მთავარი,სიახლეები

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

08.08.2018 • 1659
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

მართალია, „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი მაინც დაიწყო. გუშინ, 7 აგვისტოს, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის  სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პერიოდში მაჟორიტარულ უბნებში ფრაქციის წევრთა მონაწილეობის შესახებაც იმსჯელეს.

რა ფორმით სურთ ფრაქციის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა? – ამაზე ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი გოგიტიძეს ვკითხეთ. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ:

ბატონო გიორგი, რა ფორმით უნდა ჩაერთონ ფრაქციის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებში?

მე როგორც გავიგე, ფორმატი დღის წესრიგში იყო ჩასმული და კითხვითი ნიშანი შეიძლება კიდევ დაისვას საკითხთან დაკავშირებით. როცა საკითხი გავშალეთ და ამ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, ფორმატი იყო ასეთი, რომ ჩვენთვის საარჩევნო პროცესის მოახლოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ მოქალაქე დგას არჩევანის წინაშე. ჩვენი პარტიის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის როლი მოსახლეობასთან არის უმაღლეს დონეზე, პრობლემების განხილვა იქნება იქ თუ სხვა მიდგომა იქნება, ამიტომ შევეხეთ ამ ფორმატს.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კანდიდატი არ ჰყავს დასახელებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუშაობის აქტიური რეჟიმი შეგვიჩერდეს. ჩვენი როლი დაფიქსირებულია, მოსახლეობას ადგილობრივ არჩევნებში არჩევანი გაკეთებული აქვს. გუნდის გადაწყვეტილება სახეზეა, რომ კანდიდატი არ გვყავს, მაგრამ ჩვენი ფორმატი ყოველთვის არის აქტიურად მუშა რეჟიმში ყოფნა, მოსახლეობასთან შუამდგომლობა და კომუნიკაციის უმაღლესი დონე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, რა პრობლემები დგას და რა გვაქვს გასაკეთებელი, ანუ აქტიურ მუშა რეჟიმში ჩავშალეთ ეს ყველაფერი.

ეს რეჟიმი გასაგებია, მაგრამ თქვენ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ფრაქციის წევრების ჩართვაზე საუბრობდით…

ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ფრაქციის წევრები ჩართულები არიან ყოველთვის.

მეუბნებით, რომ ყოველთვის აქტიურები არიან, მაგრამ მაინც განიხილეთ არჩევნების წინ მათი გააქტიურების საკითხი?

მომისმინეთ ერთი წუთით, არჩევნები დაანონსდა, ვიცით არჩევნების თარიღი, ვიცით როდის მოდის 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრების ჩართვა … დღის წესრიგმა კითხვა მოიტანა, მაგრამ მე გიხსნით როგორ ჩავშალეთ საკითხი. ჩვენ ვიცით და ვხედავთ სახეზე, რომ თითოეული ჩვენი ფრაქციის წევრი აქტიურ რეჟიმშია ყოველთვის, რომ კეთილ საქმეში მიიღოს მონაწილეობა – ამას ვამბობ. ის, რომ არჩევნები მოახლოებულია და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე გვაქვს საუბარი და კიდევ ერთხელ გავიარეთ, თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომ პრობლემები იყოს დროულად და ეფექტურად მოგვარებული. თუ თქვენ კონკრეტულად გაინტერესებთ რატომ უნდა ჩაერთოს და როგორ უნდა ჩაერთოს, ამაზე საუბარი არ გვქონია. ჩემთვის გასაგებია ის, რომ ეს საკითხი კითხვებს გამოიწვევდა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება, პარტიის გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი  არ ეყოლება და მხარს დაუჭერს რომელიმე კანდიდატს. არის დაუდასტურებელი საუბრები იმაზე, რომ ეს კანდიდატი შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: