მთავარი,სიახლეები

აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი შაინიძის ოჯახი ომის შემდეგ – რეპორტაჟი ერთი სოფლიდან

07.08.2018 • 9038
აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი შაინიძის ოჯახი ომის შემდეგ – რეპორტაჟი ერთი სოფლიდან

აგვისტოს ომში თავდაცვის სამინისტროს 169 თანამშრომელი დაიღუპა, აქედან ხუთი უგზოუკვლოდ დაიკარგა. დაღუპულებს შორის ერთადერთია შაინიძეების გვარი, ვისაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში ოთხი ჯარისკაცი დაეღუპა. მათგან სამი ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ცხოვრობდა.

კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი

სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა

კაპრალი შაინიძე ასლან ჯემალის ძე – I ქვეითი ბრიგადა

26 წლის კაპრალის გიორგი შაინიძის დედას ათი წლის შემდეგაც ცრემლიანი თვალები აქვს.  სახეზე ცრემლის კვალს თითებით შლის და თან გვესაუბრება. იხსენებს იმ დღეებს, როდესაც გიორგის საცოლე დანიშნეს, როგორ ემზადებოდნენ ქორწილისთვის… მესამე დღეს გიორგი ომში წავიდა და რამდენიმე დღეში მისი ტელეფონის ზარიც შეწყდა.

„ძალიან, ძალიან ძნელია. ეს ათი წელი ალბათ ჩემთვის ათი საუკუნეა. მის საფლავს, ოთახს და სურათებს რომ ვუყურებ, კიდევ უფრო მეტად მტკივა“, – გვეუბნება გიორგის დედა მანანა.

გიორგის დაღუპვის შემდეგ ის და მისი მეუღლე მარტო დარჩნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ, თუმცა ისინი თავიანთ ოჯახებში ცხოვრობენ. „ზოგჯერ მოდიან სტუმრად და ეს გვანუგეშებს. მანუგეშებს გიორგის საფლავიც და მადლობელი ვარ, რომ საფლავი მაინც მაქვს და შემიძლია ყოველდღე ვინახულო“.

დაღუპული კაპრალის, გიორგი შაინიძის დედა

18 ივლისს გიორგის დაბადების დღე იყო. „მისი დანიშნულიც გამოგვეხმაურა, გათხოვდა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვივიწყებს, ყოველ წელს გვეხმიანება. პატარა შვილიშვილები მყავს, მათ არ ახსოვთ ბიძა, მაგრამ იმდენს ვლაპარაკობთ მასზე, რომ ისინიც ეფერებიან მის სურათებს და ყვავილებიც დააქვთ საფლავზე“.

დედა ამბობს, რომ რაც დრო გადის, უფრო მეტად განიცდის. „მენატრება სიგიჟემდე, ძალიან მენატრება“.

გიორგის დედა და დები ომის ათი წლისთავისთვის ემზადებიან. ელოდებიან სტუმრებს მთავრობიდან. დედა ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ყურადღებას გრძნობენ როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად, „თუმცა შვილს ვერაფერი შემიცვლის“.

„კარგი იქნებოდა, რომ ომის შემდეგ მაინც შეცვლილიყო რამე, აღარ იტაცებდნენ ადამიანებს, ისევ არ ამწარებდნენ დედებს… როცა ასეთ რამეებს ვისმენ და ვუყურებ, ისევ მიახლდება ტკივილები“.

შვილის დაკარგვის მიუხედავად, დედა ამბობს, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. „მტერიც კი არ დამიწყევლია იმის გამო, რომ შვილი დავკარგე, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენი შვილების სიკვდილის მიუხედავად, ჩვენ ისევ ასეთ მდგომარეობაში ვართ – ოკუპირებული“.

გიორგი შაინიძე 26 წლის იყო…

გიორგის ოჯახის შემდეგ იმავე სოფლიდან აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ამირან შაინიძის ოჯახს ვეწვიეთ. ღია ყავისფერ ჭიშკარზე თეთრი აბრაა გაკრული, რომელსაც ცისფერი ასოებით აწერია: „ამირან შაინიძის ქუჩა“.  მისი დაღუპვის შემდეგ უბანსაც ასე ეძახიან – „ამირანის უბანი“.

ამირანს მეუღლე და ორი შვილი დარჩა, თამთა და მარიამი. როცა დაიღუპა, უფროსი შვილი ხუთი წლის იყო. მარიამი ოთახში ზის და გვისმენს. საუბარში არ ერთვება. მხოლოდ ერთხელ ამბობს, რომ „ამ თემაზე“ (აგვისტოს ომი) ლაპარაკს ერიდება.

ბაბუა საუბარში დასძენს, რომ „ბავშვებს რუსეთი არ უყვართ“ და როცა ომობანას თამაშობენ, „მტერი ყოველთვის რუსეთია“.

დედა და შვილები ამჟამად ბათუმში ცხოვრობენ. „ამირანის დედა თავდაცვის სამინისტრომ დაასაქმა, ამიტომ ბავშვებიც ქალაქში გადავიდნენ  საცხოვრებლად. ბავშვები კერძო სკოლაში სწავლობენ და სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებენ.

ცხადია, მშობელი უფრო მნიშვნელოვანია შვილისთვის, მაგრამ ისიც კარგია, რომ ხელისუფლებას ვახსოვართ“, – ამბობს ამირანის მამა, ნოდარ შაინიძე.

ამირან შაინიძის მამა და შვილი.

საუბარში ამირანის ძმა, დათო შაინიძე ერთვება. მისი აზრით, ამ ადამიანების დაღუპვით ქვეყანაში მაინც არაფერი შეცვლილა.

„ქვეყანა ისევ ოკუპირებულია და არც არავინ არ აკეთებს არაფერს, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე უფრო მეტად მტკივა გული, რომ ამ ადამიანების სიკვდილით მაინც შეცვლილიყო რამე ქვეყანაში“.

დათო ამბობს, რომ გაყინული კონფლიქტები ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. „ხალხის მდგომარეობაც უარესდება, ვსუსტდებით მორალურადაც. ან ოკუპაციის საკითხი უნდა მოვაგვაროთ, ან საკუთარ ხალხს მაინც მიხედონ, შიმშილობენ ადამიანები“.

„ათი წელია თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ათი წელია სულ მასზე ვფიქრობ“, – გვეუბნება ამირანის მამა.

ამირანი 30 წლის იყო…

ამირანის უბნიდან „ვაჟას უბანში“ გადავინაცვლეთ. ვაჟაც შაინიძეა და ისიც ამ სოფელში ცხოვრობდა. 11 აგვისტოს დაიღუპა, მისი ცხედარი სახლში მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოასვენეს.

ვაჟა სერჟანტი იყო და ჯარში კონტრაქტით მსახურობდა. ომიდან ათი წლის შემდეგ ვაჟას ოჯახში მხოლოდ მისი მშობლები გვხვდებიან. „ცოლი სამი წლის შემდეგ გათხოვდა, ერთი ბიჭი ჰყავთ და ის ბებიამ წაიყვანა, იქ იზრდებოდა. თუმცა ახლა უკვე დიდია და ჩვენს სანახავადაც მოდის“, – გვეუბნება ვაჟას დედა, დარიკო შაინიძე.

აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვაჟა შაინიძის მშობლები
ფოტო: ლელა დუმბაძის

დაღუპულ შვილზე დარიკოც ცრემლებით საუბრობს. ამბობს, რომ აგვისტოს დადგომას განსაკუთრებულად განიცდის. „ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, სულ მინდა სადღაც წავიდე, თითქოს გავურბივარ რაღაცას… ვაჟა ძალიან მენტარება, მაგრამ სად ვნახავ?“.

ბავშვი ბათუმში, მე-20 საჯარო სკოლაში სწავლობს. „ჩვენ, მშობლებსაც გვეხმარება მთავრობა და ვცდილობთ, რომ ჩვენ შვილიშვილის მომავალი უზრუნველვყოთ, სწავლის ფული შევუგროვოთ“.

ვაჟა შაინიძის სოფელი

დედა ამბობს, რომ მის შვილს ვერავინ გაუცოცხლებს, თუმცა კმაყოფილია იმით, რომ არ ივიწყებენ და ახსოვთ. „აფხაზეთის ომში რამდენი ადამიანი დაიღუპა. არც მოხსენება ჰქონდათ, არც დაფასება, არაფერი. ჩვენთვის გარკვეული ნუგეშია ის, რომ გვაფასებენ, მოდიან, ვახსოვართ. ახლა გვითხრეს, რომ ახალი აბრები უნდა გააკეთონ, სადაც დაღუპულების სახელები იქნება წარწერილი.

გული იმაზე მწყდება, რომ კონფლიქტი მოუგვარებელია. ღმერთმა არ ქნას, რომ კიდევ რამე წამოიწყოს და კიდევ უაზროდ დაიღუპონ ადამიანები. როცა კვდები, ამან შედეგი მაინც ხომ უნდა გამოიღოს“.

„მხოლოდ შვილი მაკლია, მეტი არაფერი. მიდის ცხოვრება ნელა, ხელისუფლება გვაქცევს ყურადღებას, მაგრამ მშობლის გულს რა გაახარებს“, – გვეუბნება ვაჟას მამა, ნოდარ შაინიძე.

ომში დაღუპული პირების ოჯახებს ხელისუფლება თვეში ათასი ლარით ეხმარება. დაღუპულების შვილები თვეში ას-ას ლარს იღებენ. ყოველი წლის 8 აგვისტოს კი ხელისუფლება სამიათასლარიან ერთჯერად დახმარებასაც აძლევს მათ ოჯახებს. „ფული შვილებს ვერ შეგვიცვლის“, – გვეუბნებიან დაღუპული ჯარისკაცების მშობლები.

ისინი ამაყობენ შვილებით და იმაზე დარდობენ, რომ მათი შვილების სიკვდილის მიუხედავად, საქართველო რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია. „ჩვენი შვილების სიკვდილს თითქოს შედეგი არ მოჰყოლია“.

ვაჟა 26 წლის იყო…

აგვისტოს ომში დაიღუპა კაპრალი ასლან შაინიძეც. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგვისტოს ომში ის თავის ორ ძმასთან ერთად იბრძოდა. ასლანი 1985 წელს, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დაიბადა. 3 წლის იყო, როდესაც მის სოფელში საშინელი სტიქიური უბედურება დატრიალდა და ოჯახი ბოლნისის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად. ასლან შაინიძე ბრძოლის ველზე, ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა.

ასლანი 23 წლის იყო…

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. რუსეთი არღვევს ომის შემდგომ შეთანხმებას და დღემდე განაგრძობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების რღვევას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: