მთავარი,სიახლეები • • • •

„სოფელში აკვანი აღარ ირწევა“ – რატომ იცლება ხულო? | რეპორტაჟი 6 სოფლიდან

20.10.2026
„სოფელში აკვანი აღარ ირწევა“ – რატომ იცლება ხულო? | რეპორტაჟი 6 სოფლიდან

„სოფელში გვყავს 2 ბავშვი, 11 თვის არიან, სხვა ბავშვები აღარ გვყავს“, „აკვანი აღარ ირწევა სოფელში“, „მე ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ აქ ახალგაზრდობა გაჩერდეს“ – ამ ფრაზებს ხულოს სოფლებში მცხოვრები ადამიანებისგან ვისმენთ.

ერთ დროს, მაღალი შობადობით და ხშირი დასახლებებით გამორჩეული ხულოს სოფლებიც თითქმის დაცლილია.

„ბათუმელები“ ამ კვირაში ხულოში, ხიხაძირის თემის 6 სოფელში იმყოფებოდა, სადაც მთაში შემორჩენილ მოსახლეობას სოფლების გასაჭირზე ესაუბრა. სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ოჯახების აზრით, მთის დაცლის მიზეზი უწყლობა, უმუშევრობა და დაბალმოსავლიანობაა.

  • სოფელი ძმაგულა

„5-6 წელია, რაც სოფლიდან ახალგაზრდობა წავიდა. ეს სოფლისთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია – პირველკლასელი არაა, 12 კლასში 19 მოსწავლე სწავლობს. 4 კლასი საერთოდ აღარ გვყავს“, – ამბობს თეიმურაზ მახარაძე, რომელიც ძმაგულას საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის.

თეიმურაზ მახარაძე

მისი თქმით, ახალგაზრდობას იმ შემთხვევაში დააკავებ სოფლად, სულ ცოტა 1000-ლარიან სამსახურს მაინც თუ შესთავაზებ.

„როცა მიდიან, უმეტესობა ნაქირავებში ცხოვრობს, თუმცა მაინც უღირთ წასვლა. სოფელში სკოლის გარდა ვერსად დასაქმდება ადამიანი, სკოლაშიც ყველა ვერ დასაქმდება“, – ამბობს თეიმურაზ მახარაძე.

ბეჟან მახარაძეც ამ სოფელში ცხოვრობს. ამბობს, რომ სულ ცოტა, ხუთი წელი მაინც არ ეყოლება სკოლას პირველკლასელი. სოფელში გვყავს ორი ჩვილი ბავშვი და ისინი როცა გაიზრდებიან და თუ დარჩებიან აქ, ესაა.

პერსპექტივა არ არის, არაფერი არ ჩანს. ამ ფაროსანამ ხომ წაიღო ყველაფერი – აღარც ხილია, მოსავალიც აღარ მოდის. ფაბრიკა, ქარხანა რომ აშენდეს, რაღაც შემოსავლის წყარო გაჩნდება, ან საქონელი რომ მოაშენო და რძე გაყიდო, მაშინ კიდევ შეიძლება გაჩერდეს აქ ადამიანი, მაგრამ სხვა შემთხვევაში არა“, – ამბობს ბეჟან მახარაძე.

ბეჟან მახარაძე

მისი თქმით, სოფელს ძმაგულას სასმელი წყლის პრობლემა აქვს, მეზობელი სოფლიდან აპირებდნენ გამოყვანას, თუმცა ხელისუფლებამ ხარჯები არ გაიღო. „სასმელი წყალი გვაქვს ძალიან ცუდი, თუმცა ეძვირათ გამოყვანა, რამდენიმე მილიონ ლარზე იყო საუბარი“, – გვეუბნება ის.

მაგრამ ხომ ღირდა სოფლისთვის, არა? – ვეკითხებით მას. „ღირდა, მაგრამ“, – გვპასუხობს ის.

ბეჟანის შვილებიც ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, სოფელში მხოლოდ ის და მისი მეუღლე არიან. „აქ ამოვიყვანო და რა გავაკეთებინო? კარტოფილი რომ მოგვყავდა ადრე 3-5 ტონა, ახლა ისიც აღარ მოდის. რა უნდა ქნან აქ“, – გვეუბნება ბეჟან მახარაძე.

  • სოფელი ქვედა თხილვანა

ამ სოფელში ხათუნა ქამადაძეს ვესაუბრეთ, ის სკოლის ექთანია. ახალგაზრდებისგან სოფლების დაცლას ისიც განიცდის. ამბობს, რომ თხილვანას სკოლაში, თითო კლასში 1 ან 2 ბავშვი ზის, ზოგიერთი კლასები კი საერთოდ გაუქმდა.

ხათუნა ქამადაძე

„ყოველდღე ერთი და იგივე რიტმი აქვთ – სკოლა, მასწავლებელი, გაკვეთილი. სხვა არაფერი შემეცნებითი-გასართობი არაფერი აქვთ სოფელში ბავშვებს. კინო აქ არ არის, თეატრი, მაღაზია. ნაყინს ვერ უყიდი რომ გინდოდეს. ამიტომ განიცდის სოფელი მიგრაციას.

17 მოსწავლე ჰყავს ჩვენს სკოლას ჯერჯერობით. ბავშვებსაც აღარ აქვთ მოტივაცია, რომ ისწავლონ. ჩემი შვილები ახლა სოფელში სწავლობენ, მაგრამ რომ დაასრულებენ, მინდა ქალაქში წავიყვანო“, – ამბობს ხათუნა ქამადაძე.

საუბარში ბავშვების ბებია ერთვება. მისი თქმით, რთულია, როცა კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა.

„ჩემი ერთი შვილიშვილი მე-6 კლასშია და მარტოა კლასში. გაკვეთილის მოყოლაც მას უწევს, დავალების დაწერაც და მორიგეობაც. ყველაფერი ამის კისერზეა“, – ამბობს ბავშვის ბებია.

მის თქმით, წლების წინ, ამ სკოლაში პარალელური კლასები არსებობდა, ახლა კი სკოლას პირველკლასელიც კი აღარ ჰყავს.

„საწვავი გაძვირდა, ტრანსპორტი გაძვირდა, გზა გაძვირდა – ყველაფერი გაძვირდა სოფლისთვის. ქალაქში უფრო ხელმისაწვდომია ყველაფერი, ვიდრე სოფელში.

  • სოფელი კალოთა

ამ სოფელშიც ხანდაზმული ადამიანები არიან შემორჩენილი.

ნათელა მამულაძე 80 წელს მიღწეული ქალია, თუმცა ამბობს, რომ ზამთარს სოფელში დიდი ხანია აღარ ატარებს.

ნათელა მამულაძე

„ახლა, შემოდგომაზე რომ წავალ და კარებს დავკეტავ, მაისში ამოვალ. სოფელში ყანას ვამუშავებთ. მოგვყავს მოსავალი – კარტოფილი, ფხალი და ოჯახს გვყოფნის“, – ამბობს ნათელა მამულაძე.

მისი სამი შვილი ქალაქში ცხოვრობს და ისიც მათთან ჩადის გამოსაზამთრებლად. „ჩემი ერთი შვილიშვილი პრაღაში ცხოვრობს. აღარ ჩამოდის, მოსწონს ძალიან“, – გვეუბნება ის.

თქვენ არ გინდათ ევროპული პენსია? – ვკითხეთ ნათელა მამულაძეს. ის სიცილით გვპასუხობს – „აქ ვინ მოგვცემს ევროპულ პენსიას“.

ნათელას თქმით, აქაურები უკვე მთაში მემთეურადაც აღარ მიდიან, რადგან საქონელი გაყიდეს.

„ბალახი ვერ მოიტანეს, ბენზინი გაძვირდაო და მიდის ყველა ბათუმში. ერთი ძმა მყავს აქ და ისიც მიიბარგება“, – გვეუბნება ნათელა მამულაძე. მისი თქმით, ამ სოფლის სკოლის დირექტორი მისი ძმისშვილია, რომელიც ასევე აპირებს ქალაქში გადასვლას.

„პირველი კლასი არც გასულ წელს იყო და არც წელსაა. არც მომავალში იქნება, რადგან ბავშვები აღარ იბადებიან სოფელში. ტელეფონზე სკოლის დირექტორს ურეკავს – ჩემი ძმისშვილია და ვკითხავ მოსწავლეების რაოდენობაზეო.

„11 მოსწავლე ყოფილა სკოლაში. პირველი, მე-2, მე-11 და მე-12 კლასები გაუქმებულია სკოლაში. მასწავლებლები წავიდნენ, მოსწავლეები წავიდნენ და ამიტომ დაიხურა კლასები.

ახალი წლიდან ჩემი ძმისშვილიც მიდის ქალაქში და დირექტორიც აღარ ეყოლებათ. ცოლ-შვილი უკვე გადაყვანილი ჰყავს და თვითონაც აპირებს წასვლას“, – გვეუბნება ნათელა მამულაძე.

  • სოფელი ფუშრუკაული

სოფლის საკრებულოში რამდენიმე ადამიანია შეკრებილი და მსჯელობენ. ერთი სკოლის დირექტორი იყო ბევრი წლის წინ, მეორეც სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად.

ზურაბი 84 წლისაა და ამბობს, რომ სოფლის დაცლის მიზეზი, უმუშევრობა და უპერსპექტივობაა.

„ახალგაზრდაა, სტუდენტია, მოხუცია ქალია, კაცია ყველა ქალაქისკენ მიდის. ხელისუფლებამ ვერ დაასაქმა ხალხი აქ, ადგილზე. ვერ შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ქალაქისკენ არ წავიდნენ.

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყავი 1975 წელს, 182 მოსწავლე მყავდა სკოლაში, ახლა 34 მოსწავლეზეა ჩამოსული.

ჩემს სოფელში, ოშანახევი ჰქვია, 20 კომლიდან 2 კომლი ვრჩებით ზამთარში და რაიმე რომ შეგემთხვეს, ვერც ვერავინ ვერ მოგისწრებს, ვერც მანქანა გამოვა და ვერც ვერავინ. შარშან-შარშანწინ 3 მეტრო თოვლი მოვიდა, სად უნდა ნახო ან ექიმი ან ვინმე“, – ამბობს ზურაბი.

მისი აზრით, სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლის მიზეზი უმუშევრობაა, თუმცა  ანაზღაურებაც მიაჩნია პრობლემად.

„ჩვენზე დაბალი ხელფასი მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში არ არის. ორი უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული და გლეხისგან არ განმასხვავა. მომცა 500 ლარი და გააძვირა ფქვილი, შაქარი, ბრინჯი.

პარლამენტის თავმჯდომარეს 12 000 ლარი აქვს ხელფასი, ორჯერ მეტი პრემიერ-მინისტრს. მილიარდები კიდევ სადღაც აქვთ გადანახული, ასე გვესმის ტელევიზიებიდან. პარლამენტარს ფეხებზე ჰკიდია, 14 00 ლარი რად უნდა. გლეხი გამართე წელში, რომ გვერდით დაგიდგეს.

ივანიშვილი სულ ამბობდა, ღარიბაშვილი ჩემი მარჯვენა მკლავიაო და ყველა თანამდებობა მოატარა, მაგრამ ხომ ხედავთ რა ქნა – ოქრო-ვერცხლი მოიპარა. მიუშვებენ, მიუშვებენ და მილიარდამდე რომ მივლენ, მერე უშვებენ ციხეში“, – ამბობს 84 წლის ზურაბი.

ამ სოფელში კიდევ ერთ ადამიანს ვესაუბრეთ, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაზე ჯავრობდა.

სოფელ ფუშრუკაულის მაცხოვრებელი

„ამასწინათ ჩავედი გასასინჯად, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და ანალიზები გჭირდებაო. ერთი 99 ლარი ღირდა და მეორე 80 ლარი. ვუთხარი – „ჯობია მოვკდე-მეთქი“. წამალი გაიაფდაო, რომ ამბობდნენ, ლარში ვყიდულობდი ერთს და ახლა 1.50-ზე აუყვანიათ 1 ტაბლეტი. 1 თვის წამალი ჯდებოდა 60 ლარი. ვერ ვიყიდი, გამოვიარე და წამოვედი“, – გვეუბნება ფუშრუკაულში მაცხოვრებელი კაცი.

მისი თქმით, თუ მთაში მცხოვრებ ადამიანებს ხელისუფლება არ მიხედავს, სოფლები კიდევ უფრო დაიცლება. „სოფლები გახდება ნასოფლარები. 80 კომლი ვიყავით, ახლა ვართ 14 კომლი. აკვანი არ ირწევა სოფელში“, – გვეუბნება ის.

სოფელ ფუშრუკაულში სკოლის მასწავლებელსაც ვესაუბრეთ. ედნარ ჯაიანი ამბობს, რომ დღეს, სოფლის საჯარო სკოლაში მხოლოდ 5 მოსწავლე ჰყავთ.

„გვყავს მე-3, მე-4, მე-6 და 2 ბავშვიც ზემო კლასებში. უცხო ენაც არ ისწავლება სკოლაში, რადგან მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, 13-14 საათისთვის აქ ვინ ამოვა ქალაქიდან.

გამორიცხულია, რომ აქ ბავშვების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ახალგაზრდობა სოფელში ფაქტობრივად აღარ არის და მეც ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ აქ ახალგაზრდობა გაჩერდეს. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვართ სახლში, შვილები ქალაქში წავიდნენ, მეზღვაურები არიან და აქ ისედაც ვერ დარჩებოდნენ“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, თანდათან ხელისუფლება ალბათ გამოიღვიძებს და შექმნის დასაქმების პირობებს სოფელში.

„აქვს ჩვენს ქვეყანას იმის შესაძლებლობა, რომ ახალშექმნილ ოჯახებს საჩუქარი გაუკეთონ, მისცენ შვილებზე რაღაც“, – გვეუბნება ის. ეს 5 მოსწავლეც რომ წავა, მერე რას აპირებთ პედაგოგები? – ვკითხეთ ედნარ ჯაიანს.

„მაგაზე უკვე ნაფიქრი გვაქვს, ნამსჯელი გვაქვს და ალბათ ვფიქრობ, ჩვენი წასვლის დროც მოვიდა“, – ამბობს ის.

  • სოფელი ხიხაძირი

სოფელი ხიხაძირიც იმ სოფლების რიცხვშია, საიდანაც ახალგაზრდობა ქალაქში მიდის.

სერგო ჯაიანი

„22 ათასი ლარი ჯარიმა დაუწერეს 6 ადამიანს – ხარებით მოჰქონდა შეშა. შეუფასეს როგორ მასალა და ორს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. ასე როგორ შეიძლება? ზამთარი მოდის, ადამიანმა უნდა მოიმარაგოს.

ვინც აქ დარჩა, იმასაც მისაშენებელ-მოსაშენებელი აქვს, ღობე სჭირდება, რაღაც მასალა სჭირდება. აძლევენ ერთ მოსახლეს სამ წელიწადში 3 კუბურ მეტრს, რას შეძლებს ამით, რას მოიმარაგებს.

92 წლის ქალია სოფელში, რომელიც რამდენიმე წელი უსახლკაროდ იყო და მე ავუშენე სახლი, ახლა ზამთრის შეშა აქვს მაგ ქალს მოსატანი, არ ცხოვრობს ახალგაზრდა, ჯანიანია კაცი სოფელში, რომ შეშა მოუტანოს.

არის კიდევ 1-2 ოჯახი, რომელსაც არავინ ჰყავს მიმხედავი და ღმერთის ამარად არიან დარჩენილები. აქ უნდა დახმარებოდნენ ამ ხალხს. იქამდე არ უნდა მიიყვანონ საქმე, რომ ადგნენ და ქალაქში წავიდნენ ადამიანები.

ხულო, ხიხაძირის თემი

ზოგმა გაყიდა ბინა-ბურჯი და წავიდა, რადგან აქ გაუჭირდა ცხოვრება“, – ამბობს სერგო ჯაიანი.

მისი თქმით, არასწორია როცა სახელმწიფო პოლიტიკას ხალხისთვის სიკეთის ნაცვლად ზიანი მოაქვს.

„აქ შეშისთვის ბილეთს გაზაფხული ნაცვლად სექტემბერში გაძლევენ. სექტემბერში მოტანილი შეშა ისიც ხარით, ზამთარში ხმელი არ იქნება. ამიტომ ნებართვები უნდა გაიცეს მარტში, აპრილში რომ ადამიანმა შეშა მოიმარაგოს“, – ამბობს სერგო ჯაიანი.

ის საუბრობს სოფლებში ბოძების გაუმართაობაზეც, რის გამოც, ზამთარში სოფლები ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

„არცერთი ეს ბოძი განახლებული არ არის. მთავარი ძაბვის ბოძი ნახეთ, ის გაზაფხულამდე გაჩერდება? ერთი ქარის მოქროლაზე წაიქცევა. არ შეაკეთეს.

წაიქცევა, შუქი აღარ იქნება, შუქი არ იქნება, ინტერნეტი და ტელევიზორი აღარ იქნება და ვიქნებით ასე უშუქოდ კვირები“, – ამბობს სერგო ჯაიანი.

  • სოფელი სკვანა

ახალგაზრდებისგან იცლება სოფელი სკვანაც. „ჩვენ ვართ მოხუცები და ჩვენ აღარ გვინდა და ახალგაზრდამ რა ქნას სოფელში?

არანაირი შემოსავალი არ არის, არანაირი მომავალი. ზამთარში მეც ქალაქში მივდივარ შვილთან.

აქ იმხელა თოვლი მოდის, გზები იკეტება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ექიმი არ არის და წამალი – ავად რომ გახდე და ვინმემ მოგხედოს. სანამ ხულოდან აქ სასწრაფო ამოვა, ადამიანი შეიძლება აღარ იყოს.

ძალიან ცუდ პირობებშია სოფლები, ამიტომაც დაიცალა. 10 კომლი რჩება ამ სოფელში ზამთარში, დანარჩენი სახლები დაცლილია, დაკეტილი“, – ამბობს სკვანაში მცხოვრები ქალი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: