ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

14.12.2022
ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში პაქსაძეების ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 432 კვადრატულ მეტრს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოსცა.

პაქსაძეების ნაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. ავტომაგისტრალის ამ ნაწილში ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ვალერი, თამარა, ლევან და მერი პაქსაძეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე… ვინაიდან,  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო – სარეკონსტრუქციო სამუშაოების (I ლოტი – ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი) პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ,  ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულში მდებარე ვალერი, თამარა, ლევან და მერი პაქსაძეების თანასაკუთრებაში არსებულ 7 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე  – 482 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე“ – წერია ბრძანებაში.

პაქსაძეების საკუთრებაში არსებული ნაკვეთი [7 000 კვ.მ, მონიშნულია მკრთალად] სოფელ დანისპარაულში

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მინისტრის ბრძანება 14 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე:

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: