„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს.
გადამდგარ გენერალს ასევე ვკითხეთ: რამდენად რეალურია მუქარა, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ დასახმარებლად რუსეთს მიმართოს და რუსეთმაც საქართველოსთან ომი განაახლოს?
ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკაციის დაწყება რუსეთს შეუძლია, თუმცა მთავარია, რა რეაგირება გვექნება საფრთხეზე. გადამდგარი გენერლის პოზიცია მკაფიოა: „რუსეთთან არავითარ შემთხვევაში მარტოდ დარჩენა არ შეიძლება. დღეს რუსეთთან პირისპირ მარტოდ დარჩენა ძალიან დიდი რისკის მატარებელია. არსებობს მარტო დარჩენის საფრთხე იმ სიგნალის მიხედვით, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის,“ – გვითხრა მან.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, უკრაინის ომის შემდეგ, რა სამხედრო რესურსი აქვს მობილიზებული რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – როგორც პირადი შემადგენლობა, ისე ტყვია-წამალი, მძიმე ტექნიკა თუ საფრენი აპარატები?
ეს ძნელი სათქმელია, რამდენი გავიდა და რით შეივსო. როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში ეს არის მეოთხე და მეშვიდე ბაზები, თითო გაძლიერებული ბრიგადის რაოდენობით [დაახლოებით 4000-4000 კაცი],რასაც ემატება ეფესბე-ს ძალები, რომელიც იქ ვითომდა ადმინისტრაციული საზღვრის დაცვაზე, უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. ადგილობრივი ძალებია ასევე, რომელიც შეიძლება განხილული იყოს ამ მიმართულებაზე, თუმცა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მის გაძლიერებას ვერ შეძლებს – მომიჯნავედ არიან საზღვარზე და შეუძლია ნაციონალური გვარდიით გააძლიეროს ეს მიმართულება.
ამას უნდა დავუმატოთ გიუმრის 102-ე ბაზა, რომელიც არ გასულა და ისევ სომხეთშია. აქვე საზღვართან არის კადიროვის ნაცგვარდიის ჩეჩნური დანაყოფიც – თავს არ იკლავენ უკრაინის ომში და ძირითადად მაინც ჩრდილოეთ კავკასიაში არიან კონცენტრირებული. რუსებს გააჩნია ძალა, რომ განახორციელოს პროვოკაცია და ეს პროვოკაცია გადაზარდოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში.
ძირითადად ეს ძალები დაკომპლექტებული არიან წვევამდელებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დანაყოფით, რადგან კონტრაქტორები ძირითადად ფრონტის წინა ხაზზე არიან. ესენი პირველხარისხოვანი ძალები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ ძალებთან ერთად გარკვეულ ძალას ქმნის.
- საქართველოში საყოველთაო პროტესტის ფონზე რუსი პროპაგანდისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება დასახმარებლად მიმართოს რუსეთს, ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. თქვენი ანალიზით, რამდენად რეალურია ეს მუქარა? იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნების“ რუსულ კანონს მხარს უჭერს კრემლი და არავინ იწონებს დასავლეთში, გაჩნდა შეხედულება, რომ შესაძლოა რუსეთმა ომი განაახლოს საქართველოსთან, თუნდაც უკრაინაში განცდილი წარუმატებლობის დასაბალანსებლად. ეს რამდენად რეალურია?
ეს შეკითხვა უფრო პოლიტიკურია, თუმცა გიპასუხებთ ჩემი გადასახედიდან. თუკი ხელისუფლება თვითონ იწვევს სხვა ქვეყნის ძალებს, მაშინ მათ ქვეყანაში შემოსვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ. თუ ომს აცხადებს და აგრესიას ახორციელებს რუსეთი, მაშინ შენი თავდაცვითი მექანიზმი ირთვება.
რუსეთს ომის გამოცხადება საქართველოსთან არც სჭირდება, ვინაიდან ომი ისედაც აქვს საქართველოსთან. ახლა არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელშეკრულება. ომი არ დამთავრებულა. ჩვენ ახალა ვიმყოფებით რუსეთთან გაყინული კონფლიქტის პირობებში.
მეორეცაა: რუსეთს სულ არ სჭირდება ომის გამოცხადება, შეუძლია პროვოკაცია მოაწყოს აფხაზეთში, ან ოსეთში და ისე ჩაგაბას ომში, მერე თქვას, მე არ დამიწყია ომიო… საუბარია პროვოკაციაზე და იმაზე, თუ რა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს ამას. რუსეთის ნაციონალურ გვარდიას აქვს რესურსი, რომ გააძლიეროს ეს მიმართულება: ჩვენი 4 თუ 5 ბრიგადის წინააღმდეგ 6-10 ბრიგადის შეგროვება არ გაუჭირდება.
- რა რესურსი აქვს ამ დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ნატოს სტანდარტით არის გაწვრთნილი – შეუძლია მას ამ ეტაპზე ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეს გაუმკლავდეს?
გააჩნია მასშტაბს. მიმაჩნია, რომ დღევანდელი მდგომარეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია, შეიარაღება და ბიუჯეტი აბსოლუტურად არ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. ერთი, მეორე და მესამეც უნდა გადაიხედოს და გაძლიერდეს. საფრთხეები არ მცირდება ქვეყნის გარშემო და ამ დროს მშპ-ს მხოლოდ 1,8 % იხარჯება თავდაცვის ბიუჯეტზე. ეს აბსოლუტურად არასაკმარისია.
- თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალიტეტს, ოფიცრებს, ზოგადად განწყობებს ჯარში… თუ ვიღაცამ პირობითად, მართლა მოინდომა რუსეთის შეიარაღებული ძალების „მოწვევა“ საქართველოში, როგორ იმოქმედებს ჯარი, თქვენი მოლოდინი როგორია?
აღარ ვიცნობ რა განწყობებია. ძალიან ბევრი „თუა“ ამ საკითხში: თუ მოინდომა ვიღაცამ „მოწვევა“, თუ შემოვიდა და ასე შემდეგ. დღეს ჯარი არის ხელისუფლების მიმართ აბსოლუტურად ლოიალური. ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით.
- მთავარსარდალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. ომის დროს როგორ ნაწილდება ძალაუფლება ხელისუფლებას შორის და როგორ მიიღება სამხედრო ტიპის გადაწყვეტილებები?
არსებობს უკვე თავდაცვის ძალების უფროსის თანამდებობა. თავდაცვის უფროსი პრემიერ-მინისტრთან ერთად იქნება საომარი მოქმედებების წარმმართველი. პრეზიდენტი ფაქტობრივად იგნორირებულია ამ პროცესში.
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები რომ გაგრძელდეს, ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ „კურსი უნდა შეცვალოს“. რას ნიშნავს აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა ჯარისთვის, შესაბამისად, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის?
დღეს საქართველოს ნამდვილად ძალიან სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა.
დავიწყოთ იქიდან, რომ არცერთი სახელმწიფო უწყებიდან იმდენი თანამშრომელი არ დადიოდა უცხოეთში, როგორც ეს ხდებოდა თავდაცვის სამინისტროდან. აშშ-ის სასწავლო და საწვრთნელ პროგრამებს ემატებოდა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის აქტიური ჩართულობა, ბალტიისპირეთის კოლეჯები და თურქეთი. მე ძალიან არ ვისურვებდი, რომ ამერიკამ დახმარება შეუწყვიტოს საქართველოს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკელების პროექტის ფარგლებში ამზადებენ ჩვენს ბატალიონებს კონვენციური საომარი მოქმედებებისთვის. კრწანისში ნატოს სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს. 60 მილიონამდე სამხედრო დახმარება მარტო აშშ-დან მოდის. ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება ეს პროგრამები, ის მილიონები, რომელსაც დახმარების სახით გვაწვდიან. საქართველოს ამ მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაჭირდება. ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის.
მარტოდ დარჩენა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდი გამოწვევაა.
- ხელისუფლება ფაქტობრივად აუქმებს ვაზიანის სამხედრო ბაზას, რაც ნატოს საწვრთნელი ბაზაა. ამ კონტექსტში რას ნიშნავს ვაზიანის სამხედრო ბაზის ნაცვლად იქ სამოქალაქო აეროპორტის მოწყობა?
ჯერ არ გვინახავს პროექტი, რას როგორ აპირებენ. არც ის ვიცით, გადააქვთ თუ არა ეს ბაზა სხვა ლოკაციაზე. იქ თუ სტადიონი და აეროპორტი მოეწყობა, რა უნდა მაშინ პოლიგონს?
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზის არსებობა – აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ სხვა, ამ მასშტაბის ბაზა არ გაგვაჩნია სტანდარტების გათვალისწინებით. კითხვის ნიშნების არსებობს იმაზე, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ისეთი ადგილის შერჩება, სადაც შეიძლება ბაზისა და პოლიგონისთვის ტერიტორიის გამოყოფა თავისი უსაფრთხოების ზონებით.
თუ არ გადაიტანენ ამ ბაზას და გაუქმდება პოლიგონი, რა თქმა უნდა, ეს ჯარების მომზადების კუთხით ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. ეს გარკვეულწილად აისახება ჯარების მზადყოფნაზე.
- პერსონალურად თქვენი აზრი გვაინტერესებს, რას ფიქრობთ რუსულ კანონზე?
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპელი და მსოფლიო ლიდერების განცხადებები, რომ არ მიიღოთ ეს კანონი – ესაა ყველაზე დიდი საფრთხე. როცა გინდა ითამაშო ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატზე, მიდიხარ და ეუბნები, რომ მე ჩემი წესით ვითამაშებ, მაგალითად, არ გვექნება თამაშგარე ნდგომარეობა… ასე ვერ გამოვა და თავისთავად გეტყვიან უარს. როცა ამბობ, რომ მინდა ევროპაში შესვლა და გეუბნებიან, რომ ვერ შემოხვალ იქ ამ კანონით, არ გამოვა ასე გაჯიქება.
ერთი არის ნათელი: ჩვენი ადგილი არის ევროპაში, საქართველო ევროპის ნაწილია და ეს მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.
რუსეთთან არავითარ შემთხვევაში მარტოდ დარჩენა არ შეიძლება. დღეს რუსეთთან მარტოდ დარჩენა სასიცოცხლო რისკის მატარებელია. არსებობს მარტო დარჩენის საფრთხე იმ სიგნალების მიხედვით, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის.
- რა ხდება ფრონტის ხაზზე: რა რესურსი შერჩა რუსეთს უკრაინაში და რამდენად იცვლება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა, რომ ის ახალ ეტაპზე გადავიდეს?
ახალ ეტაპზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ძლიერდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი, შეტევითი მოქმედებები დაიწყოს. ვგულისხმობ ოპერატიულ, სტრატეგიულ დონეს, ტაქტიკურ დონეზე შეტევა-კონტრშეტევა მუდმივად მიმდინარეობს მცირე მასშტაბით.
შეიარაღება, რასაც ახლა იღებს უკრაინა, დაახლოებით 3-4 თვის საბრძოლო მასალაა. ახლა მთავარია შეიარაღების შეჯიბრში ვინ აჯობებს ერთმანეთს: დასავლეთი, თუ რუსეთი. დასავლეთმა ერთხელ უკვე აჯობა საბჭოთა კავშირს. არ ვიცი, მეორედ რამდენად მოინდომებს იგივე შედეგის დადებას.
მნიშვნელოვანია, რუსეთი შეძლებს თუ არა იარაღის წარმოებას იმ რაოდენობით, რომ შეიტანოს გარდატეხა, თუ უკრაინა მიიღებს იმდენს, რომ არ მისცემს რუსეთს წარმატების საშუალებას. ამ ეტაპზე რასაც აწვდიან უკრაინას, ეს არის საშუალება, არ მისცე რუსეთს მნიშვნელოვანი შეტევის დაწყების შესაძლებლობა.
2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში, ეს უკვე ჩანს: მისი დანაკარგები ფრონტზე უფრო მეტია, ვიდრე ახერხებს, რომ აწარმოოს. მას ეხმარება ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი, თუმცა ჩინეთი მხოლოდ ტექნოლოგიურ საკითხებში ეხმარება რუსეთს, იარაღს არ აწვდის რუსეთს.
2025 წლისთვის გამოჩნდება სურათი, რამდენად შეძლებს რუსეთი თავისი ინდუსტრიალიზაციით იმდენი იარაღის წარმოებას, რომ შეძლოს მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა საბრძოლო მოქმედებებში. დღევანდელი მონაცემებით, თუ უკრაინა არ მიიღებს საჭირო დახმარებას დასავლეთიდან, რუსეთი ამას შეძლებს, მაგრამ თუ უკრაინა მიიღებს საჭირო დახმარებას, რუსეთი ამას ვერ შეძლებს.
დღეს ევროპა ეხმარება უკრაინას იმისთვის, რომ უკრაინა არ დამარცხდეს, მაგრამ არ ეხმარება იმ მასშტაბით, რომ რუსეთი დამარცხდეს.
- რა ნიშნები გაფიქრებინებთ, რომ 2025 წელს დაეწყება რუსეთს შეიარაღების კრიზისი?
თუ ომის დასაწყისში 12:1-თან გვქონდა ჭურვების გაშვების დღეღამური ხარჯი, დღეს 6:1-ზეა.
ამას დაემატა ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სათხოვარი გაუხდა რუსეთს რაკეტები და საბრძოლო მასალა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უკვე ამას ვერ აწარმოებს.
გათვლები არსებობს: რამდენ საბრძოლო, საბრძოლო ქვეითთა მანქანას აწარმოებს რუსეთი თვეში და რამდენი ნადგურდება ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე უფრო მეტი ნადგურდება, ვიდრე რუსეთი აწარმოებს. ძველი ტანკები გამოჩნდა უკვე ბრძოლის ველზე: ძველი საბრძოლო ქვემეხები და რაკეტა „ტოჩკა-უ“ დააბრუნეს შეიარაღებაში, აღარ აქვთ საკმარისი „ისკანდერი“.
რუსეთი ისევ აპირებს, რომ გავიდეს დონბასის საზღვარზე, ხარკოვი რჩება მის მთავარ ამოცანად, თუ ეს შეძლეს, იტყვიან, რომ ამოცანა შესრულებულია. ხარკოვზე არა მგონია რამე შეძლონ, დაბომბვების და ქალაქის განადგურების გარდა. თუ უკრაინა ვერ შეძლებს მნიშვნელოვან შეტევს, რუსეთი გაამაგრებს დაკავებულ ტერიტორიებს და დანარჩენი უკვე პროპაგანდის საქმეა.
უკრაინასაც დიდი ხარჯი აქვს, როგორც საბრძოლო მასალის, ასევე ადამიანური რესურსი, სჭირდება მობილიზაციაზე ფიქრი. თუ დასავლეთმა მოინდომა, უკრაინის გაძლიერება შესაძლებელია.