მთავარი,სიახლეები

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევა და აქციაზე გამოყენება დაუშვებელია – ინტერვიუ

17.12.2025 •
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევა და აქციაზე გამოყენება დაუშვებელია – ინტერვიუ

„წყლის ჭავლში რაიმე სახის ნივთიერების შერევას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე.

ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ „ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას და ეს დოკუმენტირებულია“. თუმცა საქმეები გამოძიებული არაა.

საიას ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა წყლის ჭავლში ნებისმიერი ნივთიერების შერევას კრძალავს, მიუხედავად იმისა აკრძალულია ეს ნივთიერება თუ არა, 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დროს, შსს-მ ამ პრაქტიკას მიმართა.

„ბათუმელები“ ნონა ქურდოვანიძეს ესაუბრა და ჰკითხა, რა უნდა მოიმოქმედონ ახლა მშვიდობიანი აქციის იმ მონაწილეებმა, ვისაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე ჯანმრთელობა დაუზიანდათ.

  • ქალბატონო ნონა, საქართველოს კანონმდებლობით, შეიძლება თუ არა წყლის ჭავლში რაიმე ნივთიერების შერევა, რა პრაქტიკა გვაქვს?

ზოგადად, სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერები. მაგალითად, პოლიციის შესახებ კანონი არეგულირებს ნაწილობრივ ამ საკითხს და 33-ე მუხლში მოცემულია, რა სპეციალური საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენებული. აქ იგულისხმება როგორც პასიური, ასევე აქტიური სპეციალური საშუალებები.

ასევე არსებობს, როგორც ცალკე მიღებული აქტი, ბრძანება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არის დამტკიცებული და ეს ბრძანება არეგულირებს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს პოლიციის ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციებს.

აქ საინტერესოა ერთი გარემოება, რომ ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია 2015 წლის 30 დეკემბერს, 1002-ე ბრძანებით, თუმცა 2021 წელს მასში შევიდა ცვლილებები და ჩანაწერი, რომელიც ერთდროულად და პარალელურად რამდენიმე სპეციალური საშუალების გამოყენებას კრძალავდა, ეს ჩანაწერი აღარ არის ბრძანების დღეს მოქმედ რედაქციაში.

საყურადღებოა ისიც, რომ, ზოგადად, ეს ბრძანება არ არის გამოქვეყნებული ოფიციალურად მაცნეზე და მხოლოდ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შეიძლება მისი გამოთხოვა, რაც ცალკე პრობლემაა. რეალურად ეს არეგულირებს პოლიციელთა ქცევის ზოგად წესებს, რომელიც საზოგადოების ფართო ჯგუფებს შეიძლება ეხებოდეთ და მათ უფლებებს შეიძლება ლახავდეს.

ამიტომ ამ ბრძანების ასეთი ფორმით, მხოლოდ შსს-ს ფარგლებში არსებობა და მისი გამოქვეყნებისგან თავის შეკავება არის ცალკე პრობლემა. ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეზე და მასში შეტანილი ცვლილებებიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას წყლის ჭავლთან დაკავშირებით – წყლის ჭავლის გამოყენება, ზოგადად, ამ ჩანაწერების, აქტების საფუძველზე შესაძლებელია და წარმოადგენს სპეციალურ საშუალებას, რომელიც შეიძლება  გამოიყენონ აქციის დროს. აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც გასცდა აქცია მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. ანუ თუ აქცია მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში გრძელდება, ასეთი აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება საერთოდ არ უნდა მიიღონ.

თუმცა, აქ საყურადღებოა ერთი რამ და რაზეც პრინციპში შინაგან საქმეთა სამინისტროც საუბრობს, რომ წყლის ჭავლში რაიმე ტიპის ნივთიერების გარევა თითქოს კანონმდებლობით დაშვებულია. აქ არ არის საუბარი, ზოგადად, აკრძალულია ეს ნივთიერება თუ არა.

თავისთავად, ეს პრაქტიკა, როდესაც წყლის ჭავლში რაიმე ტიპის ნივთიერება ერევაგამღიზიანებელი ან ნივთიერება, არა აქვს მნიშვნელობა, ეს რომ გადავდოთ დროებით, აკრძალულია თუ დაშვებულია ზოგადად წყლის ჭავლში რაიმე ნივთიერების შერევა ასევე პრობლემაა. ჩვენი კანონმდებლობა ცალსახა ჩანაწერს ამასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს, რომ ეს დაშვებულია, რომ პოლიციას აქვს უფლება, ერთმანეთში შეურიოს წყლის ჭავლი და სხვა ქიმიური ნივთიერება და ასეთი ფორმით გამოიყენოს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ“ – ასეთი ჩანაწერი კანონმდებლობაში არ გვხვდება.

თუმცა პრაქტიკაში, როგორც ჩანს, ეს ასე გამოიყენება და ამას სადავოდ არ ხდის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სუს-ის დაწყებულ გამოძიებაშიც, პრინციპში, ეს ითქვა, რომ წყლის ჭავლში იყო შერეული კონკრეტული ნივთიერებები. თავისთავად ეს პრაქტიკა პრობლემაა, ანუ წყლის ჭავლში რაიმე ნივთიერების შერევას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

შსს ამბობს, რომ მინისტრის ბრძანება შეიცვალა და აღარაა ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა „სპეციალური საშუალებების ერთდროულად და პარალელურად გამოყენებას და ამიტომ თითქოს ეს ნებადართულია. 

11 დეკემბერს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება ასევე შეიცავს სტანდარტს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს დეტალური გაიდლაინი, ინსტრუქცია, პროტოკოლი, რომელიც დეტალურად გაწერს, რა საშუალებები, რა რაოდენობით, რა ფორმით, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული.

ჩვენ კანონმდებლობაში დღეს ცალსახა ჩანაწერს ვერ ვნახავთ, რომელიც პოლიციას უფლებას მისცემდა, წყლის ჭავლს შეურიოს რაიმე ნივთიერება და ამ ფორმით გამოიყენოს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ასეთი ჩანაწერი არც პოლიციის შესახებ კანონშია და არც შს მინისტრის 1002-ე ბრძანებაში.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5-დღიანი გამოძიების დასასრულს თქვა, რომ 4-5 დეკემბრის ღამეს „მასების მართვისთვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი“ანუ სუსმა თქვა, რომ შსს-მ წყლის ჭავლში CS გაზი გაურია. პროპორციულობის შეფასება მინდა გთხოვოთ, სულ რომ კანონიერი ყოფილიყო წყლის ჭავლში CS გაზის გარევა, რამდენად პროპორციული იყო ამ სახის ნარევის მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოყენება?

სპეციალურ საშუალებებს ნოემბერ-დეკემბერში ინტენსიურად იყენებდნენ – ყოველდღიურად ვხედავდით აქციის დაშლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც აღსრულდებოდა ძალის გადამეტებით. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებდით ამის მონიტორინგს და ვაფასებდით კიდეც.

ზოგადად, აქციის დაშლის გადაწყვეტილებები იყო უკანონო, იქიდან გამომდინარე, რომ აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და როდესაც აქცია მშვიდობიანია, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების გამოყენების დაწყება.

თუ ადამიანთა მცირე ჯგუფი მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს სცდება, ასეთ დროს შესაძლებელია ამ პირებთან დაკავშირებით გატარდეს ზომები, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ შეეშალოთ ხელი, განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი.

მაგრამ ჩვენ საპირისპირო პრაქტიკას ვხედავდით ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში – აქცია ფართომასშტაბიანი იყო და პოლიცია იყენებდა სპეციალურ საშუალებებს აქციის დასაშლელად. მათ შორის გამოვლინდა სისტემური წამების პრაქტიკა, რომელიც აღწერილი და დოკუმენტირებულია, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. წამების პრაქტიკაზე და აქციის დაშლის უკანონობაზე ასევე ხაზგასმულია სახალხო დამცველის განცხადებებსა და ანგარიშში.

  • თუ დადგინდა, რომ შერეულმა ქიმიურმა ნივთიერებამ გამოიწვია რიგი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება? ვინც ეს უშუალოდ გამოიყენა, ვინც ბრძანება გასცა, თუ მთლიანად სახელმწიფოს?

როდესაც რაიმე ქმედება ხდება უკანონოდ, ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს უშუალოდ ის პირი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და აღასრულებს შემდგომ. ამიტომ პასუხისმგებლობის ჯაჭვი ნაწილდება არა მხოლოდ იმ პირზე, რომელიც უშუალოდ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებას, უკანონო ბრძანებას, ასევე იმაზე, ვინც გასცემდა უკანონო ბრძანებას.

უკანონო ბრძანების გაცემა თავისთავად დანაშაულია და ასეთი დანაშაულის აღსრულებაც წარმოადგენს თავის მხრივ დანაშაულს.

ამიტომ პასუხისმგებლობა ნაწილდება როგორც შემსრულებელზე, უშუალოდ იმ პოლიციელზე, რომელმაც შეურია წყალში რაღაც და ასე გამოიყენა, ასევე იმაზე, ვინც მიიღო გადაწყვეტილება ამ პრაქტიკაზე. ეს ეხება სხვა ნებისმიერ ქმედებებსაც, მათ შორის წამებას.

წამება, როდესაც სისტემური ხასიათისაა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სათანადო გამოძიება, რომელიც გამოავლენს დამნაშავეს, ანუ ვინ არის კონკრეტული პასუხისმგებელი პირი და თუ ასეთი ბრძანება იყო გაცემული, ვინ გასცა ეს ბრძანება. სრულყოფილი გამოძიების ჩატარების გარეშე, რა თქმა უნდა, ამ ფაქტების შეფასება შეუძლებელია, ვგულისხმობ პასუხისმგებლობის ნაწილს.

პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და ის, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, უნდა იყოს სათანადოდ მტკიცებულებებით გამყარებული და გამოძიებული. ეს, სამწუხაროდ, დღეისათვის არ მომხდარა საქართველოში – არცერთი სამართალდამცავი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რომელიც ჩართული იყო უკანონო ქმედებებში, მათ შორის წამებაში.

  • ვალდებულია სახელმწიფო, რომ საზოგადოებას აცნობოს, რა საშუალებები გამოიყენა მშვიდობიანი აქციის დასაშლელად? ქართულმა სახელმწიფომ ეს ვალდებულება ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, როგორ შეასრულა?

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს რეგულაციები, რომ ცალსახად იყოს დადგენილი, რა უფლებამოსილება აქვს პოლიციას და რა ეკრძალება.

მაგალითად, წყლის ჭავლში რაიმე ნივთიერების შერევასთან დაკავშირებით ჩანაწერი კანონმდებლობაში არ გვხვდება. შესაბამისად, ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება არის პრობლემა.

საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს კონკრეტულად რა ნივთიერებს იყენებდნენ. განსაკუთრებით ამის ცოდნის უფლება აქვს უშუალოდ დაზარალებულ ადამიანს, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. საუბარი იმაზე, რომ ეს ნივთიერება დასაშვები იყო, არ არის საკმარისი, – კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული, მისი მახასიათებლები რა არის, რა დოზით და ასე შემდეგ, ეს არის მნიშვნელოვანი. მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისითაც.

ამას არა მარტო სისხლისსამართლებრივი და სამართლებრივი განზომილება აქვს, არამედ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განზომილებაც და აუცილებელია ამის ცოდნა სწორად რომ დაიგეგმოს მკურნალობა და ადამიანებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, რამ მოახდინა გავლენა მათ ჯანმრთელობაზე.

  • თითოეულმა მოქალაქემ, ვინც დაზარალდა, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია დარბევებში მოყოლამ, რა შეიძლება მოსთხოვოს სახელმწიფოს და როგორ?

მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები შეგროვდეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ დაზიანებაზე, ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე უნდა არსებობდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე ამ საკითხებზე უნდა მიმართო გამოძიებასაც.

ვენდობით თუ არა არსებულ გამოძიებას, ამ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ, ეს მაინც აუცილებელი გზაა, თუნდაც მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავისთვის.

ამიტომ, პირველ რიგში, მტკიცებულებები უნდა შეაგროვონ და გამოძიებას მიმართონ. თუ დადასტურდება, რომ ჯანმრთელობა დაუზიანდათ აქციაზე, არსებობს სამოქალაქო წესით დავის დაწყების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში იქნება დავა ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება საერთო სასამართლოში იყოს განხილვის საგანი – ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელის წარდგენა შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

არსებობს პრაქტიკა, მაგალითად, 2021 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით – დაზიანებულმა პირებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ, იმ საქმეების ნაწილზე, რომელზეც მე მაქვს ინფორმაცია, დააკმაყოფილა კიდეც (ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებდა არაერთ საქმეს) და სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ზიანის ანაზღაურება.

  • ერთი წელი გავიდა შარშანდელი დარბევებიდან. ახლა მტკიცებულებები როგორ უნდა შეაგროვო?

ყველა საქმე ინდივიდუალურია. მტკიცებულებები შეიძლება იყოს სამედიცინო ისტორია ან იყოს მოწმის ჩვენება, ან ვიდეო და პირდაპირ ეთერში გასული კადრები. თუ პირს დასჭირდა სამედიცინო მკურნალობა და ხარჯები, ესეც იქნება სამედიცინო ისტორიაში. ამ ყველაფერს სჭირდება შეკვრა, გაანალიზება და ამის შემდგომ დავის დაწყება.

თეორიულად, შესაძლებელია, ზიანთან დაკავშირებით საქმის წარმოება სასამართლოში და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

ასევე აუცილებელია ცალკე აღინიშნოს პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირის, ვინც მონაწილეობდა უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ან აღასრულებდა მას. ამ მხრივ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა, რომ გამოძიება ჩატარდეს. დაზარალებულებმა საკუთარი ისტორიები საგამოძიებო ორგანოებს დამატებით უნდა მიაწოდონ.

  • მინდა გკითხოთ დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ, რა მექანიზმები არსებობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები დამოუკიდებლად და ობიექტურად გამოიძიონ?  

როდესაც სახეზეა წამება, სისტემური ხასიათის, ასეთ ფაქტებს სჭირდება გამოძიება. გამოძიების ვალდებულება აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებს – საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას.

თუმცა, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, რაიმე ხელშესახები შედეგები კი არა, ერთი პირის მიმართაც კი არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს თავისთავად აჩენს კითხვას გამოძიება არის თუ არა ეფექტიანი? რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს შეფასდეს ეფექტიანად, როდესაც ერთ წელზე მეტია უკვე გასული და ამ დროისთვის გამოძიებას რაიმე შედეგი არ აქვს.

საერთაშორისო გამოძიებასაც აქვს სხვადასხვა ფორმა და მექანიზმი. ეს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, ფაქტების შესწავლის მისია და ამის საფუძველზე დადგენილი გარემოებები. ეს შეიძლება იყოს სხვა მექანიზმები, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავის დაწყება და ამის ფარგლებში კონკრეტული გარემოებების გამოკვეთა.

ამიტომ კონკრეტულად რომელი მექანიზმია, აქედან გამოსავალი, ცალსახა პასუხი რთულია. ყველა შეიძლება იყოს რელევანტური, უბრალოდ რომელი იქნება ყველაზე ეფექტიანი ასეთ დროს, ამის განსაზღვრისთვის საჭიროა არსებობდეს გაანალიზებული მტკიცებულებები – კონკრეტულად ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით რა ეფექტები ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც დაზიანდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: