ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ოთხსულიან ოჯახს ავტობანის გამო ასახლებენ, ისინი სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ – აქცია ბათუმში

28.03.2021
ოთხსულიან ოჯახს ავტობანის გამო ასახლებენ, ისინი სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 223-ში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მათ ისე ასახლებენ, რომ ს სამართლიან კომპენსაციას არ აძლევენ. ოჯახის წევრის თქმით, ისინი ამ მისამართზე 30 წელია ცხოვრობენ და ვერც მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაკანონება მოახერხეს. საქმე ამ ეტაპზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია.

დღეს, 28 მარტს, ამ წუთებში [14:00 სთ] ოჯახის წევრები აქციას მართავენ – მიწის დაკანონებასა და სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვაც სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„3 385 კვ/მ მიწის ნაკვეთი გვაქვს შემოღობილი. აქვე აშენებული გვაქვს სახლი და 30 წელია ვცხოვრობთ. არ გვიკანონებენ საკუთრებაში. ნაკვეთი მოყვა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში და გვასახლებენ. თანაც ისე, რომ ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ გვტოვებენ მთელ ოჯახს. ვითხოვთ სამართლიან კომპენსაციას, როგორც მესაკუთრეები, რადგან ყველა კანონით ვექვემდებარებით, რომ მივიღოთ ეს ნაკვეთი საკუთრებაში, რაზეც აქამდე ყველა უწყებამ უარი გვითხრა. ახლაც სასამართლოში გვაქვს საქმე. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გვიჩივლა და გამოსახლებაზეა ჩვენი საკითხი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2 კვირით გადადო საკითხი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია ბერიძე.

მისივე თქმით, ასახლების სანაცვლოდ მიზერული თანხა შესთავაზეს.

„მიმდებარედ არაერთი ოჯახი აასახლეს და გადაუხადეს კომპენსაცია. აქვე ახლოს 1 კვადრატული მეტრი მიწა 350 დოლარად გაიყიდა, 318 დოლარად გაყიდა კვადრატული მიწა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც და ჩვენ კვადრატულზე 172 ლარს გვიხდიან. თანაც, მხოლოდ სახლზე და 400 კვადრატულ მეტრ მიწაზე. ბევრს ითხოვთო გვეუბნებიან. სხვებს გადაუხადეს და გაასახლეს, ჩვენ კი, რახან დიდი იყო ფართობი, ასეთ დღეში ვართ, სამართალს ვერ მივაღწიეთ,“ – ამბობს მზია ბერიძე.

ნაკვეთი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, საჯარო რეესტრის მიხედვით, იმ ტერიტორიის ნაწილია [საერთო ფართობი: 17 672 კვ/მ], რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ექსპროპრიაციის რეჟიმში იმყოფება.

აქცია ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 28.03.2021

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: