პროევროპული აქციების 2 წლის თავზე თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა, აქცია იმართება.
მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით 19:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყო, მეორე ნაწილი კი ოპოზიციის ალიანსის მიერ დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის [თსუ] პირველი კორპუსიდან დაიწყო.

თბილისი, 28 ნოემბერი – საპროტესტო მსვლელობა

საპროტესტო მსვლელობა
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ მოულოდნელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ახლა კი ირწმუნება, რომ მოლაპარაკებები „ოცნებამ“ კი არა ევროკავშირმა შეაჩერა.
ამ განცხადებას ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, იმავე საღამოს პარლამენტის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

„ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ძმა საპროტესტო აქციაზე მზიას ბანერით. მზია 2 წელია უკანონო პატიმარია.

სტენდაფ-კომიკოსი ონისე ოქრიაშვილი აქციაზე „მონანიების“ პერსონაჟის, ქეთევან ბარათელის (მსახიობი ზეინაბ ბოცვაძე) ფოტოთი. ეს პერსონაჟი ცნობილია ფრაზით: “მაინც ამოვთხრი!“
2 წლის წინ 28 ნოემბრის აქცია სპეცრაზმმა დაარბია, მიუხედავად ამისა მოქალაქეები ქუჩაში 29 ნოემბერსაც გავიდნენ, 30 ნოემბერსაც და ყოველ მომდევნო დღეს, ასე დაიწყო ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი.
გასული ორი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ პროტესტის შემზღუდავი არაერთი რეპრესიული კანონი და რეგულაცია მიიღო, რის გამოც დემონსტრანტთა ნაწილი ტროტუარზე დგომისთვისაც კი იყო პატიმრობაში, ნაწილს კი ათობით ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

აქცია-მსვლელობა თბილისში

აქციის მონაწილეები „თავისუფლების მოედანზე“
დღესაც, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ „პროტესტი და ბრაზი არსად წასულა და ხალხი თავის კონსტიტუციურ არჩევანს არ დათმობს.“
„ქართული ოცნების“ ლიდერები კი ყოველ ჯერზე აცხადებენ, რომ პროტესტი მილევად რეჟიმშია. დღეს აქციაზე მიიტანეს ბანერები წარწერებით: „რუსეთი ოკუპანტია“, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.“
აქციაზე იმყოფებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, სიტყვით გამოვიდა მათე დევიძის და, ელენე დევიძე.

საპროტესტო მსვლელობა
საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ასევე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ამ აქციაზე იმყოფებოდა ზურა ჭავჭანიძეც, რომელიც პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, ის ამბობს, რომ ისევ ივლის აქციებზე : „სხვანაირად ჩემი აფხაზი ძმების სულები ვერ დამშვიდდებიანო“ – განაცხადა „ბათუმელების“ ლაივში.

28 ნოემბერი- საპროტესტო აქცია ბათუმში

აქცია ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან






