„სოფელში აკვანი აღარ ირწევა“ – რატომ იცლება ხულო? | რეპორტაჟი 6 სოფლიდან

„სოფელში გვყავს 2 ბავშვი, 11 თვის არიან, სხვა ბავშვები აღარ გვყავს“, „აკვანი აღარ ირწევა სოფელში“, „მე ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ აქ ახალგაზრდობა გაჩერდეს“ – ამ ფრაზებს ხულოს სოფლებში მცხოვრები ადამიანებისგან ვისმენთ.

ერთ დროს, მაღალი შობადობით და ხშირი დასახლებებით გამორჩეული ხულოს სოფლებიც თითქმის დაცლილია.

„ბათუმელები“ ამ კვირაში ხულოში, ხიხაძირის თემის 6 სოფელში იმყოფებოდა, სადაც მთაში შემორჩენილ მოსახლეობას სოფლების გასაჭირზე ესაუბრა. სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ოჯახების აზრით, მთის დაცლის მიზეზი უწყლობა, უმუშევრობა და დაბალმოსავლიანობაა.

  • სოფელი ძმაგულა

„5-6 წელია, რაც სოფლიდან ახალგაზრდობა წავიდა. ეს სოფლისთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია – პირველკლასელი არაა, 12 კლასში 19 მოსწავლე სწავლობს. 4 კლასი საერთოდ აღარ გვყავს“, – ამბობს თეიმურაზ მახარაძე, რომელიც ძმაგულას საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის.

თეიმურაზ მახარაძე

მისი თქმით, ახალგაზრდობას იმ შემთხვევაში დააკავებ სოფლად, სულ ცოტა 1000-ლარიან სამსახურს მაინც თუ შესთავაზებ.

„როცა მიდიან, უმეტესობა ნაქირავებში ცხოვრობს, თუმცა მაინც უღირთ წასვლა. სოფელში სკოლის გარდა ვერსად დასაქმდება ადამიანი, სკოლაშიც ყველა ვერ დასაქმდება“, – ამბობს თეიმურაზ მახარაძე.

ბეჟან მახარაძეც ამ სოფელში ცხოვრობს. ამბობს, რომ სულ ცოტა, ხუთი წელი მაინც არ ეყოლება სკოლას პირველკლასელი. სოფელში გვყავს ორი ჩვილი ბავშვი და ისინი როცა გაიზრდებიან და თუ დარჩებიან აქ, ესაა.

პერსპექტივა არ არის, არაფერი არ ჩანს. ამ ფაროსანამ ხომ წაიღო ყველაფერი – აღარც ხილია, მოსავალიც აღარ მოდის. ფაბრიკა, ქარხანა რომ აშენდეს, რაღაც შემოსავლის წყარო გაჩნდება, ან საქონელი რომ მოაშენო და რძე გაყიდო, მაშინ კიდევ შეიძლება გაჩერდეს აქ ადამიანი, მაგრამ სხვა შემთხვევაში არა“, – ამბობს ბეჟან მახარაძე.

ბეჟან მახარაძე

მისი თქმით, სოფელს ძმაგულას სასმელი წყლის პრობლემა აქვს, მეზობელი სოფლიდან აპირებდნენ გამოყვანას, თუმცა ხელისუფლებამ ხარჯები არ გაიღო. „სასმელი წყალი გვაქვს ძალიან ცუდი, თუმცა ეძვირათ გამოყვანა, რამდენიმე მილიონ ლარზე იყო საუბარი“, – გვეუბნება ის.

მაგრამ ხომ ღირდა სოფლისთვის, არა? – ვეკითხებით მას. „ღირდა, მაგრამ“, – გვპასუხობს ის.

ბეჟანის შვილებიც ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, სოფელში მხოლოდ ის და მისი მეუღლე არიან. „აქ ამოვიყვანო და რა გავაკეთებინო? კარტოფილი რომ მოგვყავდა ადრე 3-5 ტონა, ახლა ისიც აღარ მოდის. რა უნდა ქნან აქ“, – გვეუბნება ბეჟან მახარაძე.

  • სოფელი ქვედა თხილვანა

ამ სოფელში ხათუნა ქამადაძეს ვესაუბრეთ, ის სკოლის ექთანია. ახალგაზრდებისგან სოფლების დაცლას ისიც განიცდის. ამბობს, რომ თხილვანას სკოლაში, თითო კლასში 1 ან 2 ბავშვი ზის, ზოგიერთი კლასები კი საერთოდ გაუქმდა.

ხათუნა ქამადაძე

„ყოველდღე ერთი და იგივე რიტმი აქვთ – სკოლა, მასწავლებელი, გაკვეთილი. სხვა არაფერი შემეცნებითი-გასართობი არაფერი აქვთ სოფელში ბავშვებს. კინო აქ არ არის, თეატრი, მაღაზია. ნაყინს ვერ უყიდი რომ გინდოდეს. ამიტომ განიცდის სოფელი მიგრაციას.

17 მოსწავლე ჰყავს ჩვენს სკოლას ჯერჯერობით. ბავშვებსაც აღარ აქვთ მოტივაცია, რომ ისწავლონ. ჩემი შვილები ახლა სოფელში სწავლობენ, მაგრამ რომ დაასრულებენ, მინდა ქალაქში წავიყვანო“, – ამბობს ხათუნა ქამადაძე.

საუბარში ბავშვების ბებია ერთვება. მისი თქმით, რთულია, როცა კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა.

„ჩემი ერთი შვილიშვილი მე-6 კლასშია და მარტოა კლასში. გაკვეთილის მოყოლაც მას უწევს, დავალების დაწერაც და მორიგეობაც. ყველაფერი ამის კისერზეა“, – ამბობს ბავშვის ბებია.

მის თქმით, წლების წინ, ამ სკოლაში პარალელური კლასები არსებობდა, ახლა კი სკოლას პირველკლასელიც კი აღარ ჰყავს.

„საწვავი გაძვირდა, ტრანსპორტი გაძვირდა, გზა გაძვირდა – ყველაფერი გაძვირდა სოფლისთვის. ქალაქში უფრო ხელმისაწვდომია ყველაფერი, ვიდრე სოფელში.

  • სოფელი კალოთა

ამ სოფელშიც ხანდაზმული ადამიანები არიან შემორჩენილი.

ნათელა მამულაძე 80 წელს მიღწეული ქალია, თუმცა ამბობს, რომ ზამთარს სოფელში დიდი ხანია აღარ ატარებს.

ნათელა მამულაძე

„ახლა, შემოდგომაზე რომ წავალ და კარებს დავკეტავ, მაისში ამოვალ. სოფელში ყანას ვამუშავებთ. მოგვყავს მოსავალი – კარტოფილი, ფხალი და ოჯახს გვყოფნის“, – ამბობს ნათელა მამულაძე.

მისი სამი შვილი ქალაქში ცხოვრობს და ისიც მათთან ჩადის გამოსაზამთრებლად. „ჩემი ერთი შვილიშვილი პრაღაში ცხოვრობს. აღარ ჩამოდის, მოსწონს ძალიან“, – გვეუბნება ის.

თქვენ არ გინდათ ევროპული პენსია? – ვკითხეთ ნათელა მამულაძეს. ის სიცილით გვპასუხობს – „აქ ვინ მოგვცემს ევროპულ პენსიას“.

ნათელას თქმით, აქაურები უკვე მთაში მემთეურადაც აღარ მიდიან, რადგან საქონელი გაყიდეს.

„ბალახი ვერ მოიტანეს, ბენზინი გაძვირდაო და მიდის ყველა ბათუმში. ერთი ძმა მყავს აქ და ისიც მიიბარგება“, – გვეუბნება ნათელა მამულაძე. მისი თქმით, ამ სოფლის სკოლის დირექტორი მისი ძმისშვილია, რომელიც ასევე აპირებს ქალაქში გადასვლას.

„პირველი კლასი არც გასულ წელს იყო და არც წელსაა. არც მომავალში იქნება, რადგან ბავშვები აღარ იბადებიან სოფელში. ტელეფონზე სკოლის დირექტორს ურეკავს – ჩემი ძმისშვილია და ვკითხავ მოსწავლეების რაოდენობაზეო.

„11 მოსწავლე ყოფილა სკოლაში. პირველი, მე-2, მე-11 და მე-12 კლასები გაუქმებულია სკოლაში. მასწავლებლები წავიდნენ, მოსწავლეები წავიდნენ და ამიტომ დაიხურა კლასები.

ახალი წლიდან ჩემი ძმისშვილიც მიდის ქალაქში და დირექტორიც აღარ ეყოლებათ. ცოლ-შვილი უკვე გადაყვანილი ჰყავს და თვითონაც აპირებს წასვლას“, – გვეუბნება ნათელა მამულაძე.

  • სოფელი ფუშრუკაული

სოფლის საკრებულოში რამდენიმე ადამიანია შეკრებილი და მსჯელობენ. ერთი სკოლის დირექტორი იყო ბევრი წლის წინ, მეორეც სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად.

ზურაბი 84 წლისაა და ამბობს, რომ სოფლის დაცლის მიზეზი, უმუშევრობა და უპერსპექტივობაა.

„ახალგაზრდაა, სტუდენტია, მოხუცია ქალია, კაცია ყველა ქალაქისკენ მიდის. ხელისუფლებამ ვერ დაასაქმა ხალხი აქ, ადგილზე. ვერ შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ქალაქისკენ არ წავიდნენ.

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყავი 1975 წელს, 182 მოსწავლე მყავდა სკოლაში, ახლა 34 მოსწავლეზეა ჩამოსული.

ჩემს სოფელში, ოშანახევი ჰქვია, 20 კომლიდან 2 კომლი ვრჩებით ზამთარში და რაიმე რომ შეგემთხვეს, ვერც ვერავინ ვერ მოგისწრებს, ვერც მანქანა გამოვა და ვერც ვერავინ. შარშან-შარშანწინ 3 მეტრო თოვლი მოვიდა, სად უნდა ნახო ან ექიმი ან ვინმე“, – ამბობს ზურაბი.

მისი აზრით, სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლის მიზეზი უმუშევრობაა, თუმცა  ანაზღაურებაც მიაჩნია პრობლემად.

„ჩვენზე დაბალი ხელფასი მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში არ არის. ორი უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული და გლეხისგან არ განმასხვავა. მომცა 500 ლარი და გააძვირა ფქვილი, შაქარი, ბრინჯი.

პარლამენტის თავმჯდომარეს 12 000 ლარი აქვს ხელფასი, ორჯერ მეტი პრემიერ-მინისტრს. მილიარდები კიდევ სადღაც აქვთ გადანახული, ასე გვესმის ტელევიზიებიდან. პარლამენტარს ფეხებზე ჰკიდია, 14 00 ლარი რად უნდა. გლეხი გამართე წელში, რომ გვერდით დაგიდგეს.

ივანიშვილი სულ ამბობდა, ღარიბაშვილი ჩემი მარჯვენა მკლავიაო და ყველა თანამდებობა მოატარა, მაგრამ ხომ ხედავთ რა ქნა – ოქრო-ვერცხლი მოიპარა. მიუშვებენ, მიუშვებენ და მილიარდამდე რომ მივლენ, მერე უშვებენ ციხეში“, – ამბობს 84 წლის ზურაბი.

ამ სოფელში კიდევ ერთ ადამიანს ვესაუბრეთ, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაზე ჯავრობდა.

სოფელ ფუშრუკაულის მაცხოვრებელი

„ამასწინათ ჩავედი გასასინჯად, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და ანალიზები გჭირდებაო. ერთი 99 ლარი ღირდა და მეორე 80 ლარი. ვუთხარი – „ჯობია მოვკდე-მეთქი“. წამალი გაიაფდაო, რომ ამბობდნენ, ლარში ვყიდულობდი ერთს და ახლა 1.50-ზე აუყვანიათ 1 ტაბლეტი. 1 თვის წამალი ჯდებოდა 60 ლარი. ვერ ვიყიდი, გამოვიარე და წამოვედი“, – გვეუბნება ფუშრუკაულში მაცხოვრებელი კაცი.

მისი თქმით, თუ მთაში მცხოვრებ ადამიანებს ხელისუფლება არ მიხედავს, სოფლები კიდევ უფრო დაიცლება. „სოფლები გახდება ნასოფლარები. 80 კომლი ვიყავით, ახლა ვართ 14 კომლი. აკვანი არ ირწევა სოფელში“, – გვეუბნება ის.

სოფელ ფუშრუკაულში სკოლის მასწავლებელსაც ვესაუბრეთ. ედნარ ჯაიანი ამბობს, რომ დღეს, სოფლის საჯარო სკოლაში მხოლოდ 5 მოსწავლე ჰყავთ.

„გვყავს მე-3, მე-4, მე-6 და 2 ბავშვიც ზემო კლასებში. უცხო ენაც არ ისწავლება სკოლაში, რადგან მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, 13-14 საათისთვის აქ ვინ ამოვა ქალაქიდან.

გამორიცხულია, რომ აქ ბავშვების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ახალგაზრდობა სოფელში ფაქტობრივად აღარ არის და მეც ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ აქ ახალგაზრდობა გაჩერდეს. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვართ სახლში, შვილები ქალაქში წავიდნენ, მეზღვაურები არიან და აქ ისედაც ვერ დარჩებოდნენ“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, თანდათან ხელისუფლება ალბათ გამოიღვიძებს და შექმნის დასაქმების პირობებს სოფელში.

„აქვს ჩვენს ქვეყანას იმის შესაძლებლობა, რომ ახალშექმნილ ოჯახებს საჩუქარი გაუკეთონ, მისცენ შვილებზე რაღაც“, – გვეუბნება ის. ეს 5 მოსწავლეც რომ წავა, მერე რას აპირებთ პედაგოგები? – ვკითხეთ ედნარ ჯაიანს.

„მაგაზე უკვე ნაფიქრი გვაქვს, ნამსჯელი გვაქვს და ალბათ ვფიქრობ, ჩვენი წასვლის დროც მოვიდა“, – ამბობს ის.

  • სოფელი ხიხაძირი

სოფელი ხიხაძირიც იმ სოფლების რიცხვშია, საიდანაც ახალგაზრდობა ქალაქში მიდის.

სერგო ჯაიანი

„22 ათასი ლარი ჯარიმა დაუწერეს 6 ადამიანს – ხარებით მოჰქონდა შეშა. შეუფასეს როგორ მასალა და ორს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. ასე როგორ შეიძლება? ზამთარი მოდის, ადამიანმა უნდა მოიმარაგოს.

ვინც აქ დარჩა, იმასაც მისაშენებელ-მოსაშენებელი აქვს, ღობე სჭირდება, რაღაც მასალა სჭირდება. აძლევენ ერთ მოსახლეს სამ წელიწადში 3 კუბურ მეტრს, რას შეძლებს ამით, რას მოიმარაგებს.

92 წლის ქალია სოფელში, რომელიც რამდენიმე წელი უსახლკაროდ იყო და მე ავუშენე სახლი, ახლა ზამთრის შეშა აქვს მაგ ქალს მოსატანი, არ ცხოვრობს ახალგაზრდა, ჯანიანია კაცი სოფელში, რომ შეშა მოუტანოს.

არის კიდევ 1-2 ოჯახი, რომელსაც არავინ ჰყავს მიმხედავი და ღმერთის ამარად არიან დარჩენილები. აქ უნდა დახმარებოდნენ ამ ხალხს. იქამდე არ უნდა მიიყვანონ საქმე, რომ ადგნენ და ქალაქში წავიდნენ ადამიანები.

ხულო, ხიხაძირის თემი

ზოგმა გაყიდა ბინა-ბურჯი და წავიდა, რადგან აქ გაუჭირდა ცხოვრება“, – ამბობს სერგო ჯაიანი.

მისი თქმით, არასწორია როცა სახელმწიფო პოლიტიკას ხალხისთვის სიკეთის ნაცვლად ზიანი მოაქვს.

„აქ შეშისთვის ბილეთს გაზაფხული ნაცვლად სექტემბერში გაძლევენ. სექტემბერში მოტანილი შეშა ისიც ხარით, ზამთარში ხმელი არ იქნება. ამიტომ ნებართვები უნდა გაიცეს მარტში, აპრილში რომ ადამიანმა შეშა მოიმარაგოს“, – ამბობს სერგო ჯაიანი.

ის საუბრობს სოფლებში ბოძების გაუმართაობაზეც, რის გამოც, ზამთარში სოფლები ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

„არცერთი ეს ბოძი განახლებული არ არის. მთავარი ძაბვის ბოძი ნახეთ, ის გაზაფხულამდე გაჩერდება? ერთი ქარის მოქროლაზე წაიქცევა. არ შეაკეთეს.

წაიქცევა, შუქი აღარ იქნება, შუქი არ იქნება, ინტერნეტი და ტელევიზორი აღარ იქნება და ვიქნებით ასე უშუქოდ კვირები“, – ამბობს სერგო ჯაიანი.

  • სოფელი სკვანა

ახალგაზრდებისგან იცლება სოფელი სკვანაც. „ჩვენ ვართ მოხუცები და ჩვენ აღარ გვინდა და ახალგაზრდამ რა ქნას სოფელში?

არანაირი შემოსავალი არ არის, არანაირი მომავალი. ზამთარში მეც ქალაქში მივდივარ შვილთან.

აქ იმხელა თოვლი მოდის, გზები იკეტება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ექიმი არ არის და წამალი – ავად რომ გახდე და ვინმემ მოგხედოს. სანამ ხულოდან აქ სასწრაფო ამოვა, ადამიანი შეიძლება აღარ იყოს.

ძალიან ცუდ პირობებშია სოფლები, ამიტომაც დაიცალა. 10 კომლი რჩება ამ სოფელში ზამთარში, დანარჩენი სახლები დაცლილია, დაკეტილი“, – ამბობს სკვანაში მცხოვრები ქალი.

მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოში

პარტიების აკრძალვის თემაზე სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში მედია ვერ გადაიღებს.

ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს.

21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

კონსტიტუციონალისტების მოსაზრებით, სარჩელის სიღრმეში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ბევრად უფრო მძიმე საფრთხეები იმალება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აყენებს საფრთხის ქვეშ.

ამ ისტორიულ და მნიშვნელოვან სასამართლო სხდომებს კი მედია ვერ გადაიღებს.

როგორც „ბათუმელებს“ საკონსტიტუციო სასამართლოში განუმარტეს, სხდომის ტრანსლირება მოხდება სასამართლოს იუთუბ არხზე, ხოლო საინფორმაციო საშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს სხდომათა დარბაზში შესვლას და კამერით მუშაობას.

სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს დარბაზში შესვლა და დასწრება შეეძლებათ, თუმცა არ ექნებათ გადაღების უფლება. ამასთან, შესვენების გამოცხადებამდე ვერ შეძლებენ სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვებას.

ასევე დარბაზში არ დაიშვებიან არც ფოტორეპორტიორები. მათ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული ვიდეო მასალის მიღების საშუალება ექნებათ.

„ბათუმელებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა ოფიციალური დოკუმენტის მიწოდება, თუ რის საფუძველზე მიიღო მედიისთვის გადაღების შეზღუდვის გადაწყვეტილება.

„ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სასამართლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა მსურველი დაესწროს.

პროცესისადმი მოლოდინი არის ძალიან დიდი, წარმომადგენლები არიან ძალიან ბევრნი, ამიტომ პირველმა არხმა, როგორც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მოგვმართა წერილით პირდაპირი ტრანსლაციის შესახებ. თუ დაკმაყოფილდება ეს წერილი, საუკეთესო გამოსავალია, რომ სასამართლო სხდომა გადაიცეს პირდაპირ ეთერში.

ასევე სხდომა გადაიცემა სასამართლოს იუთუბ არხზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად  არ არის დარბაზში იმის საშუალება, რომ ყველა მედიასაშუალება დადგეს თავისი კამერით და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ სასამართლო სხდომაზე დაწესებული შეზღუდვის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში.

ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთო სასამართლოებში მედიას ფოტო/ვიდეო/აუდიო გადაღება და ჩაწერა აეკრძალა, საკონსტიტუციო სასამართლო იყო გამონაკლისი, სადაც ეს აკრძალვა არ მოქმედებდა.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები დავობენ კონსტიტუციურია თუ არა საერთო სასამართლოებში გადაღების აკრძალვა.

ამავე თემაზე: 

კონსტიტუციურია სასამართლოში გადაღების აკრძალვა? – საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

პირობა იყო ასეთი: იმ შემთხვევაში გავყვებოდი ცოლად, თუ უმაღლესში ვისწავლიდი – 83 წლის პედაგოგის ისტორია

63 წლის წინ, ქორწინებამდე, თამარ გოგიტიძემ პირობა ჩამოართვა საქმროს, რომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებოდა. თუ არა და, ქორწინებაზე უარს იტყოდა. მაშინ ის 20 წლის იყო, მისი მომავალი ქმარი – 31-ის.

„რატომ?“ – ვკითხეთ მას.

„იმიტომ, რომ სწავლა მინდოდა ძალიან. ჩემი ოცნება იყო, რომ მესწავლა“, – გვითხრა თამარმა, რომელიც ამ ოცნების ასრულების შემდეგ, 55 წლის განმავლობაში, თავად ასწავლიდა სხვებს.

გვითხრა, რომ კირნათის საჯარო სკოლაში მუშაობის განმავლობაში ამ სოფლის შვიდი თაობა აღზარდა, როგორც დამრიგებელმა და მათემატიკის მასწავლებელმა.

„რატომ გინდოდათ სწავლა?“ – ჩავეკითხეთ მას კიდევ ერთხელ.

„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ვისწავლიდი, კარგი ცხოვრება მექნებოდა. ბავშვობიდან, ჩვენი მშობლებისგან ასე ვიყავით ინფორმირებული“, – გვეუბნება თამარი.

ის გვიყვება, რომ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა – 7 და-ძმა ჰყავდა. გაიზარდა სიღარიბეში, მაგრამ იმ შეგნებით, რომ თუ ისწავლიდა, მომავალში უკეთესი ცხოვრება ექნებოდა.

„უწინ ძალიან გაჭირვება იყო. ახლა რომ ტანსაცმელი გვაქვს, საჭმელი, წასვლა-მოსვლა შეგვიძლია, ასე კი არ იყო მაშინდელი ცხოვრება?! ჩემს ოჯახში ასე არ იყო. მე და ჩემი და ფეხით გავდიოდით 5 კილომეტრს სასწავლებლამდე“, – გვიყვება თამარი.

83 წლის ქალის ამბობს, რომ განათლება და სამსახური ქალისთვის საკუთარი შემოსავლის მიღების საშუალებაა, რომელიც მის ფინანსურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოს. თამარ გოგიტიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალს ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და არ იყოს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, მაგალითად, ქმარზე. ის ამას საკუთარ მაგალითზე ასწავლის შვილიშვილებს.

ქალისთვის განათლებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბარს თამარ დედის გახსენებით იწყებს.

„დედაჩემი არ იყო განათლებული ქალი, მაგრამ წერა კითხვა-იცოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო მაშინ და იმათ ასწავლეს. იმდენი იცოდა, რომ 1-ელ კლასში ჩვენ [შვილებს] გვეხმარებოდა – წაკითხვა, ასოების დაწერა და ა.შ.

ჩემი გაგებით ქალის მცირედი ხელფასიც ძალიან ძვირფასია, რომ არ იყო ქმარზე დამოკიდებული. ესე იგი, ერთმანეთს გვერდით უდგახართ. რა თქმა უნდა, ქმარმაც არ უნდა გაფლანგოს და უნდა შემოიტანოს ოჯახში, მაგრამ ქალი რომ ხელფასს აიღებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე ჩემს შვილიშვილებსაც ამას ვეუბნები“, – ამბობს თამარ გოგიტიძე.

  • ქორწინება გარიგებით

თამარ წითელაძე ქედაში, სოფელ ოქტომბერში დაიბადა. მეშვიდე კლასამდე სწორედ ამ სოფლის სკოლაში დადიოდა, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ქედის ტექნიკურ სასწავლებელში. იქ საშუალო განათლებასთან ერთად დაასრულა ზოოტექნიკური ფაკულტეტი.

როგორც ამბობს, ბავშვობიდან მასწავლებლობა უნდოდა, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას სწორედ ამ მიმართულებით გეგმავდა. თუმცა, ამ პერიოდში ის შუამავლის საშუალებით შეხვდა თავის მომავალ ქმარს, რეჯებ წითელაძეს. შუამავალი, ანუ ე.წ. მაჭანკალი იყო მისი ბიცოლა, რომელიც მომავალი ქმრის ოჯახსაც ენათესავებოდა.

„მაჭანკლობით [დავქორწინდი]. ბიცოლაჩემი იყო მაჭანკალი. ბიძამ და ბიცოლამ გამომარჩიეს მათი ნათესავისთვის. ბიცოლაჩემის ნათესავი იყო ჩემი ქმარი. შეხვედრა 1-2-ჯერ მოხდა. რა თქმა უნდა, უფროსები გვახლდნენ.

არ იყო წინააღმდეგობა. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგი ქმრის გვერდით არ გამჭირვებია. რა ვიცი, სხვა შეყვარებული არ მყოლია. ვინც გამოჩნდა და ვისაც გავყევი ცოლად, მე ის მომწონდა და მიყვარდა კიდეც“, – გეუბნება თამარ გოგიტიძე.

ამბობს, რომ ქმარი მის პირობას დასთანხმდა. თუმცა, საქმე ამით არ ამოწურულა. მთავარი იყო ნებართვის მიღება ქმრის მშობლებისგანაც – თამარ გვიხსნის, რომ ადრე ოჯახში მსგავს გადაწყვეტილებებს ოჯახის უფროსები იღებდნენ.

თამარ გოგიტიძე (ფოტო: გურამ მურვანიძე)

„ქორწინებამდე პირობა იყო ასეთი, რომ მე გავყვებოდი იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესში მომაწყობდნენ. ჩემი პირობა იყო ასეთი, მაგრამ დამთანხმდებოდნენ თუ არა არ ვიცოდი. ქმარი კი იყო თანახმა, მაგრამ მთავარი იყო დედამთილი და მამამთილი. მაშინ ოჯახში გადამწყვეტი პიროვნება იყო ოჯახის უფროსი – მამამთილი.

განათლება არც ჩემს დედამთილს ჰქონდა, მამამთილს კი თურქეთში ჰქონდა დამთავრებული მუსლიმური სასწავლებელი. ის დათანხმდა, რომ მესწავლა უმაღლესში – თუ ჩააბარებს, წავიდეს და ისწავლოსო. 1964 წელს გავთხოვდი და 1965 წელს მოვეწყე ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში მათემატიკის ფაკულტეტზე.

მე უნივერსიტეტის გზაც არ ვიცოდი. ქმარმა მიმიყვანა პირველად, დავწერეთ განცხადება და ჩავირიცხე დაუსწრებელ ფაკულტეტზე. დაუსწრებელი სასწავლებელი იყო მაშინ, მაგრამ საკმაოდ რთული იყო. მერე შვილიც გამიჩნდა. მერე მეორეც გამიჩნდა – სტუდენტობის პერიოდში. თუმცა, დედამთილი მეხმარებოდა, უვლიდა“, – გვიყვება თამარ გოგიტიძე.

ის მადლიერია როგორც დედამთილის, ისე ოჯახის სხვა წევრების. მისი თქმით, თუ ოჯახში როლები განაწილდება და ერთმანეთის მიმართ ყველა ურთიერთპატივისცემით იქნება განმსჭვალული, ცხოვრებაც უფრო მარტივი იქნება. ამას ის საკუთარი გამოცდილებით ამბობს: გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახში 16 ადამიანი ცხოვრობდა ერთად – დედამთილ-მამამთილი და 4 ძმა, თავიანთი ცოლ-შვილით.

„მოვედი მრავალსულიან ოჯახში. მყავდა დედამთილი, მამამთილი, ორი დასაქორწინებელი ძმა ჰყავდა ჩემს ქმარს და 1 იყო დაქორწინებული – ჰყავდა ცოლი და სამი შვილი. ვცხოვრობდით ყველანი ერთად. მერე ის პატარებიც დაქორწინდნენ და ოთხი შვილი, ოთხი რძალი ერთად ვცხოვრობდით. სახლი საკმაოდ დიდი იყო და ყველა ვეტეოდით. ყველას თავისი ოთახი ჰქონდა, მაგრამ ერთად ვჭამდით და ერთად კეთდებოდა საჭმელი.

ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ ნაწილდებოდნენ და ერთად ვცხოვრობდით. რამე წინააღმდეგობა არ ყოფილა. ურთიერთპატივისცემა და კარგი დამოკიდებულება სუფევდა ოჯახში. არ იყო იმდენად რთული. მეც ახალგაზრდა ვიყავი“, – გვიყვება თამარი.

ამბობს, რომ ოთხ რძალს შორის ერთადერთი იყო, ვისაც საოჯახო საქმე უნდა შეეთავსებინა სწავლასა და სამსახურთან. თუმცა, ეს ორმხრივი ხელშეწყობის საფუძველზე ხდებოდა – საშინაო საქმეებს მეტწილად სხვა რძლები ინაწილებდნენ, სამაგიეროდ თამარი მუდმივად ცდილობდა საკუთარი ხელფასი გაენაწილებინა.

„მე ვიყავი სახლიდან გასული, სამსახური მქონდა, თორემ დანარჩენი რძლები სახლში იყვნენ. ისინი ბაღჩაშიც ჩადიოდნენ, ჩაისაც კრეფდნენ, დახვნა, დათესვა, პირუტყვის მოვლა და ა.შ. ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ, მე თუ რამე შემოსავალი მქონდა, თუ რამეს შევიძენდი, აუცილებლად ყველას რაღაცას ვარგებდი. პატივს ვცემდი თავიდან ბოლომდე.

თუ არ გყავს ისეთი ადამიანი, რომელიც შენ შვილს შეხედავს, კი ვერ იმუშავებ?! ამიტომ, შენც უნდა იზრუნო იმ ადამიანზე – დედამთილი იქნება თუ შილი [მაზლის ცოლი]. შენს შვილს რომ დაბანს, აჭმევს, დააძინებს … ეს პატარა საქმე კი არაა?! შვილების გაზრდა ძალიან რთული საქმეა“, – გვეუბნება თამარი.

ბავშვის აღზრდა რომ რთული საქმეა, თამარ გოგიტიძემ ძალიან კარგად იცის. გარდა იმისა, რომ მასწავლებელია და თითქმის მთელი სოფელი მისი ყოფილი მოსწავლეა, ჰყავს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი.

მას ვკითხეთ, როგორ შეიცვალა ქორწინების პრაქტიკა და ოჯახური ურთიერთობები. 83 წლის ქალი ამბობს:

„მე რძლები მოვიყვანე ყველა თანხმობით და მათი შეხედულებით. თვითონ გადაწყვიტეს დაქორწინება და არ ჩავრეულვარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვზრუნავდით – ქორწილებიც გავაკეთეთ, ძველებურად „ბოღჩა-ნიშანს“ რომ იტყვიან, ისიც ნაყიდი მაქვს… რაც შეეხება შვილიშვილებს, მე ბებია ვარ და არავითარ წინააღმდეგობას მე არ გავწევ. ისინი შეძლებენ გადაწყვიტონ ისე, როგორც საჭიროა.

ჩემს პერიოდში [ახალგაზრდობაში] ძალიან მორიდებული უნდა ყოფილიყავი. ქმარიც ძალიან თავდაჭერილი იყო. ოჯახში, სუფრაზეც კი არ დავსხდებოდით ერთმანეთის გვერდით. სირცხვილად მიგვაჩნდა. ასე ვიყავით გაფრთხილებული უფროსებისგან, რომ მაინცდამაინც სიახლოვე, სიყვარული არ უნდა გამოგვემჟღავნებინა. თითქოს უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. ახლა პირიქითაა.

კარგია ახლა, მომწონს თანამედროვე პერიოდში რომ ესიყვარულებიან ერთმანეთს, ეფერებიან, ზრუნავენ ერთმანეთზე [ცოლ-ქმარი]. ძალიან დიდ კმაყოფილების გრძნობას იწვევს ეს ჩემში“, – გვეუბნება თამარ გოგიტიძე.

საოცნებო პროფესიას თავი 7 წლის წინ, 76 წლის ასაკში დაანება.

„დრო იყო უკვე“, – გვითხრა ოდნავ სინანულშეპარული ხმით, თუმცა ამბობს, რომ საქმე ახლაც ბევრი აქვს: ზრუნავს ოჯახზე, შვილებსა და შვილიშვილებზე, შინაურ ცხოველებზე და ა.შ. ამბობს, რომ სხვებზე ზრუნვა სიამოვნებს და აპირებს ასე გააგრძელოს იქამდე, სადამდეც შეძლებს.

„მე რომ უკან დასაბრუნებელი გზა მქონდეს, ისევ ამ ცხოვრებით ვივლიდი. სხვა ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“, – გვითხრა ინტერვიუს ბოლოს 83 წლის ქალმა.

თამარ გოგიტიძის ოჯახი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იყო. ამის შესახებ პედაგოგის მონათხრობს შეგიძლიათ მოუსმინოთ შემდეგ ბმულზე:

YouTube video player

ენმ და თავისუფლების მოედანი საკონსტიტუციოსთან აქციას აანონსებს – პროტესტი პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ

ხვალ, 21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებენ „თავისუფლების მოედანი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

„21-23 ოქტომბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება პროცესი, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის გაუქმებას და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას აპირებს.

ეს ნაბიჯი კონსტიტუციის გაუქმების ტოლფასია, რადგან ხალხს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანის უფლებას; ასობით ათასი მოქალაქის ნაცვლად წყვეტს, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს; არღვევს მრავალპარტიულობის პრინციპს და დემოკრატიის საფუძვლებს; ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციას ავალდებულებს, ერთპარტიული რეჟიმით კი საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობით, “ქართული ოცნება” ჩანასახშივე კლავს ნებისმიერ ალტერნატივას ძალაუფლების უზურპაციისთვის. შექმნილი პრეცედენტით და სამართლებრივი ბერკეტით, მომავალშიც ნებისმიერი ახალი ოპონენტი თუ განსხვავებული აზრი, შესაბამისად პოლიტიკური საქმიანობაც, სამუდამოდ აიკრძალება.

ეს ისტორიული საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მომავლისთვის.

ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი არჩევანისა და თავისუფლებისთვის!

შევხვდებით ბათუმში, 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე!“ –  წერს „თავისუფლების მოედანი“ სოციალურ ქსელში.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან 11:00 საპროტესტო აქციას აანონსებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“.

„რუსები ქართულ სახელმწიფოს  ვერ გააუქმებენ“ – ამ მესიჯით ენმ მხარდამჭერებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდებს.

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია კი მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე, სხვა პარტიებისაგან დამოუკიდებლად განიხილოს მისი აკრძალვის საკითხი. ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2026 წლის 6 ოქტომბერს გადაეცა.

№1979 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

ამჯერად რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა. რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას მოითხოვს.

კონსტიტუციონალისტები კი ფიქრობენ, რომ სარჩელის სიღრმეში ბევრად უფრო მძიმე საფრთხეები იმალება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აყენებს საფრთხის ქვეშ. კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ დეპუტატების ამ სარჩელს გაიზიარებს, საქართველოს სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დადგება, ხოლო მომავალი ხელისუფლებებისთვის, რომლებიც ოდესმე მოვლენ ქვეყნის სათავეში, შეუძლებელი გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

__

ამავე თემაზე ვრცლად:

88 დეპუტატი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ – რა წერია პარტიების ამკრძალავ სარჩელში

14 წელი მიუსაჯეს ბათუმში, ოჯახის წევრების თანდასწრებით კაცის მკვლელობაში ბრალდებულს

14 წელი მიუსაჯეს გენო შარაშიძეს ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

  • საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მე ეს გამიზნულად გავაკეთე, ეს სურვილი იყო ჩემი, ვაღიარებ“, – აღნიშნა ბრალდებულმა ამ საქმის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე.

„დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა გასროლები“, – აღნიშნა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა „ბათუმელებთან“.

სასამართლო განხილვის დროს პროკურორი მკვლელობის მოტივად „წარსულში არსებულ უთანხმოებას“ ასახელებდა.

ამ თემაზე:

ბათუმში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს

 

 

 

 

არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო ქობულეთში კაცი დააკავეს

ქობულეთში დააკავეს კაცი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 141-ე მუხლის 11 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის განრიდება ოჯახიდან არ მომხდარა, ის მეორე მშობელთან ერთადაა სახლში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 568 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 425 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 25 570 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 51 359 ერთეული [+42]
  • MLRS – 2 227 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 714 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 571 572 ერთეული [+1 578]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 986 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 164 871 ერთეული [+293]
  • სპეცტექნიკა – 4 842 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

88 დეპუტატი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ – რა წერია პარტიების ამკრძალავ სარჩელში

„აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“, – ეს არის ამონარიდი პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან, რომელსაც ხელს „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი აწერს.

21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ასე ჰქვია – „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.

„ქართული ოცნება“ გეგმავს აკრძალოს შემდეგი პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა, ლელო, ფედერალისტები და გახარია საქართველოსთვის.

საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას ძირითადი აქცენტი, როგორც წესი, პარტიების აკრძალვაზე კეთდება.

კონსტიტუციონალისტები კი ფიქრობენ, რომ სარჩელის სიღრმეში ბევრად უფრო მძიმე საფრთხეები იმალება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აყენებს საფრთხის ქვეშ.

კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ დეპუტატების ამ სარჩელს გაიზიარებს, საქართველოს სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დადგება, ხოლო მომავალი ხელისუფლებებისთვის, რომლებიც ოდესმე მოვლენ ქვეყნის სათავეში, შეუძლებელი გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„1996 წლიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნიდან დღემდე, პირველად ხდება, რომ სასამართლო პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს.

ასეთი პოლიტიკური ხასიათის, ასეთი მნიშვნელობის და მგრძნობელობის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. ამ სარჩელით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არა მხოლოდ დემოკრატია, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სიმართლე 2008 წლის ომში,“ – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“.

გიორგი გოცირიძე, საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი

„ბათუმელები“ გიორგი გოცირიძეს იმ საფრთხეების შესახებ ესაუბრა, რასაც ქვეყნისთვის ე.წ. პარტიების ამკრძალავი სარჩელი შეიცავს.

  • რა არის საკონსტიტუციო სარჩელის ფარული მიზნები? რა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს სუვერენიტეტს სამომავლოდ ის სამართლებრივი შინაარსი, როგორც არის აღწერილი სარჩელში „აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები“?

დავიწყოთ ტერმინით: „აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები“. ეს სარჩელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სარჩელში არის ასეთი ჩანაწერი:

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ აშკარა, არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა, ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებაში პოლიტიკური პოზიციების გამყარებას“.

ანუ, სარჩელს გამოაქვს ასეთი დასკვნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რითაც რეალურად გამყარებული და სწორი გამოდის რუსეთის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

აი, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს აქედან.

იქვე ჩამოთვლილია მოვლენები და ბოლოს საუბარია იმაზე, რომ 2008 წელს შეიქმნა ნიადაგი: „აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად.“

აქ პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ეს ნიადაგი (და არა უბრალოდ პოლიტიკურმა პარტიამ, თუმცა პოლიტიკური პარტიაც რომ ეწეროს, ბუნებრივია, მმართველი პარტია სახელმწიფოს სახელით მოქმედებს).

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დაწერა, ანუ ეს მოსაზრება და ტერმინოლოგია გადაწყვეტილებაში გადაიტანა და სარჩელი გადაწყვეტილებად იქცა, საქართველოს კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს მოუწევს იმის აღიარება, რომ ამ კონფლიქტში რუსეთი მართალია და საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე.

ეს იქნება შედეგი, რაც პრინციპულად აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს.

  • ერთი საკითხია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, მაგრამ ამ სარჩელს ხელს აწერს საქართველო პარლამენტში მყოფი 88 დეპუტატი, სარჩელი მათი სახელით არის შესული. ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი 88 დეპუტატი აცხადებს – „ომი საქართველომ დაიწყო“?

რა თქმა უნდა. სხვაგვარად ისინი ხელს არ მოაწერდნენ და ვერც მოაწერდნენ ამ სარჩელს. ისინი თვლიან, რომ 2008 წლის ომი საქართველოს მიერ არის პროვოცირებული და ამას პირდაპირ წერენ. ასევე წერენ, რომ რუსეთის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გამყარებულია.

ისინი პარტიაზე კი არ საუბრობენ, პირდაპირ წერია: ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა, ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და გაამყარა რუსეთის პოლიტიკური პოზიციები. ასე წერია სარჩელში.

  • იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს სარჩელის არგუმენტებს, შეიქმნება თუ არა იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება უშუალოდ სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმების წინაშე?

ბუნებრივია. ეს, პრინციპში, იქნება გარკვეულად იმის აღიარება, რომ ომი დაიწყო საქართველომ. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამას იტყვის, ბუნებრივია, ამას შესაძლოა მოჰყვეს ამ ტიპის ვალდებულებებიც.

  •  არსებობს რაიმე შანსი, რომ სასამართლომ ეს არ თქვას, თქვენ როგორ ხედავთ ამას?

თეორიულად, სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელია კონკრეტულად ამ არგუმენტაციის გარეშეც. მაგალითად, თუ სასამართლო იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები კონსტიტუციურ წყობილებას აზიანებენ იმის გამო, რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, ან არ აღიარებენ ამ რეჟიმს. თუ სასამართლო სარჩელს ამ საფუძვლით დააკმაყოფილებს და დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის არგუმენტზე საერთოდ არ იმსჯელებს, პრინციპში, შესაძლებელია ამ მძიმე შედეგის თავიდან აცილება.

საქმე ისაა, რომ სარჩელი ორი ნაწილისგან შედგება:

პირველი ნაწილი, ეს არის კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის არგუმენტი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს პარტიები არ აღიარებენ 2024 წლის არჩევნებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას. ასევე საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში არღვევდა ადამიანის უფლებებს, ართმევდა საკუთრებას, ხურავდა მედიასაშუალებებს, ამეტებდა ძალას და ციხეებში ჰქონდა წამება.

მეორე ნაწილი, ეს არის უშუალოდ ომთან დაკავშირებული არგუმენტი.

თუ სასამართლომ სარჩელი პირველი არგუმენტით დააკმაყოფილა, წესით, მას აღარ უნდა მოუწიოს მეორე არგუმენტზე გადასვლა და შედეგი თავიდან იქნება აცილებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილება მოხდა მეორე არგუმენტით, ანუ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მოტივით, ეს უკიდურესად დამაზიანებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის და მართლაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

მეორე არგუმენტით სარჩელის დაკმაყოფილება ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს, თითქოს ომი დაიწყო საქართველომ და სწორედ საქართველოს მხრიდან იყო პროვოცირებული რუსეთი, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებები დაეწყო.

სარჩელში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია 2008 წლის ომი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გადაწყვეტილებაში გადაიტანს, ომის დაწყება საქართველოს დაჰბრალდება.

  • თუ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება თუ არა ეს საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუციური თვითშეზღუდვა?

ასეთი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლო თავად შეუქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავადვე გაამართლებს რუსეთის ქმედებებს – იმ რუსეთის, რომელმაც „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში ეთნიკური წმენდა ჩაატარა და ეს რეგიონი მთლიანად გაწმინდა ეთნიკური ქართველებისგან. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საფუძვლით აკრძალავს პარტიებს, ის სწორედ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს გაამართლებს.

  • სამართლებრივად რა სახის შეზღუდვებს დაუწესებს სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება?

რუსეთი ამ არგუმენტს აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც დიპლომატიურ ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. თუკი საქართველოს კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ ასეთი დასკვნები გააკეთა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რუსეთი ამას ყველგან გამოიყენებს.

  • მომავალ ხელისუფლებებს სამართლებრივად როგორ შეზღუდავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში როგორ შეუშლის ხელს ეს გადაწყვეტილება, თუკი ის სასამართლომ მიიღო?

მე ვერც წარმომიდგენია, ეს გადაწყვეტილება როგორ შეიძლება შეიცვალოს. ხდება ხოლმე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკასა და მიდგომებს ცვლის, მაგრამ პარტიის აკრძალვა ერთჯერადი ქმედებაა, პარტია გაუქმდება და მომავალში პრაქტიკას როგორ შეცვლის სასამართლო, ვერ წარმომიდგენია. თუ ერთხელ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ის, ბუნებრივია, მომავალ პოლიტიკურ ხელისუფლებასაც შეზღუდავს. ის შედეგები, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება გამოიწვევს, შეუქცევადი გახდება.

  • როგორ ხედავთ მოსამართლეების არჩევანს, რის წინაშე დგანან ისინი და როგორია საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების ისტორიული პასუხისმგებლობა? რა შედეგი ექნება მათ მიერ ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას საქართველოს სუვერენიტეტისთვის?

აქ ერთი პარტიის ბედი არ წყდება. განსაკუთრებით სარჩელის მეორე ნაწილში, როგორც აღვნიშნე, სარჩელი ორი ნაწილისგან შედგება.

ეს მეორე ნაწილი ზიანს მიაყენებს არა „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას ან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსს, არამედ მთელ ქვეყანას. ის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ეს არგუმენტაცია და ეს ფორმულირება (ან თუნდაც მისი სინონიმური ფორმულირება) გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, ნებისმიერ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს საერთაშორისო პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არაღიარების პოლიტიკასაც, თუკი მასში ჩაიწერება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.

  • პერსონალურად როგორ ხედავთ იმ მოსამართლეების ისტორიულ პასუხისმგებლობას, ვინც ამას ხელს მოაწერს?

მათი ისტორიული პასუხისმგებლობა სწორედ ისაა, რომ ეს არ გააკეთონ, სარჩელი ამ მეორე საფუძვლით არ დააკმაყოფილონ.

პირველი საფუძველიც პრობლემატურია, რადგან ის საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მრავალპარტიულ სისტემას, მაგრამ მეორე საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილება საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, ტერიტორიულ მთლიანობას და გაამართლებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას.

  • ვინაიდან 88 დეპუტატმა შეიტანა ეს სარჩელი და მას ხელი მოაწერა, თქვენი აზრით, ამ დეპუტატებმა უკვე შეუქმნეს თუ არა ამ ყველაფერს საფრთხე?

რა თქმა უნდა. ეს უკვე საფრთხის შემცველი პოლიტიკური განაცხადია. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამ სარჩელის დაკმაყოფილება იქნება სამართლებრივი განაცხადი იმაზე, რომ 2008 წლის ომზე საქართველოა პასუხისმგებელი.

  • როგორც იურისტს, რა კითხვა გექნებოდათ არჩილ გორდულაძესთან, თენგიზ შარმანაშვილთან და გიორგი კახიანთან, რომლებიც ამ სარჩელს 21-23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენენ?

რამ მიიყვანა ეს ადამიანები, ეს 88 პარლამენტარი იმ დასკვნამდე, რომ საქართველომ მოახდინა რუსეთის პროვოცირება, რათა მას 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაეწყო?

ასევე ვიკითხავდი: რამდენად საკმარისი და დასაბუთებულია ის ფაქტები, რომლებიც ამ სარჩელშია მოყვანილი? მაგალითად: დროებითი ადმინისტრაციის შექმნა, მათ მიაჩნიათ, რომ 2007 წელს დროებითი ადმინისტრაციის შექმნა იყო ომის პროვოცირების საფუძველი; „იტარ-ტასის“ ჟურნალისტისა და რუსი გენერლის შეჩერება – თვლიან, რომ ამან გამოიწვია 2008 წლის აგრესიის დაწყება; თურმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რიტორიკა, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა, ყოფილა ომის დაწყების საფუძველი და არა რუსეთის განზრახვა, რომ ეს ტერიტორიები მიეტაცებინა;

ერგნეთის ბაზრობის გაუქმება – ერგნეთის ბაზრობა იყო კონტრაბანდის წყარო, საიდანაც რუსული პროდუქცია ყოველგვარი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოდიოდა. ბაზრობის გაუქმება ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა თავისი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება და საბაჟო საზღვრების კონტროლი. ამ სარჩელში კი ეს ფაქტი რუსეთის ქმედებების გამართლების საშუალებად არის წარმოდგენილი.

ბუნებრივია, ჩემი მთავარი კითხვა იქნებოდა: რამ მიიყვანა ეს ადამიანები იმ დასკვნამდე, რომ ეს ომი საქართველოს მიერ იყო პროვოცირებული?

  • ამავე სარჩელში 2006 წელს დროებითი ადმინისტრაციის შექმნა შეფასებულია, როგორც სეპარატიზმის ირიბი ლეგიტიმაცია და სახელმწიფო ინტერესების ღალატი. ამავე სარჩელში წერია, რომ 2007 წელს მიღებული კანონი „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შესახებ“ ასევე იყო ღალატი. თუმცა, 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ეს კანონი დარჩა და მთელი 13 წლის განმავლობაში მოქმედებდა, მხოლოდ 2023 წელს გააუქმეს. ეს რას ნიშნავს?

სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა… სხვათა შორის, სანაკოევის ადმინისტრაცია არსებობას „ქართული ოცნების“ პერიოდშიც აგრძელებდა, ხომ?

ეს თუ სეპარატიზმის ლეგიტიმაცია იყო, მაშინ რატომ არსებობდა კანონი 2023 წლამდე? გამოდის, რომ მაშინ თვითონაც არიან პასუხისმგებლები.

ბუნებრივია, შეიძლება არ მოგწონდეს ყოველი გადაწყვეტილება, რაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების არცერთი ქმედება, მათ შორის, არც დროებითი ადმინისტრაციის შექმნა, არ წარმოადგენდა იმ უპრეცედენტო აგრესიის გამართლების საშუალებას, რაც 2008 წელს რუსეთმა განახორციელა.

იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, დროებითი ადმინისტრაციის შექმნა იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ეთნიკური ოსების ჩართვის ხელშეწყობა. მათი მხრიდან ამ ადმინისტრაციის შექმნის გამართლება სწორედ ეს იქნებოდა. შეიძლება ამას ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ეს არ ყოფილა ის მიზეზი, რის გამოც 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო.

კიდევ ერთი საკითხი: ის, რომ ახალგორი და ზემო აფხაზეთი, ასევე დიდი და პატარა ლიახვის ხეობა დროებითი ადმინისტრაციის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი, ეს კანონი და ეს წესი რომც არ ყოფილიყო, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ეს რეგიონები ოკუპაციას მაინც ვერ გადაურჩებოდა. დღემდე მათი მიზანი არის ის, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შემავალი ყველა ტერიტორია შედიოდეს თვითგამოცხადებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დაქვემდებარებაში. ანუ ეს რეგულაცია რომც არ არსებულიყო, ეს 2008 წლის ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას თავიდან მაინც ვერ აგვაცილებდა.

  • იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ პარტიები უნდა აიკრძალოს, რას მოუტანს ეს ქვეყანას?

ქვეყანაში უბრალოდ აღარ იარსებებს ოპოზიცია, ის ოპოზიცია, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობამ, 800 000-მდე მოქალაქემ.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, 785 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა მანდატი ოთხ პოლიტიკურ ძალას: „კოალიცია ცვლილებისთვის / ახლები“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“.

ამ ოთხივე პარტიის, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა (და დამატებით „ფედერალისტების“, რომლებიც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდნენ), ანუ იმ პოლიტიკურ ძალებს აუქმებენ, რომელთაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა და გააჩნიათ ხალხის მხარდაჭერა.

ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ არჩეული პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია განსხვავებული იყო: ზოგმა აირჩია ბოიკოტი და მანდატებზე თქვა უარი; ნაწილმა, პირიქით – მაგალითად, „ლელომ“ მიიღო მონაწილეობა საკრებულოების არჩევნებში და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკრებულოში, გახარიას პარტია წარმოდგენილია პარლამენტში.

მიუხედავად პარტიების განსხვავებული მიდგომისა, კრძალავენ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. გაცხადებული პოზიციაა ის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მხოლოდ ის, ვისზეც არჩევანს „ქართული ოცნება“ შეაჩერებს. ანუ არა ქართველმა ხალხმა, არამედ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ოპოზიცია.

ეს არის განაცხადი, რომელიც ამ სარჩელის ავტორებმა გააკეთეს. ეს ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიისა და მრავალპარტიული სისტემის არსებობას. ეს არის მათ შორის ის მოსაზრებაც, რაც გამოხატულია ჩვენ მიერ მომზადებულ სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წერილობით პოზიციაში.

  • პროცედურულ ნაწილზეც გკითხავთ: სამდღიანი განხილვების შემდეგ, სასამართლოს 9 თვე აქვს გადაწყვეტილებისთვის. როდის ელით რომ გამოაქვეყნებენ?

თუ ვიანგარიშებთ, ივნისამდე აქვს ვადა.

ჩემი გამოცდილებით, გადაწყვეტილება სხდომების დასრულების დღესვე ვერ მიიღება, რადგან აუცილებელია, მასში აისახოს მოპასუხე მხარის პოზიციაც. ამ ეტაპზე სასამართლომ არ იცის მოპასუხე მხარის, ანუ პარტიების პოზიციები. პარტიების პოზიციები სწორედ არსებითი განხილვის სხდომაზე დაფიქსირდება. ეს შევა ოქმში და შემდგომ უნდა აისახოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, ამას სჭირდება დრო.

გადაწყვეტილების დაწერას სჭირდება ორივე მხარის პოზიციის გაანალიზება, რასაც დრო სჭირდება. ამიტომ მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თუნდაც ამავე თვეში იქნება.

რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი პასუხი წინასწარ ვერაფერზე გექნება, მაგრამ ეს არის მოლოდინი.

ვეტერანთა კლუბს ქობულეთიც ააშენებს – გამოყოფილია 234 ათასი ლარი

ქობულეთის მერია ზღვის პირას, ბულვარის სასეირნო ბილიკზე ვეტერანთა კლუბის შენობის აშენებას გეგმავს. მშენებლობისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234 ათას 914 ლარია გამოყოფილი. სწორედ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ქობულეთის ბულვარში ვეტერანთა კლუბის შენობას იმ ზოლში ჩადგამენ, რომლის სიგანე სულ რაღაც 20 მეტრია. პროექტში აღნიშნულია, რომ დასაშლელი იქნება სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული გაზონი, ველო-სადგომი, ელექტროგანათების ბოძი, ამასთან გადასატანი იქნება დეკორატიული განათება, სანაგვე ურნები, წყლის შადრევანი და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქობულეთის კლუბის შენობა თითქმის ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც ბათუმის ბულვარში არსებული ვეტერანთა კლუბის [„ნონას“] შენობაა.

ქობულეთის ვეტერანთა კლუბი – საპროექტო ტერიტორია[მარცხნივ] და შენობის რენდერი [მარჯვნივ] / ფოტოები პროექტიდან.
პროექტში აღნიშნულია, რომ ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შპს „არჩჰაუსმა“ მოამზადა.

ვეტერანთა კლუბის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 23 ოქტომბერს დაიწყება და 26 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.

1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვის

ბათუმის მერია ქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებას, ასევე პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებაზე ტენდერი 495 ათასი ლარითაა გამოცხადებული, ხოლო პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებაზე – 500 ათასი ლარით.

პირველი ტენდერის შემთხვევაში გამარვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა დაასრულოს. მეორე ტენდერის შემთხვევაში კი – 4 თვეში.

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება.

საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული ტენდერის ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია:

„ქალაქის გზებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, „სრული ქუჩების“ (Complete streets) და მულტიმოდალური დაგეგმვის პრინციპების შესაბამისად, განსახორციელებელია გზების დეტალური საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება.

სქემები უნდა მოიცავდეს საგზაო მონიშვნებს, საგზაო ნიშნებს, სატრანსპორტო კვანძებს, ტროტუარებს, ველობილიკებს, ველოსიპედის მოძრაობის ზოლებს და რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებს (დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად).

მოძრაობის ორგანიზებისას სატრანსპორტო საშუალებებს აქვთ შემდეგნაირი პრიორიტიზირება: ა) არამოტორიზებული; ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი; გ) კერძო ტრანსპორტი.

ამ პრიორიტეტების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, საპროექტო გზების გეომეტრიული პარამეტრებიდან გამომდინარე ან ამ პარამეტრების ცვლილების გათვალისწინებით, საჭიროა:

  • რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლების პროექტირება მათი შეუფერხებელი და უსაფრთხო ოპერირების მიზნით. ზოლი შესაძლებელია იყოს როგორც გზის შუა ნაწილში ასევე პირველ ზოლში. აღნიშნული უნდა გადაწყდეს ანალიზის საფუძველზე, სადაც M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ შეუფერხებელ და უსაფრთხო ოპერირებას.
  • მოეწყოს უსაფრთხო და კომფორტული ველობილიკი და ველოსიპედის მოძრაობის ზოლი, ქალაქის ერთიან ქსელთან შესაძლო კავშირის გათვალისწინებით. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი, შესაძლებელია იყოს როგორც გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლში ასევე, ქვეითთა სავალ ნაწილზე, ხოლო ველობილიკი ქვეითთა სავალ ნაწილზე.
  • შესაძლებლობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სავალი ზოლის სიგანის შემცირებას საჭირო მინიმუმამდე, საგზაო უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, გზის სხვა საჭიროებისთვის მეტი სივრცის გამოყოფისა და მწყობრი ნაკადის მიღების მიზნით.
  • ინკლუზიური მობილობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველი ელემენტის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები.
  • ქუჩებისა და კვანძების იმგვარად დაგეგმვა, რომ ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ქუჩის გამტარუნარიანობა, მეორე მხრივ კი – უსაფრთხო საფეხმავლო, საველოსიპედე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება“.

ტექნიკური დავალება სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

რაც შეეხება პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერს.

ამ შემთხვევაში ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, ტურისტული სეზონის პერიოდში სატრანსპორტო მოთხოვნის მატება და კერძო ავტომობილების ინტენსიური გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარკირების სისტემაზე, ქუჩების გამტარუნარიანობაზე, საზოგადოებრივი სივრცეების ხარისხსა და ქვეითთა უსაფრთხოებაზე“.

ამასთან, „ქალაქში ამჟამად არ მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. პარკირების მართვა ეფუძნება განსაზღვრული ვადით მოქმედ აბონემენტურ სისტემას. არსებული მოდელი საჭიროებს შეფასებას როგორც ადმინისტრირების, ისე ტარიფების, აღსრულების, საპარკინგე ადგილების გამოყენების კუთხით.

კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს და შეაფასოს ბათუმში პარკირების მართვის არსებული პოლიტიკა, მათ შორის არსებული აბონემენტური სისტემა, ტარიფები, გადახდისა და ჯარიმების მექანიზმები, აღსრულების პრაქტიკა და ადმინისტრირება.

განახორციელოს გადახდებისა და ჯარიმების სტატისტიკური ანალიზი. მონაცემების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს აღნიშნული მონაცემების სივრცითი ანალიზიც, პრობლემური ზონების იდენტიფიცირების მიზნით.

კონსულტანტმა უნდა მოამზადოს რეკომენდაციები პარკირების პოლიტიკის, ტარიფების, აბონემენტური სისტემის, აღსრულებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით.

პარკირების პირველადი ზონირების წინადადება გულისხმობს ქალაქის ტერიტორიის დაყოფას პარკირების მართვის განსხვავებული რეჟიმების მქონე ზონებად, სადაც განისაზღვრება პარკირების მოთხოვნის ინტენსივობა, სავარაუდო რეგულირების დონე და ზონალურ-საათობრივი გადახდის სისტემის შესაძლო ეტაპობრივი დანერგვის არეალები.“

აღსანიშნავია, რომ ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობისა თუ პარკირების მოსაწესრიგებლად ბათუმის მერიაში ადრე არაერთი პროექტი და სქემაც დაამტკიცეს, ბიუჯეტიდან ფულიც დაიხარჯა, თუმცა მაშინდელმა „ახალმა სქემამ“ ძირითადად არ გაამართლა [მაგალითად: პუშკინის ქუჩა, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩები და სხვა].

ამ თემაზე

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

სამართლიანი იქნება, თუ სააკაშვილს ოპოზიციის აკრძალვის პროცესს არ დაასწრებენ?

სასამართლო სხდომებზე დასწრებას, სადაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას აპირებს მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, ასევე ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ორივე პოლიტიკური ლიდერი ორივე ციხეშია.

საკონსტიტუციო სასამართლო 21-22-23 ოქტომბერს განიხილავს „ოცნების“ სარჩელს 5 ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის და აკრძალვის მოთხოვნით, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რომლის ლიდერებიც არიან მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.

სამართლიანი იქნება, თუ ციხეში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს საკუთარი პარტიის აკრძალვის პროცესს არ დაასწრებენ? – შეკითხვა საიას იურისტს, კონსტიტუციონალისტ გიორგი გოცირიძეს დავუსვით.

„პირდაპირ ამკრძალავი დებულება არ არსებობს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 27 3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით, თუ ადამიანი პატიმარია, სავალდებულოა მას წარმომადგენელი ჰყავდეს საკონსტიტუციოში. სხვა დროს ეს [წარმომადგენლის ყოლა] სავალდებულო არ არის.

ჩემი მარწმუნებელი პატიმრებისათვის უარი უთქვამთ ეტაპირებაზე: წარმომადგენელი გყავს და შენი მონაწილეობა არ არის აუცილებელიო.

ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, ჩემ საქმეებზე კანონია სადავო და არა ფაქტები. პარტიების აკრძალვის საქმეზე სადავო ფაქტებია, რაც იცის მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ, თუ ფაქტების სწორად დადგენა აინტერესებთ, განსაკუთრებით ისეთის, რაც აგვისტოს ომს ეხება, უარი არ უნდა უთხრან სააკაშვილს პროცესში მონაწილეობაზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი გოცირიძემ.

ორი დღის წინ, 17 ოქტომბერს საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკგვერდზე ეს დაწერა:

„ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო, ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში.
თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას,“ – ეწერა სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დასწრება მოითხოვა ლევან ხაბეიშვილმა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

„კატეგორიულად მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია.

მაქვს უფლება და იმედს დავიტოვებ, არ შეეშინდება „ოცნების“ კრიმინალურ ბანდას, სიმართლეს მოუსმინოს ე.წ. „საკონსტიტუციო სასამართლოში!“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

—————————————————————-

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს პარტიების მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ დაესწრებიან, ამით ეჭვქვეშ დააყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობას.

„სუბსიდიარობისა და შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს.

ამ თვალსაზრისით არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი წესი შეცვალეს – რა შეიცვალა საპენსიო შენატანების სისტემაში

ავტორი: მანუჩარ ცეცხლაძე, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების კლინიკა

_____________________

2025 წლის 1 მაისიდან მოქმედი წესის საფუძველზე, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ათასობით დამსაქმებელს ჯარიმა და საურავი დაეკისრა.

ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ეს სანქციები დამსაქმებლებისთვის ფინანსურ ტვირთად იქცა, მაშინ როდესაც დაგროვებითი საპენსიო სქემა, პენსიის სოციალური დანიშნულებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დეკლარირებული მიზნის შესაბამისად, სქემის მონაწილეთათვის ფინანსურად უზრუნველყოფილი და ღირსეული სიბერის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული. 

მოქმედი მოწესრიგების არსებით ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეფასდეს საპენსიო ფონდის დამოკიდებულება დამსაქმებლების მიმართ. სანქციების მაღალ და განმეორებით ხასიათთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა ის მინიმალური გარანტიები, რომლებსაც საპენსიო ფონდი დამსაქმებელს სთავაზობდა, მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების დროულად გაცნობისა და დაცვის საშუალებათა რეალური გამოყენების კუთხით. 

  • როგორ მუშაობდა სისტემა

2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო შენატანების განხორციელების მექანიზმი გამკაცრდა და დარღვევის გამოვლენა საშემოსავლო დეკლარაციის შევსებას დაუკავშირდა.

შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემებს შორის მონაცემთა ავტომატური მიმოცვლის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ავტომატურად იდენტიფიცირდებოდა, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნიდა. შესაბამისად, ავტომატური დაგენერირებით, ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე ხდებოდა ჯარიმების დაკისრებაც.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹ მუხლის მიხედვით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა პირველად იწვევდა 500-ლარიან, განმეორებით კი 1 000-ლარიან ჯარიმას. 

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის №03 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა განმეორებით სამართალდარღვევად ჩაითვლებოდა თუ  ასეთი შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან  არ იყო გასული 12 თვე.

შესაბამისად, საპენსიო ფონდს ამ ვადის განმავლობაში ყოველთვიურად შეეძლო დამსაქმებლის განმეორებით დაჯარიმება. თუ დამსაქმებელი ფორმალურად „გაცნობილია“ პირველი სანქციის აქტს, თუმცა რეალურად არ ფლობს ინფორმაციას მის შესახებ, მას არ აქვს საკუთარი ქცევის შეცვლისა და შემდგომი დარღვევის თავიდან აცილების რეალური შესაძლებლობა. შედეგად, განმეორებითი პასუხისმგებლობა შეიძლებოდა წარმოშობილიყო ისე, რომ პირველ სანქციას თავისი პრევენციული ფუნქცია საერთოდ ვერ შეესრულებინა. 

სწორედ ასეთი იყო გადაწყვეტილების გაცნობის წესი. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საურავის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებელს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინებოდა, ხოლო ამავე წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა, რომ გადაწყვეტილება დამსაქმებლისთვის გაცნობილად ითვლებოდა მის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე.

გადაწყვეტილების „გაცნობა“ არ არის მხოლოდ ფორმალური საკითხი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით ის „ადმინისტრაციული წარმოების ფინალი“ და „წარმოების დამაგვირგვინებელი სტადიაა“.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა ჩვეულებრივ საინფორმაციო შეტყობინებას, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, შესაძლო იძულებით აღსრულებასა და გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადას.

ძველი წესით, გადაწყვეტილების/საჯარიმო ქვითრის ელექტრონულ სისტემაში განთავსების/გაცნობის დღიდან იწყებოდა როგორც ნებაყოფლობით გადახდისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი, ისე სასამართლოში გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი შესაძლებელი ხდებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა და საქმის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემა.

თავისთავად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების  კონტროლი და ელექტრონული ადმინისტრირება პრობლემას არ წარმოადგენს.

საპენსიო ფონდს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოს, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის სასარგებლოდ კანონით დადგენილი შენატანი დროულად განახორციელოს.

პრობლემა იქ ჩნდებოდა, სადაც ავტომატიზებული სისტემა არა მხოლოდ ავლენდა დარღვევას და ადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სახდელის დაკისრებას უკავშირებდა ისეთ ტექნიკურ მოქმედებას, რომელიც ჯერ კიდევ არ ადასტურებდა, რომ ადრესატი გადაწყვეტილებას რეალურად გაეცნო.

სამართლებრივი რეგულირება ითვალისწინებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ იდენტიფიცირებას, სახდელის ავტომატურ გენერირებას, მის ელექტრონულ სისტემაში ასახვას და ამ ასახვისთვის პირის მიერ გაცნობის სამართლებრივი შედეგის ავტომატურ მინიჭებას.

მანუჩარ ცეცხლაძე

ავტომატიზაცია თავისთავად სამართლებრივ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა იგი არ უნდა იწვევდეს ადმინისტრაციული წარმოების სამართლიანობისა და გონივრულობის გარანტიების შემცირებას. პირიქით, რაც უფრო ნაკლებია ინდივიდუალური ადამიანური კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ადრესატს შორის, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ავტომატიზებულ სისტემას გააჩნდეს ადრესატის ეფექტიანი გაცნობის/ინფორმირების შესაბამისი გარანტიები. 

პრაქტიკაში ავტომატური გენერირების შედეგად სანქცია მეწარმეებს ხშირად ტექნიკური შეუსაბამობის გამო ეკისრებოდათ, მაგალითად, საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციებს შორის ერთი ან ორი თეთრის სხვაობის გამოც. ამასთან, დაკისრებული ჯარიმა თავად ძირითად ვალდებულებაზე, საპენსიო შენატანზე გაცილებით და არაპროპორციულად მძიმე იყო.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იყო მცირე მეწარმეებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი, რესურსების შეზღუდულობის გამო, ბუღალტრის მომსახურებას არ/ვერ იყენებს და ვერ ახერხებს ტექნიკური ხარვეზის დროულად გამოვლენას. 

შედეგად, ისინი სანქციის შესახებ ინფორმაციას ხშირად მხოლოდ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ იგებდნენ, როდესაც საპენსიო ფონდს უკვე შედგენილი ჰქონდა სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ეროვნულ ბიუროს კი – იძულებითი აღსრულება დაწყებული.

ამ პირობებში დამსაქმებელი სანქციას იხდიდა არა გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების საფუძველზე, არამედ საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე, რომ უკვე წართმეული ჰქონდა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ამდენად, პრაქტიკაში პენსიის უფლების სოციალური დანიშნულება იძულებითი აღსრულების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ინსტრუმენტად გარდაიქმნა.

  • რა აჩვენა პრაქტიკამ

ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, ისევე, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში, არ აღნიშნულა, რომ მანამდე მოქმედი წესი უკანონო ან არაკონსტიტუციური იყო. მიუხედავად ამისა, თავად განმარტებით ბარათში აღწერილი პრობლემები მიუთითებს, რომ არსებული მოდელი პრაქტიკაში მნიშვნელოვან ხარვეზებს წარმოშობდა და მისი შეცვლის საჭიროება სწორედ ამ ათასობით „დაზარალებულის“ გამოვლენის შემდეგ დადგა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული დამსაქმებლები ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ. უფრო მეტიც, არსებული მონაცემებით, 

„უმეტეს შემთხვევაში დაკისრებულ ჯარიმათა მოცულობა აღემატება, ამ დამსაქმებელთა მიერ განსახორციელებელი საპენსიო შენატანების მოცულობას“. 

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ საპენსიო შენატანის განხორციელების პროცესის კომპლექსურობის გამო დამსაქმებლებისთვის რთული აღმოჩნდა გადასახდელი შენატანისა და საურავის ზუსტი ოდენობის განსაზღვრაც.

შედეგად, მცირე შეუსაბამობაც კი შეიძლებოდა ვალდებულების შეუსრულებლობად ჩათვლილიყო და ჯარიმის დაკისრება გამოეწვია.

ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა დამსაქმებლებსა და საპენსიო ფონდს შორის სასამართლო დავების რაოდენობა. ამ დავების აბსოლუტური უმრავლესობა კი ჯარიმების გაუქმებას შეეხებოდა.

ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებდა როგორც პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების ანალიზი, საზოგადოების მხრიდან ხშირად გაჟღერებული კრიტიკა მოდელის არაეფექტიანობის, უსამართლობისა და მის მიმართ არსებული უკმაყოფილების შესახებ, ასევე ცვლილებებისკენ მიმართული მოწოდებები.

შედეგად, 2026 წლის 9 სექტემბერს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის მარეგულირებელ წესებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს წარედგინა, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა განხილული და 16 სექტემბერს მესამე მოსმენით მიღებული.

ცვლილებებს თან ახლდა სპეციალური კანონი, რომლის საფუძველზეც კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისას დამსაქმებლები უკვე დაკისრებული, თუმცა აღუსრულებელი ჯარიმების გადახდისგან თავისუფლდებიან.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელსა და შესაბამისად, ჯამში 42 903 000 ლარის მოცულობის ჯარიმას ეხება. 

რა შეიცვალა, მოკლედ – მილიონობით ლარის ჯარიმა და პირობითი „ამნისტია“

2026 წლის 16 სექტემბერს პარლამენტმა საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

  • პირობითი „ამნისტია“: დამსაქმებლები ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდებიან, თუ საპენსიო შენატანსა და დარიცხულ საურავს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავენ.
  • მცირდება ჯარიმის ოდენობა: 500 ლარისა და 1 000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 300 ლარი იქნება. ვალდებულების ათ (10) სამუშაო დღეში შესრულების შემთხვევაში ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
  • იცვლება გადაწყვეტილების გაცნობის წესი: დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ავტომატურად აღარ ნიშნავს მის ჩაბარებას. დამატებით გამოიყენება შეტყობინების სხვა მექანიზმებიც.
  • იქმნება დავების განხილვის სამსახური: საჩივრის წარდგენა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას შეაჩერებს.
  • შემოდის ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობა: შესაბამისი მექანიზმის ამოქმედება 2027 წლის 1 ივნისიდან არის გათვალისწინებული.

ამ შედეგების ფონზე, მიღებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 2026 წლის 16 სექტემბერს მიიღო და 17 სექტემბერს, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კანონი ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ შესაბამის ადმინისტრაციულ დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების აღუსრულებელი ნაწილის გადახდისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულება უკვე სრულად შეასრულა ან მას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა შეასრულებს.

ამასთან, კანონი მკაფიო განსხვავებას ადგენს იმ პირებს შორის, ვისაც ჯარიმა უკვე გადახდილი ჰქონდა, და მათ შორის, ვისაც არ ჰქონდა.

კანონის ამოქმედების მომენტისთვის უკვე გადახდილი ჯარიმები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ეს დამატებით უსამართლობას წარმოქმნის თანაბარი მოპყრობისა და საკანონმდებლო პოლიტიკის თვალსაზრისით, ამასთან აზიანებს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მიერ წესებისა და რეგულაციებისადმი პატივისცემას.

ერთსა და იმავე პერიოდში, ერთი და იმავე სისტემის საფუძველზე დაჯარიმებული პირებიდან ნაწილი ფინანსურ ტვირთს საბოლოოდ ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარიმა დროულად გადაიხადა, ხოლო ჯარიმების აღუსრულებელი ნაწილის მქონე პირი, შესაბამისი პირობების შესრულებისას, მისგან თავისუფლდება.

ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასეთი განსხვავება სამართლებრივად დაუშვებელია, რადგანაც ჯარიმის გადამხდელმა საკუთარი ვალდებულება აღასრულა, თუმცა მდგომარეობა განსხვავებულია მაშინ, როდესაც თავად კანონმდებელი ცვლილების საჭიროებას წინა მოდელის პრაქტიკაში გამოვლენილ და მის მიერვე აღიარებულ პრობლემებს უკავშირებს.

  • ახალი წესი: ელექტრონულ სისტემაში განთავსება აღარ უდრის გაცნობას

განსაკუთრებით საყურადღებოა ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობის მექანიზმის ცვლილება. პრაქტიკაში სწორედ საჯარიმო ქვითრის შესახებ სათანადო შეტყობინების არარსებობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ დამსაქმებლები ჯარიმას დროულად ვერ იხდიდნენ, რასაც უმეტეს შემთხვევაში განმეორებითი ჯარიმების დაკისრებაც მოჰყვებოდა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2026 წლის 16 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა, ადგენს, რომ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული/გამოცემული ნებისმიერი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი დამსაქმებელს უნდა გაეგზავნოს როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

გარდა ამისა, გადაწყვეტილების შესახებ დამსაქმებელს დამატებით უნდა ეცნობოს მოკლე ტექსტური ან/და სხვა ელექტრონული შეტყობინებით, თუ შესაბამის სისტემებში მისი საკონტაქტო ინფორმაცია არსებობს. თუ საპენსიო ფონდს ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია, კანონი მას საკონტაქტო მონაცემების სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას ავალდებულებს.

არსებითი ცვლილება დოკუმენტის გაცნობად მიჩნევის მომენტს უკავშირდება.

ახალი წესის მიხედვით, ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც ადრესატი მას რეალურად გაეცნობა, ანუ ელექტრონულ სისტემაში გახსნის და ნახავს.

თუ დამსაქმებელი დოკუმენტს 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, საპენსიო ფონდი მას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნებს. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად მხოლოდ გამოქვეყნებიდან მე-10 კალენდარულ დღეს ჩაითვლება.

ცვლილებებით ასევე შეიქმნა საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური. შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი 30-დღიანი ვადა მისი ჩაბარებიდან აითვლება, ამ სამსახურში საჩივრის წარდგენა კი სადავო აქტის აღსრულებას აჩერებს.

ამასთან, ძველი 500-ლარიანი და 1 000-ლარიანი სანქციების ნაცვლად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან ათ (10) სამუშაო დღეში სრულად გადაიხდის განუხორციელებელ საპენსიო შენატანსა და კანონით გათვალისწინებულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.

ეს ცვლილებებიც 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

  • განხორციელებული ცვლილებები, როგორც სისტემური ხარვეზის მაჩვენებელი

არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ სისტემური ხარვეზების უგულებელყოფა განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება ავტომატიზებულია და მისი შედეგი დამსაქმებლისთვის ფინანსურ პასუხისმგებლობას წარმოშობს.

ეს ცვლილებები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს თუ რამდენად მანკიერი იყო მანამდე მოქმედი სისტემა. ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობა და სამართლიანობა არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ დარღვევისა და ჯარიმის სწრაფი გენერირებით. როდესაც გადაწყვეტილება ფინანსურ პასუხისმგებლობას წარმოშობს, ხოლო მისი ჩაბარება გასაჩივრებისა და აღსრულების ვადებს უკავშირდება, სახელმწიფოს ვალდებულება არ უნდა ამოიწურებოდეს დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში განთავსებით. აუცილებელია რეალური და გონივრული გარანტიები იმისა, რომ ადრესატს ჰქონდეს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროულად შეტყობისა და შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა.

გამოვლენილი ხარვეზების დროულად და საფუძველშივე აღმოსაფხვრელად სათანადო ნაბიჯების გადაუდგმელობამ, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ფორმალურმა მიდგომამ, განაპირობა ის, რომ სისტემის დანერგვიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ სახელმწიფო იძულებული გახდა, მოქმედი წესები შეეცვალა.

მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც პირი, რომელიც მოქმედ წესს კეთილსინდისიერად დაემორჩილა და დაკისრებული ჯარიმა დროულად გადაიხადა, უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ის პირი, რომელმაც ჯარიმა არ გადაიხადა.

ბათუმელ მედროშეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესოთი გაათავისუფლებენ

ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებენ. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი, ნინო ლომინაძე ამბობს, რომ დღეს, 19 ოქტომბერს მან პროკურორ თამარ იაკობიძისგან მიიღო დადასტურება საპროცესო შეთანხმების პირობებზე.

დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

„საპროცესო შეთანხმების პირობაა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლით პირობითი მსჯავრი,“ – გვითხრა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება დასახელებული პირობებით მისაღებია, როგორც ზურაბ ჭავჭანიძისთვის, ასევე პროკურატურისთვის.

ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე – რასაც სასამართლოს დადასტურება სჭირდება – შეუძლია უარი თქვას საპროცესოზე, რომლის აუცილებელი პირობაა წარდგენილი ბრალის აღიარება.

ზურაბ ჭავჭანიძე „4 ოქტომბრის საქმის“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელსაც 2026 წლის 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ 7 პირს.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა.

მას პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა სასამართლოში – რა დაადგინა ექსპერტიზამ

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების: მიხეილ ჯინჭარაძის, ირაკლი კაციტაძის და ბექა კუხალაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამ საქმეზე ექსპერტიზამ ვიდეოჩანაწერების ნამდვილობაზე დასკვნა მოამზადა.

საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა, მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“, – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.

32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ყოფილი პოლიციელები წარმოადგინა პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა სამიდან ერთ-ერთს, მიხეილ ჯინჭარაძეს ადვოკატი არ ჰყავს. მას ადვოკატი ირაკლი ფაღავა იცავდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ამ ბრალდებულს სასამართლო სხდომის გადადება რამდენიმე დღის წინ წერილობით მოუთხოვია, თუმცა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ჯინჭარაძემ თქვა, რომ მას ადვოკატი არ სჭირდება, თვითონ დაიცავს საკუთარ თავს.

„ეს გარემოება არ იყო ცნობილი,“ – მოსამართლემ პროკურორს გადახედა, რომელმაც დღევანდელ პროცესზე მოწმეები სწორედ იმიტომ არ წარმოადგინა, რომ იგი გადაიდებოდა.

„შემდეგ პროცესზე წარმოვადგენთ მოწმეებს,“ – თქვა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

დღევანდელ პროცესზე განიხილეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი. პროკურორის თქმით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, ადვოკატ დავით ბრეგაძის მტკიცებით კი, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„ვეთანხმებით“ – ერთხმად მხოლოდ ეს თქვეს ბრალდებულებმა.

ამ საქმეში მტკიცებულებების დიდი ნაწილი დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მტკიცებულებებს სასამართლო სხდომაზე აღარ გამოიკვლევენ. პროცესზე დაიკითხება 3 ექსპერტი, რომლებსაც დასკვნა უკვე მოუმზადებიათ, ასევე შსს-ს ერთი თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ კონფიდენტმა მიაწოდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

რა დაადგინა ექსპერტიზამ? – პროცესის შემდეგ პროკურორმა აკაკი მოქერიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა კადრების ნამდვილობა, რომ კადრებში ის პირები ჩანან, რომლებსაც ბრალდებულების სტატუსი აქვთ.

„ჩვენ გვექნება კითხვები ექსპერტებთან, ასევე შსს-ს წარმომადგენელთან: რამდენად კანონიერად მოხდა ამ ჩანაწერების მოპოვება,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ბრეგაძემ.

ბრალდებულები ისევ დუმილის უფლებით სარგებლობენ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას – პროკურორმა ერთი სიტყვით გვიპასუხა შეკითხვაზე: „გამორიცხულია“.

პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.“

სამი პოლიციელიდან ორს პოლიცია გამოძიების დაწყების შემდეგ – 2026 წლის 5 და 6 თებერვალს დაუტოვებია თავისივე სურვილით, ერთს კი – 2024 წელს.

____

ამ თემაზე:

რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება

პუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს  შეხვედრა უკრაინაზე სასაუბროდ, ომის დასრულებაზე, მოსკოვის სასარგებლოდ – წერს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ეს გეგმა წარმოადგენს პუტინის მცდელობას, ისარგებლოს ტრამპსა და რუსეთის ლიდერს შორის დამთბარი ურთიერთობებით.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე ასეთი სამიტის გამართვა უპრეცედენტო მოვლენა იქნებოდა, რომელიც ევროპულ დედაქალაქებსა და მის ფარგლებს გარეთ სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა“ – წერს Wall Street Journal-ი.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპი ჯერ არ დათანხმდა ასეთი სამიტის ჩატარებას. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი შესაძლოა დაეთანხმოს ამ იდეას, იმის გათვალისწინებით, რომ მას სურს შეასრულოს თავისი საარჩევნო დაპირება ომის დასრულების შესახებ.

გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლმა შესთავაზა სამმხრივი დიალოგის ჩატარება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მომავალ სამიტზე, რომელიც 18 და 19 ნოემბერს გაიმართება სამხრეთ ჩინეთში მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრში, შენჟენში.

___________

ფოტოზე: სი ძინპინი, პუტინი და ტრამპი/ფოტოკოლაჟი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას აპროტესტებს.

განცხადებაში, რომელიც დღეს 19 ოქტომბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ „დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე“.

„მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს ვახო სანაიას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. მას ბრალად შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ჰქონდა წარდგენილი.

გამოხატვის თავისუფლება ვახო სანაიას, როგორც მოქალაქეს, უკვე მესამედ შეეზღუდა. 22 ივლისს, მას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.

კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ.

ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად.

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და  ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ინგლისში ავტობუსში მუსიკის ხმამაღლა მოსმენისთვის მგზავრი შესაძლოა დააჯარიმონ – მედია

ინგლისში, ავტობუსში მუსიკის ხმამაღლა ჩართვისთვის მგზავრს შესაძლოა 100 ფუნტამდე ჯარიმა დაეკისროს. ეს მთავრობის იმ ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ანტისოციალური ქცევის აღკვეთას – წერს „ბიბისი“.

ინიციატივა ასევე მიმართულია ნაგვის დაყრის, ელექტრონული სიგარეტის (ე.წ. „ვეიპის“) მოხმარებისა და მუქარის შემცველი ქცევის წინააღმდეგ, რათა გაუმჯობესდეს მგზავრობის პირობები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში.

„ამასთანავე, იწყება ეროვნული კამპანია, რომელიც მატარებლის მგზავრებს მოუწოდებს: „გაიზიარეთ ვაგონი და არა — ხმაური“. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აქტივისტებმა, თუმცა ზოგიერთს კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამ წესების აღსრულება“ – წერს „ბიბისი“.

რაც შეეხება მატარებლებს, მოქმედი წესების თანახმად, თუ მგზავრი უარს იტყვის ხმაურის შეწყვეტაზე, მას შეიძლება მატარებლიდან ჩასვლა აიძულონ, ან 1000 ფუნტამდე ჯარიმა დააკისრონ.

მთავრობის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცა ახალი რეკომენდაციები იმ უფლებამოსილებების შესახებ, რაც მათ ინგლისის ავტობუსებში ხმამაღალი მუსიკისა და სხვა სახის ანტისოციალური ქცევის აღკვეთაში დაეხმარება, თუმცა თითოეული მათგანი ტრანსპორტის მინისტრის მიერ უნდა დამტკიცდეს.

მთავრობის განმარტებით, ახალი წესების აღსრულება მძღოლების პასუხისმგებლობა არ იქნება. ამ საკითხს სპეციალურად უფლებამოსილი პირები, მათ შორის ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია მოაგვარებენ.

სარკინიგზო კომპანიები ხმაურიან მგზავრებს სპეციალური განცხადებებით მიმართავენ და შეახსენებენ, რომ ყურსასმენები გამოიყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მატარებლიდან ჩამოსვლა მოუწევთ მომდევნო სადგურზე.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სარკინიგზო და ავტობუსების კომპანიები საკუთარ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ კამპანიის მთავარ მესიჯებს, განათავსებენ პლაკატებს, ასევე სპეციალურ აუდიო-განცხადებებს, რომლებიც მატარებლებში მგზავრებისთვის გაჟღერდება.

მოწოდებაში ნათქვამი იქნება, რომ მგზავრი იმყოფება საზოგადოებრივ სივრცეში და თუ მუსიკის მოსმენა ან სატელეფონო საუბარი სურს, ყურსასმენები უნდა გამოიყენოს.

21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“- წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

როგორც აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვეუბნებიან, 21 ოქტომბერს იქნება ცნობილი, სად და როგორ შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინის გაკეთებას.

ფეისბუქ სტატუსების გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო.

შსს ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას და ამით „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“ ედავებოდა.

ჟურნალისტის 30-დღიანი პატიმრობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა კი შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ვახო სანაიასთვის ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა. მანამდე ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო პატიმრობაში 14 დღით, მეორედ კი 6000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

პოსტები, რომლის გამოც დღეს, 19 ოქტომბერს ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, სწორედ წინა ადმინისტრაციული საქმეების დროს,  დაპატიმრებამდე წუთით ადრე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთშია დაწერილი.

კერძოდ,  22 ივლისს, პირველ ადმინისტრაციულ პატიმრობამდე რამდენიმე წუთით ადრე ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„14 დღე **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

მეორე პოსტი დაწერილი აქვს 5 აგვისტოს, იზოლატორის დატოვებიდან რამდენიმე წუთში:

„მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს:

თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა, შვილო, ეშმაკმა“.

ვახო სანაია დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. შესაბამისად, დასაკავებლად მას მოგვიანებით მიაკითხავენ.

აჭარაში 35 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 567 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 416 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 565 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 51 317 ერთეული [+24]
  • MLRS – 2 224 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 714 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 569 994 ერთეული [+1 636]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 974 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 164 578 ერთეული [+332]
  • სპეცტექნიკა – 4 838 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 134 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პეტერბურგზე დრონების მასირებული იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობტერმინალსა და ნავთობის საწყობში:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტი

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოებისთვის 2026-2030 წლებში, მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გაწერილი. თუმცა, ამ დროისთვის ახალი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებული არ არის.

ქობულეთის შემოვლითი [ორზოლიანი] გზის პარალელურად, დამატებით – ახალი ორზოლიანი გზა უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს – მრუდების [მოხვევითი რადიუსების] გაუმჯობესების მიზნით. ოთხზოლიანად გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

„საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის [პირველი წარდგენა]“, მე-14 მუხლში – „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები“, აღნიშნულია, რომ „დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა“. თუმცა, დიდი ალბათობით, ტექსტში ტექნიკური შეცდომაა, ვინაიდან მშენებლობის დაწყების დროდ 2025 წელია მითითებული:

ამონარიდი საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტიდან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით კი სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოსთვის დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის და უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების აქტიურად დაწყებას შევძლებთ.“ – განაცხადა 13 ოქტომბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

რა ეტაპზეა ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტი? გამოცხადებულია თუ არა მშენებლობაზე ტენდერი? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.

„ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

ბიუჯეტის კანონპროექტის კაპიტალური პროექტების დანართში კი აღნიშნულია, რომ „ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა“ აზიის განვითარების ბანკის [ADB] ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 485 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

აქედან 15 მილიონი ლარი 2026 წლისთვის არის გაწერილი, ასევე 15 მილიონი ლარია გაწერილი 2027 წლისთვის, 75 მილიონი – 2028 წლისთვის, 160 მილიონი – 2029 წლისთვის და 220 მილიონი ლარი – 2030 წლისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომლისს დასრულების შემდეგ პროცესი დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილში გასცა.

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო. ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო არ არის. ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი] – ორზოლიანია და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.

__

ვრცლად ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

„თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას აანონსებს

„თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია აანონს, ამის შესახებ პარტიამ სოციალუ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება

„21-23 ოქტომბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება პროცესი, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის გაუქმებას და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას აპირებს.

ეს ნაბიჯი კონსტიტუციის გაუქმების ტოლფასია, რადგან ხალხს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანის უფლებას; ასობით ათასი მოქალაქის ნაცვლად წყვეტს, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს; არღვევს მრავალპარტიულობის პრინციპს და დემოკრატიის საფუძვლებს; ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციას ავალდებულებს, ერთპარტიული რეჟიმით კი საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობით, “ქართული ოცნება” ჩანასახშივე კლავს ნებისმიერ ალტერნატივას ძალაუფლების უზურპაციისთვის. შექმნილი პრეცედენტით და სამართლებრივი ბერკეტით, მომავალშიც ნებისმიერი ახალი ოპონენტი თუ განსხვავებული აზრი, შესაბამასად პოლიტიკური საქმიანობაც, სამუდამოდ აიკრძალება.

ეს ისტორიული საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მომავლისთვის.

ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი არჩევანისა და თავისუფლებისთვის!

შევხვდებით ბათუმში, 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე!“ – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2026 წლის 6 ოქტომბერს გადაეცა.

№1979 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

ამჯერად რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა. რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას მოითხოვს.

 

 

პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

 

ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა. ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა პირობებში და რა ფასად ყიდულობენ ქონებას ბათუმში „ოცნების“ დამფინანსებელი ბიზნესმენები – კვლევა

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ, შპს „ოპუს სიგნიჩარმა“ 2026 წლის 23 აპრილს, უკონკურენტოდ, მინიმალური 10 750 და 38 850 ლარიანი ფასნამატებით, 367 950 და 1 მილიონ 333 550 ლარად მოიგო 238 და 863 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, გრიბოედოვის ქუჩა #62-ში და ივანე ჯავახიშვილის ქუჩის #31-ში.

აქ კომპანია ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავს – გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე 1,4 განაშენიანებული ჰექტრის ჩანაცვლების პროექტი [განაშენიანების დეტალური გეგმა – გდგ] ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დასრულების შემდეგ ის უბანს მნიშვნელოვნად შეცვლის. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ ის საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
პროექტის რენდერი – განაშენიანების დეტალური გეგმიდან

ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავენ – რატომ დამალა საკრებულომ პროექტი დამტკიცებამდე

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერდა, რომ ედნარ პაპუნაიშვილის მეორე კომპანიამ, შპს „ხიდი 2006”-მა,  2025 წლის 25 აგვისტოს, ასევე უკონკურენტოდ, 136 300 ლარად მოიგო უპირობო ელექტრონული  აუქციონი, რომელზეც გაიყიდა კურორტ გოდერძიზე მდებარე 383 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომლის მიზანი ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო.

ამ პერიოდში მერიამ სულ 118 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათგან 60 აუქციონი არ გაიმართა მონაწილეების არარსებობის გამო. შესაბამისად, ამ აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ვერ გაიყიდა. 1 აუქციონი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და 2,5 თვეში, უცვლელი პირობებით ისევ გამოცხადდა აუქციონი და ის შპს „პონტუს გონიომ“ უკონკურენტოდ მოიგო.

57 შემდგარი აუქციონიდან, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ, 52 იყო უკონკურენტო და მასზე გამოტანილი უძრავი ქონება გაიყიდა საწყის საპრივატიზებო ღირებულებაზე მინიმალური ფასნამატით, ერთ ბიჯში.

ორმოცდაჩვიდმეტივე აუქციონის შედეგად გასხვისდა 8 954 კვ.მეტრი ფართობის 57 მიწის  ნაკვეთი.

ამ მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 10 მილიონ 192 110 ლარი იყო, რაც აუქციონებზე ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 484 286 ლარით და  საბოლოოდ, ბათუმის ბიუჯეტმა მიიღო 10 მილიონ 676 396 ლარი. კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ხოლო უკონკურენტო აუქციონებზე გამოტანილი ქონებები – მინიმალური ფასნამატებით.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ბათუმის მერია, აჭარის მთავრობის მსგავსად, მუნიციპალურ ქონებას უკონკურენტოდ ასხვისებს. ამ აუქციონებში გამარჯვებული რვა კომპანიის დირექტორებმა, მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს ჯამში 1 მილიონ 536 000 ლარი შესწირეს. აუქციონებში გამარჯვებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 4 მილიონ ლარამდე მიიღეს.

კვლევის თანახმად, აუქციონში უკონკურენტოდ გამარჯვებულმა იაშა შერვაშიძის ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა, „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 345 000 ლარის შესწირეს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ იაშა შერვაშიძე და მისი ოჯახი ბათუმში, ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს, ჰექტრობით ფართობს ფლობენ და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ.

იაშა შერვაშიძე საქართველოს VII – VIII  მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარული სიით შევიდა. ის ქედის მაჟორიტარი იყო. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისიც „ოცნებაში“ გადავიდა. იაშა შერვაშიძეს პარლამენტში მუშაობის დროს თავი არც კანონპროექტებზე მუშაობით და არც სიტყვით გამოსვლით არ გამოუჩენია.

 

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

 

იაშა შერვაშიძე ყოფილ პრემიერთან ერთად ქედაში

ბათუმის სტადიონთან მინიმუმ 4 თაუერის აშენებას გეგმავენ – პარლამენტიდან ბიზნესში

უკონკურენტო აუქციონში კიდევ ერთი გამარჯვებულის, ბექა თვალაძის ბიზნესპარტნიორმა, შპს „ფორის დეველოპმენტში“ და შპს „ფორის დეველოპმენტ 2-ში“, ბექა მანველიძემ 65 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ბექა მანველიძე, აჭარაში „ოცნების“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ძმაა. მანამდე, 2020-2024 წლებში, გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებას“ ხელმძღვანელობდა.

გიორგი და ბექა მანველიძეების მამა, ბაგრატ მანველიძე, 2014-2017 წლებში იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ხოლო შემდგომ – აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე. 2019 წლის 30 მაისს, ბაგრატ მანველიძე, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

აუქციონში უკონკურენტოდ გამარჯვებულმა კომპანია შპს „სოლიდმა“, სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღო 3 მილიონ 861 398 ლარის შემოსავალი. მათ შორის, უკონკურენტოდ მოიგო 1 მილიონ 107 024 ლარის ჯამური ღირებულების 82 ელექტრონული ტენდერი.

საყურადღებოა ელექტრონულ აუქციონებში უკონკურენტოდ გამარჯვებული ერთი კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის თარიღი: შპს „ქონექთ პროპერთი ჯორჯია“ დაფუძნდა 2025 წლის 24 იანვარს, აუქციონის გამოცხადებამდე 6 დღით ადრე.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დღისით უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი: ღამით 15-20 მეტრი წამში, დღისით 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20 და 21 ოქტომბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 565 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 416 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 561 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 51 293 ერთეული [+27]
  • MLRS – 2 224 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 711 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 568 358 ერთეული [+1 372]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 968 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 164 246 ერთეული [+363]
  • სპეცტექნიკა – 4 835 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 134 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება შავ ზღვაში, სადაც დრონები სატვირთო გემებს ესხმიან თავს – „რუსეთი ტესტავს ნატოს“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა უნდა იცოდე, თუ სადარბაზოში კამერები დაგიყენეს – იურისტის განმარტება

სადარბაზოებში ვიდეოკამერების დამონტაჟება-მართვის საკითხი ბათუმში ხშირად იმდენად პრობლემურია, რომ დავა სამეზობლო ჩატების ფარგლებს სცდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშების თანახმად, კერძო და საჯარო სექტორში ვიდეომონიტორინგის წესების დარღვევა საჩივრებისა და ინსპექტირებების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. საჩივრები შეეხება ვიდეოკამერების თვითნებურ დამონტაჟებას [სადარბაზო, ლიფტი, ეზო] და ჩანაწერის წესების დარღვევით გაზიარებას.

რა უფლებები და მოვალეობები აქვთ ბინათმესაკუთრეებსა და ამხანაგობის თავმჯდომარეებს, რას ითვალისწინებს კანონი და როდის ირღვევა კორპუსებში მცხოვრებთა უფლებები? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს იურისტი ია თოდუა პასუხობს.

  • ქალბატონო ია, დავიწყოთ იმით, თუ როგორ არეგულირებს კანონი ამ საკითხს, რა სახის შეთანხმებაა საჭირო იმისათვის, რომ სადარბაზოში ვიდეოკამერები დაამონტაჟონ?

ეს ვიდეომონიტორინგის საკითხია და პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს – კონკრეტულად პერსონალური მონაცემების მოპოვებას, დამუშავებას და გავრცელების წესს. კონკრეტული მუხლიც კი არის ამ კანონში, ეს არის მე-10 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საერთო საკუთრებაში, ანუ მაგალითად სადარბაზოში, ეზოში ან ლიფტში უნდა მოხდეს ვიდეომონიტორინგი, ამისთვის აუცილებელია ამ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა.

ეს თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პერსონალური მესაკუთრის ვინაობის დადგენა, კანონი გამონაკლისსაც უშვებს და ამბობს, რომ მფლობელის თანხმობა საკმარისია.

ბინათმესაკუთრეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა მოიწვიო კრება, სადაც დღის წესრიგში ვიდეომონიტორინგის, მონტაჟის საკითხს შეიტან და ხელმოწერებით დაფიქსირდება, ვინ და რამდენი მესაკუთრეა თანახმა, რომ მოხდეს ვიდეომონიტორინგი საერთო საცხოვრებელ სივრცეში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიდეომონიტორინგი საერთო საკუთრებაში.

  • არეგულირებს თუ არა კანონმდებლობა ვიდეომონიტორინგის ტექნიკურ დეტალებს. მაგალითად, კამერის ტიპს, ხედვის კუთხეს და იმას, თუ ზუსტად რა სივრცის გადაღებაა დაშვებული ან აკრძალული?

კანონი ამბობს, რომ ვიდეოგადაღება მესამე პირის უფლებებს არ უნდა ლახავდეს. მაგალითად, თუ ამ საერთო სივრცეში განთავსებული კამერა ვინმეს საკუთრებას უყურებს, ანუ ვინმეს საკუთრებაში შესვლის ან გამოსვლის დაფიქსირება შეუძლია, მაშინ აუცილებელია, რომ იმ მესაკუთრის თანხმობაც იყოს. მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კი აუცილებელია, რომ არსებობდეს მისი თანხმობა.

შესაბამისად, საერთო სივრცის მიღმა, თუკი რაიმე შეიძლება ამ ვიდეომონიტორინგში მოხვდეს, ანუ სხვის პერსონალურ მონაცემები, ასეთ შემთხვევაში მისი თანხმობაც საჭიროა.

  • მინდა გკითხოთ ასევე ხმის ჩაწერაზე, ალბათ ცალკე შეთანხმების საგანია ჩაიწეროს თუ არა სადარბაზოს კამერებმა ხმა. ასეა?

აუდიომონიტორინგი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. თუ სადარბაზოში მინიშნება არ არის, რომ აუდიომონიტორინგი მიმდინარეობს, ეს ცალსახა დარღვევაა. როგორც ვიდეომონიტორინგის შემთხვევაშია აუცილებელი, ასევე აუცილებელია აბრაზე დატანილი იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს აუდიომონიტორინგი.

აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია იმ პირის, ვინც არის ამ ვიდეო/აუდიო მონიტორინგზე პასუხისმგებელი – საგამოძიებო ორგანოს ან სხვა პირს საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავება თუ დასჭირდება, ეს ჩანაწერი რომ ამოიღოს. ეს კანონის მკაცრი მოთხოვნაა. თუ ასეთი აბრა არ არის სადარბაზოში, ეს დარღვევაა. დიახ, ეს იცავს სტუმარსაც.

მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ ნებისმიერ სივრცეში, მათ შორის კერძო საკუთრებაშიც – ეს ცალკე რეგულირდება. ამ შემთხვევაშიც, ხშირად არის ხოლმე, მაგალითად, ძიძა სადაც ჰყავთ იქ ამონტაჟებენ კამერას, აქაც კანონის მკაცრი მოთხოვნაა, უნდა იყოს მისთვის ცნობილი, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი.

ანუ, ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს მე უნდა ვიცოდე ამის შესახებ. საერთო სივრცეში წინასწარი თანხმობა ამისთვის არ არის საჭირო, თუმცა ჩანაწერის გაზიარების დროს, მაგალითად, ჩემი პერსონალური მონაცემები არის ვიდეოჩანაწერში და ეს თუ ვინმესთან უნდა გაზიარდეს, ამისთვის ჩემი თანხმობა საჭიროა. იმ შემთხვევაში, თუკი მე არ ვარ თანახმა, რომ გაზიარდეს ეს ჩანაწერი, უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, სასამართლოს განჩინება.

თუ სასამართლოს განჩინება არ არის, არ შეიძლება ასეთი ჩანაწერის გაზიარება. შეგვიძლია ჩავთვალოთ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევად და ამისთვის არსებობს შესაბამისი სანქციები. ეს აუდიტის სამსახურის პრივილეგიაა და არაერთი შემთხვევაა, როდესაც გამოვლინდა დარღვევა და დაჯარიმდა კიდეც ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

ია თოდუა – იურისტი

  • როდესაც მაგალითად კონკრეტული საკითხი დგას დღის წესრიგში, ვთქვათ სადარბაზოში რაღაც დაზიანებულია, ამის დასადასტურებლად კადრის გაზიარება, მაგალითად საერთო ჩატში შეიძლება? 

არ შეიძლება. თუ დანაშაული მოხდა, პირობითად, რაღაც ნივთი დაზიანდა, კონკრეტულ თანხას თუ აღემატება, სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ამ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არის, მაშინ პერსონალური მონაცემების გაზიარება კი არ უნდა მოხდეს, თავმჯდომარემ [როგორც წესი, თავმჯდომარე აზიარებს მსგავს ჩანაწერებს, რადგან ხელმისაწვდომი თავმჯდომარისთვის არის ძირითადად] საგამოძიებო ორგანოს უნდა მიმართოს და კანონის დაცვით ამოიღოს ეს მტკიცებულება.

იმისთვის, რომ ყოველი ასეთი დაზინებისთვის თითოეული მეზობელი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ მივცეთ, უფრო მარტივი გზაც არსებობს – უშუალოდ ვინც არის დამაზიანებელი, პირველი კომუნიკაცია მასთან უნდა მოხდეს: თავისი პერსონალური მონაცემები გაუზიარონ მასვე, მისგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და არა ის, რომ ჩატში გააზიარონ პერსონალური ინფორმაცია.

  • ხმის ჩაწერას რომ დავუბრუნდეთ, ვთქვათ იწერება ხმა თანხმობის გარეშე, რა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ასეთ შემთხვევაში, თუ ვინმე იჩივლებს?

თუ ვიდეომონიტორინგთან ერთად აუდიომონიტორინგიც მიმდინარეობს და არ არის შესაბამისი აბრა გაკეთებული, რომ მიმდინარეობს აუდიომონიტორინგი, იგივე სანქციები მოიაზრება. პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი როცა ირღვევა, ჯარიმებია განსაზღვრული – მოიკვლევს აუდიტის სამსახური, იყო თუ არა რეალურად დარღვევა, ანუ იყო თუ არა შესაბამისი გაფრთხილების ნიშანი გაკეთებული და თუ არ იყო, შემდეგ უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობს, ანუ დააჯარიმებს კიდეც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.

  •  არასრულწლოვნის გადაღებისა და მშობლის გარეშე მისი კადრების გაზიარების შემთხვევაში რა ხდება?

ზუსტად იგივე წესები მოქმედებს არასრულწლოვანთან მიმართებაში. ოღონდ მეტი სიფრთხილეა საჭირო არასრულწლოვანთან მიმართებაში, რადგან ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისგან უნდა ემსახურებოდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.

შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, თუ არასრულწლოვანი რაღაც მნიშვნელოვანს დააზიანებს სადარბაზოში, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ: მისი პერსონალური მონაცემების ასე გაზიარება არ არის გამართლებული, რადგან შესაძლოა ისეთი მორალური ზიანი მიადგეს არასრულწლოვანს, რომ იმ მატერიალური ზიანის თანასწორიც კი არ იყოს.

ყველაზე ადეკვატური, რაც შეიძლება გააკეთოს თავმჯდომარემ, არის ის, რომ გააცნოს ეს ჩანაწერი არასრულწლოვნის მშობლებს, როგორც მის კანონიერ წარმომადგენლებს – აუხსნას, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და უკიდურეს შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს მიმართოს. შეიძლება საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვამ იმხელა ზიანი არ მიაყენოს არასრულწლოვანს, როგორც საერთო ჩატში ამის გაზიარებამ, რადგან სრულიად უკონტროლოა იმ ჩატიდან, როგორ გადაზიარდება ეს ჩანაწერი.

  • ვის შეუძლია კადრების დათვალიერება და ვის შეუძლია მათი ამოღება?

კრებაზე უნდა განისაზღვროს პირები, ვისაც ექნება წვდომა, ვთქვათ, გადახვევაზე ან ვიდეოჩანაწერის ნახვაზე, ანუ პასუხისმგებელი პირი ვინც არის, ვინც უნდა დაამუშაოს პერსონალური მონაცემები. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირი, მას არ აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა ამ ჩანაწერზე. გარკვეული საჭიროების გამო, რამდენჯერაც მოუწევს ან შესვლა, ან გადახვევა, ან სხვაგვარად დამუშავება ამ მონაცემების, ეს უნდა აღრიცხოს.

რაც შეეხება სხვაზე გადაცემას, ეს მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზეა შესაძლებელი. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს წერილობითი მიმართვაც საკმარისია სასამართლო განჩინების გარეშე.

  •  მაგალითად, პირი ცხოვრობს მეცხრე სართულზე, მიიჩნევს, რომ სადღაც მეშვიდე-მერვე სართულზე რაღაც დაკარგა და ითხოვს კადრების დათვალიერებას. მაგრამ ხომ შეიძლება სხვა განზრახვა ჰქონდეს? რა შემთხვევაში აქვს უფლება ნებისმიერ პირს მივიდეს თავმჯდომარესთან და მოითხოვოს კადრების დათვალიერება?

ვიდეომონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი ვინც არის, ამ ადამიანმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს ამ ვიდეოჩანაწერში ვისი პერსონალური მონაცემი ფიქსირდება, ანუ ეს, ეს კონკრეტული ადამიანი ჩანს, ვინც მიმართა, თუ ამ ადამიანთან ერთად ჩანან სხვებიც? ეს უნდა ნახოს მანამ, სანამ უშუალოდ ამ ადამიანს, ვისაც ინტერესი აქვს, მას აჩვენებს. მან უნდა განსაზღვროს, რამდენი ადამიანის პერსონალური მონაცემი ჩანს იმ მონაკვეთში, რა მონაკვეთიც საინტერესოა ამ ადამიანისთვის და თუ მხოლოდ ერთი ადამიანი ჩანს, ანუ ვინც ამბობს, რომ რაღაც დავკარგე, ეს მისი პერსონალური მონაცემია და შეუძლია აჩვენოს.

თუ ჩანს, პირობითად, სხვა ადამიანის პერსონალური მონაცემები, აქ უკვე ორი ვარიანტია:

ერთი ის, რომ იმ ადამიანების თანხმობა აიღოს, ვინც იდენტიფიცირებადია და იმავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობენ, ან იმგვარად გააკეთოს ჩანაწერი, რომ იმ ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდებოდეს, [დაბლაროს ჩანაწერი].

  • რა ხდება, თუ პოლიციას უნდა, რომ ამოიღოს კადრები, მაგალითად, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კონკრეტულ პირთან, კონკრეტულ სართულზე ან კონკრეტულ კარებში, ვინ შევიდა და ვინ გამოვიდა. აქვს თუ არა თავმჯდომარეს უფლება, რომ ეს კადრები გადასცეს?

არც ერთ შემთხვევაში. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც პოლიცია ჯერ იღებს ჩანაწერებს, მერე კი სასამართლო განჩინებით ხელმეორედ იღებენ იგივე ჩანაწერს და ამაგრებს საქმეზე.

ცალსახად და კონკრეტულად რომ გიპასუხოთ, არ შეიძლება ვიდეოჩანაწერი თუნდაც საგამოძიებო ორგანოს გავუზიაროთ სასამართლო განჩინების გარეშე. სასამართლო განჩინება არის ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის ჩანაწერის გაზიარება.

თუკი საგამოძიებო ორგანო წერილობით მიმართავს და დაასაბუთებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი და ამ მიზნით ხდება ვიდეოჩანაწერის მოპოვება, გამონაკლისის სახით [საგამოძიებო ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე და არა სასამართლო განჩინებით] სავალდებულოა ამ ვიდეოჩანაწერის გაზიარება.

  • თუ, მაგალითად, კონკრეტულმა პირმა აღმოაჩინა, რომ გაიცა ინფორმაცია მის სახლში შემსვლელ-გამომსვლელზე, რამაც მას ზიანი მიაყენა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? 

შეფასებითია, რა ზიანი მიადგა, აუდიტის სამსახური ამის მიხედვით ჯერ მოიკვლევს, სხდომას ჩანიშნავს, შეუძლია მოიწვიოს და მოისმინოს მხარეთა არგუმენტები ან წერილობითი დასაბუთება მოითხოვოს. მიზანს გააჩნია.

თუ ვიდეომონიტორინგი ვიღაცის ცხოვრებისთვის მიყურადების მიზნით დაიწყო, მაშინ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ თუ კამერა განთავსებულია სადარბაზოში ისე, რომ ამაზე ინფორმირებულები არიან, თუმცა ჩანაწერი გავრცელდა კანონის დარღვევით, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მიყურადებად. ეს არის პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევა და აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა სანქციის გამოყენება.

თუ გამოვლინდა, რომ მიზანია სხვისი პირადი ცხოვრების შესწავლა, ანუ ვიდეომონიტორინგს იყენებს პირად ცხოვრების კონტროლისთვის – ვიღაცასთან ვინ დადის სახლში, ვინ მიდის და ვინ მოდის, მაშინ შეიძლება გადაიზარდოს სისხლის სამართლის დანაშაულშიც.

მნიშვნელოვანია თავმჯდომარეებს ესმოდეთ, რომ თვითნებურად ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების, მით უფრო აუდიოჩამწერის სისტემის მონტაჟი დაუშვებელია და არღვევს როგორც პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს, ასევე, ზოგადად, ადამიანის უფლებებს.

ასევე რადგან არის წერილობით თანხმობასთან დაკავშირებით ჩანაწერი, ვურჩევ თავმჯდომარეებს აუცილებლად მოიპოვონ მესაკუთრეთა ან ბინათმფლობელთა წერილობითი თანხმობები.

ბათუმის საახალწლოდ განათებისთვის მერიამ 2 ტენდერი, ჯამში 4,89 მილიონით გამოაცხადა

ბათუმის მერიამ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვის მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა. ორივე შესყიდვის საწყისი ღირებულება, ჯამში, 4.89 მილიონი ლარია.

პირველი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულებაც 4 მილიონ 413 822 ლარია, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას საახალწლოდ ქალაქის მორთვა სურს, შპს „ღამის შოუ სტუდიას“ მოუმზადებია.

პროექტის თანახმად, წელს ქალაქის საახალწლო გაფორმების მთავარი თემა ზღვა და ზღვის ბინადრები იქნება.

ილუსტრაციები პროექტიდან
წრიულის გაფორმება

სატენდერო პირობების მიხედვით, საქონლის მოწოდების ვადაა 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

ტენდერის პირობების მიხედვით, შესასყიდი მანათობელი კონსტრუქციების საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 5 წელი. შესრულებულ სამუშაოებზე, ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებამდე წარადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია 2 (ორი) წლის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.

ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები [საშობაო-საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების მიწოდება] საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონ 400 000 ლარის ოდენობით.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [საშობაო-საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების მიწოდება] სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონ 300 000 ლარის ოდენობით.

მეორე ტენდერის საწყისი ღირებულება 477 000 ლარია და ის „სანტას სახლის“ მოწყობას ითვალისწინებს.

დოკუმენტების მიხედვით, „სანტას სახლი“ წარმოადგენს საახალწლო თემატიკის ინტერაქციულ, შემეცნებით და გასართობ სივრცეს და უფასოდ მოემსახურება ყველა ვიზიტორს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მათ ოჯახებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

სანტას სახლის, როგორც პროექტის მიზანია, ბავშვებისთვის უსაფრთხო, შემოქმედებითი და მხიარული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ხელით დაამზადონ საახალწლო დეკორატიული ნივთები და სამახსოვრო სათამაშოები, განივითარონ შემოქმედებითი უნარები და აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
• სახელოსნოში ყოველდღიურად ჩატარდება სხვადასხვა ტიპის მასტერკლასი, მათ შორის: საახალწლო სათამაშოების დამზადება, ნაძვის ხის დეკორაციების შექმნა;
• საშობაო ბარათებისა და მცირე დეკორატიული ნივთების გაფორმება;
• სხვადასხვა ხელნაკეთი საახალწლო სუვენირების დამზადება.

მერიის ინფორმაციით, ყველა საჭირო მასალა უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორის მიერ, ხოლო მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევრებს უსასყიდლოდ წაიღებენ სამახსოვროდ: „სახელოსნოში მუდმივად იმუშავებენ გამოცდილი მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვებს შემოქმედებით პროცესში, იზრუნებენ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოზე, გაუწევენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას და აქტიურად ჩართავენ თითოეულ მონაწილეს.“

წინადადებების მიღება 11 ნოემბერს იწყება და 16 ნოემბერს დასრულდებდა.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმში საახალწლო მორთულობის სამუშაოებს „აჭარა განათება“ ასრულებდა, სწორედ ეს კომპანია იგებს ყოველ წელს ბათუმის მერიის ტენდერს.

ამ დრომდე საახალწლო ღონისძიებებისა და მომღერლების ჰონორარების დიდ ნაწილს მერია და მისი დაქვემდებარებული უწყებები გამარტივებული წესით აფორმებდნენ.

ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულდან გადახტა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბათუმში, კონკრეტულ ბინაში ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ.

ბინაში მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, სამივე პირი იდენტიფიცირებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა უწყებაში მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„აჭარა თაიმსი“ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმომხტარი პირი ავტომობილს დაეცა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ სამივე პირი ნარკოდანაშაულშია მხილებული.

რაზე იმსჯელეს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრო

დღეს, 17 ოქტომბერს „ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გამართეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

„ოცნება“ წერს, რომ ივანიშვილი თავად გაუძღვა სხდომას. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ამ სხდომის დასრულების შემდეგ გავიგეთ, არის ის, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.

„ოცნების“ გაფართოებული სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ზოგადად მიმოიხილეს არაერთი საკითხი, მათ შორის დაგეგმილი ცვლილებები, შეეხნენ საკონსტიტუციო სარჩელსაც, „ოცნების“ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზე კი არ უმსჯელიათ.

 ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, კვლავაც თვლის თუ არა მამუკა მდინარაძეს მეგობრად.

მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი და თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. ცოტა ხნის წინ მან საკონსულტაციო კომპანიაც დააფუძნა.

კობახიძის თქმით, მდინარაძე პოლიტიკიდან წასულია, ხოლო პირად ურთიერთობებზე კითხვა-პასუხი, ჟურნალისტის საქმე არაა. თუმცა კობახიძემ დაადასტურა, რომ მას მდინარაძესთან პერიოდულად აქვს კომუნიკაცია.

„მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ უბრალოდ, იმას მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, ეს კითხვები რა თქმა უნდა შეგიძლიათ დასვათ, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დავსვამდი, იმიტომ რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, შესაბამისად, საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, ანუ აქტუალური აღარ არის“, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის მიმართ შესაძლო სამართლებრივი დევნის ან რაიმე სახის დასჯის შესახებ არსებულ კითხვებს უსაფუძვლო უწოდა.

სხდომის პარალელურად „ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ასევე პატიმარ გიორგი დავითაძის დედა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 562 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 415 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 554 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 51 266 ერთეული [+24]
  • MLRS – 2 221 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 710 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 566 986 ერთეული [+1 396]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 962 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 163 883 ერთეული [+329]
  • სპეცტექნიკა – 4 835 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 130 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება შავ ზღვაში, სადაც დრონები სატვირთო გემებს ესხმიან თავს – „რუსეთი ტესტავს ნატოს“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ შეიცვლება ტრამპის პოლიტიკა, თუ ის შუალედურ არჩევნებს წააგებს? – ინტერვიუ

„ვითარების გამოსწორების შესაძლებლობად ეს არჩევნები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ თეორიულად იმიტომ, რომ ლოგიკურად დემოკრატებმა შეიძლება მოიპოვონ უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში და ამან მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ მართავს და როგორ პოლიტიკას ახორციელებს ტრამპი.

მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად განსაჭვრეტი ადამიანია – რას გააკეთებს შემდეგ, არავინ იცის, მისგან ბევრი სიურპრიზი გვინახავს,“ – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას აშშ-ში მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე ვესაუბრეთ:

რას აჩვენებს კვლევები და რა შეიცვლება, თუ ტრამპი 3 ნოემბრის არჩევნებს წააგებს?

„ტრამპის და მისი ადმინისტრაციის არაპოპულარობის გამო, ყველა ელის, რომ რესპუბლიკელებს ჩვეულებრივზე უფრო უარესი შედეგები ექნებათ, რაც მოსალოდნელია შუალედური არჩევნებისთვის…

„იმედი ვიქონიოთ, რომ შეერთებული შტატები თანდათან დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, როდესაც ის არის არა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ერთგვარი ამრევი, რომელიც გულგრილია საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისადმი, არამედ დაიბრუნებს თავის როლს, როგორც შედარებით უფრო სამართლიანი სისტემის გარანტორი და სანდო მოკავშირე დემოკრატიული სამყაროსთვის“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.

„ბათუმელებმა“ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, აშშ-ში შუალედური არჩევნების სამზადისია. კვლევების მიხედვით, ტრამპის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია. გაჩნდა მოლოდინი, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი შესაძლოა დაკარგონ. ლოგიკურია ეს მოლოდინი?

პირველ რიგში, მკითხველს ავუხსნათ: რა არის შუალედური არჩევნები და რა პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს თავისი შედეგებით. შეერთებულ შტატებში არჩევნები ტარდება ყოველ ორ წელს. ერთი ტიპის არჩევნებში ერთდროულად ირჩევენ პრეზიდენტს და კონგრესს, კონგრესის წევრებს – სენატის მესამედს და წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს.

ამის გარდა, არის შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი, გუბერნატორების არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ. ორი წლის შემდეგ კიდევ ტარდება არჩევნები, სადაც ახლიდან ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს და სენატის კიდევ ერთ მესამედს.

ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ცვლილებები ძალიან ხშირად დგება ორი წლის თავზე და როგორც წესი, ორი წლის შემდეგ პრეზიდენტის პარტია კარგავს ხოლმე თავისი ადგილების რაოდენობას კონგრესის ორივე პალატაში და ზოგჯერ კარგავს უმრავლესობასაც.

საკმაოდ ხშირად ხდება, რომ მმართველი პარტია, ანუ პრეზიდენტის პარტია კარგავს უმრავლესობას კონგრესში: სენატში და წარმომადგენელთა პალატაშიც. ამჯერად, პირადად ტრამპის და მისი ადმინისტრაციის არაპოპულარობის გამო, ყველა ელის, რომ რესპუბლიკელებს ჩვეულებრივზე უფრო უარესი შედეგები ექნებათ, რაც მოსალოდნელია შუალედური არჩევნებისთვის. ტრამპი დღეს არის ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი – სრულიად გასაგები მიზეზების გამო.

თავის დროზე ტრამპმა შეძლო მემარჯვენე ფრთის მობილიზება რამდენიმე ძალიან აშკარა დაპირების ხარჯზე: გააუმჯობესებდა მათი ცხოვრების დონეს; მისი პრეზიდენტობის დროს შეერთებული შტატები აღარ ჩაერთვებოდა საგარეო კონფლიქტებში, აღარ წამოიწყებდა ხანგრძლივ ომებს და რომ მისი მთავრობა იმოქმედებდა, პირველ რიგში, და უმთავრესად მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებში.

გიორგი ბადრიძე

დღეს აშშ-ში საზოგადოებას, მათ შორის, ტრამპის მომხრეების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს შთაბეჭდილება, რომ მან დაარღვია ეს დაპირებები, პირველ რიგში, სწორედ საგარეო კონფლიქტში ჩართვით, რაც არ იყო გარდაუვალი. ბევრის შთაბეჭდილებით, ეს ომი ირანთან იყო უფრო მეტად ისრაელის ინტერესში, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ამართლებს ამას პრეზიდენტი. ამ ომს მოჰყვა შეერთებულ შტატებში საწვავზე და აქედან გამომდინარე, ყველაფერ დანარჩენზე ფასების მკვეთრი ზრდა.

შესაბამისად, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ატარებს გამოკითხვებს, ელის, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია დაკარგავს უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში. არ არის გარანტირებული, მაგრამ არსებობს სერიოზული შანსი, რომ რესპუბლიკელები დაკარგავენ უმრავლესობას სენატშიც.

  • თუ კონგრესზე კონტროლი დაკარგეს რესპუბლიკელებმა, ეს პირდაპირ აისახება ტრამპის გადაწყვეტილებებზე?

აისახება ტრამპის გადაწყვეტილებების განხორციელებაზე. მაგალითად, კონგრესს აქვს ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაფინანსების გასაღები. შეიძლება ადმინისტრაციამ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ საამისო დაფინანსება არ გასცეს კონგრესმა.

მეორე: კონგრესს შეუძლია დაბლოკოს გარკვეული გადაწყვეტილებები. მესამე: ეს არის გამოძიების დაწყება აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კორუფციაზე. დემოკრატები ღიად საუბრობენ ამის შესახებ, ხოლო რესპუბლიკელები მომხრეების მობილიზების მიზნით აცხადებენ, რომ აი, თქვენ თუ არჩევნებზე არ მოხვალთ, დემოკრატები შექმნიან საგამოძიებო კომისიებს და დაიწყებენ ჩვენზე გამოძიებების მთელ სერიას.

მართალია, ამის მოლოდინი ალბათ არავის აქვს, მაგრამ თეორიულად, თუ დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებენ დემოკრატები, არ არის გამორიცხული პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობაც. ამას ბევრად მაღალი უმრავლესობა სჭირდება.

  • თუმცა თუ ტრამპის პარტია უმრავლესობას დაკარგავს, ეს ასევე შეამცირებს რესპუბლიკელების შანსს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე?

დიახ, თანაც ეს არის ტრამპის ბოლო საპრეზიდენტო ვადა, კონსტიტუციურად, იმის მიუხედავად, რომ ის და მისი მომხრეები ლაპარაკობენ ხოლმე მესამე ვადაზე – რაც კონსტიტუციით შეუძლებელია.

კიდევ ერთი თეორიული ვარიანტი მოვლენათა განვითარების, რომ უბრალოდ კი არ გამწვავდეს პოლიტიკური დაპირისპირება დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოგების შემთხვევაში, არამედ მოხდეს კონსტიტუციური კრიზისი, თუ ტრამპი და რესპუბლიკური პარტია შეეცდებიან არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები, ან წინააღმდეგობა გაუწიოს არჩევნების პროცესს.

თეორიულად ეს გამორიცხული არ არის. ტრამპმა და რესპუბლიკურმა პარტიამ კარგა ხნით ადრე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა არის უსამართლო, რომ მასში არსებობს მექანიზმები, რომლებსაც დემოკრატები იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვის, ვთქვათ, აძლევენ საშუალებას, რომ ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს ისეთმა ხალხმა, რომელსაც არა აქვს ხმის მიცემის უფლება, არ არიან მოქალაქეები და ასე შემდეგ.

ამის რაიმე დადასტურება არ არსებობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში მოქალაქეობის არმქონე ადამიანებმა მასობრივად მისცეს ხმა რომელიმე წინა არჩევნებში. გამოვლენილია მხოლოდ ერთეული შემთხვევები და არა მასობრივად, რასაც შეეძლო გავლენის მოხდება შედეგებზე.

თუმცა, ამ თემაზე ლაპარაკი რესპუბლიკელების მხრიდან შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ არჩევნები და მისი შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს არის რისკი. ამის რეალისტური მოლოდინი არ არსებობს.

  • ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მკვეთრად შემცირებული რეიტინგი, დაახლოებით 35%-მდე – პირდაპირ აისახება რესპუბლიკელების მაჩვენებელზე?

ცოტა ხნის წინ 33 % იყო ტრამპის პირადი რეიტინგი. ტრამპის პირადი რეიტინგი, ცხადია, ახდენს გავლენას, მაგრამ პირდაპირ არ აისახება, რადგან თითოეული კანდიდატი აირჩევა წარმომადგენელთა პალატაში ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან: ვიღაც შეიძლება იყოს უფრო პოპულარული, ვიდრე პარტია.

ოლქების უმრავლესობა ძალიან მტკიცედ ერთი და იგივე პარტიას აძლევს ხმას. არ არის დიდი იმ საარჩევნო ოლქების რაოდენობა, სადაც ამომრჩეველი უფრო მერყევია – გამოკვეთილი უმრავლესობა არ აქვთ არც დემოკრატებს, არც – რესპუბლიკელებს. არის ოლქები, სადაც ხან ერთი პარტია იმარჯვებს, ხან – მეორე, მაგრამ ასეთი ოლქები არ არის ბევრი. მთელი საარჩევნო ძალისხმევა არის მიმართული ე.წ. მერყევი, შუალედურ შტატების მიმართ. სხვა შტატები და საარჩევნო ოლქები თითქმის ყოველთვის გარანტირებული აქვს ერთ, ან მეორე პარტიას.

გამონაკლისებიც არის. მაგალითად, დღეს ტეხასში, რომელიც მტკიცედ რესპუბლიკური პარტიის დასაყრდენია და სადაც დემოკრატი სენატორი არ აურჩევიათ 20 წელზე მეტია, დღეს არსებობს მაღალი შანსი, რომ დემოკრატმა გაიმარჯვოს.

ჯორჯიაში ძალიან მაღალი შანსი აქვს დემოკრატ ჯონ ოსოფს, რომელიც კონგრესის წევრია და კენჭს იყრის სენატში. მას ძალიან მაღალი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს ამ საკმაოდ რესპუბლიკურ შტატში. 2020 წელს ტრამპმა ეს შტატი საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო, მაგრამ კონგრესის წევრები ამ შტატიდან უფრო ხშირად არიან რესპუბლიკელები.

უმეტესად მიდის ახლა ბრძოლა ამ შტატებისთვის, ოლქებისთვის, სადაც ორივე პარტიის წარმომადგენელს აქვს შანსი, სადაც უფრო მეტია, ასე ვთქვათ, არააფილირებული ამომრჩეველი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც დემოკრატი, ან რესპუბლიკელი.

როდესაც ერთი პარტია საკმაოდ არაპოპულარულია მმართველობის გამო, რომელიც უკვე ნახეს ბოლო 2 წლის განმავლობაში და მეორე პარტიამ შეძლოს მეტი ხალხის მობილიზება, მათ შორის, დამოუკიდებელი ამომრჩევლის, ამგვარ საარჩევნო ოლქებში დამოუკიდებელი ამომრჩეველი წყვეტს, ვინ გაიმარჯვებს. ასევე ის, თუ რომელ პარტიას შეუძლია თავისი მომხრეების მობილიზება.

  • რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს კრიტიკული განწყობა, რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს ტრამპის და მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ, არ აისახოს არჩევნების შედეგზე, მათ შორის, იმიტომ, რომ იგივე ომი ირანთან დასრულებული არ არის. ამ კუთხით როგორია ამერიკელების დამოკიდებულება?

ის, რომ ომი გაიწელა თებერვლიდან დღემდე, უკვე ძალიან ნეგატიური ფაქტორია არა მარტო ტრამპის მოწინააღმდეგეების, არამედ მისი ამომრჩევლისთვისაც. განსაკუთრებით MAGA-ს ფრაქციისთვის [რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებულ გავლენიან ულტრაკონსერვატიული და მემარჯვენე-პოპულისტური ჯგუფი], რომლისთვისაც საგარეო ომები ყოველთვის ძალიან არაპოპულარული იყო, მათ შორის, მოკავშირეების დასაცავად და მით უმეტეს  დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ნებისმიერი საგარეო ომი მათთვის იყო მიუღებელი. ეს არის ერთგვარი ძველი, მე-19 საუკუნიდან არსებული იზოლაციონიზმის ტრადიციის გამოხატულება.

თვითონ რესპუბლიკურ პარტიაში იყვნენ ისეთი პოლიტიკური ლიდერები და მთელი მიმდინარეობა იყო, სადაც ინტერნაციონალიზმი დემოკრატიის დასაცავად თუ გასამყარებლად ძალიან პოპულარული იყო. ამის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ჯორჯ ბუში პირველი და მეორეც. პირველმა დაიცვა ქუვეითი ერაყის აგრესიისგან და გაათავისუფლა, მეორეს – ჰქონდა მთელი სერია ომებისა დემოკრატიის დაცვის სახელით.

ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაესხა ალ-ქაიდა 2001 წლის 11 სექტემბერს, მაგრამ შემდეგ მან გააფართოვა ეს ომი და გადავიდა ერაყზე, რის გამოც მერე ბევრი აკრიტიკებდა. ამგვარი ომები რესპუბლიკური პარტიის გარკვეული, უფრო კონსერვატიული ნაწილისთვის იყო მიუღებელი.

დღეს ეს ხალხი ძალიან ნეგატიურად უყურებს იმ ფაქტს, რომ პირველი: ტრამპი ჩაება ომში ირანის წინააღმდეგ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: ამ ომს ვერ იგებს. მესამე ფაქტორია ის, რომ ამ ომის შედეგად შეერთებულმა შტატებმა მიიღო ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზარალი და ეს გამოიხატა თითოეული ამერიკელის პირად ბიუჯეტზე: მაგალითად, ავტომანქანის ავზის ავსება დღეს ამერიკელს უჯდება ბევრად მეტი, ვიდრე ტრამპი გასცემდა ბრძანებას ირანზე მიტანილი დარტყმების შესახებ.

  • ამერიკული მედიის მიხედვით, ტრამპის მიმართ უკმაყოფილების მთავარი საგანი მაინც ინფლაცია და გაზრდილი ფასებია და არა, მაგალითად, საგარეო პოლიტიკის ცვლილება, ომი ირანთან, შეცვლილი რიტორიკა უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, ან კრიტიკა ევროპელი პარტნიორების მიმართ?

ცხადია, ფასების ზრდა პირდაპირი შედეგია ამ სამხედრო ოპერაციის: ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა და ამას მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და გათხევადებული გაზის მოწოდების მკვეთრი შემცირება. ეს არის პირდაპირი უკუკავშირი, რომლის იგნორირება შეუძლებელია. ამერიკელებს არ უნდათ, რომ მათი ქვეყანა რაიმე ფორმით მონაწილეობდეს მათ საზღვრებს გარეთ არსებულ კონფლიქტებში, მიუხედავად იმისა, თუ რა ფასეულობითი კუთვნილება აქვთ კონფლიქტის მხარეებს.

ამ განწყობების ხელშეწყობას ცდილობდა ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და მისი პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ძირითადად იგივე ლოგიკით მიმდინარეობდა. ტრამპს არ გააჩნია რაიმე ფასეულობითი სიმპათია დემოკრატიული ქვეყნისადმი, რომელსაც თავს დაესხა დიქტატურა უსამართლოდ, მაგრამ მისი პოზიცია ეფუძნებოდა სწორედ იზოლაციონისტურ განწყობებს.

ტრამპი პუტინს რეგულარულად უწოდებს მეგობარს, პირდაპირ ამბობს, რომ მასთან ურთიერთობები ურჩევნია, ვთქვათ, უკრაინის პრეზიდენტთან ურთიერთობას, ამის გამო მის მიმართ ნეგატიური განწყობა უმეტესად იმ ხალხს აქვს, ვისთვისაც ტრამპი ისედაც მიუღებელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდის განსაკუთრებით მკვეთრი პრორუსული ნაბიჯები, მგონია, რომ თავად რესპუბლიკური პარტიის ზომიერ ფრთაში მაინც ტრამპს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

კონგრესში ეს გამოიხატა ინიციატივაში, რომელსაც რესპუბლიკელებიც შეუერთდნენ და ცდილობენ, დაბლოკონ, მაგალითად, დიზელის შესახებ ნათქვამი ერთგვარი გარიგება რუსეთთან.

  • ამ დროს დემოკრატები რამდენად სთავაზობენ მკაფიო ხედვას ამომრჩეველს იგივე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, ან ირანთან ომზე?

„დემოკრატიული პარტიის“ მიერ დალაგებული, ნათელი და გარკვეული რომ იყოს ხედვა, როგორც ტრამპის პოლიტიკის ალტერნატივა, ტრამპის მდგომარეობა ბევრად უარესი იქნებოდა. თუკი რამე გადაარჩენს ტრამპს კიდევ უფრო დიდი მარცხისგან კონგრესის არჩევნებში, არის ის, რომ ძალიან ხშირად დემოკრატების კანდიდატები გამოიყურებიან არა უბრალოდ სუსტად, არამედ არაარჩევადები არიან. მთლიანად დემოკრატებს, მართალია, ეს არ ეხებათ, მაგრამ არაერთი ისეთი კანდიდატი დაუსახელებიათ, ვთქვათ, სენატში, რომელიც მერე მოხსნეს.

ეს არის ტრამპის და რესპუბლიკელების ერთ-ერთი თეორიული გამოსავალი, რომ კი, ისინი განიხილებიან ძალიან ნეგატიურად, მაგრამ დემოკრატების მიერ შეთავაზებული ალტერნატივა ზოგჯერ აშინებს ამერიკელ ამომრჩეველს, მათ შორის, დამოუკიდებელ ამომრჩეველს.

ასევე, არსებობენ რადიკალი ულტრა-მემარცხენეები, ძალები, რომლებიც აფიქსირებენ, რომ პალესტინის მომხრეები არიან. ისრაელის პოლიტიკის კრიტიკა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მას არ მიიღებს ამომრჩეველი, მაგრამ რადიკალი ულტრა-მემარცხენეები და კანდიდატები, რომლებიც სამართლიანად თუ უსამართლოდ არიან ასოცირებული ისლამისტურ მოძრაობებთან, ასეთი კანდიდატები ხშირად აშინებენ ამომრჩეველს.

ესეც შანსია რესპუბლიკელებისთვის, რომ იმ მასშტაბით არ წააგონ არჩევნები განსხვავებით იმ შემთხვევისგან, მკვეთრი და გასაგები რომ ყოფილიყო ალტერნატივა.

  • 3 ნოემბრის არჩევნები შესაძლოა იქცეს ერთგვარ გამოსავლად არამხოლოდ აშშ-თვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვის, სადაც მიაჩნიათ, რომ აშშ იყო დემოკრატიული დღის წესრიგის მთავარი საყრდენი?

ვითარების გამოსწორების შესაძლებლობად ეს არჩევნები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ თეორიულად იმიტომ, რომ ლოგიკურად დემოკრატებმა შეიძლება მოიპოვონ უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში და ამან მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას ახორციელებს ტრამპი, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად განსაჭვრეტი ადამიანია – რას გააკეთებს შემდეგ, არავინ იცის, მისგან ბევრი სიურპრიზი გვინახავს.

2022 წელსაც იყო მოლოდინი, რომ წაგებული შუალედური არჩევნების შემდეგ, ტრამპი თითქოს უკვე ჩამოწერილია, მაგრამ ორ წელიწადში მან მოახერხა პოზიციების დაბრუნება.

არ არის გამორიცხული, რომ ის შეეცადოს, ჩაერიოს, მაგალითად, საარჩევნო პროცესში, რაც გამოიწვევდა კატასტროფულ შედეგებს შეერთებული შტატებისთვის.

იმედი ვიქონიოთ, რომ დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩაივლის ეს არჩევნები და რომ შეერთებული შტატები თანდათანობით დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, როდესაც ის არის არა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ერთგვარი ამრევი, რომელიც გულგრილია საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისადმი, არამედ დაიბრუნებს თავის როლს, როგორც შედარებით უფრო სამართლიანი სისტემის გარანტორი და სანდო მოკავშირე დემოკრატიული სამყაროს წევრებისთვის.

  • თუ ამ არჩევნებს წააგებს ტრამპი, მისთვის ნათელი იქნება ამერიკელი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ის არის დემოკრატიის ერთგული?

მე ვივარაუდებდი, რომ შეერთებული შტატების რეპუტაციის აღდგენა, როგორც დემოკრატიული სამყაროს სანდო ლიდერის, ერთ დღეში ვერ მოხდება – შეცვლილია მის მიმართ დამოკიდებულება შეერთებული შტატების მოკავშირეების მხრიდან.

ამერიკის მოკავშირეებსაც გაუჩნდათ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, რომ თუ ამერიკელებმა შეიძლება ორჯერ აირჩიონ ტრამპი, რომელიც ისტორიულ დემოკრატიულ ალიანსებს პრაქტიკულად არ ცნობს, მის მიმართ ნდობის დაბრუნება, როგორც ვთქვი, ერთ დღეში ვერ მოხდება.

მაგრამ ნორმალიზაციისკენ შებრუნება იქნებოდა აი, ამ მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, თუ ეს მოხდა.

შსს მინი სერიალს იღებს – 174 408 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური, დოკუმენტური მინი სერიალის გადასაღებად 174 408 ლარს დახარჯავს.

საბიუჯეტო თანხები მინი სერიალის გადასაღებად უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2026 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის ახალი სეზონის გადაღებისა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ.

პროექტის განხორციელება, მათ შორის, სერიალის გადაღება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და სატელევიზიო ეთერში გაშვება, გათვალისწინებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

აღნიშნული ვადის განსაზღვრა განპირობებულია პროექტის შინაარსობრივი სპეციფიკით, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობითა და იმ გარემოებით, რომ სერიალში გასაშუქებელი საკითხების აქტუალურობა უშუალოდ უკავშირდება ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების პერიოდს“, – ნათქვამია დასაბუთების წერილში, რომლითაც შსს შესყიდვების სააგენტოსგან თანხის უტენდეროდ განკარგვის ნებართვას ითხოვდა.

ამავე დასაბუთების მიხედვით, სერიალის დაჩქარებულ ვადებში მომზადება განპირობებულია იმ თემების აქტუალობით, რომლებიც ცალკეულ სერიაში იქნება ნაჩვენები.

„ამასთან, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის კონკრეტული საკითხების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სერიალის საზოგადოებისთვის წარდგენის პერიოდს.

პროექტის განხორციელების მომდევნო წლისთვის გადავადების შემთხვევაში, შესაძლებელია, მასში ასახულმა საკითხებმა ნაწილობრივ დაკარგოს აქტუალურობა, რაც შეამცირებს დაგეგმილი საკომუნიკაციო ღონისძიების ეფექტიანობას და მისი განხორციელებით მისაღწევ შედეგს,“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.

174 408 ლარის უტენდეროდ დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა.

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

16-25 ოქტომბერს თიბისი ტექსკოლა უფროსკლასელებს ორ ახალ, უფასო სასწავლო კურსზე იწვევს: „Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“.

თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები გაუძღვებიან.

„Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“ კურსებზე, მოსწავლეები იდეიდან რეალური პროექტის შექმნამდე ხელოვნურ ინტელექტს ასისტენტად იყენებენ, სწავლობენ პრობლემების გადაჭრასა და ციფრული პროდუქტების შექმნას. პრაქტიკული გამოცდილებით ისინი განივითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტის მართვისა და AI-ის გააზრებულად გამოყენების უნარებს, რაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და მომავალი პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.

თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 9-12 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. შვიდი ნაკადის განმავლობაში პროგრამას 5000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ტექსკოლის საგანმანათლებლო პროგრამები „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

გაიგე დეტალური ინფორმაცია და დარეგისტრირდი 25 ოქტომბრამდე.

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის.

რუსთაველის თეატრი 387 182 ევროს სკამებსა და სავარძლებს ყიდულობს – 1400 ლარი ერთ სკამში

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი 387 182 ევროს ღირებულების სავარძლებსა და სკამებს ყიდულობს. ამავე თანხაში შევა დარბაზის ინსპექტირება და ახალი ინვენტარის მონტაჟი.

თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლებისა და სკამების შესყიდვას თეატრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თევზაძე გამარტივებული შესყიდვით ითხოვს.

ნებართვის მისაღებად რუსთაველის თეატრის აღმასრულებელმა დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა.

„დღეის მდგომარეობით, თეატრის დიდი დარბაზის მაყურებელთა სავარძლები და სკამები გამოსულია მწყობრიდან და საჭიროებს განახლებას. აღსანიშნავია, რომ თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლები ითვლის ათწლეულებს და არის ორჯერ რესტავრირებული (1987, 2005 წწ.).

თუმცა ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და ცვეთის შედეგად სავარძლებისა და სკამების კონსტრუქცია არის დეფორმირებული და არასტაბილური, იშლება, ძვრება საზურგე და სახელური, დამჯდარია სავარძლის ღრუბელი, ასევე, სავარძლის ქსოვილს (ხავერდი) დაკარგული აქვს პირვანდელი ფერი და მისი სტრუქტურა არ პასუხობს ვიზუალურ სტანდარტს.

ამდენად, წარმოიშვა აუცილებლობა თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლების და სკამების ახლით ჩანაცვლების. აღნიშნული საჭიროება განპირობებულია არა მხოლოდ სავარძლებისა და სკამების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობით, არამედ თეატრის შეუფერხებელი ფუნქციონირების, სპექტაკლების სათანადო პირობებში ჩატარებისა და მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით.

ამასთან, დიდი დარბაზის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა წარმოადგენს თეატრის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს და, თავის მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დატვირთვა აქვს,“ – წერს წერილში თეატრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თევზაძე.

ამავე წერილის მიხედვით, თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზისთვის 602 ცალი სავარძლისა და 200 ცალი სკამის შეძენაა გათვალისწინებული, რაც ასევე ითვალისწინებს თანმდევ მომსახურებას, რომელიც მოიცავს თეატრის დარბაზის ინსპექტირებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, საქონლის თეატრის მისამართამდე ტრანსპორტირებას, სავარძლების მონტაჟსა და ინსტალაციაზე ზედამხედველობას. ამასთან, თეატრის დიდ დარბაზში არსებული სავარძლების დემონტაჟს და ამ პროცესში გამოვლენილ დამატებით სირთულეებთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

გამარტივებულ შესყიდვით სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ჯერ არ გამოუვლენიათ. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სკამები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 აპრილამდე უნდა შეიძინოს და დაამონტაჟოს.

ევროს დღევანდელი კურსით, ერთი სკამი/სავარძლის შეძენა-მონტაჟში თეატრს 1400 ლარს გადაიხდის.

Exit mobile version