მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა

23.05.2026
ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სამ თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბათუმის ბიუჯეტში პროგნოზით გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი, 6 მილიონ 480 500 ლარი შევიდა, მერია 3 მილიონ 500 000 ლარის ამოღებას ვარაუდობდა. გეგმა 185. 2 პროცენტით შესრულდა.

პირველი კვარტლის ანგარიშში არ იძებნება დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად რა ჯარიმებმა გააორმაგა თანხა, თუმცა რთული გამოსაცნობი არ არის, რომ დიდი წილი საგზაო წესის დარღვევით გამოწვეულ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე მოდის. ამის დადასტურება სახელმწიფო ხაზინის ყოველთვიური ანგარიშიდანაც შეიძლება.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით 2026 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში „სხვა შემოსავლები“ მნიშვნელოვნად სწორედ ჯარიმებით გაზარდა. მათ შორის კი ყველაზე დიდი შენატანი  საგზაო წესის დარღვევით გამოწვეული და ადმინისტრაციული ჯარიმებისგან დაფიქსირდა.

საგზაო წესების დარღვევისთვის 2026 წლის პირველ კვარტალში, ქვეყნის მასშტაბით, 79,7 მილიონი ლარი ამოიღეს, რაც წინა წლის იგივე პერიოდის შედეგებთან შედარებით ორჯერ მეტია.

სახელმწიფო ხაზინას უკვე გამოქვეყნებული აქვს 4 თვის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში საინქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით ასახულია 154 მილიონ 912 789 ლარი. აქედან 108 მილიონ  264 051 ლარი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა შეადგინა.

უბილეთოდ მგზავრობის გამო დაკისრებული ჯარიმებიდან კი ბიუჯეტში 1 მილიონ 111 632 ლარი შევიდა. ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული
მოთხოვნების დაუცველობისათვის ბიუჯეტში 14 მილიონ 202 485 ლარი გადაუხდიათ.

ჯარიმებიდან შესული თანხა ბიუჯეტში „სხვა შემოსავლების“ ნაწილში აისახება. პირველ კვარტალში ბათუმის ბიუჯეტის სხვა შემოსავლების ნაწილში 28 მილიონ 713 900 ლარი შევიდა, პროგნოზი 25 მილიონ 750 000 ლარი იყო.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 32.5%-ს შეადგენს.

საერთო ჯამში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტის ფაქტიურმა შემოსულობებმა 88 მილიონ 296 500 ლარი შეადგინა.

შემოსულობებიდან 22 მილიონ 559 000 ლარი გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ანუ შემოსულობების – 25.5%. 36 მილიონ 505 800 ლარი გრანტები და ფინანსური დახმარებაა. 28 მილიონ 713 000 ლარი კი არასაგადასახადო შემოსავლები.

ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: