მთავარი,სიახლეები

ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე

05.12.2018 • 3007
ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე

საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არ არიან ისე მრავალფეროვნად წარმოდგენილი, როგორც დედაქალაქში. აჭარაში ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვაზე  იქნებოდა ორიენტირებული, ფაქტობრივად არ არსებობს, თუ არ გავითვალისწინებთ ცალკეულ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ხორციელდება. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დედაქალაქში აცხადებენ, რომ არსებობისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა.

ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე, რეგიონებში ქალთა ორგანიზაციების ნაკლებობის მიზეზს სწორედ ფინანსურ არასტაბილურობაში ხედავს. მისი თქმით, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მწირი დაფინანსება არა მარტო ქართული პრობლემაა:

„ზოგადად, ტენდენციაა მსოფლიოში ასეთი და კვლევებიც აჩვენებს, რომ ყველაზე მწირი რესურსები სწორედ ქალთა და ფემინისტურ ორგანიზაციებზეა გამოყოფილი. კიდევ უფრო მწირია ეს რესურსები რეგიონების დონეზე, სწორედ ამიტომ აქვთ სტაბილურობის პრობლემა“.

იდა ბახტურიძე

იდა ბახტურიძის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ტექნიკურ ნაწილზე უფრო მეტი რესურსი იხარჯება, ვიდრე იმ სამუშაოზე, რაც ველზე უნდა შესრულდეს.

„გადარჩენის, ფინანსური სტაბილურობის პრობლემა უდგას ცენტრში მყოფ ორგანიზაციებსაც კი. ეს არის ძალიან რთული – როცა ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობ, ამ დროს კი არ იცი, ხვალ გეყოლება თუ არა იურისტი, რომელიც დაიცავს ამ ადამიანების უფლებებს, ან ფსიქოლოგი, რომელიც მათთან იმუშავებს, უკვე პრობლემაა,“ – ამბობს იდა.

იდას აზრით, დღესაც კი, მთელ მსოფლიოში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან ნაკლებად პრიორიტეტულ მდგომარეობაში: „მათ შორის დიდ სახელმწიფოებშიც, დონორებშიც არის ეს დამოკიდებულება, რომ ქალთა ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერება ან სექსუალური შევიწროების საკითხი ვერ იქნება იმაზე პრიორიტეტული, ვიდრე ვთქვათ, არჩევნები, თავდაცვის თუ სხვა პოლიტიკური საკითხები. შესაბამისად, ფინანსური რესურსებიც ამ პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება“.

ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალების უფლებები ადგილზე რეგიონის, სოფლის დონეზე, უკეთ იყოს გააზრებული და დაცული.

„ოზურგეთელ ან დვაბზუელ ქალს თბილისიდან ვერავინ ვერ გაუკეთებს იმდენს, რამდენსაც ადგილობრივი ქალები გააკეთებენ ერთმანეთისთვის. პირისპირ კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ნდობა ქალების მხრიდან. უცნობებთან ერთად მძიმე ბრძოლაში ვერ შევლენ ქალები,“ – გვეუბნება იდა.

ის საუბრობს, ასევე, სამოქალაქო აქტივიზმზე, რაზეც ხშირად ამბობენ, რომ ფინანსური რესურსები არ სჭირდება. ამ მოსაზრებას ბახტურიძე ნაწილობრივ ეთანხმება. მისი აზრით, სამოქალაქო აქტივიზმი ღირებულებებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძლიერი, თუმცა იმისთვის, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა იყოს უფრო სტაბილური, გაიზარდოს ცნობიერება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა გახდეს პრიორიტეტული, აუცილებელია სტაბილური მუშაობა, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია ფინანსებთან. „ვფიქრობ, რომ იურისტს უნდა გადაუხადო ფული, მით უმეტეს ქალებს, რადგან ადამიანებს მუდმივად ვერ მოვთხოვთ უხელფასოდ შრომას. მათ ისედაც მწირი ანაზღაურების პირობებში უწევთ შრომა. დიდი ემოცია იხარჯება ამ სამუშაოზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება“.

იდას აზრით, ძლიერმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაფინანსების დროს უნდა გადახედონ პრიორიტეტებს.

ნანა ფანცულაია

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციის – „ქალთა ფონდის“ ხელმძღვანელი ნანა ფანცულაია კი მიიჩნევს, რომ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურობენ რეგიონებშიც. „რასაც ვერ ვიტყვით აჭარის შემთხვევაში. ამ მხრივ ყოველთვის პასიური იყო და ნაკლებად მოდიოდა ინიციატივები ჩვენამდე, რომ, ვთქვათ, დაგვეფინანსებინა ცალკეული პროექტი,“- გვეუბნება ის.

ნანა ფანცულაიას აზრით, ამას აჭარის, როგორც ტურიზმზე ორიენტირებული რეგიონის პოლიტიკა განაპირობებს. „თუმცა წელს გამოჩნდა ქობულეთში ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალთა საკითხებზე და ჩვენ დავაფინანსეთ. უფრო ადრე, მაღალმთიან აჭარაზეც გვქონდა დაფინანსება გამოყოფილი, ადრეული ქორწინების პრობლემებზე სამუშაოდ. ზოგადად, აჭარის რეგიონი ამ მხრივ პასიურია“.

მისი თქმით, შედარებით აქტიური რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო და კახეთი. „ამ რეგიონების მიმართ დონორების ყურადღება განაპირობა იმან, რომ უფრო მეტი დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს აქ.“

ნანა ფანცულაიას აზრით, რეგიონებში ოფისების ფუნქციონირების საჭიროება არ არსებობს, რადგან საგრანტო ბიუჯეტი განსაზღვრულია კონკრეტულ აქტივობაზე. „მთავარია, იყოს ამ სამუშაოს შესასრულებლად თანხა“.

როგორც ნანა ფანცულაია ამბობს, „ქალთა ფონდმა“ დონორის დახმარებით კახეთში შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც ქალებისთვის გაკეთდება ეკოსახლი. ეს ქალთა ორგანიზაციებს ერთმანეთთან თანამშრომლობის, ახლოს გაცნობისა და ერთად მუშაობის შესაძლებლობებს მისცემს:

„ეს იქნება მწვანე,  პერმაკულტურული შენობა, სადაც შეხვდებიან ადამიანები ერთმანეთს, გავმართავთ კონფერენციებსაც. როცა ვამბობთ, რომ დღეს ნაკლებია სოლიდარობის განცდა, სწორედ ასეთი შეხვედრები დაეხმარება ქალებს, რომ იცნობდნენ ერთმანეთს უფრო ახლოს. მხოლოდ ფეისბუკი არ არის ცხოვრება, საჭიროა უფრო მეტი სივრცე რეალური აქტივიზმისთვის“.

ანა აბაშიძე

ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული კიდევ ერთი აქტიური ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი რეგიონებშიც. მისი თქმით, დედაქალაქში მუშაობას თავისი დანიშნულება აქვს, რადგან „ცვლილებების იმპულსს დიდი ქალაქები ქმნიან და ეს კარგ მაგალითს აძლევს რეგიონებს, სოფლებს და ა.შ. მაგრამ ეს პროცესი არ უნდა წარმოვიდგინოთ რეგიონების გარეშე“.

ანას აზრით, რეგიონებში ქალებს უფრო მეტი გამოწვევები აქვთ, ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაციების არსებობა მნიშვნელოვანია.

ანა, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხაზს უსვამს იმას, რომ ფინანსური სტაბილურობა არ აქვთ არც ცენტრში მომუშავე ორგანიზაციებს: „გადარჩენისთვის ბრძოლის წინაშე არიან ორგანიზაციები მუდმივად და ზოგიერთი მათგანი გაქრება კიდეც, რაღაც კონკრეტული პროექტის შემდგომ“.

ანას აზრით, რეგიონებში ქალებისთვის ორმაგად რთულია მუშაობა, რადგან უფრო ძლიერია გენდერული სტერეოტიპები და ქალები უფრო მეტ ბარიერს აწყდებიან .

„ჩვენს ორგანიზაციასაც აქვს ფინანსური მდგრადობის პრობლემა, შედარებით მყარად არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც საერთაშორისო სტატუსი აქვთ. სოციალური ცვლილებები მუდმივად ვერ განხორციელდება დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. დონორები იმედოვნებდნენ,  რომ სახელმწიფო აიღებდა გარკვეულ ვალდებულებას და შეწყვიტეს დახმარება. თუმცა, ეს ასე არ მოხდა, რის გამოც მიღწეული ცვლილებებიც კი წყალში ჩაიყარა“.

ანა აბაშიძის აზრით, თვითმმართველობებში არსებული გენდერული საბჭოებიც კი, სწორედ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მას ფორმალური დატვირთვა  აქვს. მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო კეთილსინდისიერი, გულწრფელი მუშაობის დაწყება, „თუმცა სახელმწიფო არ არის მოტივირებული იმისთვის, რომ საკუთარ თავზე აიღოს სოციალური ცვლილებები“ – ამბობს ის.

ანას აზრით, სახელმწიფო შესაძლებელია იყოს სოციალური აქტივობების მხარდამჭერი და ამის მაგალითია განვითარებული ქვეყნები, თუმცა ამ ქვეყნებში ხელისუფლება არ ერევა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და მათი თავისუფლების ხარისხი მაღალია – „საქართველოში კი, ხელისუფლებისგან დაფინანსების შემთხვევაში, დაზღვეული არ ხარ, რომ ხელისუფლება შენს საქმიანობაში არ ჩაერევა“.

ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები უნდა გაძლიერდნენ კერძო ბიზნესის მხარდაჭერით, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში.

„ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ორგანიზაცია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის „ამნესტი ინტერნეშენელი“, დგას სწორედ კერძო შემოწირულობებზე. ჩვენ ვხედავთ, როგორია მისი დამოუკიდებლობისა და მუშაობის ხარისხი. სწორედ ასეთ მხარდაჭერაში ვხედავ სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას და მდგრადობის საფუძველს“.

ანნა მდინარაძე

აჭარაში  ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად მდგრადი ორგანიზაცია, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. აჭარის ოფისის ხელმძღვანელის, ანნა მდინარაძის თქმით,  ორგანიზაცია მუშაობს როგორც მსხვერპლი ქალების სამართლებრივ დაცვაზე, ასევე ცნობიერების ამაღლებაზე – კონკრეტული დაფინანსების ფარგლებში.

ანნა მდინარაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ე.წ. გენდერული საბჭოების კომპეტენციები და ნდობა გაიზრდება ქალთა უფლებების დაცვის მხრივაც: „დღეს მნიშვნელოვანია, არა მარტო ქალების სამართლებრივი დაცვა, არამედ მათი ეკონომიკური გაძლიერება, რომ ისინი კვლავ არ მოხვდნენ იმ გარემოში, სადაც მათზე ძალადობდნენ“.

_________________________

მთავარი ფოტო:  აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

გადაბეჭდვის წესი


ასევე: