ბათუმის ბულვარში, „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტზე მომხდარი აფეთქების გამო, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
„ბათუმელები“ დავუკავშირდით შრომის უსაფრთხოების სამსახურსაც, სადაც ვიკითხეთ, რამ გამოიწვია აფეთქება „ამბასადორი ბათუმში“, რატომ არ იყო შრომის უსაფრთხოება დაცული და რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე.
როგორც შრომის უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათი სამსახური შესულია ობიექტზე. „სანამ საბოლოო დასკვნა არ გვექნება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“, – გვითხრეს პრესსამსახურში.
„მოკვლევა დაწყებულია შრომის ინსპექციის მიერ, თუმცა არ არის საბოლოო დასკვნა ჯერ მზად იმიტომ, რომ რაღაც პროცედურები კიდევ მიმდინარეობს. შესაძლოა იყოს სახანძრო უსაფრთხოების ამბავიც. უფრო კონკრეტული დეტალები ცნობილი გახდება დასკვნის შემდეგ“, – განაცხადეს აღნიშნულ უწყებაში.
ამ ეტაპზე არც იმ კომპანიას ასახელებენ, რომელიც აწარმოებდა ტექნიკურ სამუშაოებს ობიექტზე.
შრომის ინსპექციის საბოლოო დასკვნა, როგორც გვითხრეს, დაახლოებით 2 კვირაში უნდა დასრულდეს.
ძლიერი აფეთქება „ამბასადორი ბათუმში“ 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მოხდა, რასაც მოჰყვა დაკვამლიანება. აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი დასაქმებული, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა.
იმ დღეს ითქვა, რომ დაშავებული პირი შემდუღებელ სამუშაოებს აწარმოებდა, რის შემდეგაც გაზის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მშენებარე სასტუმროს აივანიც.
_______________
ამ თემაზე:
აფეთქება ბათუმში, სასტუმრო „ამბასადორში“ – დაშავდა ერთი ადამიანი






