ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს.
რამდენიმე ოჯახმა თავისი საკუთრების შესაფასებლად „სამხარაულის“ ბიუროს უკვე მიმართა, მესაკუთრეთა უმეტესობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას სთავაზობენ დოლარის იმ კურსით, რომელიც იყო სამი წლის წინ, ანუ 1,65 თეთრის ფარგლებში. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს სამართლებრივად სწორი მიდგომაა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს აშენებს, რომლითაც, წინასწარი ინფორმაციით, ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა გატარდეს თურქეთის მიმართულებით. ეს ქონება ამ პროექტის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული. მესაკუთრეს, რომელიც საკომპენსაციო თანხაზე ვერ შეთანხმდება, ქონებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ, და მას თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ერთადერთი გზა – სასამართლო რჩება.
ამავე თემაზე: