მთავარი,სიახლეები

„რუსული კანონების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“ – მომღერალი გიორგი ფუტკარაძე

23.04.2024 • 3222
„რუსული კანონების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“ – მომღერალი გიორგი ფუტკარაძე

„მე ვფიქრობ, რომ, როგორც მოქალაქეს უკვე შემეხო ეს რუსული კანონი. მეტი როგორღა უნდა შემეხოს? თუ ფიზიკურად შემეხება, ეგ სხვა ამბავია და მორალურად უკვე შემეხო, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ბედი მათ ხელშია, ვინც საბოლოოდ გამყიდველები გამოდიან.

ბუნებრივია, მეხება მეც, როგორც ადამიანს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. მეხება ის ფაქტი, რომ აზრად მოუვიდათ ისევ შემოეტანათ ეს კანონი და წასულიყვნენ პოზიტიური განწყობის ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს მხარეს იჭერენ და ცდილობენ ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცდილობენ, გვქონდეს მეტი თავისუფლება, მეტი სამუშაო ადგილები და ა.შ.“, – გვეუბნება ბათუმელი მომღერალი, გიორგი ფუტკარაძე.

„ბათუმელებთან“ საუბრისას მომღერალი აღნიშნავს, რომ საქართველოში „რუსული კანონების ადგილი არ არის“:

„ეს კანონი ძალიან არ მომწონს. ასე მგონია, რომ ვიღაცების შემოგდებულია, რათა საქართველო რაც შეიძლება ადრე ჩამოაშორონ ევროპას, სამომავლო განვითარებას და ა.შ.

იმდენად დეგრადირებული ხელისუფლება გვყავს, რომ ახალგაზრდების დროს უაზროდ იყენებს. ქუჩაში აყენებენ ახალგაზრდებს, იმ კანონების გაუქმებას ახვეწნინებენ, რომელიც ბუნებრივია, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია”.

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: