კვირის ამბები

რატომ გაიზარდა კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა

14.11.2015 • 3146
რატომ გაიზარდა კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა

 

 

სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეები/ფოტო: ფეისბუკის გვერდიდან

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე მანამდე იყო. 50-დან 100-ლარამდე გაძვირდა კერძო სკოლებში სწავლის საფასურიც. ამის მიუხედავად, კერძო სკოლებში მოსწავლეთა ნაკადი არ შემცირებულა, პირიქით – უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა.

 

ბათუმში არსებული 19 კერძო სკოლიდან „ბათუმელებმა“ 11 სკოლის ხელმძღვანელთან ისაუბრა. აქედან, ყველაზე მეტი პირველკლასელი წელს სკოლა „ნიკემ“ მიიღო. მას ასი ახალი მოსწავლე ჰყავს.

 

სკოლის დირექტორის იზოლდა ტაკიძის აზრით, კერძო სკოლებში მოსწავლეების მატების მიზეზი სწავლების ხარისხია:
„კერძო სკოლაში მოსწავლე უფრო დაცულია და სწავლების ხარისხიც საჯაროსთან შედარებით მაღალია. ზრდა განაპირობა იმანაც, რომ კლასებში 15-20 მოსწავლეზე მეტი არ ზის, გაიზარდა კონკურენცია კერძო სკოლებს შორისაც – ყველა ცდილობს სიახლე შემოიტანოს. წელს ჩვენთან კემბრიჯის სტანდარტით ისწავლება ინგლისური ენა“.

 

სკოლა „ნიკეს“ ადმინისტრაციამ წელს, გასულ წელთან შედარებით, სწავლის საფასური ათი პროცენტით გაზარდა. რაც შეეხება წარმატებას, ამის საზომად იზოლდა ტაკიძე ორი კურსდამთავრებულის მიღწევას ასახელებს: `ერთი სწავლობს აშშ-ში, ერთ-ერთ კოლეჯში, მეორე კი – პრაღის უნივერსიტეტში“.

 

80 ახალი მოსწავლე მიიღო სკოლა „გორდამ“. დირექტორი ნინო მურვანიძე მიიჩნევს, რომ ეს სწავლის ხარისხმა და სკოლის რეიტინგმა განაპირობა:
„ჩემი მოსწავლე რეპეტიტორთან არ ემზადება. გარდა ამისა, სასწავლო პაკეტში შედის ბატიკა, ხატვა, გობელენი და ბავშვს დამატებით არ უწევს სხვაგან წასვლა, გვაქვს გაძლიერებული სწავლება. გვყავს წარმატებული მოსწავლეებიც, რომლებიც პირველივე კლასიდან ჩვენთან სწავლობდნენ. აქედან ერთი სწავლობს სან დიეგოს უნივერსიტეტში, მეორე – იტალიაში. უკრაინის მოქალაქეები გვყავდა, რომლებიც ახლა უკრაინაში აგრძელებენ სწავლას. მოპოვებულმა გრანტებმა განაპირობა კონტინგენტის ზრდა“.

 

„გორდაში“ სწავლის წლიური საფასური ასი ლარით გაიზარდა.

 

15 ახალი მოსწავლე მიიღო სკოლა „განათლებამ“. დირექტორის ქეთევან გოშხეთელიანის თქმით, სკოლა მოსწავლეებს ზესტანდარტულ საათებს სთავაზობს, რაც გამოარჩევს მას საჯარო სკოლისგან. `მეორე დღის გაკვეთილებსაც სკოლაში ამზადებენ, რაც მისაღებია როგორც მშობლისთვის, ასევე მოსწავლისთვის“. სწავლის საფასური „განათლებამ“ ასი ლარით გაზარდა.

 

„შარშან 18-მა ბავშვმა დაამთავრა სკოლა, ორი ასპროცენტიანი დაფინანსებით სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში მოხვდა, ცხრა გრანტი ავიღეთ. ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა“, – ამბობს დირექტორი.

 

15 მოსწავლით გაიზარდა „ევრო 200“-ის კონტინგენტიც. „ფასებიც გაიზარდა, 200 ლარია თვეში გადასახადი, შარშან 160 ლარი იყო. ჩვენი სკოლა გაძლიერებულ გერმანულს ასწავლის. შარშან ხუთი აბიტურიენტი წავიდა გერმანიაში სასწავლებლად, წელს – ერთი“, – ამბობს მარინე ცივაძე, დირექტორი.

 

დირექტორის ინფორმაციით, 15 ახალი მოსწავლე მიიღო გიმნაზია „იბერიამაც“. სკოლაში სწავლის საფასური არ გაზრდილა, რადგან, როგორც დირექტორი მადონა მახარაძე ამბობს, მშობლები დაბალ ფასს და სწავლების მაღალ სტანდარტს ანიჭებენ უპირატესობას. რას მიიჩნევს დირექტორი მაღალ სტანდარტად? – ამ კითხვაზე ზოგად პასუხს გვცემს: „დამატებითი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება აინტერესებთ“. სკოლას ჯერ მე-12 კლასი არ გამოუშვია.

 

ათი მოსწავლით გაიზარდა „თაობა XXI-ს“ კონტინგენტი. დირექტორის ომარ მიქელაძის თქმით, წელს ერთი თვის სწავლის საფასური დაემატათ. სკოლის დირექტორი წარმატებად ოთხ ასპროცენტიან გრანტს მიიჩნევს, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე აიღეს კურსდამთავრებულებმა. „ქართულ უნივერსიტეტებში ჩააბარეს, უცხოეთში არავინ წასულა“, – ამბობს დირექტორი.

 

მცირე ზრდა აქვს სკოლა „ახალგაზრდობას“, – ხუთი ახალი მოსწავლე მიიღეს. „სწავლის საფასური არ გაგვიზრდია, მხოლოდ მოსამზადებელს დაემატა 15 პროცენტი“, – ამბობს დირექტორი ტარიელ ქობულაძე.

 

ფრანგული სკოლის დირექტორის თქმით, წელს სკოლას 20-პროცენტიანი ზრდა აქვს. მისი აზრით, მოსწავლეების მატება ფრანგული ენით დაინტერესებას უკავშირდება. „ორი კურსამთავრებული სწავლობს უცხოეთში, ერთი ბელგიაშია, მეორე – ჩეხეთში“. სკოლაში სწავლის საფასური არ გაზრდილა.

 

მოსწავლეთა კონტინგენტი არ გაზრდილა „გიმნაზია 21 საუკუნესა“ და სასულიერო გიმნაზიაში. სკოლა „ლედას“ კი მხოლოდ პირველი საფეხურის მოსწავლეები ჰყავს. მოსწავლეთა რაოდენობა არც ამ სკოლაში გაზრდილა. შესაბამისად, არც სწავლის საფასური.

 

სამოქალაქო განვითარების პროგრამების ხელმძღვანელის თამარ მოსიაშვილის შეფასებით, კერძო სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტის მატებას სწავლების ხარისხი განაპირობებს:

 

 

„კერძო სკოლებს აქვთ ერთი პლუსი, – საჯაროსთან შედარებით სკოლების ავტონომიურობის მაღალი ხარისხი. შესაბამისად, შეუძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმონ სასწავლო პროცესი, მოიზიდონ პრიფესიონალი კადრები. ის, რომ ბავშვები მაინც ემზადებიან რეპეტიტორებთან, ეს საგანმანათლებლო სისტემის ბრალია, მიმაჩნია, რომ ეს საგამოცდო სისტემასთან არის კავშირში. კარგად აწყობილი სისტემა სადაც გვაქვს, იმ კერძო სკოლებშიც კი ემზადებიან ბავშვები დამატებით.

 

 

გარდა ამისა, მშობელს აინტერესებს, რომ მისი შვილი იყოს უსაფრთხოდ, პრესტიჟულ კერძო სკოლებში ფიზიკური გარემო არის მოსწავლეზე მორგებული. თბილისში არის ისეთი სკოლები, რომლებსაც ISO ხარისხის მართვის სერტიფიკატი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ბაზაზე კვალიფიციური კადრები ჰყავთ. თუმცა, ისეთი კერძო სკოლებიც მინახავს, რომლებსაც არც ინფრასტრუქტურა აქვთ და არც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ხარჯავენ რესურსს“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სულ 27 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. ბათუმში ამ დროისთვის 19 კერძო სკოლაა, ქობულეთში – ოთხი, ხელვაჩაურში – ორი, შუახევში – ერთი და ერთიც ხულოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: