც უკვე არქიტექტურულ/მემორიალური ძეგლია, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედშია აშენებული.
სააგარაკო სახლი, სადაც ადრე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს გამოთავისუფლებულია. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.
„დ’ალფონსის“ სააგარაკო სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების ჩატარება იმ პროექტით იყო გათვალისწინებული, რომელიც, სავარაუდოდ, ფონდ „ქართუს“ უნდა დაეფინანსებინა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ძეგლზე რაიმე სამუშაოები დაწყებული არ არის: „საუბარი იყო, რომ შენობას მინიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შემდეგ შედგებოდა პროექტი. ადრე იყო საუბარი [„ქართუს“ მიერ] შესაძლო დაფინანსებაზეც, თუმცა „ქართუსთან“ ჯერ-ჯერობით არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია შენობის რეაბილიტაციის საკითხი. შესაძლოა პროექტი შეიძინოს კულტურულმა მემკვიდრეობამ და შემდეგ სამუშაოებს დააფინანსებს ან სახელმწიფო, ან „ქართუ“ და ა.შ. შენობა არის ძალიან ავარიულ მდგომარეობაში. უნდა დაინგრეს და პირვანდელი სახით აღდგეს“.
„ჯერ შენობის მდგომარეობა უნდა შევაფასოთ სათანადოდ. გამაგრება პირველ რიგში და სხვა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. საერთო სურათი კი კვლევის შედეგად უნდა მივიღოთ, თუ რა ტიპის ჩარევა იქნება საჭირო. ამას დაადგენენ სპეციალისტები. როცა ხარჯთაღრიცხვა გვექნება, საჭირო იქნება ფინანსები, რომლის მოძიებაც რამდენად მალე მოხდება, დროის თვალსაზრისით, ვერ გეტყვით [შენობას სტატუსი ახლა მიენიჭა]. მუშაობა ამ დროისთვის იმ ძეგლებზე მიდის, რომლებიც ასევე ავარიულ მდგომარეობაშია,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
დ’ალფონსის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარი. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ბულვარის განაშენიანება სწორედ ფრანგი მებაღისა და დეკორატორის, თავადი მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით დაიწყეს. ის იყო ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი, რომელიც ამ თანამდებობიდან 1889 წელს გაათავისუფლეს.
დ’ალფონსის ძეგლი ბათუმის ბულვარში / ფოტო: ბათუმის ბულვარიდ’ალფონსის სააგარაკო სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა / ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდ’ალფონსის სააგარაკო სახლი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში / ფოტო: თედო ჯორბენაძე /2016 წ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას შესყიდვების სააგენტოსგან „მშენებელი 2018“ ითხოვს. დავა ეხება ტენდერს, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 მილიონ 335 ათას 145 ლარია.
ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში სთავაზობდნენ მერიას სახლის აშენებას, სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცა: ჯერ შპს „ალიგატორი 1“-ს [შეთავაზება 2 783 000 ლარი], შემდეგ კი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მშენებლი 2018“-ს [შეთავაზება 2 999 999 ლარი].
რაც შეეხება მომდევნო მესამე პრეტენდენტს, ის შპს „მომავლის ხედვაა“, რომელიც ხელვაჩაურის მერიას ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლის აშენებას 3 065 145 ლარად სთავაზობს.
„მშენებელი 2018“ არ ეთანხმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს ოქმს, რომლითაც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა და ამ ოქმის გაუქმებას შესყიდვების სააგენტოში ითხოვს.
ამასთან, კომპანია მოითხოვს სააგენტომ „დაავალდებულოს სატენდერო კომისია „მშენებელი 2018“-ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება განახორციელოს კანონით დადგენილი წესით“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ახალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ უთხრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77 სექტორია. აქედან 85 სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 – რუსულენოვანი, 117 კი – სომხურენოვანი. ამ სკოლებში, 2014 წლის მონაცემებით, 60 ათასამდე მოსწავლე სწავლობს.
სახელმძღვანელოები, რომლებითაც ამ სკოლებში ასწავლიან, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმას არ შეესაბამება.
როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავენ, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში სახელმძღვანელოები მეზობელი ქვეყნებიდან შემოაქვთ. შესაბამისად, მოსწავლეები განათლებას იღებენ არა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, არამედ იმ ქვეყნების განათლების სისტემის მიხედვით, სადაც აღნიშნული სახელმძღვანელოებია დაბეჭდილი.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თქმით, ქართულიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოები მოძველებულია, ამასთან, უხარისხოდ ნათარგმნი.
განათლების სამინისტრომ ქართულენოვან სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოების განახლება დაიწყო. სამინისტროს განცხადებით, ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 15 სექტემბერს შევა, თუმცა ეს არ შეეხება არაქართულენოვან სკოლებს.
მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: „სამ თვეში ამ სახელმძღვანელოების შედგენა და თარგმნა ვერ მოხერხდებოდა. თუ გვინდა, რომ კარგი წიგნები დაიბეჭდოს, რელევანტური უნდა იყოს. ძალიან განსხვავდება კარგი წიგნი და ნათარგმნი წიგნი, თუ ის უაღრესად მაღალ დონეზე არ იქნება შესრულებული.
ამიტომ, ჩვენ სექტემბრიდან ვიწყებთ მუშაობას პედაგოგებთან, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს დროულად, ადეკვატურად. ეს ვერ მოხდება 15 სექტემბრისთვის“ და არც პირველად „დიზაინში ყოფილა ეს გათვალისწინებული“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, სახელმძღვანელოების შეცვლისას რატომ არ დაიგეგმა ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა არაქართულენოვანი სკოლებისთვის? მურღულია ამბობს, რომ „ეს საკითხი არც თავდაპირველ დიზაინში ყოფილა გათვალისწინებული“, რადგან მიზეზი დროის ფაქტორია.
„ეს საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამაზე. პროცესი არის აქტიურ ფაზაში და მაშინ დასრულდება, როცა მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები გვექნება. 2019 წელი იქნება მაქსიმუმი, არა მგონია ამაზე შორს წავიდეს ეს პროცესი,“ – გვითხრა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე – თუ როგორ აფასებს იმას, რომ წლების განმავლობაში 200-ზე მეტი სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე ასწავლიან, თემურ მურღულია ამბობს, რომ ეს საკითხი მისი შესაფასებელი არ არის. „ვიცი, რომ პრობლემა უნდა აღმოიფხვრას,“ – ამბობს ის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემები არაქართულენოვან სკოლებთან დაკავშირებით ასეთია:
„ვფიქრობთ მაგ საკითხზე. ხვალისთვის გვეცოდინება პასუხი, რადგან მერიასთან უნდა შევათანხოთ. ვერ გეტყვით, თანხის რა ოდენობით დავეხმარებით ოჯახს,“ – გვითხრა შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ უფროსის მოადგილემ, ნარგიზ ფალავანდიშვილმა. მას ვკითხეთ, დაეხმარება თუ არა ბათუმის მერია ბათუმში გარდაცვლილი მეეზოვის ოჯახს.
60 წლის მეეზოვე ქალი, დღეს, 8 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მას მსუბუქი ავტომანქანა ზურგიდან ქუჩის დასუფთავების დროს დაეჯახა.
„ჩვენს ბრიგადას ის უკვე ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, პროზექტურაში გადავსვენეთ,“ – ამბობენ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში. შემთხვევა თამარის დასახლებაში მოხდა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები დაამტკიცეს.
კურსებს მხოლოდ ახალი თანამშრომლები გაივლიან, თუ მოქმედი მანდატურებიც და არის თუ არა მანდატურის ვაკანსია? – ამ კითხვებით „მანდატურის სამსახურს“ დავუკავშირდით. უწყებაში გვიპასუხეს, რომ ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დაახლოებით 10 დღით ადრე სამსახური აცხადებს საჯარო კონკურსს, რის შედეგადაც შეარჩევენ დაინტერესებულ პირებს და ამის შემდეგ გადაამზადებენ ამ პირებს. გადამზადება კი იქნება დაახლოებით ორ თვემდე პერიოდი.
ამ ეტაპზე ასეთი კონკურსი გამოცხადებული არ არის, თუმცა სამსახურში ვარაუდობენ, რომ ვაკანსიები იქნება.
რაც შეეხება მოქმედ მანდატურებს, „სავარაუდოდ, მათი გადამზადებაც შეიძლება მოხდეს – საკანონმდებლო ცვლილებები რაც არის, ამ ცვლილებების გაცნობის ფარგლებში, გარკვეულ ნაწილში, როგორც კანონით არის განსაზღვრული“.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი. მინისტრებს კი, სწორედ აღნიშნული ცვლილებებით დაევალათ მანდატურების მოსამზადებელი კურსების დამტკიცება.
მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, რომელიც 2018 წლის 7 აგვისტოს ამოქმედდა, მანდატურის მოსამზადებელი კურსების ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“.
მოსამზადებელი კურსების ფარგლებში სწავლების მეთოდიკასა და საათობრივ დატვირთვას კი, განსაზღვრავს მოსამზადებელი კურსების განმახორციელებელი, მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით.
მოსამზადებელი კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
[checklist]
ფიზიკური მომზადება;
ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები;
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები;
მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი;
ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში;
დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა;
მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა;
ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბულინგი; სამოქალაქო თავდაცვა;
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ჯანსაღი ცხოვრების წესი; პირველადი სამედიცინო დახმარება;
ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები;
ანტისოციალური ქცევა მოზარდებში;
კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა;
ეფექტური კომუნიკაცია.
[/checklist]
მთავარი ფოტო: მანდატურები / ფოტო: მანდატურის სამსახური
„არ ვიცი, რა მოხდა, ვერაფერს ვიტყვი,“ – ამბობს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გერმანე ჩ. მას აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალის დაჭრაში ედება ბრალი. შემთხვევა ბათუმში 27 მაისს მოხდა.
„საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ ისევ მძიმედაა. ყველა მეორე დღეს კლინიკაში დადის,“ – გვითხრეს დაჭრილი ქალის ოჯახის წევრებმა. მათი ვერსიით, თავდამსხმელს ქალის გაძარცვა უნდოდა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მიიყვანა.
„ჩამოხსნა ოქროს ყელსაბამი… მერე მეზობლები გამოჩნდნენ და გაიქცა,“ – გვითხრა დაზარალებული ქალის ოჯახის წევრმა.
„ძარცვა ამ საქმეში არ იკვეთება… მას არაფერი წაუღია. გაურკვეველია თავდასხმის მიზეზი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს სრულად აღიარებს,“ – აღნიშნა ადვოკატმა, დიანა ვაჩეიშვილმა.
ადვოკატის თქმით, გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია, მაგრამ ექსპერტიზა ამ კუთხით არ დანიშნულა. ექსპერტიზას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არც ბრალდებულის ოჯახი ითხოვს.
ბრალდებული გერმანე ჩ. 26 წლისაა, მეზღვაური. ის შემთხვევის მეორე დღეს ბათუმში დააკავეს.
ადვოკატი დიანა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს ციხეშიც შეხვდა, მაგრამ მომხდარზე მაინც ვერაფერი გაიგო.
„ამბობს, რომ არ იცის, რა დაემართა. იგივე მითხრა, რაც მოსამართლეს უთხრა,“ – დასძენს ადვოკატი.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს 55 ჭრილობა სხეულზე დანით აქვს მიყენებული. აქამდე ცნობილი იყო, რომ ქალს 16 ჭრილობა ჰქონდა.
ამ საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანი მოწმეების ჩვენებებს ვერ მოისმენს, რადგან მტკიცებულებებს ბრალდებული უდავოდ მიიჩნევს.
ბრალდებული საბოლოო სიტყვას მოსამართლეს 31 აგვისტოს ეტყვის.
სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ამ დროისთვის [8 აგვისტო; 16:40სთ] საბაჟოზე ათობით მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი დგას.
როგორც “ბათუმელებს” საქართველოს შემოსავლების სამსახურში უთხრეს, შეფერხება თურქულ მხარეს არსებულმა პროგრამულმა ხარვეზმა გამოიწვია, რის გამოც ნახევარი საათის განმავლობაში სრულად იყო შეწყვეტილი ავტომობილების გატარება.
შემოსავლების სამსახური: “სრული შეზღუდვა იყო ორივე მხრიდან, რაც განპირობებული იყო თურქეთის მხარის პროგრამული ხარვეზებით. ამჟამად არ არის მთლიანად მოხსნილი შეზღუდვები, ხარვეზის აღმოფხვრა სრულად ვერ მოახერხეს. ჯერ იმ ნახევარმა საათმა გამოიწვია დიდი ოდენობით ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების დაგროვება, ახლა კი ძალიან ნელა ატარებენ ორივე მხრიდან”.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სკოლების არჩევანი სახელმძღვანელოების გრიფირებისას არ ყოფილა და ვერც იქნებოდა გადამწყვეტი. „რასაც მე პრინციპულად ვეთანხმები“, – ამბობს თემურ მურღულია.
მისი თქმით, სკოლებმა, რომლებმაც პირველ ეტაპზე გარკვეული სახელმძღვანელოები პოზიტიურად შეაფასეს, მოგვიანებით აღიარეს, რომ მათი შეფასება არასწორი იყო.
„მე ვესაუბრე პედაგოგებს და მათ ეს აღნიშნეს საუბარში. პრინციპში, სკოლის არჩევანი გრიფირების წესში განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ არც მომავალში იქნება ისე, რომ სკოლები აირჩევენ სახელმძღვანელოებს და სხვა მექანიზმები არ იქნება“.
თემურ მურღულიას თქმით, პროცესში სკოლები იმიტომ იყო ჩართული, რომ „გვენახა, რამდენად რელევანტური იყო მათი არჩევანი დღევანდელი გადმოსახედიდან“, – ამბობს ის. – „გამომცემლების ნაწილი ამბობდა, რომ ბევრმა სკოლამ აირჩია ძველი სახელმძღვანელოები, რადგან მიჩვეულები არიან, ვერ დაინახეს და ვერ აღიარეს ახალი წიგნები. მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ჩვენი სახელმძღვანელოები იმიტომ არის კარგი, რომ ბევრმა სკოლამ აირჩია. ამ ორი მტკიცებულებიდან სწორი არც ერთი არ არის“.
თემურ მურღულიას აზრით, სწორი არის მხოლოდ ის, რომ სახელმძღვანელოების შეფასებაში კომპეტენტური ადამიანები იყვნენ ჩართული, სკოლის არჩევანი კი „ძალიან ბევრ სუბიექტურ ფაქტორთან არის დაკავშირებული“.
მაგალითად, გამომცემლობა „ტრიასი“ აცხადებს, რომ მათმა სახელმძღვანელოებმა შეფასების სამი ეტაპი გაიარა. 4 აგვისტოს კი კიდევ ერთხელ მიიღეს შეტყობინება, რომ მათი პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო გრიფირებულია.
იმავეს აცხადებს გამომცემლობა „ელფი“ თავის მათემატიკის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტრომ მათ სახელმძღვანელოებს გრიფი მოუხსნა.
გამომცემლობებს ეჭვი შეაქვთ გრიფირების პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზე. „ელფი“ აპირებს, რომ მიმართოს სასამართლოსაც.
თუმცა თემურ მურღულია ირწმუნება, რომ არც „ელფს“ და არც „ტრიასს“ სამინისტროსთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
„ითქვა, რომ თითქოს ჩვენ გრიფირებით დავაზარალეთ ვინმე – მათ მიეცათ საფუძველი, რომ დაებეჭდათ სახელმძღვანელოები და ამაში დახარჯეს ფული. ეს პრინციპულად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გამომცემლობებთან სალიცენზიო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. კერძო სკოლების შემთხვევაში კი, იურიდიული საფუძველი არის სალიცენზიო ხელშეკრულება“, – გვეუბნება მურღულია.
მინისტრის მოადგილის თქმით, ის, რომ ეს გამომცემლობები მოხვდნენ სამინისტროს ბრძანებაში, იყო ადმინისტრაციული შეცდომა, „რომელიც დაუშვა კონკრეტულმა პირმა, ვინც დანართი მოამზადა“ და სამინისტრო შიდა მოკვლევით დაადგენს ამ შეცდომის მიზეზს.
„შეცდომები შეიძლება მოხდეს ხვალაც და ზეგაც, მაგრამ კარგია, რომ დროულად გამოვასწორეთ შეცდომა და ეს გამომცემლობები დანართიდან ამოვიღეთ“.
როგორც თემურ მურღულია ამბობს, გრიფირების პრინციპი არის შემდეგი: პირველ ეტაპზე წიგნებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ფილტრაცია, ამის შემდეგ გადადიან მეორე დონეზე, შემდეგ კი ხვდებიან იმ ტენდერში, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ სახელმძღვანელოებისთვის ოფიციალური რეკომენდაციის საფუძველზე არის დაწერილი.
„სიტყვა-სიტყვით, ასო-ასო არის გადმოწერილი სარეკომენდაციო ფორმულა და გრიფირებისას სწორედ ამ ფორმულას ვიყენებთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ვიცოდეთ იქნებოდა ინსინუაციები ამ თემაზე, ამიტომ ძალიან მარტივი იყი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მოდელის გადმოღება“.
მისი თქმით, აღნიშნული მოდელი კიდევ ბევრ მოთხოვნას აყენებს, თუმცა ყველა არ გამოუტანიათ, რადგან „ასეთ შემთხვევაში წიგნები საერთოდ ვეღარ დაიბეჭდებოდა.“
„ბათუმელების“ კითხვაზე, ამ ეტაპზე რომელი გამომცემლობების სახელმძღვანელოებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება? თემურ მურღულია ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს. „112 გამომცემელია და შეუძლებელია ეს ვიცოდე“.
მისი თქმით, სამინისტროს ამოცანაა 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, სკოლებში ახალი და ხარისხიანი სახელმძღვანელოები შევიდეს.
მისი თქმით, წელს სკოლაში ვერ შევა ისტისა და სპორტის ახალი სახელმძღვანელოები, რადგან წარმოდგენილი სახელმძღვანელოები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.
„გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ისტის (კომპიუტერული ტექნოლოგიები) სწავლება ხდება კომპიუტერთან და არა წიგნში“, – ამბობს მურღულია.
მართალია, „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი მაინც დაიწყო. გუშინ, 7 აგვისტოს, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პერიოდში მაჟორიტარულ უბნებში ფრაქციის წევრთა მონაწილეობის შესახებაც იმსჯელეს.
რა ფორმით სურთ ფრაქციის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა? – ამაზე ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი გოგიტიძეს ვკითხეთ. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ:
ბატონო გიორგი, რა ფორმით უნდა ჩაერთონ ფრაქციის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებში?
მე როგორც გავიგე, ფორმატი დღის წესრიგში იყო ჩასმული და კითხვითი ნიშანი შეიძლება კიდევ დაისვას საკითხთან დაკავშირებით. როცა საკითხი გავშალეთ და ამ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, ფორმატი იყო ასეთი, რომ ჩვენთვის საარჩევნო პროცესის მოახლოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ მოქალაქე დგას არჩევანის წინაშე. ჩვენი პარტიის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის როლი მოსახლეობასთან არის უმაღლეს დონეზე, პრობლემების განხილვა იქნება იქ თუ სხვა მიდგომა იქნება, ამიტომ შევეხეთ ამ ფორმატს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კანდიდატი არ ჰყავს დასახელებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუშაობის აქტიური რეჟიმი შეგვიჩერდეს. ჩვენი როლი დაფიქსირებულია, მოსახლეობას ადგილობრივ არჩევნებში არჩევანი გაკეთებული აქვს. გუნდის გადაწყვეტილება სახეზეა, რომ კანდიდატი არ გვყავს, მაგრამ ჩვენი ფორმატი ყოველთვის არის აქტიურად მუშა რეჟიმში ყოფნა, მოსახლეობასთან შუამდგომლობა და კომუნიკაციის უმაღლესი დონე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, რა პრობლემები დგას და რა გვაქვს გასაკეთებელი, ანუ აქტიურ მუშა რეჟიმში ჩავშალეთ ეს ყველაფერი.
ეს რეჟიმი გასაგებია, მაგრამ თქვენ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ფრაქციის წევრების ჩართვაზე საუბრობდით…
ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ფრაქციის წევრები ჩართულები არიან ყოველთვის.
მეუბნებით, რომ ყოველთვის აქტიურები არიან, მაგრამ მაინც განიხილეთ არჩევნების წინ მათი გააქტიურების საკითხი?
მომისმინეთ ერთი წუთით, არჩევნები დაანონსდა, ვიცით არჩევნების თარიღი, ვიცით როდის მოდის 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრების ჩართვა … დღის წესრიგმა კითხვა მოიტანა, მაგრამ მე გიხსნით როგორ ჩავშალეთ საკითხი. ჩვენ ვიცით და ვხედავთ სახეზე, რომ თითოეული ჩვენი ფრაქციის წევრი აქტიურ რეჟიმშია ყოველთვის, რომ კეთილ საქმეში მიიღოს მონაწილეობა – ამას ვამბობ. ის, რომ არჩევნები მოახლოებულია და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე გვაქვს საუბარი და კიდევ ერთხელ გავიარეთ, თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომ პრობლემები იყოს დროულად და ეფექტურად მოგვარებული. თუ თქვენ კონკრეტულად გაინტერესებთ რატომ უნდა ჩაერთოს და როგორ უნდა ჩაერთოს, ამაზე საუბარი არ გვქონია. ჩემთვის გასაგებია ის, რომ ეს საკითხი კითხვებს გამოიწვევდა.
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება, პარტიის გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დაუჭერს რომელიმე კანდიდატს. არის დაუდასტურებელი საუბრები იმაზე, რომ ეს კანდიდატი შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს.
ბათუმის მერიას მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციისთვის ბიუჯეტში 65 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებული ქონების ინვენტარიზაციას განხორციელებს სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელშიც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიას მის ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია.
მერიას გასულ, 2017 წელს, 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% ჰქონდა აღწერილი. აქედან გამომდინარე, აუდიტი აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დაედასტურებინა მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობა, სისრულე და სიზუსტე.
ბათუმის მერიაში განმარტავდნენ, რომ მერიის სტრუქტურაში აქტივების სრული ინვენტარიზაციის განმახორციელებელი დანაყოფი არ არსებობდა. აუდიტი კი, თავის ბოლო ანგარიშში მიუთითებდა, რომ „მერიის განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაცია კანონით ვალდებულია განსაზღვრული პერიოდულობით ჩაატაროს აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაცია და შექმნას შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისია“.
ბათუმის მერიამ ქონების ინვენტარიზაციაზე ტენდერი ამჯერად 7 აგვისტოს გამოაცხადა, რომელიც 20 აგვისტოს დასრულდება.
აქტივები, რომლებიც ექვემდებარება ინვენტარიზაციას და აღწერას:
• მატერიალური მარაგები
• ძირითადი აქტივები
• გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები
• ფასეულობები
• არაწარმოებული აქტივები
სატენდერო პირობების მიხედვით, ინვენტარიზაცია და აღწერა უნდა განხორციელდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებსა და სასაწყობო მეურნეობაში; ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ქონების ფაქტობრივი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია, გადაამოწმოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და მერიას წარუდგინოს კონკრეტული წინადადებები შემდგომში აღნიშნული აქტივების აღრიცხვის თაობაზე.
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია გადაამოწმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მუნიციპალიტეტის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია.
ცალკე აღწერა დგება იჯარით [ან სარგებლობაში მიღების სხვა შემთხვევაში] აღებულ ძირითად აქტივებზე იჯარის ცალკეული გამცემის მიხედვით, დასახელებისა და იჯარის ვადის აღნიშვნით.
აღრიცხვაში დაუშვებელია ორგანიზაციაში აქტივების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სიტყვიერად ნათქვამი მონაცემების, ასევე საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შეტანა მათი, ფაქტობრივად, შემოწმების გარეშე.
მიმწოდებელმა ასევე უნდა აღწეროს ის აქტივები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ქონებას და დაფიქსირებული არ არის შემსყიდველის ბუღალტრულ ჩანაწერებში [ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები].
ინვენტარიზაციის პროცესში დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ინფორმაცია ასახოს ცალკე აქტში.
უნდა განხორციელდეს უძრავი აქტივების GPS კოორდინატების მიხედვით აღრიცხვა, დასურათება, რუკაზე დატანა და პროგრამულ პლატფორმაში მოქცევა. პროგრამა და მონაცემთა ბაზა უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის მერიის სერვერზე. მონაცემთა ბაზა უნდა იყოს უფასო ლიცენზიით.
ქონების ინვენტარიზაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2018 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.
დღეს, გამთენიისას, ქობულეთის სანაპიროზე მდებარე ბუნგალო “ჰავანას“ ცეცხლი გაუჩნდა. ზარი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 05:17 წუთზე შევიდა. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძახებაზე სამი სახანძრო ავტომობილი გავიდა, „ორი კამაზის ტიპის ავტომანქანა და წყალმზიდი ათტონიანი. სამი მანქანა მუშაობდა”.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი მთლიანად მოდებული დახვდათ ნაგებობაზე, “ხის მასალა იყო და არავინ იცის, საიდან დაიწყო ხანძარი,” – გვითხრეს უწყებაში.
დაწესებულების ერთ-ერთი მეწილე სოფო ნებიერაძე ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ხანძარი კონსტრუქციის ქვემოდან გაჩნდა [კონსტრუქციის ქვემო საყრდენი ფიცრებით იყო შემოღობილი]. “თბილისდან მოვდივარ, გზაში ვარ. როგორც ვიცი, ქვემოდან გაჩნდა ხანძარი, რაც გასაოცარია, რადგან იქ არანაირი ისეთი მნიშვნელობის გაყვანილობა არ იყო, რაც შეიძლებოდა ხანძრის კერა გამხდარიყო. დანარჩენს სპეციალისტები დაადგენენ, ჯერჯერობით მიზეზზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი”, – ამბობს ის.
სოფო ნებიერაძის ცნობით, ხანძრის პერიოდში ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, მეორე მეპატრონე კი დაახლოებით 20 წუთის გასული იყო რესტორნიდან.
ბუნგალო „ჰავანა“ ტურისტულ სეზონზე ქობულეთში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი იყო. ტურისტული ინფრასტრუქტურა შპს „ჰავანას“ ყოფილმა მეპატრონემ, დავით შავიშვილმა, ხუთი წლის წინ მოაწყო და საიჯარო ხელშეკრულების ვადა წელს, 18 ივლისს, ამოეწურა.
მაისის თვეში “ჰავანას” ახლანდელმა დირექტორმა, პაატა რეხვიაშვილმა, ორმილიონიანი საინვესტიციო წინადადებით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს მიმართა. მან მერს შუამდგომლობა სთხოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან საიჯარო ვადის გაგრძელებასა და მიმდებარედ 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, ასევე ამ ნაკვეთის გასწვრივ პლაჟის 20-წლიანი იჯარით გადაცემაზე. კომპანიის მფლობელი პირობას დებდა, რომ ტერიტორიაზე მოაწყობდა მსუბუქ კონსტრუქციას, სადაც განათავსებდა: „კლუბს, კაფეს, რესტორანს, საბილიარდოს, ღია აუზს, სატრენაჟოროსა და ბავშვთა გასართობ კუთხეს“.
კომპანია ასევე ჰპირდებოდა მთავრობას, რომ ტურისტული კომპლექსი არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში მოემსახურებოდა მომხმარებელს. პირობების ჩამონათვალში იყო ასევე არანაკლებ 30 ადგილობრივის დასაქმება.
მირიან ქათამაძეს საკრებულომ უარი უთხრა – სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნილი ტერიტორიის ათვისება ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავდა და „გასათვალისწინებელია მოსახლეობის ინტერესები“. სხდომაზე ამ ნაკვეთთან მიმართებაში სხვა ინტერესებსა და კონკურენტული გარემოს შექმნაზეც იყო საუბარი.
„ჰავანას“ დირექტორი, პაატა რეხვიაშვილი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ამ ადგილზე არსებობს „არა მოსახლეობის ინტერესები“, არამედ საკრებულოს ერთ-ერთი წევრის პირადი ინტერესი. პაატა რეხვიაშვილის თქმით, საკრებულოს ამ წევრს შპს „ჰავანასგან“ წლების განმავლობაში ჰქონია სარგებელი, ვიდრე თვითონ არ იყიდა ეს კომპანია. „ახლა მას სურს, რომ ამ ადგილიდან ჩვენ გაგვიშვას“, – ამბობდა ბიზნესმენი “ბათუმელებთან” საუბრისას.
„ჩვენ შორის მოხდა კონფლიქტი, მაგრამ პრეტენზია არ მაქვს, არ ვარ წინააღმდეგი, გამოყენებული იქნეს შეღავათები…“ – ამ შინაარსის წერილი დაზარალებულად ცნობილმა მამამ მისწერა მოსამართლეს. მის შვილს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება.
გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ა.-მ მამას სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაარტყა ხელი, „რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.“
დავის საგანი მოხუცის პენსია გახდა, რასაც შვილი მამას სთხოვდა.
კონფლიქტის შემდეგ მოხუცმა პოლიციას დაურეკა და შველა ითხოვა.
„თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ვცნობ,“ – უთხრა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა. მას არ დაუკონკრეტებია, ბრალდების რა ნაწილს არ ეთანხმება.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მოწმეების ჩვენებები უნდა მოესმინა, მაგრამ დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მოწმეების ჩვენების გარეშე იღებს განაჩენს.
დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე მხოლოდ მამის წერილით მოვიდა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე ა.-ს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას შეუფარდებენ ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე ლევან გელოვანი ამ საქმეზე შემდეგ სხდომაზე, დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ მიიღებს.
„ოკუპაციასთან ბრძოლა შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებით, აცნობე მსოფლიოს, რომ შენი ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – ამ შეტყობინებებით ეხმაურება „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგვისტოს ომიდან 10 წლისთავს.
სადაზღვევო კომპანიის ანტიოკუპაციური აქცია ასე მოქმედებს: ავსებთ სამოგზაურო დაზღვევის ელექტრონულ ანკეტას და როცა სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერსა თუ სხვა საჭირო ინფორმაციას შეიყვანთ შესაბამის ველში, ჩნდება მოსანიშნი გრაფა წითელი წარწერით: „ვადასტურებ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ ამის შესახებ მსოფლიოს გავაგებინო“.
მას შემდეგ, რაც გრაფას მონიშნავთ, ჩნდება საინფორმაციო ტექსტი:
„ოკუპაციასთან ბრძოლა შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებით, მადლობა, რომ ჩვენ გვერდით ხარ, გვჯერა, რომ ერთად გაცილებით მეტს მივაღწევთ, ამიტომ დაელოდე ჩვენგან საჩუქარს, რომელსაც ორ დღეში მიიღებ“, – წერს ჰოლდინგი.
საჩუქარი, რომელიც „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ სამოგზაურო დაზღვევას მოჰყვება, ასე გამოიყურება:
ეს პასპორტის ჩასადებია, რომელსაც მავთულხლართების ფონზე ინგლისურად აწერია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყველგან, სადაც იმოგზაურებთ, ამ ფორმით თქვენ უსიტყვოდ აცნობებთ მსოფლიოს საკუთარი ქვეყნის შესახებ.
ანტიოკუპაციური პროექტის იდეა ეკუთვნის Giovanni Morra-ს, პასპორტის ჩასადები გიორგი პოპიაშვილის დიზაინითაა დამზადებული.
ქვეყნის ამბავი პასპორტის ჩასადებითაც შეიძლება ,,ატარო” მთელ მსოფლიოში და ამ ფორმით ყველას გააგებინო, რომ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე ხარ.
54 წლის მერი 80 წლის დედასთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მერის დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მოძრაობა არ შეუძლია.
შეზღუდული შესაძლებლობისაა მერიც. ოჯახმა საცხოვრებელი ბინა 6 წლის წინ დაკარგა. „ბინა დავაგირავე და ორჯერ ხერხემალზე გავიკეთე ოპერაცია. ისე მოხდა, რომ ფული ვეღარ დავაბრუნე და ბინა წამართვეს“, – გვეუბნება მერი.
ოჯახის შემოსავალი დედის და მერის პენსიაა. გარდა ამისა, მერის შვილი, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავს, სახლებს ალაგებს. „ასე გაგვაქვს თავი. ძალიან გვიჭირს, რადგან 250 ლარს ბინის ქირაში ვიხდით“, – გვიყვება მერი.
მერი ამბობს, რომ ბათუმის მერიას სამი თვის წინ მიმართა განცხადებით დახმარებისთვის, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.
„ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ვთხოვდი, რომ წამლების ფული გვქონოდა, მაგრამ არ მომცეს. უარი მითხრეს სოციალურ სტატუსზეც. შემდეგ ვთხოვე, იქნებ დედაჩემი, რომელიც პარალიზებულია და მისი მოვლა ძალიან მიჭირს, მოხუცთა თავშესაფარში მიეღოთ, მაგრამ ვერც ამაზე მივიღე პასუხი“.
მერი ამბობს, რომ დახმარებისთვის პირადად მიმართა მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელსაც, თუმცა გარკვეული პასუხი ვერც მისგან მიიღო.
„ჯერ მითხრა, ადგილები არ არისო, შემდეგ, აქ გალობას რომ დაიწყებენ სხვები, დედათქვენი რას იზამსო. რა უნდა ქნას, იქნება კუთხეში და ისიც წაიკითხავს თავის ლოცვებს-მეთქი (დედაჩემი მუსლიმია), შემდეგ მითხრეს ადგილები არ არისო. პირდაპირ ვერ მეუბნებიან უარს, მაგრამ არც იღებენ დედაჩემს“.
მერი ამბობს, რომ თუ „ქირის გადახდა არ მოუწევს, ამ თანხით შშმ დედისთვის წამალს იყიდის. „ბავშვებსაც ხომ უნდათ არსებობა“, – გვეუბნება ის.
„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მოქალაქემ მერიას უფასო მედიკამენტებით სარგებლობის პროგრამაში ჩართვის მიზნით მიმართა.
„ამ პროგრამით სარგებლობას ის შეძლებს. რაც შეეხება თავშესაფარს, აღნიშნული პირის დედა ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რადგან თავშესაფარში ის ადამიანები ირიცხებიან, ვისაც არ ჰყავთ მეურვე ან ნათესავი“.
კითხვაზე – რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მეურვე ან ნათესავი შეზღუდული შესაძლებლობისაა და არ შეუძლია ლოგინად ჩავარდნილი ადამიანის მოვლა, მერიაში ამბობენ, რომ მაშინ მოქალაქემ ხელმეორედ უნდა მიმართოს მერიას და შინმოვლის პროგრამაში ჩართავენ.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 და 9 აგვისტოს აჭარის სანაპირო ზოლში და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.
დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 20-25, დღისით 25-30 გრადუსი, მთიან რაიონებში ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება ზღვას – იქროლებს დასავლეთის ქარი 6-22 მ/წმ სიჩქარით. სანაპიროზე იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი. ელვა-ჭექა. ზღვის ტალღის სიმაღლე: 15-25 დმ. [4-5 ბალი].
ზღვის წყლის ტემპერატურა 8-9 აგვისტოს იქნება +28 გრადუსი.
10 და 11 აგვისტოს აჭარაში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ელვა-ჭექა,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.
„პაემნის უფლებას გვიზღუდავენ. ჩემს ქმარს ციხეში ხან ეუბნებიან, რომ რემონტია, ან დაკავებულია პაემნების ოთახი, ან დანიშნავენ პაემანს და ოჯახის წევრებს არ გვატყობინებენ. ჩემმა მეუღლემ სასამართლო სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ უკვე მოიგო, მაგრამ ბათუმის ციხის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შესრულება არ სურს, 2014 წლიდან დღემდე ხანგრძლივი პაემნით მხოლოდ ორჯერ ვისარგებლეთ,“ – ამას მსჯავრდებულის და იმავდროულად ბრალდებულის, ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი – მარი ჭკადუა ამბობს. ლეონიდე 2014 წლიდან პატიმარია და ბათუმის ციხეში იხდის სასჯელს.
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება ნებისმიერ მსჯავრდებულს აქვს, თუმცა მისი პერიოდულობა პატიმრის შეფასების რისკის მიხედვით განისაზღვრება. ხანგრძლივი პაემანი ერთჯერადად 23 საათს მოიცავს. გამონაკლის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ შესაძლებელია პაემანი 47 საათამდე გაგრძელდეს.
ბათუმის ციხეში მყოფმა ლეონიდე მიქაბერიძემ საქმე სასაჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოიგო. ციხის ადმინისტრაცია მას ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას იმ მოტივით არ აძლევდა, რომ მას ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა. კანონის მიხედვით კი, ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვს. უზენაეს სასამართლოში დავა პატიმარსა და სამინისტროს შორის 2016 წლის ბოლოს დასრულდა.
„სამივე ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ ლეონიდეს ჰქონდა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რადგან მას ბრალდებულთან ერთად აქვს მსჯავრდებულის სტატუსიც,“ – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. ეს ორგანიზაცია იცავდა პატიმრის ინტერესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში.
ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი ამბობს, რომ მისი მეუღლე ხშირად აპროტესტებს ციხის შიგნით არსებულ პრობლემებს და ამის გამო სჯიან. ლეონიდე მიქაბერიძე „ბათუმელებსაც“ ხშირად უგზავნიდა წერილებს წინა წლებში სხვადასხვა პრობლემაზე. ერთ-ერთი წერილი ციხიდან გასვლის ან დაბრუნების დროს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების ვალდებულებას ეხებოდა, რაზეც პატიმარი უარს ამბობდა. ამ მიზეზით იგი საკუთარ სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა. რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა ბუქნების გაკეთებასა და გაშიშვლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უკანონოდ მიიჩნია.
„სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ, ამ წლის იანვარში, დაუნიშნეს ლეონიდეს ხანგრძლივი პაემანი, მაგრამ ჩვენ არ შეგვატყობინეს. არც ტელეფონზე დარეკვის უფლება მისცეს. მერე მითხრა ჩემმა მეუღლემ, რატომ არ ამოდით არავინო. ვუთხარი, რომ შეტყობინება არ მოგვსვლია… ახლა, 2 აგვისტოს ავედი დედამთილთან ერთად სანახავად და შემთხვევით გავიგეთ, რომ პაემანი ყოფილა დანიშნული. გვითხრეს, რომ სმს გამოგვიგზავნეს ციხის ადმინისტრაციიდან, მაგრამ არც მე და არც დედამთილს არ მიგვიღია ტელეფონზე შეტყობინება. „ბილაინის“ ოფისში ვიყავი და მითხრეს, რომ ამონაწერს ვერ მომცემენ, თუკი სამართალდამცავი ორგანო არ მოითხოვს ამას. დედამთილის ტელეფონი კი ჩემი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული,“ – გვიყვება მარი ჭკადუა, ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი.
ანნა მდინარაძის, საიას აჭარის ფილიალის უფროსის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია, რადგან ადმინისტრაცია ვალდებული იყო პატიმრის მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში ხანგრძლივი პაემნისთვის ოჯახის წევრებს დაკავშირებოდა.
„დაწესებულებამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება ოჯახის წევრების ინფორმირებულობის თვალსაზრისით. ჩვენ გავუწევთ ლეონიდე მიქაბერიძეს შესაბამის იურიდიულ მხარდაჭერას,“ – ამბობს ანნა მდინარაძე.
პატიმრის ცოლი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ წინა წლების ხანგრძლივი პაემნების კომპენსირებაზეც უარი თქვა. იურისტი ანნა მდინარაძე განმარტავს, რომ ამ კუთხით სასამართლოს არ უმსჯელია. მისი შეფასებით, პატიმარმა უნდა მოითხოვოს წინა წლებში გამოუყენებელი ხანგრძლივი პაემნების ანაზღაურება, ხოლო თუკი ადმინისტრაცია ამაზე ისევ უარს იტყვის, ზიანის ანაზღაურების კუთხით ხელახლა სასამართლო დავის დაწყებაა შესაძლებელი.
რატომ უზღუდავდა ამ დრომდე ციხის ადმინისტრაცია პატიმარს ხანგრძლივი პაემნის უფლებას და არსებობს თუ არა დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ ადმინისტრაციამ პატიმრის ოჯახის წევრებს 2 აგვისტოს ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის შესახებ შეატყობინა – კითხვებით „ბათუმელებმა“ იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს გუშინ, 6 აგვისტოს მიმართა. სამინისტრო განმარტებას გუშინვე დაგვპირდა, თუმცა დღეს მოგვწერეს, რომ პასუხს ხვალისთვის მოგვაწვდიან, რასაც მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
შენიშვნა: იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ პასუხი დღეს, 9 აგვისტოს მიიღო.
„კონკრეტულ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებით ინფორმაციის, როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი გასაჯაროება გამოიწვევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე, მონაცემთა სუბიექტის მიერ სათანადო წესით თანხმობების მიღებამდე. სპეციალური პენიტენციური სამსახური და N3 პენიტენციური დაწესებულება, მზად არის ინფორმირებული თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს სტატიაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, ისევე როგორც თითოეული პენიტენციური დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონიერ ძალაშიშესული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას,“ – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და მოეწყობა სიჩქარის მზომი სექციები. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 7 აგვისტოდან, ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. „ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები,“ – აცხადებს შსს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში თბილისში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტენდერში მონაწილე კერძო კომპანია ცინიკურს უწოდებს იმ შენიშვნებს, რაც შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიას აქვს ამ კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ ტენდერი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე აქვს გამოცხადებული და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება.
შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. სატენდერო კომისიის ოქმით კი, მას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება დაევალა.
„კომისიამ განიხილა და იმსჯელა 84 საკითხზე [ქვესაკითხზე]. ვთვლით, რომ გარდა იმისა, რომ კომისიის შეფასება კრიტიკის ზღვარს სცდება, ობიექტურად, ამ საკითხების დასაზუსტებლად გვესაჭიროება დამატებითი გონივრული ვადა [მოცემული ვადა – 3 სამუშაო დღე აბსოლუტურად არაგონივრულია მრავალპუნქტიანი შენიშვნების გასათვალისწინებლად] და გთხოვთ, იმსჯელოთ და განსაზღვროთ დამატებითი გონივრული ვადა ოქმით გათვალისწინებული საკითხების დასაზუსტებლად“, – აღნიშნულია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ სატენდერო კომისიისადმი გაგზავნილ წერილში.
„სტადიონის“ სატენდერო კომისიამ კომპანიას დაზუსტების დრო არ გაუხანგრძლივა. შესაბამისად, კომპანიამ კომისიის შენიშვნები 8 აგვისტომდე უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერში „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ მეორედ მონაწილეობს. ადრე გამოცხადებულ ტენდერში ის ჯერ გამარჯვებულად გამოაცხადეს, საბოლოოდ კი ტენდერი შეწყვიტეს.
„ჩვენი, როგორც მიმწოდებლის მოტივაციაა უკვე მეორეჯერ გავიმარჯვოთ ტენდერში და ბიუჯეტში დავზოგოთ თანხა 418 ათასი ლარის ფარგლებში“, – აღნიშნულია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ წერილში.
ამავე წერილში კომპანია ტექნიკური ზედამზედველის გარეშე მიმდინარე მშენებლობის გამო „მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში“ სატენდერო კომისიას მის პასუხისმგებლობას ახსენებს [სტადიონი მერვე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე შენდება]:
„კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ „სტადიონის“ სატენდერო კომისიაში გაგზავნილი წერილიდან
სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ გარდა კიდევ 2 კომპანია მონაწილეობდა.
პრეტენდენტთა საბოლოო შეთავაზებები იყო: „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ – 1 970 256 ლარი; „სიემსი“ – 2 388 580 ლარი და „ოიკო ჯგუფი“ – 2 388 583 ლარი. ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 2 437 431 ლარი იყო.
მთავარი ფოტო: საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
აგვისტოს ომში თავდაცვის სამინისტროს 169 თანამშრომელი დაიღუპა, აქედან ხუთი უგზოუკვლოდ დაიკარგა. დაღუპულებს შორის ერთადერთია შაინიძეების გვარი, ვისაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში ოთხი ჯარისკაცი დაეღუპა. მათგან სამი ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ცხოვრობდა.
კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა
კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა
კაპრალი შაინიძე ასლან ჯემალის ძე – I ქვეითი ბრიგადა
26 წლის კაპრალის გიორგი შაინიძის დედას ათი წლის შემდეგაც ცრემლიანი თვალები აქვს. სახეზე ცრემლის კვალს თითებით შლის და თან გვესაუბრება. იხსენებს იმ დღეებს, როდესაც გიორგის საცოლე დანიშნეს, როგორ ემზადებოდნენ ქორწილისთვის… მესამე დღეს გიორგი ომში წავიდა და რამდენიმე დღეში მისი ტელეფონის ზარიც შეწყდა.
„ძალიან, ძალიან ძნელია. ეს ათი წელი ალბათ ჩემთვის ათი საუკუნეა. მის საფლავს, ოთახს და სურათებს რომ ვუყურებ, კიდევ უფრო მეტად მტკივა“, – გვეუბნება გიორგის დედა მანანა.
გიორგის დაღუპვის შემდეგ ის და მისი მეუღლე მარტო დარჩნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ, თუმცა ისინი თავიანთ ოჯახებში ცხოვრობენ. „ზოგჯერ მოდიან სტუმრად და ეს გვანუგეშებს. მანუგეშებს გიორგის საფლავიც და მადლობელი ვარ, რომ საფლავი მაინც მაქვს და შემიძლია ყოველდღე ვინახულო“.
დაღუპული კაპრალის, გიორგი შაინიძის დედა
18 ივლისს გიორგის დაბადების დღე იყო. „მისი დანიშნულიც გამოგვეხმაურა, გათხოვდა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვივიწყებს, ყოველ წელს გვეხმიანება. პატარა შვილიშვილები მყავს, მათ არ ახსოვთ ბიძა, მაგრამ იმდენს ვლაპარაკობთ მასზე, რომ ისინიც ეფერებიან მის სურათებს და ყვავილებიც დააქვთ საფლავზე“.
დედა ამბობს, რომ რაც დრო გადის, უფრო მეტად განიცდის. „მენატრება სიგიჟემდე, ძალიან მენატრება“.
გიორგის დედა და დები ომის ათი წლისთავისთვის ემზადებიან. ელოდებიან სტუმრებს მთავრობიდან. დედა ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ყურადღებას გრძნობენ როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად, „თუმცა შვილს ვერაფერი შემიცვლის“.
„კარგი იქნებოდა, რომ ომის შემდეგ მაინც შეცვლილიყო რამე, აღარ იტაცებდნენ ადამიანებს, ისევ არ ამწარებდნენ დედებს… როცა ასეთ რამეებს ვისმენ და ვუყურებ, ისევ მიახლდება ტკივილები“.
შვილის დაკარგვის მიუხედავად, დედა ამბობს, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. „მტერიც კი არ დამიწყევლია იმის გამო, რომ შვილი დავკარგე, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენი შვილების სიკვდილის მიუხედავად, ჩვენ ისევ ასეთ მდგომარეობაში ვართ – ოკუპირებული“.
გიორგი შაინიძე 26 წლის იყო…
გიორგის ოჯახის შემდეგ იმავე სოფლიდან აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ამირან შაინიძის ოჯახს ვეწვიეთ. ღია ყავისფერ ჭიშკარზე თეთრი აბრაა გაკრული, რომელსაც ცისფერი ასოებით აწერია: „ამირან შაინიძის ქუჩა“. მისი დაღუპვის შემდეგ უბანსაც ასე ეძახიან – „ამირანის უბანი“.
ამირანს მეუღლე და ორი შვილი დარჩა, თამთა და მარიამი. როცა დაიღუპა, უფროსი შვილი ხუთი წლის იყო. მარიამი ოთახში ზის და გვისმენს. საუბარში არ ერთვება. მხოლოდ ერთხელ ამბობს, რომ „ამ თემაზე“ (აგვისტოს ომი) ლაპარაკს ერიდება.
ბაბუა საუბარში დასძენს, რომ „ბავშვებს რუსეთი არ უყვართ“ და როცა ომობანას თამაშობენ, „მტერი ყოველთვის რუსეთია“.
დედა და შვილები ამჟამად ბათუმში ცხოვრობენ. „ამირანის დედა თავდაცვის სამინისტრომ დაასაქმა, ამიტომ ბავშვებიც ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. ბავშვები კერძო სკოლაში სწავლობენ და სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებენ.
ცხადია, მშობელი უფრო მნიშვნელოვანია შვილისთვის, მაგრამ ისიც კარგია, რომ ხელისუფლებას ვახსოვართ“, – ამბობს ამირანის მამა, ნოდარ შაინიძე.
ამირან შაინიძის მამა და შვილი.
საუბარში ამირანის ძმა, დათო შაინიძე ერთვება. მისი აზრით, ამ ადამიანების დაღუპვით ქვეყანაში მაინც არაფერი შეცვლილა.
„ქვეყანა ისევ ოკუპირებულია და არც არავინ არ აკეთებს არაფერს, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე უფრო მეტად მტკივა გული, რომ ამ ადამიანების სიკვდილით მაინც შეცვლილიყო რამე ქვეყანაში“.
დათო ამბობს, რომ გაყინული კონფლიქტები ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. „ხალხის მდგომარეობაც უარესდება, ვსუსტდებით მორალურადაც. ან ოკუპაციის საკითხი უნდა მოვაგვაროთ, ან საკუთარ ხალხს მაინც მიხედონ, შიმშილობენ ადამიანები“.
„ათი წელია თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ათი წელია სულ მასზე ვფიქრობ“, – გვეუბნება ამირანის მამა.
ამირანი 30 წლის იყო…
ამირანის უბნიდან „ვაჟას უბანში“ გადავინაცვლეთ. ვაჟაც შაინიძეა და ისიც ამ სოფელში ცხოვრობდა. 11 აგვისტოს დაიღუპა, მისი ცხედარი სახლში მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოასვენეს.
ვაჟა სერჟანტი იყო და ჯარში კონტრაქტით მსახურობდა. ომიდან ათი წლის შემდეგ ვაჟას ოჯახში მხოლოდ მისი მშობლები გვხვდებიან. „ცოლი სამი წლის შემდეგ გათხოვდა, ერთი ბიჭი ჰყავთ და ის ბებიამ წაიყვანა, იქ იზრდებოდა. თუმცა ახლა უკვე დიდია და ჩვენს სანახავადაც მოდის“, – გვეუბნება ვაჟას დედა, დარიკო შაინიძე.
აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვაჟა შაინიძის მშობლები ფოტო: ლელა დუმბაძის
დაღუპულ შვილზე დარიკოც ცრემლებით საუბრობს. ამბობს, რომ აგვისტოს დადგომას განსაკუთრებულად განიცდის. „ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, სულ მინდა სადღაც წავიდე, თითქოს გავურბივარ რაღაცას… ვაჟა ძალიან მენტარება, მაგრამ სად ვნახავ?“.
ბავშვი ბათუმში, მე-20 საჯარო სკოლაში სწავლობს. „ჩვენ, მშობლებსაც გვეხმარება მთავრობა და ვცდილობთ, რომ ჩვენ შვილიშვილის მომავალი უზრუნველვყოთ, სწავლის ფული შევუგროვოთ“.
ვაჟა შაინიძის სოფელი
დედა ამბობს, რომ მის შვილს ვერავინ გაუცოცხლებს, თუმცა კმაყოფილია იმით, რომ არ ივიწყებენ და ახსოვთ. „აფხაზეთის ომში რამდენი ადამიანი დაიღუპა. არც მოხსენება ჰქონდათ, არც დაფასება, არაფერი. ჩვენთვის გარკვეული ნუგეშია ის, რომ გვაფასებენ, მოდიან, ვახსოვართ. ახლა გვითხრეს, რომ ახალი აბრები უნდა გააკეთონ, სადაც დაღუპულების სახელები იქნება წარწერილი.
გული იმაზე მწყდება, რომ კონფლიქტი მოუგვარებელია. ღმერთმა არ ქნას, რომ კიდევ რამე წამოიწყოს და კიდევ უაზროდ დაიღუპონ ადამიანები. როცა კვდები, ამან შედეგი მაინც ხომ უნდა გამოიღოს“.
„მხოლოდ შვილი მაკლია, მეტი არაფერი. მიდის ცხოვრება ნელა, ხელისუფლება გვაქცევს ყურადღებას, მაგრამ მშობლის გულს რა გაახარებს“, – გვეუბნება ვაჟას მამა, ნოდარ შაინიძე.
ომში დაღუპული პირების ოჯახებს ხელისუფლება თვეში ათასი ლარით ეხმარება. დაღუპულების შვილები თვეში ას-ას ლარს იღებენ. ყოველი წლის 8 აგვისტოს კი ხელისუფლება სამიათასლარიან ერთჯერად დახმარებასაც აძლევს მათ ოჯახებს. „ფული შვილებს ვერ შეგვიცვლის“, – გვეუბნებიან დაღუპული ჯარისკაცების მშობლები.
ისინი ამაყობენ შვილებით და იმაზე დარდობენ, რომ მათი შვილების სიკვდილის მიუხედავად, საქართველო რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია. „ჩვენი შვილების სიკვდილს თითქოს შედეგი არ მოჰყოლია“.
ვაჟა 26 წლის იყო…
აგვისტოს ომში დაიღუპა კაპრალი ასლან შაინიძეც. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგვისტოს ომში ის თავის ორ ძმასთან ერთად იბრძოდა. ასლანი 1985 წელს, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დაიბადა. 3 წლის იყო, როდესაც მის სოფელში საშინელი სტიქიური უბედურება დატრიალდა და ოჯახი ბოლნისის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად. ასლან შაინიძე ბრძოლის ველზე, ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა.
ასლანი 23 წლის იყო…
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. რუსეთი არღვევს ომის შემდგომ შეთანხმებას და დღემდე განაგრძობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების რღვევას.
საირახონ მირბობიევას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ბათუმში 4 წლის გოგოს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ედება ბრალად.
4 წლის ბავშვი 13 ივნისს ღამით მოკლეს. პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში საკუთარი ხელით მიიტანა და თქვა, რომ გოგო ცემით მოკლა.
“ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”- მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულს.
“ვისარგებლებ დუმილის უფლებით,”- თქვა ბრალდებულმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ბრალდებულმა მოსამართლეს ჰკითხა, ხომ არ შეუფარდებდნენ მას სამუდამო პატიმრობას, “რადგან ვიცი, რომ დამნაშავე ვარ,” – ამბობდა ის.
გამოძიების ვერსიით, ბავშვი დედამ დაუტოვა ბრალდებულს, რომელიც მისი მეგობარი იყო, ხოლო თვითონ რამდენიმე დღით თურქეთში წავიდა. ბავშვის დედას თურქეთმა დეპორტი გაუკეთა და უზბეკეთში იძულების წესით დააბრუნა. პრობლემის მოგვარებამდე ბავშვზე ზრუნვა დედის მეგობარმა აიღო.
საქმეში უკვე დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემა აქვს, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს იგი შერაცხადი იყო.
“ჩვენ ვითხოვთ ექსპერტების დაკითხვას, რათა უშუალოდ მოვისმინოთ პოზიცია, თუ რას დაეყრდნო მათი დასკვნა,” – ამბობს პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ. იგი სასჯელს გამოჯანმრთელების შემთხვევაში მოიხდის.
დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე, ასევე სადავოობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლო ყველა მოწმის ჩვენებას მოისმენს, ვინც გამოძიებას ჩვენება მისცა.
სადავოდ პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ რამდენიმე თავისივე მტკიცებულებაც მიიჩნია, მათ შორის, ბრალდებულის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება.
“ბრალდებულს გამოძიებისთვის აღიარებითი ჩვენება არ მიუცია, ამიტომ მოვითხოვე მისი დაკითხვა,” – უთხრა პროკურორმა “ბათუმელებს”.
4 წლის გოგოს ცხედარი რამდენიმე დღის წინ გონიოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მყოფმა თამარ ახალაძემ გვითხრა.
“ბავშვი ჩვენ დავკრძალეთ ოჯახის სასაფლაოზე, გონიოში… ჩემმა რძალმა გაზარდა ეს ბავშვი, ორი თვის იყო, როცა დაგვიტოვეს. ჩემი რძალი ძიძა იყო, დედა ცალკე ცხოვრობდა,” – გვითხრა მან.
თამარ ახალაძის თქმით, ბავშვის დედამ 8 მარტს დარეკა მათთან და უთხრა, რომ ბავშვს სამი დღით წაიყვანდა ნიგარი, მისი მეგობარი.
“ბავშვი აღარ დაუბრუნებიათ. ნიგარი ის გოგოა, რომელსაც მანამდეც წაუყვანია ბავშვი სასეირნოდ. ნიგარი მკვლელობის ღამეს ბრალდებულთან ერთად იყო. ჩვენ მის დაპატიმრებასაც ვითხოვთ. იგი ბრალდებულის დეიდაშვილია.
ჩემი აზრით, ბავშვის მოშორება უნდოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს მოყვანა, რადგან გოგო სასტიკად ნაცემი ჰყავდათ. ბავშვს მხარი მთლიანად მოტეხილი ჰქონდა… საბოლოოდ ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ ბავშვი ცემით მოუკლავთ. პროზექტურაში იყო უკვე ჩვენი 4 წლის გოგო. თმები გადაუპარსავთ და სულ გაშავებულიყო, არადა ულამაზესი ბავშვი იყო,” – დაასრულა თამარ ახალაძემ და სასამართლო დარბაზი დატოვა.
„ვითიბი ბანკი“ საკრედიტო ბარათზე – VTB Credit Card -ზე აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც განაღდების საკომისიო „ვითიბისა“ და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში 1% -ია (ეფექტური 8.71%-დან). საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი 55 დღეა, მის მთავარ უპირატესობას დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს. აქცია სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
VTB Credit Card- ით სარგებლობა შეუძლიათ 23-65 წლის პირებს.
საკრედიტო ბართის აღება „ვითიბი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.
სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამ 2 აგვისტოს საქართველოდან ცენტრალური აზიაში, კერძოდ უზბეკეთის რესპუბლიკაში, ექსპორტის მიზნით, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით – ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ განკუთვნილი 335 280 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი „ემოკლოტის“ 1 524 ფლაკონი. ასევე დადგინდა, რომ კომპანიის მიერ საბაჟოზე წარდგენილ ინვოისში არასწორად იყო მითითებული მედიკამენტის დოზირება (1000 ს.ე/10 მლ.-ის ნაცვლად დაფიქსირებული იყო 500 ს.ე/10 მლ). ამასთან, იმის გამო, რომ იმპორტიორ ქვეყანაში მედიკამენტი რეგისტრირებულია განსხვავებული შეფუთვით, ექსპორტიორმა კომპანიამ მედიკამენტის ოფიციალური მწარმოებლის თანხმობის გარეშე, საქართველოში კუსტარულად, სათანადო წესებისა და პირობების დარღვევით, მოახდინა ყველა ფლაკონის გადაფუთვა და ეტიკეტირება.
პარალელურად, გარკვეული ოდენობის მედიკამენტის განახლებულ ეტიკეტზე დატანილ იქნა ვარგისიანობის გაზრდილი ვადა და 2019 წლის სექტემბრის ნაცვლად, მედიკამენტის ვარგისიანობის ვადად 2022 წელი დაფიქსირდა. ასევე, შეცვლილ იქნა მედიკამენტის სერიული ნომერი, რომლითაც ხდება მედიკამენტის იდენტიფიცირება.
ამ ეტაპზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები მედიკამენტების შიგთავსის და მათი ვარგისიანობის დადგენის მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.
სახელმწიფო რვა უმაღლეს სასწავლებელში გარკვეულ ფაკულტეტებს დააფინანსებს. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა მიმართულება დაფინანსდება. აქედან ყველაზე მეტი – 200 ადგილი გამოყოფილია ქართული ფილოლოგიისთვის და 400 ადგილი ეკონომიკისთვის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო 25 მიმართულებას დააფინანსებს. ყველაზე მეტი – 400 ადგილი გამოყოფილია მშენებლობის მიმართულებით, მეორე ადგილზეა ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია 13 მიმართულებაზე. ყველაზე მეტი – 150 ადგილი დაეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რვა მიმართულება დაფინანსდება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ცხრა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი – თოთხმეტი მიმართულება.
იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია ექვს სპეციალობაზე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, სახელმწიფო ცხრა მიმართულებას დააფინანსებს. აქედან ყველაზე მეტი – 100 ადგილი, განოყოფილია ქართულ ფილოლოგიაზე.
ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში, სადაც აღმაშენებლის ძეგლის დადგმას აპირებს, მემორიალური ქვა განათავსა.
ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებს, მანამდე კი, შერჩეულ ადგილზე დავით აღმაშენებლის მემორიალს 12 აგვისტოს განათავსებდა. თუმცა მემორიალური ქვა წრიულში უკვე მეორე დღეა დადგმულია.
აღნიშნულ წრიულთან თავს ექვსი ქუჩა იყრის: აბუსერიძის, კაჭარავას, აღმაშენებლის, კობალაძის, ანგისის და აეროპორტის გზატკეცილი. წრიულში დამონტაჟებულია გარეგანათება და ვიდეოსათვალთვალო კამერებიც.
ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. „მარში“ წერდა, რომ ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა. „ქართულ მარშს“ 12 აგვისტოსთვის ბათუმში აქციის გამართვაც აქვს დაანონსებული.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციას არ დასწრებია. მიტროპოლიტმა გუშინწინ თავად მოუწოდა მოქალაქეებს მარიხუანას ლეგალიზების გაპროტესტება საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
რატომ არ დაესწრო დღეს, 6 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას მიტროპოლიტი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანს, იონე გორელიშვილს დაუსვა.
„მეუფე დიმიტრი შეუძლოდ გახლავთ და ამიტომ არ დაესწრო… დიდი ხანია არის შეუძლოდ, მას ფეხზე დგომა და სიარულიც უჭირს. მსახურების დროსაც კი ვერ დადის ეკლესიაში,“ – გვიპასუხა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
4 აგვისტოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება და მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ შეატყობინა.
ნინიკო მჟავანაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შვიდ თვეში დაიბადა. ახლა ცხრა წლისაა და გმირებს ხატავს. არ იცის, როგორ და როდის ხდებიან გმირები, ან ვის უწოდებენ ადამიანები გმირებს, მაგრამ იცის, რომ მამა გმირია, ამაზე კითხვებს არ სვამს. ხშირად მას დედასთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს – რატომ დაიღუპა მისი მამა, როცა სხვებს ჰყავთ?
„ბევრ კითხვას არ მისვამს, მხოლოდ ამას მეკითხება, როცა სხვებს ხედავს მამებთან ერთად“, – გვიყვება თეონა ივანაძე. თეონა გმირ მეუღლეზე, კაპრალ რაულ მჟავანაძეზე ბევრს არ საუბრობს, მხოლოდ კითხვებს პასუხობს და ისიც მოკლე პასუხებით შემოიფარგლება. ის ორი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ომის დაწყების ამბავი გაიგო…
ნინიკო მჟავანაძე, აგვისტოს ომში დაღუპული რაულ მჟავანაძის შვილი
ამბობს, რომ ომის დაწყებისთანავე, რამდენჯერმე დაურეკა მეუღლეს, მაგრამ ის არ პასუხობდა. „არ პასუხობდა… შედეგ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს დაღუპულიაო“, – ამბობს და მცირე პაუზას აკეთებს: „მეგონა ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ მარტო ჩემი ხომ არ გადარჩებოდა“, – ასე ასრულებს თეონა სათქმელს იმაზე, თუ როგორ გაიგო მეუღლის ომში დაღუპვის ამბავი.
ომი რომ დაიწყო, თეონა და რაული ხუთი თვის შეუღლებულები იყვნენ.
ყოველი წლის აგვისტო თეონას იმ დროს ახსენებს, რაზეც საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ძალიან მტკივნეულია მისთვის იმ დროს განვითარებული მოვლენების გახსენება და წინადადებას არ ასრულებს… ხმა უკრთის, ჩუმდება და თვალებით მანიშნებს, რომ ახალ კითხვას ელოდება.
თეონას მეუღლე, კაპრალი რაულ მჟავანაძე ჯარში კონტრაქტით მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა. მისი დაღუპვის შემდეგ თეონას მეუღლის სამსახურში დასაქმება შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. არც ის იცის კონკრეტულად რას სთავაზობდნენ, არ დაინტერესბულა, რადგან ამ დროს ბავშვი პატარა იყო და მთელ დროს მას უთმობდა.
„…სახელმწიფო ერთჯერადად დაგვეხმარა, გვაქვს ყოველთვიური თანხაც და ამით ვცხოვრობთ, მე ამ დრომდე არ ვმუშაობ. ვცხოვრობ შვილთან და ძმასთან ერთად, პერიოდულად ავდივართ სოფელში რაულის დედასთან.“
თეონა ომში დაღუპულთა მემორიალთან
თეონას თქმით, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ცოლები და მათი შვილები ერთმანეთს ყოველი წლის აგვისტოში ხვდებიან. ამბობს, რომ როცა ჩნდება საზოგადოებაში, სადაც იციან, რომ გმირის მეუღლეა, პატივისცემით ეპყრობიან.
ნინიკო მეოთხე კლასშია. გარდა გმირებისა, რომლებსაც, როგორც თვითონ გვიყვება ინტერნეტში პოულობს, ხატავს ფერად ჩიტებს, ფერადი ფურცლებისგან კი ჯამბაზებს ამზადებს. ამბობს, რომ წითელი, ლურჯი, ყვითელი და ნაცრისფერი მოსწონს. ხშირად ბებია ურეკავს და ეუბნება, რომ ენატრება.
სკოლაში კი ნინიკო ყველაზე კარგად მათემატიკას სწავლობს, ცეკვაზეც დადის. გასულ წელს გასტროლით ბულგარეთში იყო, ახლა იტალიაზე ოცნებობს. რომ გაიზრდება, პოლიციელი გამოვა, ეს პროფესია იმიტომ აირჩია, რომ :„ვინც რაიმეს დააშავებს, ციხეში ჩასვას“.
რაულ მჟავანაძე
რაულ მჟავანაძე 1973 წლის 8 ივლისს, ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში დაიბადა. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლაც. სკოლის დასრულების შემდეგ ძმასთან, გივი მჟავანაძესთან ერთად ახალჩამოყალიბებულ შინაგან ჯარში წავიდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე.
რაულ მჟავანაძე 8 აგვისტოს ცხინვალში კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად 35 წლის ასაკში დაიღუპა.
სარფის საბაჟოზე როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს მგზავრებს ხშირად უწევთ ხანგრძლივი ლოდინი. სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი, როგორც წესი, დიდ ხანს გრძელდება, რის გამოც მგზავრები წვიმიან და მზიან ამინდში საათობით ელოდებიან ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ.
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის საქართველოს მხარეს 2011 წელს აშენებულ შენობაში მოსაცდელი ადგილები მგზავრებისთვის არასაკმარისია, გარდა ამისა, დერეფნიდან შეუძლებელია ტრანსპორტის კონტროლი. ამიტომ მგზავრები ხშირად აქ არ ჩერდებიან და ურჩევნიათ ღია ცის ქვეშ დაელოდონ ტრანსპორტს.
ანალოგიური ვითარებაა სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარესაც. იქ დადგმული მოსაცდელების რაოდენობა არ არის საკმარისი, ამიტომაც მგზავრები ღია ცის ქვეშ ჩერდებიან როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ძლიერი წვიმის დროს. საბაჟოს თურქეთის მხარეს პრობლემაა საპირფარეშოების არარსებობაც, ასევე მოუწესრიგებელი ნაგვის ურნები, რაც ქმნის ანტისანიტარიას.
როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს სასწრაფოდ შესაცვლელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ შეკრებილები მარიხუანას ლეგალიზებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება ვნებს ჯანმრთელობას, თუმცა მათი მოსაზრება არაა ერთიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ, რაზეც პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
აქციაზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური ძალიდან.
“ვგმობთ ანტისახელმწიფოებრივ აქტს. ეს ეწინააღმდეგება ქართულ და მართლმადიდებლურ ინტერესებს. უნდა შემსუბუქებულიყო სასჯელი, საერთოდ გაუქმება არ იყო სწორი. საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მომხრე არ ვარ,” – ამბობს მოქალაქე რეზო კიღურაძე.
მოქალაქე ეთერ სურმანიძე კი, ადეკვატურად მიიჩნევს სასჯელს, რომელიც აქამდე მარიხუანას მოხმარებისთვის გამოიყენებოდა. ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა მსგავსი მიდგომა ქრისტიანული, გვიპასუხა.
“ის, ვინც მაგას მოწევს, ნორმალურად ვეღარ აზროვნებს, დასასჯელია… საკონსტიტუციოს გაუქმებით არაფერი დაშავდება, ზედმეტი დანამატია. მე მქონდა სასამართლოებში საქმეები და ვერაფერი გავუგე,” – გვითხრა ეთერ სურმანიძემ.
მოქალაქეებისგან განსხვავებით, დეკანოზ ანდრია თურმანიძის აზრით, “ციხე გამოსავალი არ არის”. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო.
“უნდა არსებობდეს გარკვეული ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს, ზოგადად, აღვირახსნილობას. დღეს ყველგან უკვე მარიხუანას სუნია. ეს გადაწყვეტილება იყო ვიღაცის დავალებით, ან ვიღაცის გულის გასახარად მიღებული. ვინ დგას ამის უკან არ ვიცი, მაგრამ სახელმწიფო დღეს ამისთვის მზად არ იყო.
ნარკომომხმარებელს სჭირდება შესაბამისი მკურნალობა და ხელის შეწყობა და არა ციხეში გაშვება,” – აღნიშნავს იგი. დეკანოზი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მომხრე არ არის.
საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა დღეს აქციაზე მოსულმა პოლიტიკოსებმა -დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ჯონდი ბაღათურიამ გააჟღერეს. არგუმენტად მათ შეერთებული შტატები მოიყვანეს, სადაც საკონსტიტუციო კონტროლს უზენაესი სასამართლო ასრულებს. ამ პოლიტიკოსებმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოსამართლის დასჯას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არავითარ სასჯელს არ ითვალისწინებს, იმ კონკრეტული მოსამართლეების დასჯაც მოითხოვეს, რომლებმაც მარიხუანას ლეგალიზებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
პოლიტიკოსებმა ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ იქნება კარგი, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში აღარ იარსებებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მომხრე არ არის ბათუმის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ნატალია ძიძიგური. საკრებულოს წევრი „ბათუმელებმა“ აქციაზე ჩაწერა.
“მე, პირველ რიგში, დედა ვარ და ამიტომ მოვედი აქ. ეს გადაწყვეტილება დამღუპველია ჩვენი ერისთვის, სადაც დემოგრაფიული საკითხი კატასტროფულ მდგომარეობაშია,” – ამბობს ის.
რას ეყრდნობა საკრებულოს წევრი, როცა აცხადებს, რომ მარიხუანას ლეგალიზება დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუარესებს? – ნატალია ძიძიგურმა გვითხრა, რომ ამას “საზოგადოებრივი აზრი ამოწმებს, საპატრიარქო და სხვადასხვა კვლევა”.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს.
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე დაიწყო და ახლაც გრძელდება.
ბათუმის მერია ბაგრატიონის ქუჩის N127-ში მდებარე 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთს განმეორებით აუქციონზე 45%-იანი ფასდაკლებით და შეცვლილი პირობებით ყიდის, თუმცა მთავარი პირობა ძალაშია – მყიდველმა ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლი უსასყიდლოდ უნდა ააშენოს, ბაგრატიონის ქუჩაზე კი – მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობა.
მერია აღნიშნულ ნაკვეთს აუქციონზე პირობებით ადრე 1 მილიონ 47 ათას 700 ლარად [საწყისი ფასი] ყიდდა, ამჯერად კი ქონების საწყისი ფასი 575 ათას 850 ლარია [ბიჯი – 15 ათასი ლარი].
პირობა, რომ ახვლედიანის ქუჩაზე მშენებლობა უნდა დაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში და დასრულდეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში – უცვლელია. საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს სამსართულიანი, მანსარდით, 10 საცხოვრებელი ბინით.
საცხოვრებელი ბინების გადაცემა დაინტერესებულ პირებზე უნდა მოხდეს შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კონტურის კედლები; მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; შესასვლელი რკინის კარი; მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადიდასახურავი.აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლისცენტრალურ კომუნიკაციებთან მიერთება.
პირობებში აღნიშნულია, რომ ამ ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება იქცეს თუნდაც ერთი დაინტერესებული პირის უარი ახვლედიანის ქ. N12-ში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ან/და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთაგან თანხმობის მიუღებლობა მშენებლობის ნებართვის მიღების ეტაპებზე, თუმცა „მხარეები ყველანაირად ეცდებიან დამაბრკოლებელი და ხელშემშლელი გარემოებები მოაგვარონ მოლაპარაკებების, მათ შორის მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა [მუნიციპალიტეტი, ქონების შემძენი] ორმხრივი შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულება უქმდება“.
თუ ხელშეკრულება ძალაში დარჩება და ახვლედიანის ქუჩაზე ქონების შემძენი ააშენებს საცხოვრებელ სახლს, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა მასზე მშენებლობის ნებართვა ბაგრატიონის ქუჩა N127-ში. აქ შენობა-ნაგებობ[ებ]ის საპროექტო ტექნიკური პარამეტრები უნდა იყოს:
მიწის ნაკვეთზე შენო[ებ]ის განაშენიანების ფართობი [კ-1] – არანაკლებ 3700 კვ/მ;
შენობ[ებ]ის სარეალიზაციო ფართობი [კ-2] – არანაკლებ 21260 კვ/მ;
ტერიტორიის გამწვანებული ფართობი [კ-3] – არანაკლებ 532 კვ/მ;
შენობა [შენობები] უნდა იყოს არანაკლებ 6-სართულიანი.
თუმცა, პირობაში ჩადებულია ასევე, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონში გამარჯვებულ პირს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები მაღლივი შენობა-ნაგებობ[ებ]ის საპროექტო დოკუმენტაციაში.
მშენებლობაუნდადაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს28 თვეში და დასრულდესარაუგვიანეს 60 თვეში.
განმეორებითი ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდება.
“არ მესმის, რატომ არ უნდა გამათავისუფლოთ. სად დაინახეთ მიმალვის საფრთხე? მაგ შემთხვევის შემდეგ მე თვითონ დავუკავშირდი პოლიციას და ჩავბარდი,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ბაჩუკი გ.-მ. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.
ბრალდებულის რეპლიკამდე პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის წინააღმდეგია.
მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გასული წლის 25 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მოხდა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მეზობელთან გადავიდა, რომელსაც სტუმრები ჰყავდა. ერთ-ერთ სტუმართან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ბაჩუკი გ.-მ დაზარალებულს მუცელში დანა გაუყარა.
დაზარალებული გამოჯანმრთელდა და ბრალდებულს შეურიგდა.
დღეს, საქმის განხილვის არსებით ეტაპზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ის უდავოდ მიიჩნევს ყველა მტკიცებულებას, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა. ბრალდებული პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.
“მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჯერ კონკრეტული შედეგი არ გვაქვს,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა რამაზ შავაძემ საპროცესო შეთანხმების შესახებ.
მოსამართლემ ბრალდებულს ასევე უთხრა, რომ მისი პრეტენზია სასამართლოსთან უსაფუძვლოა, რადგან საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ფორმდება.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.