სიახლეები

ჰემოფილიის სამკურნალო მედიკამენტების კონტრაბანდის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

07.08.2018 • 2550
ჰემოფილიის სამკურნალო მედიკამენტების კონტრაბანდის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამ 2 აგვისტოს საქართველოდან ცენტრალური აზიაში, კერძოდ უზბეკეთის რესპუბლიკაში, ექსპორტის მიზნით, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით – ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ განკუთვნილი 335 280 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი „ემოკლოტის“ 1 524 ფლაკონი. ასევე დადგინდა, რომ კომპანიის მიერ საბაჟოზე წარდგენილ ინვოისში არასწორად იყო მითითებული მედიკამენტის დოზირება (1000 ს.ე/10 მლ.-ის ნაცვლად დაფიქსირებული იყო 500 ს.ე/10 მლ). ამასთან, იმის გამო, რომ იმპორტიორ ქვეყანაში მედიკამენტი რეგისტრირებულია განსხვავებული შეფუთვით, ექსპორტიორმა კომპანიამ მედიკამენტის ოფიციალური მწარმოებლის თანხმობის გარეშე, საქართველოში კუსტარულად, სათანადო წესებისა და პირობების დარღვევით, მოახდინა ყველა ფლაკონის გადაფუთვა და ეტიკეტირება.

პარალელურად, გარკვეული ოდენობის მედიკამენტის განახლებულ ეტიკეტზე დატანილ იქნა ვარგისიანობის გაზრდილი ვადა და 2019 წლის სექტემბრის ნაცვლად, მედიკამენტის ვარგისიანობის ვადად 2022 წელი დაფიქსირდა. ასევე, შეცვლილ იქნა მედიკამენტის სერიული ნომერი, რომლითაც ხდება მედიკამენტის იდენტიფიცირება.

ამ ეტაპზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები მედიკამენტების შიგთავსის და მათი ვარგისიანობის დადგენის მიზნით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: