აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, რადგან მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება, მობილური ტელეფონები დენის წყაროს გარეშე დარჩა. დაზუსტებული ინფორმაციით, დღეს, 12 ნოემბერს სასწვლო პროცესი შეწყდა ხელვაჩაურის 6 და ქედის 3 საჯარო სკოლაში. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია სკოლების სახურავები.
ასევე რამდენიმე სახლთან ჩამოწვა მეწყერი და მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლები დაატოვებინეს.
აჭარის მთავრობის ცნობით, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შემდეგ სკოლებში:
ხელვაჩაურში: აჭარისაღმართის საჯარო სკოლაში, სკოლასთან მისვლა პრობლემაა, წაქცეულია ხეები;
სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში – დატბორილია სკოლის შენობა;
ქედქედის საჯარო სკოლაში – წაქცეულია ხეები, დატეხილია ფანჯრები და მინები, ზოგიერთ საკლასო ოთახში დაზიანდა ჭერი;
ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისვლა პრობლემაა, დატეხილი და წაქცეულია ხეები; ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისვლა პრობლემაა, დატეხილი და წაქცეული ხეების გამო; წინსვლის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისასვლელი ხიდი წყალმა წაიღო (ხიდის რეაბილიტაცია მიდის, გვერდით იყო დროებითი ხიდი გაკეთებული და ის ხიდი წაიღო წყალმა);
ქედაში: სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი, დააზიანა ფანჯრები;
სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი;
სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი;
ხულოში: რაქვთის საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი.
საერთო პრობლემა – არ მიეწოდებათ შუქი, გათიშულია ჯეოსელის ქსელი.
უამინდობის გამო მეცადინეობა შეწყვეტილია შუახევის ზოგიერთ სკოლაშიც.