დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ევრაზიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ტრაბზონისა და ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ევრაზიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ომერ ილდიზი, რექტორი აშქინ ასანი, უნივერსიტეტის გენერალური დირექტორი გულაი იენიჩერი და ლექტორი ჰაქან სავაში.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ევრაზიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონის მიმართ ინტერესი გამოხატეს. ისინი ფიქრობენ, რომ ქსელის გაფართოების მიზნით ბათუმში ფაკულტეტის დაფუძნება ხელს შეუწყობს ადგილობრივი აბიტურიენტებისა და აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას.
ტრაპზონის ევრაზიის უნივერსიტეტი 2010 წელს დაარსდა. იქ ამ დროისათვის დაახლოებით 5 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტრო და პროფესიული პროგრამები.
ევრაზიის უნივერსიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი აქვს გაფორმებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან.