სიახლეები

72 108 128 ლარი – კერძო პირების შემოწირულობა მთავრობას

15.11.2015 • 1561
72 108 128 ლარი – კერძო პირების შემოწირულობა მთავრობას

 

„რამდენი თანხა გადმოირიცხა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებში კერძო ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების [ქველმოქმედებისთვის, ამა თუ იმ ღონისძიების, სამუშაოების დასაფინანსებლად და ა.შ.] სახით, 2013 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში [შემომწირველების ვინაობა, შემოწირული თანხის ოდენობა და გადმორიცხვის მიზანი. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ თუ რას მოხმარდა აღნიშნული თანხები.]“ – ამ კითხვით `ბათუმლებმა~ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე წლის 30 სექტემბერს მიმართა.

 

სამინისტრომ არასრულყოფილი პასუხი, ისიც თავისივე ქვემდებარე სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორი კვირის შემდეგ გაგვცა:

 

„გაცნობებთ, რომ სახაზინო სამსახური ბიუჯეტის შემოსულობებს აღ¬რიცხავს შემოსულობების სახეების მიხედვით და ცალკეული გადამხდელებისა და დანიშნულების მიხ¬ედვით სისტემურ აღრიცხვას არ ახორციელებს. აქვე გაცნობებთ, რომ წერილში აღნიშნული თანხები აღირიცხება როგორც  – ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა“.

 

სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ სახეში – „ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა“, შემოსულმა თანხამ 2013 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში შეადგინა 72 108 128 ლარი და 25 თეთრი. აქედან, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში 2013 წელს მხოლოდ 1,8 მილიონი ლარი, 2014 წელს – 21,6 მილიონი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვეში – 48,5 მილიონზე მეტი ლარია ნებაყოფლობით ჩარიცხული.

 

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, უშუალოდ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებში ამ ფორმით თანხა არ შესულა.

 

ვინ გადარიცხა სახელმწიფო და სხვა ადგილობრივ ბიუჯეტებში ზემოაღნიშნული 72,1 მილიონი ლარი? ანუ ვინ შეწირა ეს ფული სახელმწიფოს? – საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა, თუმცა არც უარის მიზეზი განუმარტავს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი კი განმარტავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ზოგადი სტატისტიკის [ანუ ბიუჯეტში გადარიცხული თანხის ოდენობის] შესახებ: „რაც შეეხება ბიუჯეტში გადამრიცხველების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული ინფორმაცია არის საიდუმლო. აქ გარდა კანონის ვალდებულებისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შემომწირველთა ინტერესებიც, ვინაიდან ხშირად ქველმოქმედების გამწევ პირებს არ სურთ საჯარობაა“.

 

ვინაიდან სამინისტროს პასუხში არ იყო აღნიშნული, თუ რატომ ვერ გასცემდნენ  ინფორმაციას [თუნდაც შემომწირველების თანხმობის გარეშე], იგივე ინფორმაცია ხელახლა გამოვითხოვეთ. სამინისტროდან კონკრეტული პასუხი ვერც ამჯერად მივიღეთ.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არც ის ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუ რა მიზნით გადაურიცხეს მთავრობას ეს ფული ნებაყოფლობით.

 

ნებაყოფლობით ტრანსფერთან მიმართებაში აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში მიმდინარე წლის 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მსურველებს ქველმოქმედებისთვის თანხის გადარიცხვა სახელმწიფო სახაზინო ანგარიშზე შეეძლოთ. ამასთან უნდა მიეთითებინათ, რომ ისინი ნებაყოფლობით ტრანსფერს ახორციელებდნენ.

 

სამინისტროს და არც ხაზინას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ლარი შევიდა ამ კუთხით ბიუჯეტში. მეტიც, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრომ დამალა ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები დაფინანსდა კონკრეტულად ამ თანხით, ანუ ნებაყოფლობითი ტრანსფერებით.

 

„საბიუჯეტო ხარჯვის შესახებ ინფორმაცია სრულიად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სწორედ, საჯაროობა და ინფორმირება უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ჯანსაღ გარემოში წარმართვას და რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მოქალაქეთა მხრიდან. ხოლო თუ ჩვენ შევუზღუდავთ მოქალაქეებს „საჯარო ინფორმაციის“ კონსტიტუციურ თავისუფლებას, ეს ყოველივე იღებს ჯაჭვურ რეაქციას და თანაბრად იწვევს სხვა უფლებების ხელყოფას. ამიტომ, მიზანშეწონილია ადმინისტრაციული ორგანოები მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ამ უფლების შეზღუდვას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ზოგადად, „ტრანსფერი“ გარკვეული მიზნით ფულადი სახსრების გადაცემას ნიშნავს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ კატეგორია – „ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა“ [რომელიც თითქმის 2007 წლიდან მოქმედებს] მოიცავს ფულად შემოწირულობებს და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერებს, რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: