მთიანი აჭარა

პოლიტიკური პარტიების დახურული ოფისები

15.11.2015 • 1801
პოლიტიკური პარტიების დახურული ოფისები

 

”ქართული ოცნების” ოფისი ქედაში

  

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პარტია „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისის თავმჯდომარის პოზიციას ქედაში, ამბობს, რომ ოფისს მუშაობა არ შეუჩერებია. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ოფისი აქტიური პოლიტიკური მუშაობით არ გამოირჩევა. ის იმედოვნებს, რომ 2016 წელს არჩევნები ქედაში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება.

 

ამირან ცინცაძე კონკურენტი პარტიის მუშაობასაც აფასებს და ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტიურობას აზრი არ აქვს. „ყველა პარტია თუ ოფისი ქედაში შესაძლებლობის მიხედვით მუშაობს. რაც მთავარია, ერთნაირ პირობებშია ყველა. რაც შეეხება ქართული ოცნების პარტიის რაიონულ ოფისს – არ დაკეტილა, ყოველ დილით 11 საათზე იხსნება და საღამოს ოთხ საათამდე მუშაობს. შესაძლოა ერთ დღეს არ იყო იქ თანამშრომელი მხოლოდ. იქედან გამომდინარე, რომ პარტიის ოფისში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ის პასუხისმგებელია როგორც ოფისის კარების გახსნა-დაკეტვაზე, ასევე ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე და თუ ვინმე მივა შტაბში, პასუხიც უნდა გასცეს. უახლოეს ხანში ჩატარდება კონფერენცია, პარტიის ოფისი განათლებული და ავტორიტეტული ადამიანებით აკომპლექტდება. მომავალ არჩევნებზე იმაზე კარგი შედეგი გვექნება, ვიდრე გასულ წელს იყო. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ვინ გახდება ახალი  ავმჯდომარე, ამას დელეგატები გადაწყვეტენ. მე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო შიდა პარტიულ არჩევნებში იმ პოზიციის დასაკავებლად, რომელიც ამჟამად მიკავია. თუ პარტიის წევრები სხვას აირჩევენ, გვერდით დავუდგები და ისევ პარტიის ინტერესებს გავატარებ. ჩემი ინფორმაციით, ნოემბრის ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს პარტიული ოფისი“, – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

ამირან ცინცაძეს არ ეთანხმება ქედის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე. ის ამბობს, რომ აქ პარტიებს არათანაბარ პირობებში უწევთ მუშაობა. საოფისე ფართობი „ენმ“-ს ქედაში გამგეობისგან 2013 წლამდე იჯარით ჰქონდა აღებული. ვადის გასვლის შემდეგ ქედის გამგეობამ პარტიას ფართობის სარგებლობისთვის საიჯარო ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, ამის მიზეზად კი ორსართულიან შენობაში იმ სამი ოთახის რემონტი დაასახელა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდა. ენმ-ის ქედის ორგანიზაციამ ოფისისთვის ფართობი კერძო მესაკუთრისგან ქედის ცენტრში დაიქირავა. სამი ოთახი, რომლის დაცლაც პარტიას დაგეგმილი რემონტისთვის მოუხდა, ამ დრომდე არ გარემონტებულა. გასარემონტებლად თანხა გამგეობამ გასულ თვეში გამოყო, სარემონტო სამუშაოები აქ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზვიად თურმანიძე ამბობს, რომ პარტიას მუშაობა არ შეუჩერებია: „პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ. გავდივართ სოფლებში და ვსწავლობთ თუ რა პრობლემები აწუხებთ, ვამოწმებთ, რამდენად სრულდება მმართველი პარტიის დაპირებები. ამ დროისთვის ენმ-ის ქედის ორგანიზაციაში 170 ადამიანს აქვს პარტიული ბილეთი, 70 ადამიანი კი ითხოვს პარტიული ბილეთის მიღებას“.

 

საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ გეგმავს „ეროვნული ფორუმი“ პარტიული ოფისის გახსნას ქედაში. „ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოს წევრი და აჭარის რეგიონის კურატორი დავით ანანიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ქედაში ერთი თვეა არ ჰყავთ, რადგან ყოფილი თავმჯდომარე და ქედის საკრებულოს წევრი სხვა სამსახურში გადავიდა და პარტიიდან გასვლა მოითხოვა.

 

„ქედაში პარტიულ ოფისს კონფერენციის ჩატარების შემდეგ გავხსნით, რაც შეეხება ყოფილ ოფისს, დაქირავებულ ფართობზე სხვასაც ჰქონდა პრეტენზია და დათმობა მოგვიხდა. თუ დაიქირავებ ფართობს, არანაირი პრობლემა არ არის, ყველა პარტიას ერთნაირ პირობებში უხდებოდა მუშაობა. ქედაში ჩვენ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას ვინ დაიკავებს, ეს კონფერენციის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“, – ამბობს დავით ანანიძე.

 

საკუთარი ოფისი არც „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციას“ აქვს ქედაში, ამ კოალიციის ოფისი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში დაიხურა. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი ქედის საკრებულოში მურმან დავითაძე ამბობს, რომ ოფისის არარსებობა პარტიულ მუშაობაში ხელს არ უშლის.




გადაბეჭდვის წესი


ასევე: