მთავარი,სიახლეები • • • •

ბათუმში ლპება საჩოგბურთო კომპლექსი, რომლის განახლებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

10.11.2026
ბათუმში ლპება საჩოგბურთო კომპლექსი, რომლის განახლებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ბალახშია ჩაფლული საჩოგბურთო კომპლექსის ინფრასტრუქტურა, სადაც ახლა ბავშვები უნდა ვარჯიშობდნენ, სადაც, როგორც „ოცნების“ მთავრობა ჰპირდებოდა მოსახლეობას, „ღვაწლმოსილებს მომავალი თაობები უნდა აღეზარდათ. კიდევ ბევრი ტურნირი და მედალი უნდა მოეგოთ“.

ტბეთის ქუჩაზე საჩოგბურთო კომპლექსის განახლებას ბავშვებს 2022 წელს დაჰპირდნენ და 2024 წელს ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო, თუმცა რას დაასრულებდნენ, რაც სინამდვილეში არც დაწყებულა.

აქაურობა უკვე წლებია ბალახითა და ტალახით არის დაფარული, შენობის ნაწილი კი ლპება და ყარს.

საჩოგბურთო მოედანი დღეს

შენობის ეს ნაწილი ნაგვითაა სავსე და ყარს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას“ ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაციიის მცდელობა სამჯერ ჰქონდა, რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოაცხადა: 2023 წელს – ორჯერ, 2026 წელს კი – ერთხელ. თუმცა, სამივე ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

ბოლო, ანუ 2026 წლის ტენდერი „პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოცხადებიდან მალევე იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „პროექტის გადამუშავება“ გახდა საჭირო.

ბიუჯეტში ამ კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2023 წელს 3,8 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მიმდინარე, 2026 წელს კი – 3,9 მილიონი ლარი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი 2022 წელს არის მომზადებული და იგივეა, რომლითაც ტენდერი 2023 წელს ჰქონდათ გამოცხადებული. როგორც ჩანს, 4 წლის შემდეგ ისე გამოაცხადეს განმეორებითი ტენდერი 2022 წელს მომზადებული პროექტით, რომ ის არავინ წაიკითხა.

პროექტის ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი ამჯერად 3 მილიონ 963 052 ლარის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა.

როგორც ტენდერის შეწყვეტის ოქმშია მითითებული, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა,  რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადამუშავებასთან ერთად საჭირო იყო „კორექტირებების შეტანა“.  საინტერესოა, რატომ განიხილეს სატენდერო დოკუმენტაცია ტენდერის გამოცხადების შემდეგ და არა მანამდე, რამ შეუშალა ამას ხელი, არც ერთ დოკუმენტში არ წერია.

პროექტის რენდერი – პროექტი ბათუმში, თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე #6-ში არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, რომელიც მოედნის ჩათვლით 5111 კვ.მეტრ ტერიტორიას მოიცავს.

რენდერი

შესყიდვის პირობა იყო ასევე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებდა ორსართულიანი სასტუმროს შენობის და ერთსართულიანი დამხმარე შენობის [ტრიბუნით] დემონტაჟს იმავე ადგილზე.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2026 წლის 15 ივლისს მეორედ გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტებს თან დაურთეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის 2022 წელს გამოცემული ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები ტენდერში გამარჯვებულს 1 ლარად უნდა გადაეცეს.

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს და როგორც ამ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები გვიყვებიან, „დღემდე საშველი ვერ დააყენა“.

ამავე თემაზე:

ვიდრე „ოცნება“ სპორტსმენების ოქროს ითვლის, სპორტული ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო ლპება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: