არის თუ არა კონსტიტუციური „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული ერთ-ერთი სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ან ნებისმიერ სხვა პირს 2025 წლის ზაფხულიდან სასამართლოს დარბაზში ფოტოს და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლია. სასამართლოს დარბაზებში ხმის ჩაწერაც აიკრძალა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს დადგენილება [სასამართლოებში გადაღება-ტრანსლაციის რეგულირების შესახებ] 2025 წლის ივლისში მას შემდეგ მიიღო, როცა სინდისის პატიმრების საქმეებზე, მაგალითად, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ადვოკატებმა სასამართლო სხდომათა დარბაზში არაერთი პოლიციელი, მათ შორის, პოლიციის მაღალჩინოსნები ტყუილში ამხილეს, ჟურნალისტებმა კი, მოწმე პოლიციელების ცრუ ჩვენებები ყველასთვის საჯარო გახადეს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმები არაკონსტიტუციურია, კონკრეტული აკრძალვა გაუქმდება. სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღეს მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე.
მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეები არიან ადვოკატები: მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატებზე, რომლებსაც ეკრძალებათ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობებსა და ეზოს ტერიტორიაზე ისეთი ტექნიკური საშუალებების [გარდა ტელეფონებისა] შეტანის შესაძლებლობა, რომლებსაც გააჩნია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია, ხოლო უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, დამატებით, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია.
„მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული აკრძალვების შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების ინტერესების დაცვასა და უკანონო გადაღების პრევენციას, თუმცა, იმავდროულად, განმარტავს, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები არის ფორმალური, აშკარად არაპროპორციული და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, სასამართლოს ეზოსა და შენობაში ტექნიკური საშუალებების [გარდა მობილური ტელეფონისა] გამოყენების შეზღუდვას არ გააჩნია შემხებლობა ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებთან, რამდენადაც გაუგებარია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მართლმსაჯულების განხორციელებას იმით, რომ ადვოკატს, ჟურნალისტს ან სხვა პირს აღნიშნულ სივრცეებში ჰქონდეს ტექნიკური მოწყობილობა.
იმავდროულად, თეორიულად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სრული აკრძალვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობის ელემენტებს, რადგან არსებობს ნაკლებად შემზღუდველი და მეტად რაციონალური ალტერნატიული ღონისძიებები, მაგალითად, უკანონო გადაღებაზე პასუხისმგებლობის დაწესება და სხვა.
სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვით მიღებული მხოლოდ თეორიული პრევენციული სარგებელი აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან შედარებით, რომელსაც იგი აყენებს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას, დამოუკიდებლობას, დაცვის უფლების განხორციელებასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
ამასთანავე, უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანის სრული აკრძალვა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის ელემენტებს, ვინაიდან, მოსარჩელეების მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა ისედაც შეიცავს ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, როგორებიცაა ტექნიკური საშუალებების კონკრეტული ფუნქციების [კამერა/მიკროფონი] გათიშვის ვალდებულება, დარღვევის შემთხვევაში − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლში მითითებული სანქციების გამოყენება და სხვა,“ – ვკითხულობთ საოქმო ჩანაწერში.
ჯერ უცნობია, როდის დაიწყებს ამ სარჩელის არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო.






