ნეტგაზეთი • RU

არჩილ ხაბაძე და ნოდარ ხადური სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან

 

დღეს, 14 ნოემბერს, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს ქედის რაიონის სოფლები: პირველი მაისი, მახუნცეთი, კოლოტაური და ხუნკუდა. 

 

 

არჩილ ხაბაძე და ნოდარ ხადური დამეწყრილ სოფლებში

 

სოფელ პირველ მაისში რიზმან ყადიძის ოჯახი მოინახულეს, სადაც წუხელ, გვიან ღამით ჩამოწოლილი მეწყერი საცხოვრებელ სახლში შევარდა. სტიქიის შედეგად ჩაიხერგა სოფლების – გულებისა და ხუნკუდას დამაკავშირებელი გზა. სოფელ კოლოტაურში ძლიერმა ქარმა წააქცია ხის სახლი, სადაც ჯემალ სალაძის მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად ოჯახი გახიზნულია. სოფელ მახუნცეთში, ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მცხოვრები ოთხი ოჯახი ევაკუირებულია. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ადგილობრივი სამსახურები აქტიურად განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

 

სოფლების დათვალიერების შემდეგ არჩილ ხაბაძემ და ნოდარ ხადურმა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საგანგებო შეხვედრა გამართეს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მათ სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია.

 

„ჩვენ ადგილზე გავეცანით შექმნილ მდგომარეობას. სამწუხაროდ, წუხელ უამინდობის გამო რამდენიმე ობიექტზე კვლავ განმეორდა მეწყრის საშიშროება. მობილიზებულია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილებზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. უახლოეს პერიოდში დაიწყება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლა და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დააფინანსებს,“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

 

დამეწყრილი სახლი

 

„ამ დროისთვის საგრძობლად დიდი ზიანი მიადგა ქედის რაიონს. მძიმე სიტუაციაა შუახევსა და ქედაში. რაიონში დაზიანდა ერთი ხიდი. რამდენიმე მიმართულებით პარალიზებულია გზა ხულოში და შუახევში. მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა კომუნიკაციები. დილიდანვე მუშაობს გზების დეპარტამენტი. ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია,“ – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

 

სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარის რეგიონში შეუჩერებლივ ხორციელდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები”
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.