სიახლეები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის ვიზიტი ბათუმში

13.11.2015 • 2582
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის ვიზიტი ბათუმში

დღეს, ვიზიტის ფარგლებში ნილს მუჟნიეკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს შეხვდა. შეხვედრას კომისარის მრჩევლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან გვენეტაძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე საუბარი შეეხო იმ ვალდებულებების შესრულების საკითხებს, რაც სახელმწიფოს სამართლიანი კრიტერიუმების გათვალისწინებით ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით აკისრია. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში შშმ პირების, დევნილების და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებსაც.

Jpeg

დღეს ნილს მუჟნიეკი აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს მედეა ვასაძესაც შეხვდა. შეხვედრა ჟურნალისტებისგან დახურულ ფორმატში გაიმართა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და ევროკომისარმა იმსჯელეს – შშმ პირთა უფლებების დაცვასა და ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე. ასევე დეტალურად განიხილეს ქობულეთში, რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის კონკრეტული შემთხვევა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გონიოში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემისა და იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემებს.

გადაბეჭდვის წესი