რამდენიმე ამბავს ვიხსენებთ 2025 წლიდან, რომელიც აჩვენებს, რა ნაბიჯებით სცადა ივანიშვილის „ოცნებამ“ დემოკრატიის განადგურება საქართველოში, ავტორიტარიზმის განმტკიცება და, შესაბამისად, ქვეყნის რუსეთთან დაახლოება.
იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის „ოცნება“ უკვე ტროტუარზე დგომასაც კი კრძალავს და ამისთვის ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ, წელიწადზე მეტია პროევროპული აქციის მონაწილეები ისევ ქუჩაში არიან.
-
მზია ამაღლობელის საქმე: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“
„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ – უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ეს სიტყვები წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ გზავნილად იქცა, მზია ამაღლობელის საქმე კი, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
2025 წლის 16 დეკემბერს ევროპარლამენტში ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სახაროვის ჯილდო გადასცეს. ეს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. მზია ამაღლობელი პირველია საქართველოს მოქალაქეებს შორის, ვინც ეს ჯილდო მიიღო.
სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში. ეს ჯილდო იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა გესმით ევროპაში. ჩემმა ხალხმა ძალიან გრძელი გზა გამოიარა იმისთვის, რომ ეს ხმა გაგეგოთ, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იდგა რუსეთი,“ – წერს მზია ამაღლობელი ევროპარლამენტარებისადმი გაგზავნილ წერილში.
მზია ამაღლობელის წერილი სრულად წაიკითხეთ აქ.

მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტის სახელით კი – მისმა შვილმა.
მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. 2026 წლის 12 იანვარს ზუსტად 1 წელი შესრულდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.
„მზია ამაღლობელის საქმემ“ გამოააშკარავა, როგორ მუშაობს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანის წინააღმდეგ: 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს, დაკავების დროს მას ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება. ამ შემთხვევამდე მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსმა უკანონოდ დააკავა პოლიციის ღობეზე გაკრული სტიკერის გამო. მზია ამაღლობელის საქმე გააყალბეს. სიყალბე ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებითაც დასტურდება – პოლიციის მაღალჩინოსნები მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლო პროცესებზე სიცრუეში ამხილეს.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. არაადამიანური მოპყრობის და ძალადობის ეს შემთხვევები „ოცნების“ პროკურატურას არ გამოუძიებია. მეტიც, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის გამომძიებელს ერთი შეკითხვაც არ დაუსვამს.
-
ქიმიური იარაღით მოწამვლა – „ოცნებამ“ გამოძიება 5 დღეში დაასრულა და თემის მიჩუმათებას ცდილობს
2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი, სადაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ მთავრობამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ BBC-ის უჩივლებს, თუმცა დღემდე ეს სარჩელი „ოცნებას“ ავტორიტეტული და სანდო ბრიტანული მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ არ წარმოუდგენია.
სკანდალური საგამოძიებო ფილმის შემდეგ „ოცნების“ სუსმა გამოძიება 5 დღეში ჩაატარა და თქვა, რომ ნივთიერება, რომელიც შსს-მ 2024 4-5 დეკემბრის ღამეს, პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენა არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი.
„წყლის ჭავლში რაიმე სახის ნივთიერების შერევას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე. უფლებადამცველების თქმით, „ოცნების“ მაღალჩინოსნებს არ ასცდებათ პასუხისმგებლობა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, რადგან საქმე გვაქვს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთან.

წყლის ჭავლი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ
-
ციხეში ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო – ელენე ხოშტარიას საქმე
ელენე ხოშტარია ერთადერთი ქალი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ამ დრომდე ციხეშია. მას „ოცნების“ პროკურატურა სხვისი ქონების დაზიანებას ედავება.
დავის საგანი კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერზე მინაწერია: „რუსული ოცნება“. პროკურატურა ირწმუნება, რომ ელენე ხოშტარიას მიერ შესრულებულმა წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე და პროტესტის ნიშნად არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადდა.

ბანერი, რომელზეც დატოვებული მინაწერის გამო ოპოზიციონერი ლიდერი ქალი ციხეშია. იურისტების განმარტებით, ბანერზე მინაწერი გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.
ელენე ხოშტარიას ეს ქმედება სოლიდარობის აქტი იყო – მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 სექტემბერს, ისევ კალაძის ბანერზე დატოვებული მინაწერისთვის – „რუსული ოცნება“ – ბათუმელი სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს. მეგი დიასამიძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო განხილვა დასრულებული არ არის. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ელენე ხოშტარიას საქმემ მკაფიოდ აჩვენა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, როგორც ცდილობს ივანიშვილის „ოცნება“ პოლიტიკური ველის გათავისუფლებას ოპოზიციონერებისგან. მეორე მხრივ, ეს საქმე აჩვენებს, როგორც ებრძვის „ოცნება“ კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.
-
„ოცნება“ პარტიების აკრძალვას აპირებს – სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ის პროკურორი იყო
მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ლიდერები „ოცნებამ“ ციხეში გამოკეტა, ივანიშვილის „ოცნებამ“ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტიების პირდაპირ აკრძალვა გადაწყვიტა.
2025 წლის 4 ნოემბერს „ოცნებამ“ პარტიების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „ცვლილებებისთვის“ აკრძალვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
„ოცნების“ განცხადების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება წულუკიანის კომისიის მიგნებებს და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
საინტერესო აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ პარლამენტის სარჩელი იმ მოსამართლეს დაეწერა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურორი იყო.

ვასილ როინიშვილი – მოსამართლე, რომელიც ენმ-ს აკრძალვას განიხილავს, სააკაშვილის დროს ენმ-ს პროკურორი იყო
ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო, როცა ენმ იყო ხელისუფლებაში და ბათუმში სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. 2020 წელს ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. როინ შავაძის საქმეზე პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დააწინაურეს.
სარჩელში „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვენ „როინ შავაძის საქმის“ გამოც. გამოდის, რომ სარჩელი უნდა განიხილოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს მთავარი პროკურორი იყო.
-
პოლიტიკური ლიდერები ციხეში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო
ერთი თვალის შევლებითაც მარტივი დასანახია ე.წ. წულუკიანის კომისიის მიზანი – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაქრობა, თუმცა პოლიტიკის ანალიტიკოსების დაკვირვებით, წულუკიანის კომისიის შეფარული მიზანი შესაძლოა იყოს რუსეთის მორიგი დაკვეთის შესრულება: საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ომის დაწყებაში ვითომდა მტკიცებულებებით და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის ნიადაგის მომზადება.
ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის საფუძველზეც „ოცნების“ რეჟიმმა პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილი ციხეში გაუშვა. პროკურატურამ ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ვერ შეფასდება.
დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები: კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ასევე ირაკლი ოქრუაშვილი, „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც 2025 წლის აპრილში გირაოთი გაათავისუფლეს, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მიიღეს მონაწილეობა. ასევე, დააპატიმრეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე. ოპოზიციონერებს 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა, როცა მათი ციხიდან გამოსვლის დრო მოახლოვდა, „ოცნების“ პროკურატურამ ოპოზიციონერებს ახალი ბრალდება წარუდგინა.
საპატიმრო დაწესებულება 2025 წლის 19 დეკემბერს დატოვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. ახალ ბრალზე, საბოტაჟის საქმეზე კი, ჯაფარიძეს გირაო შეუფარდეს.
ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, „ამ კომისიამ [იგულისხმება წულუკიანის კომისია] თვითნებურად მიითვისა ის უფლებები, რაც პარლამენტის რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. ერთი მხრივ, მაქსიმალურად დააზიანა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში [მოითხოვა პარტიების აკრძალვა, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრებინა პოლიტიკური ლიდერები და ა.შ.], მეორე მხრივ კი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ისეთი კოლაბორაციონისტული პოზიცია დაიკავა, რომელსაც მხოლოდ რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები მიესალმნენ“ [„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ნაშრომი – „41 ნაბიჯი რუსეთისკენ – „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი“]
-
ქართველ ემიგრანტებს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს
2025 წლის 17 დეკემბერს „ოცნებამ“ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს.
იმისთვის, რომ ივანიშვილის „ოცნებას“ არჩევნებში მოგება გარანტირებული ჰქონდეს, გადაწყვიტა ემიგრანტები ამ პროცესიდან საერთოდ ჩაეხსნა.
2016 წლის შემდგომ სტატისტიკას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბება ემიგრანტებთან განსაკუთრებით უჭირდა: 2020 წელს „ოცნებამ“ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიიღო – 29,03% [ეროვნულ დონეზე 48,22%], 2024 წელს – 13,49% [ეროვნულ დონეზე 53.93%].
საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით, თუკი აქამდე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა შეეძლოთ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ახლა ეს უფლება შეეზღუდებათ. იმისთვის, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.
„ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მკვეთრად გაუარესდა საარჩევნო გარემო, მათ შორის, ცესკოს დაკომპლექტების წესი, ასევე კენჭისყრის დროს ფოტოს და ვიდეოს გადაღების წესი.
პრაქტიკულად, ამ წესების მიხედვით, არჩევნებზე დაკვირვების უფლება არავის აქვს.
ვიდრე „ოცნება“ ქვეყანაში პრაქტიკულად არჩევნებს გააუქმებდა, არჩევნებზე ანტირეკორდი დაფიქსირდა – ეს იყო ყველაზე დაბალი აქტივობა საქართველოში გამართული არჩევნების ისტორიაში.
არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა დიდი საპროტესტო აქციაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენობის ეზოში შევარდნა სცადა მომიტინგეთა ნაწილმა. სპეცრაზმმა ათონელზე წყლის ჭავლთან და წიწაკის სპრეისთან ერთად გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც. „4 ოქტომბრის საქმეზე“ 46 პირი დააკავეს, მათ შორის, აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურას არც კი დაუწყია გამოძიება: ჰქონდა თუ არა ადგილი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან დანაშაულის პროვოცირებას, როცა, მაგალითად, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლის შენობის ღობე გადაჭრილი დახვდათ.

4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დააკავეს ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძეც. მას პროკურატურა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის – პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
-
პატიმრობა ტროტუარზე ყოფნისას გამოხატული პროტესტის გამო
პროტესტის ჩახშობის აქტიური მცდელობის გზაზე „ოცნების“ რეჟიმი იქამდეც მივიდა, რომ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვაზე პატიმრობა გამოაცხადა.
პროტესტში ტროტუარზე მონაწილეობისთვის დასჯას 23 მოქალაქე 2026 წელს ელის. ამ მოქალაქეებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „გამვლელთა დაბრკოლებას“ ედავებიან და 2025 წლის დეკემბრიდან ამოქმედებული რეპრესიული რეგულაციებით 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.
ხელახლა ტროტუარზე გასვლის შემთხვევაში კი, მათ უკვე სისხლის სამართლის წესით პატიმრობა ელით.
საკანონმდებლო ცვლილებებში პროტესტის შესაზღუდად ჯერ გაჩნდა ცნება „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“. მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ — „ტროტუარზე ვერ გააპროტესტებდით?!“ და 15 დღემდე ვადით უშვებდნენ იზოლატორებში.
2025 წლის 12 დეკემბერს კი ამოქმედდა ცვლილებები, რომლითაც დასჯადი გახადა ტროტუარზე დგომა და ისე გაპროტესტებაც. „გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ დაემატა „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც“.

საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტი მეგი დიასამიძე
„ოცნების“ პარლამენტმა „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 1 წლის განმავლობაში 5-ჯერ გაამკაცრა. ეს პროცესი დაიწყო ჯარიმების გაათმაგებით და დასრულდა პატიმრობის შემოღებით.
პატიმრობა შემოიღო „ოცნებამ“ აქციაზე პირბადის ტარებისთვისაც.
ამავე დროს, „ოცნებამ“ გააუქმა კონსტიტუციური გარანტიები, რაც უზრუნველყოფდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგალითად, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს დაეკისრა. მაგალითად, ჟურნალისტს შესაძლოა პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო დაეკისროს, რომ არ გათქვა ინფორმაციის წყარო.
-
კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხი“ გაჩერებულია
„ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა ყველაზე აქტიურად კრიტიკულ მედიას ერჩის. სხვადასხვა სამართლებრივი აქტით, ტროლების და ბოტების ქარხნებით, სამთავრობო რიტორიკით, ძალადობის წაქეზებით თუ ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი საქმეებით, „ოცნების“ მიზანი მკაფიოა – კრიტიკული მედია საერთოდ არ უნდა არსებობდეს საქართველოში.
ერთ-ერთი კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხი“ უკვე გაჩერებულია. 2025 წლის პირველ მაისს „მთავარი არხის“ მაუწყებლობა შეწყდა. 15 თებერვლიდან „მთავარმა არხმა“ ყველა გადაცემა შეაჩერა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ვინაიდან ტელევიზიას ყოველდღიური ოპერირების სახსრები აღარ ჰქონდა. „მთავარი არხის“ განცხადებით, არხის თანადამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხს ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შეუქმნა.

„ოცნებამ“ მიიღო მედიის შემზღუდავი კანონმდებლობა, რომლითაც პრაქტიკულად გაუქმდა მაუწყებლობის თვითრეგულირების მექანიზმი, ასევე, აიკრძალა მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი უცხოური დაფინანსების მიღება, მათ შორის ტექნიკის გადაცემა, ტრეინინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვა.
„გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებით კი ონლაინ მედია საერთოდ ვერ მიიღებს უცხოური ფონდებიდან დაფინანსებას, რაც მათი შემოსავლების ძირითადი წყარო იყო.
-
„ოცნების“ ლოგიკით უკვე სოლიდარობაც კრიმინალია
წინააღმდეგობის პროცესმა საქართველოში სოლიდარობის უჩვეულო მაგალითი აჩვენა. გზის გადაკეტვის გამო, თუ პირბადის ტარების გამო დაჯარიმებულ მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით უგროვებდნენ ფულს: ლარს, ორ ლარს, სამ ლარს…
„ოცნებამ“ დააყადაღა სოლიდარობის ფონდები. სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში იძიებენ მოქალაქეების მიერ ერთმანეთის დახმარების და გვერდში დგომის ფაქტებს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტია ქართული ოცნება სხვადასხვა სამართლებრივ მეთოდებს იყენებს, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეთა რეპრესირება და მათთვის მრავალფეროვანი ბარიერების შექმნაა. ივანიშვილის მთავრობა არა მხოლოდ ცდილობს უხეში პოლიციური ძალის გამოყენებით ჩაახშოს მოქალაქეთა პროტესტი [რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს], არამედ პროტესტში მონაწილეობისა და ძალადობისგან თავდაცვის მიზნით პროტესტის მონაწილეებისათვის დახმარების გაწევის დე ფაქტო კრიმინალიზაციასაც ახდენს.

თბილისი, საპროტესტო აქცია
ამის მკაფიო მაგალითია რეპრესიული სისხლისსამართლებრივი ზომები, რომლებსაც ივანიშვილის მთავრობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების ფონდების (საზოგადოებაში ამ ფონდებს „სოლიდარობის ფონდებს“ უწოდებენ) მიმართ ახორციელებს. ამ ზომებს არაფერი აქვთ საერთო სამართალთან და მართლწესრიგის დაცვის ამოცანებთან. მათი მიზანია ნებისმიერი პროტესტის აღმოფხვრა, მიუხედავად მისი მშვიდობიანი და კონსტიტუციური ხასიათისა, და აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა შორის სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების სურვილის ჩახშობა სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების გზით,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკურ მასალაში – „როგორ ისჯება ადამიანების დახმარება საქართველოში“.
სოლიდარობა რომ გადამდები არ აღმოჩნდეს, „ოცნებამ“ ცვლილება რამდენიმე კანონში შეიტანა, მაგალითად, „გრანტების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეზღუდათ მოქალაქეების დახმარება. მათი საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელია: საერთაშორისო ორგანიზაცია ვეღარ გასცემს გრანტს „ოცნების“ მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.
-
საჯარო მოხელეების სრული კონტროლი – კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ
ცვლილება შევიდა კიდევ ერთ კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“. 2025 წლის აპრილში საჯარო მოხელეებიოს უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ არალეგიტიმურმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და დაწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ხოლო პროტესტს საჯარო მოხელეების ნაწილიც შეუერთდა.
ახალი ცვლილებებით უკვე შუა რგოლის თანამდებობის პირები – დეპარტამენტის და სამსახურის მოქმედი უფროსები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევიან. უწყების ხელმძღვანელს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოსაზრებით შეუძლია მათი გათავისუფლება.
„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავის თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად,“ – ამბობდა ყოფილი საჯარო მოხელე სალომე მაჭარაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში 2025 წლის ნოემბერში. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით საჯარო მოხელეთა შორის, რომლებიც პროტესტის გამო საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მონაცემებით, პროევროპული პროტესტის გამო ქვეყანაში 800-დან 1200-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულების დაახლოებით 20 %-მა შეძლო კერძო სექტორში დასაქმება.

საპროტესტო აქცია თბილისში
-
სასამართლო დარბაზებში გადაღება აიკრძალა
2025 წლის 2 ოქტომბერს გასაჯაროვდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ვიდეოჩანაწერი. ექსმოსამართლე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ ჰყვება, მათ შორისაა „რუსთავი 2-ის საქმე“, მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის… მოსამართლე ამბობს, რომ ამ და სხვა საქმეების გამო მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა, კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან ერთად სამუშაო კაბინეტშიც ჩაკეტეს და უმიზეზოდ ქირურგიული ოპერაციაც ჩაატარებინეს.
მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობდნენ ქრთამს, მაგალითად, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ და მიუღია მუქარაც.
ეს შემთხვევაც გამოუძიებელია.
ამასობაში, სასამართლო დარბაზები მედიისთვის და საზოგადოებისთვის საერთოდ დახურეს. მას შემდეგ, რაც პოლიციელები ღია სხდომებზე სიცრუეში არაერთხელ ამხილეს, ივანიშვილმა გადაწყვიტა, სასამართლოს კარი საერთოდ გამოეხურა. ახლა სასამართლო სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს არც ფოტოს გადაღება შეუძლიათ, არც ვიდეოს და არც ხმის ჩაწერა.
შეიზღუდა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობაც. სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ყველა ინსტანციაში არ გასაჩივრდება გადაწყვეტილება, იგი საზოგადოებისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი.

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
-
ეროვნული უშიშროების საბჭოც გაუქმებულია – კიდევ რა გააუქმა „ოცნებამ“ 2025 წელს რუსეთთან დაახლოვებისთვის?
ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა ბევრი სხვა ისეთი გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, რასაც ხშირად ახსენებს „ოცნების“ მთავრობა.
მაგალითად, „ოცნების“ პარლამენტმა გააუქმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.
აქამდე კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი იყო ბრიტანული მოდელი და იგი საშუალებას აძლევდა სხვადასხვა უწყებას, რომ კრიზისული სიტუაციების დასაძლევად მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონოდათ.
გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. ეს უწყება იძიებდა – ზუსტად რომ ვთქვათ, უნდა გამოეძიებინა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულები, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დანაშაულები ჟურნალისტების წინააღმდეგ და ასე შემდეგ.
გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომელიც წლების წინ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვების მიზნით შეიქმნა, გაუქმდა დაზვერვის სამსახური, ანტიკორუფციული ბიურო, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და ასე შემდეგ.
-
„ოცნების“ გრძელვადიანი დაზღვევა დიქტატურის გზაზე – „განათლების რეფორმა“
მწვავე კრიტიკა მოჰყვა „ოცნების“ მორიგ გადაწყვეტილებას: განათლების რეფორმას, რასაც განათლების ექსპერტებმა დეფორმა უწოდეს და მარტივად ახსნეს: ეს პროცესი მიმართულია ერთის მხრივ იქეთკენ, რომ საქართველო ჩამოაშორონ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს და მეორეს მხრივ, „ოცნების“ რეჟიმს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უნივერსიტეტები და პროფესორები „გაანეიტრალოს“ – სივრცეს ჩამოაშოროს, ან აიძულოს გაჩუმება.
„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ამბობს, მაგალითად, განათლების ექსპერტი ლელა ჩახაია.
ამავე დროს, 2025 წელს, მთელი წლის განმავლობაში ივანიშვილის „ოცნების“ მთავრობამ და პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა კიდევ უფრო გაააქტიურეს ანტიდასავლური კამპანია.
„ოცნების“ მთავრობა საქართველოს ყოველ დღე სულ უფრო და უფრო აშორებს ევროკავშირის კარს.
2025 წლის 30 ოქტომბერს ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიშში ჩაწერა:
„თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, არ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განიხილონ“.






