მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 30 მაისს განახლდება

29.05.2025 •
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 30 მაისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება.

მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე უკანონო პატიმრობაშია.

30 მაისს სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.

პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, ჩემი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილიო“. მის დაკითხვაზეც პორკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავამ კი, თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

  • მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

სტიკერის გაკვრის საქმეზე მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული დოკუმენტების მიუხევად სამართალდამრღვევად სცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დაააკისრა. ამჯერად ისევ სტიკერის გაკვრის გამო შსს მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავებ. ამ ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: