მთავარი,სიახლეები

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩაზე ბათუმის მერია 10 პირისგან სახლებსა და მიწას ითხოვს

15.07.2021
ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩაზე ბათუმის მერია 10 პირისგან სახლებსა და მიწას ითხოვს

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის გაგრძელებას ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გეგმავს. პროექტის ფარგლებში ქონების დათმობა ათ მესაკუთრეს მოუწევს. საჭიროების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეებს, რომლებიც შეთავაზებულ კომპენსაციას არ დასთანხმდებიან, სახელწიფო ქონებას ჩამოართმევს, თუმცა ამაზე ჯერ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ექსპროპრიაციის შესახებ კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე ინასარიძის ქუჩის გაგრძელებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, არსებული ქონების დათმობის სანაცვლოდ ათივე მესაკუთრეს მერიის საკუთრებაში არსებულ ბინებს გადასცემენ.

„შეთანხმების საფუძველზე, ძირითადად, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ბინების) სახით, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულების მიხედვით ტოლფასოვნად.“

მერიის განმარტებით, გზის გასაგრძელებელ სამუშაოებს მერია 16 804 კვ.მ-ზე ჩაატარებს. აქედან  7112 კვ.მ. კერძო საკუთრებაშია, მერიას მოუწევს ასევე 220,6 კვ.მეტრი შენობის გამოსყიდვა. მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები.

მიწის ნაკვეთების ნაწილი, რომლის გამოსყიდვაც მერიას მოუწევს, იურიდიულ პირებს ეკუთვნით, მათ შორის არიან შპს „ახალი ხედვა“, შპს „ელიტ ჰაუსი“, შპს „ბლექ სი ტერასა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: