განათლება,მთავარი,სიახლეები

მინისტრის მოადგილე: სკოლის არჩევანი გადამწყვეტი არ არის სახელმძღვანელოს გრიფირებისას

08.08.2018 • 7138
მინისტრის მოადგილე: სკოლის არჩევანი გადამწყვეტი არ არის სახელმძღვანელოს გრიფირებისას

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ სკოლების არჩევანი სახელმძღვანელოების გრიფირებისას არ ყოფილა და ვერც იქნებოდა გადამწყვეტი. „რასაც მე პრინციპულად ვეთანხმები“, – ამბობს თემურ მურღულია.

მისი თქმით, სკოლებმა, რომლებმაც პირველ ეტაპზე გარკვეული სახელმძღვანელოები პოზიტიურად შეაფასეს, მოგვიანებით აღიარეს, რომ მათი შეფასება არასწორი იყო.

„მე ვესაუბრე პედაგოგებს და მათ ეს აღნიშნეს საუბარში. პრინციპში, სკოლის არჩევანი გრიფირების წესში განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ არც მომავალში იქნება ისე, რომ სკოლები აირჩევენ სახელმძღვანელოებს და სხვა მექანიზმები არ იქნება“.

თემურ მურღულიას თქმით, პროცესში სკოლები იმიტომ იყო ჩართული, რომ „გვენახა, რამდენად რელევანტური იყო მათი არჩევანი დღევანდელი გადმოსახედიდან“, – ამბობს ის. – „გამომცემლების ნაწილი ამბობდა, რომ ბევრმა სკოლამ აირჩია ძველი სახელმძღვანელოები, რადგან მიჩვეულები არიან, ვერ დაინახეს და ვერ აღიარეს ახალი წიგნები. მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ჩვენი სახელმძღვანელოები იმიტომ არის კარგი, რომ ბევრმა სკოლამ აირჩია. ამ ორი მტკიცებულებიდან სწორი არც ერთი არ არის“.

თემურ მურღულიას აზრით, სწორი არის მხოლოდ ის, რომ სახელმძღვანელოების შეფასებაში კომპეტენტური ადამიანები იყვნენ ჩართული, სკოლის არჩევანი კი „ძალიან ბევრ სუბიექტურ ფაქტორთან არის დაკავშირებული“.

მაგალითად, გამომცემლობა „ტრიასი“ აცხადებს, რომ მათმა სახელმძღვანელოებმა შეფასების სამი ეტაპი გაიარა. 4 აგვისტოს კი კიდევ ერთხელ მიიღეს შეტყობინება, რომ მათი პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო გრიფირებულია.

იმავეს აცხადებს გამომცემლობა „ელფი“ თავის მათემატიკის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტრომ მათ სახელმძღვანელოებს გრიფი მოუხსნა.

გამომცემლობებს ეჭვი შეაქვთ გრიფირების პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზე.  „ელფი“ აპირებს, რომ მიმართოს სასამართლოსაც.

თუმცა თემურ მურღულია ირწმუნება, რომ არც „ელფს“ და არც „ტრიასს“ სამინისტროსთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„ითქვა, რომ თითქოს ჩვენ გრიფირებით დავაზარალეთ ვინმე – მათ მიეცათ საფუძველი, რომ დაებეჭდათ სახელმძღვანელოები და ამაში დახარჯეს ფული. ეს პრინციპულად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გამომცემლობებთან სალიცენზიო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. კერძო სკოლების შემთხვევაში კი, იურიდიული საფუძველი არის სალიცენზიო ხელშეკრულება“, – გვეუბნება მურღულია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ის, რომ ეს გამომცემლობები მოხვდნენ სამინისტროს ბრძანებაში, იყო ადმინისტრაციული შეცდომა, „რომელიც დაუშვა კონკრეტულმა პირმა, ვინც დანართი მოამზადა“ და სამინისტრო შიდა მოკვლევით დაადგენს ამ შეცდომის მიზეზს.

„შეცდომები შეიძლება მოხდეს ხვალაც და ზეგაც, მაგრამ კარგია, რომ დროულად გამოვასწორეთ შეცდომა და ეს გამომცემლობები დანართიდან ამოვიღეთ“.

როგორც თემურ მურღულია ამბობს, გრიფირების პრინციპი არის შემდეგი: პირველ ეტაპზე წიგნებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ფილტრაცია, ამის შემდეგ გადადიან მეორე დონეზე, შემდეგ კი ხვდებიან იმ ტენდერში, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ სახელმძღვანელოებისთვის ოფიციალური რეკომენდაციის საფუძველზე არის დაწერილი.

„სიტყვა-სიტყვით, ასო-ასო არის გადმოწერილი სარეკომენდაციო ფორმულა და გრიფირებისას სწორედ ამ ფორმულას ვიყენებთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ვიცოდეთ იქნებოდა ინსინუაციები ამ თემაზე, ამიტომ ძალიან მარტივი იყი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მოდელის გადმოღება“.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელი კიდევ ბევრ მოთხოვნას აყენებს, თუმცა ყველა არ გამოუტანიათ, რადგან „ასეთ შემთხვევაში წიგნები საერთოდ ვეღარ დაიბეჭდებოდა.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, ამ ეტაპზე რომელი გამომცემლობების სახელმძღვანელოებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება? თემურ მურღულია ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს. „112 გამომცემელია და შეუძლებელია ეს ვიცოდე“.

მისი თქმით, სამინისტროს ამოცანაა 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, სკოლებში ახალი და ხარისხიანი სახელმძღვანელოები შევიდეს.

მისი თქმით, წელს სკოლაში ვერ შევა ისტისა და სპორტის ახალი სახელმძღვანელოები, რადგან წარმოდგენილი სახელმძღვანელოები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.

„გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ისტის (კომპიუტერული ტექნოლოგიები) სწავლება ხდება კომპიუტერთან და არა წიგნში“, – ამბობს მურღულია.

ამავე თემაზე:

გამომცემლობა „ტრიასი“: ყველაზე მოთხოვნად სახელმძღვანელოს გრიფი მოულოდნელად მოუხსნეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: