მთავარი,სიახლეები • • • • • • • • • •

რას ამბობენ პარტიები 28 ნოემბრის აქციაზე

27.11.2026
რას ამბობენ პარტიები 28 ნოემბრის აქციაზე

შაბათს, 28 ნოემბერს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე გრძელი და მასშტაბური პროტესტის დაწყებიდან 2 წელი გავა. უწყვეტი პროტესტის 730-ე დღეს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, კვლავ – საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.

2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ მოულოდნელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. იმავე საღამოს, პარლამენტის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქცია სასტიკად დაარბია სპეცრაზმმა. მოქალაქეები ქუჩაში 29 ნოემბერსაც გავიდნენ, 30 ნოემბერსაც და ყოველ მომდევნო დღეს. ასე დაიწყო ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი.

პროდასავლური საგარეო კურსის შენარჩუნებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დაწყებული პროტესტს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დემონსტრაციების დროს დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება გახდა.

ორი წლის შემდეგ პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტი მიემართება ყველა იმ უსამართლობას, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეიქმნა. სწორედ ამ შინაარსის პოსტები იწერება სოციალურ ქსელში, სპონტანური კამპანიის ფარგლებში, რომელიც 28 ნოემბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო – მოქალაქეები აქვეყნებენ 2024 წლის 28 ნოემბერს, აქციაზე გადაღებულ საკუთარ ფოტოებს და წერენ, რომ ორი წლის შემდეგ იგივე მიზანთ, იმავე ადგილას დადგებიან.

დანიშნულების ადგილამდე, თავისუფლების მოედნამდე მოქალაქეები ორ მხრიდან მივლენ – ნაწილი 19:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბება და შაბათის ტრადიციულ მარშთან ერთად გაემართება, მეორე ნაწილი ოპოზიციის ალიანსის მიერ დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) 1-ელი კორპუსიდან დაიწყება.

უწყვეტი პროევროპული აქციების 1-ელი დღე, 2024 წლის 28 ნოემბერი (EPA / DAVID MDZINARISHVILI)

„ბათუმელები“ ესაუბრა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებმაც შეაფასეს განვლილი 2 წელი და გაგვიზიარეს საკუთარი ხედვა წინააღმდეგობის გაგრძელების შესახებ. გარდა ამისა, თითოეულმა მათგანს ვკითხეთ, რა გაკვეთილი ისწავლეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე განვითარებული პოლიტიკური პროცესებზე დაკვირვებითა, თუ მათში მონაწილეობის გამოცდილებით, რომელსაც გაითვალისწინებენ სამომავლოდ.

თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ ბოლო ორ წელში შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ – თუ იქამდე, ანტისამთავრობო აქციებზეც კი, ხალხს ნაკლებად უნდოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დანახვა, ისინი ფიქრობენ, რომ ახლა მათ მიმართ მეტი მოთხოვნა და მეტი ნდობაა. ამბობენ, რომ მზად არიან საზოგადოებას დაანახონ „ოცნების“ რეალური ალტერნატივა. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ 28 ნოემბრის აქციის მასშტაბს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

  • ირაკლი ფავლენიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)

„28 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – ორი წელი გავიდა ამ წინააღმდეგობის დაწყებიდან. მიუხედავად უამრავი რეპრესიისა, ვერ გატეხეს წინააღმდეგობა, მის შემადგენლობაში მყოფი პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, თავისუფალი მედიები. ამიტომაც, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რეპრესიების მიუხედავად დარჩა წინააღმდეგობაში იმისთვის, რომ საბოლოოდ გაიმარჯვოს, უნდა შეიკრიბოს თბილისის ქუჩებში, უნდა გავერთიანდეთ“, – ამბობს ენმ-ის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

ის ამბობს, რომ პროტესტი „ივანიშვილის რეჟიმი შეცვლის“ სურვილით დაიწყო. მართალია, ეს მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა მოტივაციას აძლევს ის, რომ მოლოდინი არც თავად ბიძინა ივანიშვილს გაუმართლდა.

„ივანიშვილის მოლოდინიც არ არის გამართლებული. მას ნამდვილად სურდა, რომ არანაირი წინააღმდეგობა აღარ ყოფილიყო ამ მომენტში – აღარც თავისუფალი მედიები ყოფილიყო, აღარც სამოქალაქო ორგანიზაციები, აღარც პოლიტიკური პარტიები.

მან ამ მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად სოციალურ ქსელში თუ ქუჩაში პროტესტის გამოხატვის გამო დაწესებული სანქციებისა და სასჯელებისა, ხალხი მაინც აგრძელებს პროტესტის გამოხატვას. ამიტომაც, ერთი მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არ ასრულდა, თუმცა მეორე მხრივ, ივანიშვილმაც, ამ ორი წლის მანძილზე რა მიზანიც ჰქონდა – წინააღმდეგობის სრული განეიტრალება, ესეც ვერ მოახერხა“, – ამბობს ფავლენიშვილი.

ირაკლი ფავლენიშვილი

რაც შეეხება გაკვეთილს, რომელიც ამ ხნის გამავლობაში პარტიამ მიიღო, არის ის, „თუ როგორ მნიშვნელოვანია ერთიანობა“.

„როცა ასეთ სისტემას, ასეთ რეჟიმს ებრძვი, კინკლაობის დრო არ არის. გამოცდილება მივიღეთ იმაში, თუ რამხელაა თითოეული თანამებრძოლის მნიშვნელობა“, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება შაბათის ტრადიციული მარშის მარშრუტს. ისინი 28 ნოემბერს, 19:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან და იქიდან გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ.

  • თამარა ჩერგოლეიშვილი – ფედერალისტები

პარტია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარა ჩერგოლეიშვილი საუბარს იმის ანალიზით იწყებს, „ვინ უფრო დიდი ზიანი მიიღო“ ამ ორი წლის განმავლობაში – „ქართულმა ოცნებამ“ თუ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ის ფიქრობს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ უფრო სუსტია, ვიდრე 2 წლის წინ იყო.

„ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეშია. მისი აუდიტორია, ნაწილობრივ, გაუცხოებულია. ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ მიტროპოლიტების გინება უწევთ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობენ. ვხედავთ, რომ ჩვენმა წინააღმდეგობამ, რომელმაც შემდეგ საერთაშორისო წნეხიც გამოიწვია, რამხელა პრობლემები შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, დღეს ჩვენს სიმრავლეს აქვს გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ორი წლის წინ გვქონდა.

დღეს რომ ისეთივე აქციები ჩატარდეს, როგორიც, ვთქვათ, ორი წლის წინ ნოემბერ-დეკემბერში იყო, ბიძინა ივანიშვილს გაძლება გაცილებით გაუჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი რესურსი დახარჯა და მათ შორის, ის ხალხი დაიჭირა, ვისაც ჩვენი თავი აცემინა.

თუმცა, ცხადია, მხოლოდ სიმრავლე არ არის საკმარისი. საჭიროა პოლიტიკური ორგანიზება და პოლიტიკური ორგანიზება, პირველ რიგში, სჭირდება იმას, რომ ქართველებმა იოლად შეძლონ წარმოდგენა, რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე. შეძლონ წარმოდგენა, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის მათთვის უკეთესი საქართველო.

ეს განსაკუთრებით სჭირდება არა მხოლოდ იმ ხალხის, ვინც უკვე წინააღმდეგობაშია, არამედ მათ, ვინც ჯერ კიდევ სტატუს-კვოს ებღაუჭება, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს – ეს სტატუს-კვო უსამართლოა. 

ადამიანის ბუნებაა ასეთი – ხშირად, ნაცნობი უსამართლობა ურჩევნია, უცნობ ცვლილებას. ამიტომ, უცნობი არ უნდა იყოს ცვლილება, გასაგები უნდა იყოს“, – ამბობს თამარა ჩერგოლეიშვილი.

თამარა ჩერგოლეიშვილი

მას ვკითხეთ, რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ „ივანიშვილის გარეშე საქართველოს“ დანახვება საზოგადოებისთვის, რატომ ვერ გახადა საჭირო ცვლილება გასაგები ამომრჩევლისთვის. ამ კითხვის საპასუხოდ ჩერგოლეიშვილ ოპოზიციურ პარტიებში „ლიდერობის კრიზისზე“, სისტემურ პრობლემებსა და ავტოკრატიაზე საუბრობს.

„როდესაც გყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც წესებით კი არა, ძალმომრეობით თამაშობს – შენ თუ ჩემზე ცუდს იტყვი, ტელევიზიებიდან დაიბლოკები; შენ მე კამათში მაჯობებ, ამიტომ უნდა დაქენსელდე; შენ თუ ჩემს ნაბიჯს გააკრიტიკებ, ესე იგი ბიძინასთან შეკრული ხარ და ა.შ. არის მავნე პრაქტიკა.

მაგრამ დრო გადის, საინფორმაციო ტექნოლოგიები იხვეწება, ტელემედია ძალას კარგავს და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოების მხრიდან გაძლიერებულია დაკვეთა ახალი ტიპის პოლიტიკურ კლასზე. ამიტომ, დღეს, ძალა აქვს დაკარგული ოპოზიციურ ავტოკრატიულ სისტემას, რომელიც ლიდერობის კრიზისს ქმნიდა“, – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უწყვეტი პროტესტი დაიწყო არა არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიცია გაყალბებაზე საუბრობდა, არამედ თავად „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო კურსის გაცხადებული ცვლილების შემდეგ.

ჩერგოლეიშვილის ვკითხეთ, ამ პროტესტის ხანგრძლივობის შესახებ მის მოლოდინებზეც. მან გაიხსენა 1989 წლის 9 აპრილი და დაახლოებით 2 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

„მე საკუთარ თავს ვადას არ დავუწესებ. ალტერნატივა რა არის, გარდა იმისა, რომ გამარჯვებამდე ვიბრძოლო? ალტერნატივა არის რუსეთის ჭაობში დარჩენა, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ამიტომ ყველა შემთხვევაში გამარჯვებამდე ვიბრძვი.

არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ რეჟიმს ჯერ კიდევ შეუძლია ძალის გამოყენება, [რეპრესიული] კანონის მიღება და პარტიის აკრძალვა. 1989 წელს მოხდა 9 აპრილი, როცა ტანკებით გადაგვიარეს, მაგრამ იქიდან სულ მცირე დროში საბჭოთა კავშირი დაიშალა. ასე უნდა შევხედოთ. დასუსტებულები არიან და ძალის დემონსტრირებას ზუსტად ამ სისუსტის გადასაფარად ცდილობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისყოფის ომი ჩვენ მოვიგოთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ფედერალისტები 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, თსუ-ის 1-ელ კორპუსთან შეიკრიბებიან.

  • მარიკა არევაძე – „ახალი“

„ჩვენ ყველანი ვიქნებით აქციაზე და მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველსაც და არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩეველს, საქართველოს გულშემატკივარს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, ევროპული კურსი და დემოკრატიული ღირებულებები, რომ მოვიდეს 28-ში აქციაზე. 

28 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ვინაიდან ორი წლის წინ, ამ დღეს, ირაკლი კობახიძემ, ანუ „ქართულმა ოცნებამ“, შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, ქართველების საუკუნოვან მისწრაფებას და სურვილს წინააღმდეგ წავიდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ღიად აქვს დაწყებული ურთიერთობა რუსეთთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის კურსის ცვლილებას. შესაბამისად, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ერთი კონკრეტული სუბიექტის თუ ადამიანის, ეს არის ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის და ეროვნულ ინტერესებში ქართველები ყოველთვის ვიყავით ერთად. ამიტომ, მჯერა, რომ ამ საქმესაც ერთად მივიყვანთ გამარჯვებამდე“, – ამბობს მარიკა არევაძე.

მარიკა არევაძე

2-წლიანი ბრძოლის განმავლობაში მიღებული გამოცდილებიდან მარიკა არევაძე 2 საკითხს გამოყოფს, როგორც გაკვეთილს, რომელიც პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა მიიღეს:

„რაც უფრო დაუხრი თავს „ოცნებას“, რაც მეტის უფლებას მისცემ, მით მეტად მოკლავენ ამ ქვეყანაში ადამიანს, როგორც ღირებულებას და დემოკრატიას, როგორც ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან ღერძს“. „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თითოეული, თუნდაც პატარა გამარჯვება დიდი გამარჯვების საწინდარია. ამ პატარ-პატარა გამარჯვებებით რეალურად ვაკავებთ „ოცნების“ კიდევ უფრო მეტ თვითნებობას და თავგასულობას“

„ახალი“, როგორც ოპოზიციის ალიანსის წევრი პარტია, 28 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსიდან დაიწყებს მსვლელობას თავისუფლების მოედნამდე.

  • გიგა ლემონჯავა – „დროა“

„ეს რეჟიმი ახლა არის ყველაზე უფრო სუსტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – ამბობს პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა.

ის ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ სხვა „ძალის დემონსტრირების სხვა გამოვლინებები“ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ხალხის დარწმუნების მცდელობა მათ უძლეველობაში. ის განმარტავს, რატომ უნდა გამოვიდეს 28 ნოემბრის აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი:

„სინამდვილე არის ის, რომ ამ რეჟიმის მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ზის ციხეში და მათ ციხეში ყოფნას  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ივანიშვილის შურისძიება საკუთარი თანაგუნდელებზე და, ჩემი აზრით, ამას აქვს ერთი ახსნა: რეჟიმმა ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მიზნის მიღწევა.

რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი? ამას პირდაპირ ამბობდნენ – „დაგასრულებთ“, „დაგამთავრებთ“, „გაგაქრობთ“. აი ამ სიტყვებით ემუქრებიან პროდასავლურ პოლიტიკურ ოპოზიციას და, ზოგადად, პროტესტს. რამდენადაც ამას ვერ აკეთებენ, ამ მიზანს ვერ აღწევენ, მერე რეჟიმი იწყებს თავის რიგებში პასუხისმგებელი პირების ძებნას. საბოლოო ჯამში ყველა ავტორიტარული რეჟიმი ამ გზით ემხობა: შიგნით ჩნდება ბზარები, რომელიც ისე ფართოვდება, რომ რეჟიმი ჩამოიშლება.

ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ხალხის სიმრავლე 28-ში – ჩვენ ეს ბზარები, რაც შეიძლება უნდა გავაფართოოთ. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ რეჟიმის ჩამოშლის პროცესი და ყველაზე უფრო სწორი გზა ამისთვის არის ბევრი ხალხი ქუჩაში.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა ცხადად აჩვენა, რისი ეშინია რეჟიმს – ხალხმრავალი პროტესტის ქუჩაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რისიც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ. ამიტომ 28-ში ადამიანების გამოსვლა არის არა, უბრალოდ, სიმბოლური დატვირთვის, არამედ უკიდურესად პრაქტიკული დანიშნულების“, – ამბობს გიგა ლემონჯავა.

გიგა ლემონჯავა

მისი თქმით, ორწლიანმა უწყვეტმა პროტესტმა აჩვენა ფართომასშტაბიანი აქციების ეფექტიანობა. თუმცა, ამბობს, რომ ცალკე აღებული ხალხმრავალი აქციები შედეგს ვერ მოიტანს, თუ აქციაზე გამოსული უკმაყოფილო ხალხი ვერ დაინახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივას. პოლიტიკური ალტერნატივის არსებობის აუცილებლობა, გიგა ლემონჯავას აზრით, ბოლო ორმა წელმა ყველაზე ცხადად დაანხვა ოპოზიციურ პარტიებს.

ჩვენ მას ვკითხეთ, რატომ ვერ მოახერხეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ ალტერნატივის დანახვება.

„ვფიქრობ, პოლიტიკური ალტერნატივა არის უფრო შეგრძნების კატეგორია, ვიდრე მტკიცების. პოლიტიკური ალტერნატივა არის პოლიტიკური ერთობა ან პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც საზოგადოების თვალში შეგრძნების თვალსაზრისით გამოიყურება რეჟიმის საპირწონედ.

ამას სჭირდება ორი რამე: ხალხში განცდა, რომ ეს პოლიტიკური ერთობა, ან პოლიტიკური სუბიექტი მომგებიანია, რომ მას შესწევს ძალა, დაამარცხოს ივანიშვილი და მეორე – ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება იქნება უკეთესი, ვიდრე დღეს.

ვფიქრობ, დიდი ერთიანობის გარეშე ეს არ გამოვა. ეს ერთიანობა გულისხმობს როგორც პოლიტიკური პარტიების ერთიანობას, ასევე საზოგადოების მნიშვნელოვანი აქტორების მხარდაჭერას ამ პოლიტიკური ერთიანობის მიმართ. ასევე ვფიქრობ, რომ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრში ამის გააზრება ნამდვილად არსებობს. ეს ყველაფერი უფრო ცხადია, ვიდრე ოდესმე ყოფილა პოლიტიკური პარტიებისთვის“, – ამბობს ლემონჯავა.

  • გელა ხასაია – გირჩი-მეტი თავისუფლება

გელა ხასაია ფიქრობს, რომ 28 ნოემბერს, ბევრი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა, პირველ რიგში, იმის დასადასტურებლადაა საჭირო, რომ ამდენი რეპრესიის შემდეგაც კი, საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებებს უჭერს მხარს.

„ოცნების“ პროპაგანდა ადამიანებს ეუბნება, რომ უმრავლესობა თვითონ არიან და ჩვენ ვართ უმცირესობაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემთვის მთავარია, რომ 28-ში, ისე როგორც ძალიან ბევრჯერ, კიდევ ერთხელ დავფიქსირდეთ, ვთქვათ, ხალხი არსად არ წასულა, არავინ არ დაღლილა, ბრაზი არ შენელებულა. მეტიც, კიდევ გაიზარდა“, – ამბობს გელა ხასაია.

გელა ხასაია

ის ფიქრობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ბოლო ორ წელში მოხდა, არის დამოკიდებულების ცვლილება პოლიტიკური პარტიების მიმართ.

„მანამდე ძალიან ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, რომ ადამიანები არ გამოდიოდნენ ოპოზიციური ლიდერების მიერ დაანონსებულ აქციაზე. კომპლექსი არსებობდა, რომ პარტიების აქციაზე არ უნდა გამოსულიყავი. ამ პროცესმა „ქოცების“ ძალიან ბევრი პროპაგანდასთან ერთად, ესეც გადატეხა – ადამიანებმა დაძლიეს იმის კომპლექსი, რომ პოლიტიკოსების გვერდით დადგომა არ ტეხავს და პირიქით, ეგ არის გამოსავალი“, – ამბობს ხასაია.

ხასაიას ვკითხეთ, რატომ არ ენდობოდა საზოგადოება ოპოზიციურ პარტიებს და როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება ბოლო წლებში.

„ჩვენც და სხვა პარტიებს ძალიან ბევრჯერ დაგვიშვია შეცდომები, ბევრჯერ ვერ გაგვიკეთებია ის, რაც იყო ხალხის დაკვეთა. რა თქმა უნდა, ვიაზრებთ ჩვენს შეცდომებს და ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა მგონია, რომ სწორ რელსებზე ვართ.

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ყოველთვის გვეგონა და ახლაც მიგვაჩნია, რომ ერთიანობა არის მთავარი ამოცანა. ამიტომ, ახლა ვცდილობთ ყველა იდეოლოგიის, ყველანაირი პოლიტიკური ინტერესის ადამიანს ველაპარაკოთ საერთო მიზნის შესახებ. ვფიქრობ, ეს უფრო ეფექტურია.

ჩვენ არ ვართ ახლა იმ სტანდარტულ მდგომარეობაში, როცა  ყელა თავისი ამომრჩევლისთვის იბრძვის და მთავარი ამოცანა მარტო ის არის, რომ მისი იდეოლოგიის ადამიანი იპოვოს. ჩვენ ვართ ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა უნდა ველაპარაკოთ ყველას, უნდა ველაპარაკოთ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და ადამიანები მოვიყვანოთ პროტესტამდე. ძალების გაერთიანება და ყველას ერთად მოქმედება არის მთავარი ამოცანა, რაც საბოლოოდ, მიზნამდე გაგვიყვანს“, – ამბობს გელა ხასაია.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“, ოპოზიციის ალიანსის სხვა წევრებთან ერთად თსუ-ის 1-ელი კორპუსიდან მიმავალი მსვლელობის სათავეში იქნება.

  • ლევან შატბერაშვილი – თავისუფლების მოედანი

„ძალიან მნიშვნელოვანია ორი წლის თავზე შეკრება, რადგან ის მოთხოვნები, რომელიც აქამდე იყო საპროტესტო საზოგადოების მხრიდან, არათუ არ შესრულდა, ამას კიდევ დაემატა ჩვენი ქვეყნისთვის უამრავი ძალიან დიდი პრობლემა. დაწყებული პოლიტპატიმრებით, დამთავრებული კორუფციით, საგარეო კურსის რადიკალური ცვლილებით.

ეს პროტესტი სწორედ ამით დაიწყო და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში მიდის მცდელობა, რომ ბოლომდე გაატარონ ეს ე.წ. ახალი კურსი“, – ამბობს „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან შატბერაშვილიც.

ლევან შატბერაშვილი

სხვების მსგავსად, ისიც პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე საუბრობს. ფიქრობს, რომ პოლიტიკური ცვლილებები პოლიტიკური პარტიების გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ, რამდენიმე თვის წინ, თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა პარტია.

„ჩემი აზრით, ორი წლის წინ თავად საპროტესტო საზოგადოებაში არასწორი განწყობები იყო – იყო საუბრები, რომ პოლიტიკოსები არ უნდა გავაკაროთ პროტესტსო. პოლიტიკოსები კი იდგნენ იქ, მაგრამ არ ხელმძღვანელობდნენ ამ მოვლენებს. მე ვთვლი, რომ იქ, სადაც პოლიტიკური მოთხოვნაა, პოლიტიკოსის გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა. ჩვეულებრივი ანა-ბანაა ეს და მგონია, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება ამ დასკვნამდე მივიდა. 

ჩვენ მთელი წელია ძალიან აქტიურად დავდივართ რეგიონებში, ვეცნობით ხალხს, ვცდილობთ ჩვენი თავი წარვადგინოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ხალხთან მუშაობაა და ჩვენ ამას ვაკეთებთ. გვაქვს კონკრეტული ხედვა – როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური – იმისა, თუ საით უნდა მიდიოდეს ქვეყანა.

თუმცა, პოლიტიკური პარტია ვერ იქნება ყველა მიმართულებით ექსპერტი. მნიშვნელოვანია კონკრეტულ ჯგუფებთან მუშაობა, ეს იქნება სტუდენტები, პროფესიული კავშირები და ა.შ. რომ ჩვენი ხედვები უშუალოდ პროფესიონალებთან და იმ ადამიანებთან შევათანხმოთ, ვისაც ეს ეხება.

ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ კი გვინდა, რომ სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს მუდმივი ურთიერთობა ხალხთან. ამის გარეშე, ცვლილებების მზა რეცეპტი არ არსებობს“, – აცხადებს ლევან შატბერაშვილი.

„თავისუფლების მოედანი“ 28 ნოემბრის აქციას თსუ-ის 1-ელი კორპუსიდან მიმავალი მარშით შეუერთდება.

  • გოტა ჭანტურია – მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ უწყვეტი პროტესტის აქტიური წევრი იყო, თუმცა პოლიტიკურ პარტიად ისინი ცოტა ხნის წინ, 15 ნოემბერს ჩამოყალიბდნენ. მათთვის, როგორც პარტიისთვის, ეს იქნება პირველი აქცია, რომელში მონაწილეობისკენაც საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ.

„ორი წელი ყოველდღიურად პროტესტში ვართ. ბუნებრივია, 28 ნოემბერსაც ვიქნებით აქციაზე. 2024 წლის 28 ნოემბერი იყო წყალგამყოფი – ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება გამოცხადდა ღიად, რის შემდეგაც დაიწყო ტერორი ადამიანებზე, ცემა-ტყეპა და სრული სიგიჟე. ორი წლის შემდეგ შეკრებას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ მას აქვს პრაგმატული დანიშნულებაც – ჩვენ ვამბობთ, რომ ორწლიანი მუდმივი პროტესტის შემდეგაც ხალხის უკმაყოფილება არ შემცირებულა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი დავინახოთ და თავად რეჟიმსაც ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ქვეყნის ფარგებს გარეთაც გავიტანოთ ხმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ არ ვეგუებით. შეიძლება დიდი მიღწევები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ მაინც არ ვეგუებით. ეს არის საზოგადოების მორალური საზომი. თუ ეს მორალური განზომილება მოიშალა, მაშინ, გამოდის, რომ დავმარცხდით“, – ამბობს გოტა ჭანტურია.

მისი თქმით, ორი წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ „ქართული ოცნება ყველანაირ ზღვარს გადალახავდა“. ამის მაგალითად მას „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება, ასევე აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია მოჰყავს.

გოტა ჭანტურია

გოტა ჭანტურიას ბრძოლის გზად საზოგადოებისთვის იდეური და შინაარსობრივი ალტერნატივის ჩვენება ესახება. მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში კონკრეტულ მოწოდებებს შინაარსი გამოეცალა, რადგან ამაზე მუშაობს პროპაგანდა. მაგალითად, მისი შეფასებით აღარ არის საკმარისი ევროპისკენ სვლის მოტივაცია და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაინახონ, რატომ ექნებათ უკეთესი ცხოვრება ევროინტეგრაციის შემდეგ.

„ალტერნატივა მხოლოდ სახეები და ადამიანები კი არა, შინაარსიც უნდა იყოს. მაგალითად, სოციალური უთანასწორობის მასშტაბი უნდა შეიცვალოს. არავინ ლაპარაკობს ამ ქვეყანაში შრომით უფლებებზე, რესურსების სამართლიან გადანაწილებაზე და მსგავს საკითხებზე. ამიტომაც გახდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის მარტივი ევროკავშირში გაწევრიანების იდეისთვის შინაარსის გამოცლა. „ევროპა, ევროპა“ იქცა ლოზუნგად, რომლის მიღმაც, ნაკლებად ვლაპარაკობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ. ჩვენ იმიტომ დავაფუძნეთ პარტია, რომ შინაარსის ალტერნატივაც გავაჩინოთ.

ხალხის მხრიდან ხომ არის მოთხოვნა, რომ ლიდერი გვინდა – ვინ არის ლიდერი, ვის გავყვეთ? ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მე კი არ გამომყვე, როგორც ინდივიდს, არამედ შემომიერთდი, მოძრაობის ნაწილი გახდი, შენ თვითონ ჩაერთე, რადგან გამორიცხულია ადამიანების მონაწილეობის გარეშე კონკრეტული საკითხების გადაიჭრას“ – ამბობს ჭანტურია. 

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ორბელიანის მოედანზე შეიკრიბებიან. როგორც გოტა ჭანტურია ამბობს, მათ დაგეგმილი აქვთ რამდენიმე მიმართვა საკუთარ ამომრჩეველთან, რის შემდეგაც შეუერთდებიან აქციას თავისუფლების მოედანზე.

  • ლანა გალდავა – ლელო

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი, ლანა გალდავა ამბობს, რომ პარტიის ლიდერები შეუერთდებიან შაბათის ტრადიციული მარშს ავლაბრის მეტროსთან.

„ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში ვართ. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – ეს გვიწერია ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციით, ეს არის ჩადებული საქართველოს კონსტიტუციაში. ეს აქცია ეძღვნება ევროპული ინტეგრაციას, ჩვენ ვიქნებით ამ მარშის ნაწილი.

წლებმა დაგვანახა, რომ საჭიროა მაქსიმალური კომუნიკაცია ხალხთან. კომუნიკაცია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველა სოფელში და ყველა პატარა ქალაქში. მხოლოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით და რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობით, ასევე, ყველა კანონიერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობით არის შედეგი მიღწევადი“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ლანა გალდავა

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „გახარა – საქართველოსთვის“. მათ არ უთქვამთ უარი ამ თემაზე ისაუბრონ, თუმცა, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში პარტიის ლიდერებთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: