„დიდებს იმიტომ იჭერენ, რომ აჩვენონ — ყველას მივწვდებით, პატარებს კი — დასაშინებლად,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი თემურ გორგაძე. მას ბათუმის ბულვარში ერთ კვირაში დაცვის ორი პოლიციელის დაკავებაზე ვესაუბრეთ.
რას აჩვენებს ეს ამბავი მაშინ, როცა ყოფილ მაღალჩინოსნებს მილიონების მითვისებას ედავება პროკურატურა? როცა ყოფილი პრემიერი, თუ სუს-ის უფროსი ციხეშია?
„წარმოიდგინეთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა აღმოაჩინა, რომ გაძვირდა საწვავი, პური, შაქარი, ის 200-500 ლარი აღარ ჰყოფნით. ხომ შეიძლება პროტესტი გაუჩნდეთ? მაგრამ როგორც კი გაუჩნდებათ პროტესტი, ეგრევე გაახსენდებათ ის, რომ მისი მეორე პარტაქტივი, ძმაკაცი რომ იყო მისი, დაიჭირეს. შეეშინდება, რომ ისიც არ დაგიჭირონ. ეს არის შიშის ეტაპი,“ – ამბობს თემურ გორგაძე.
„ბათუმელებმა“ თემურ გორგაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერია აჭარაში.

თემურ გორგაძე ფოტო: ედო მჟავანაძე
- ბატონო თემურ, 1 კვირაში უკვე მეორე პოლიციელი დააკავეს ბათუმის ბულვარში, სიდედრ-სიმამრის ბიზნესს მფარველობდაო. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი პრემიერი, სუს-ის უფროსი, თუ თავდაცვის მინისტრი ციხეშია და ამ შემთხვევებში საუბარია მილიონების მითვისებაზე?
ძირითადად ბოლო დაკავებები მაღალი დონიდან დაბალ დონემდე, დაწყებული ყოფილი პრემიერიდან და სუს-ის უფროსიდან – დამთავრებული ბულვარის დაცვის პოლიციელებით, ჩემი აზრით, ნიშნავს ორ რამეს: ერთი, რომ ეს ხალხი, ვისაც იყენებდნენ აქამდე არჩევნებში აგიტატორებად, კოორდინატორებად, აქტივად, აღარ სჭირდებათ. რეალურად აჩვენეს, რომ არჩევნებზე ხალხის გამოყვანას აღარ აპირებენ.
- „ოცნების“ აქტივი: კოორდინატორები, აგიტატორები და სხვა პირები, თქვენი აზრით, ყველა გარიგებული იყო „ოცნებასთან“ კონკრეტული კორუფციული ინტერესით?
რა თქმა უნდა. მაჩვენეთ ერთი „ქოცი“, ვინც, მაგალითად, ეკონომიკური პოლიტიკის, განათლების რეფორმის, ან რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით უჭერს მხარს „ოცნებას“.
ახლა ეს აქტივი აღარ სჭირდებათ. არჩევნების ჩატარებას აღარ აპირებენ, მაგრამ შიში უნდა დანერგო, რომ, მათ შორის, შენიანები და უფრო მეტად შენიანები დაიჭირო, რომ მეორე შენიანს შეეშინდეს. მას თუ რამე წამოსცდება, ეშინოდეს, რომ ისიც შეიძლება დაიჭირონ. რომ გადავხედოთ, ეს ეტაპი გაიარა რუსეთმა, ბელარუსმა და უამრავმა სხვა ქვეყანამ…
ჩვენ ახლა შევედით კლასიკურ სტაგნაციაში. ეკონომიკური კრიზისი ყველა ვარიანტში დაიწყება უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო. მოსაპარიც ნაკლები რჩება საერთაშორისო გრანტების არარსებობის და ეკონომიკის ნელი ზრდის გამო. ბიძინას საბოლოო შედეგი უფრო ახლოვდება – არ ვამბობ, რომ ხვალ ან ზეგ – შესაბამისად, ივანიშვილი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული წაიღოს თვითონ და ცოტა დაუტოვოს დაბალ დონეზე ადამიანებს.
თორნიკე რიჟვაძის მაგალითიც მაგას აჩვენებს.
მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს.
- შიშის გაძლიერება „ოცნებას“ საკუთარ მხარდამჭერებში რატომ დასჭირდა?
წარმოიდგინეთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა აღმოაჩინა, რომ გაძვირდა საწვავი, პური, შაქარი, ის 200-500 ლარი აღარ გყოფნით. ხომ შეიძლება პროტესტი გაუჩნდეთ?
მაგრამ როგორც კი გაუჩნდება პროტესტი, ეგრევე გაახსენდება ის, რომ მისი მეორე პარტაქტივი, ძმაკაცი რომ იყო მისი, დაიჭირეს. შეეშინდება, რომ ისიც არ დაგიჭირონ. ეს არის შიშის ეტაპი.
ოპოზიციის მხარეს იციან, რომ ამ ხალხს დაჭერის აღარ ეშინია. მაგრამ შენიანებს თუ იჭერ, გვერდით მყოფს, ვისაც შეიძლება ავტობუსის 70 თეთრად გახდომაზე პროტესტი გაუჩნდა, ეგრევე გაახსენდება ეს ამბავი და გაჩუმდება.
- თვითონაც რაღაცას იპარავდა და ამიტომ?
ბუნებრივია. „ქართული ოცნების“ პარტაქტივის ძალიან დიდი ნაწილი მცირე დონეზე, რაღაც დონეზე მაინც იპარავდა. ეს სისტემა ასე მუშაობს — ყველა საკუთარი „ვიგოდის“ [სარგებლის] გამოა იქ, სადაც არის. ყველამ იცის, რომ ვიღაცას 500 ლარი აქვს მოპარული, ვიღაცას – 500 ათასი. მოპარულიც რომც არ გქონდეს, ღარიბაშვილი დაიჭირეს, ლილუაშვილი დაიჭირეს და შენ ვინ ხარ, რომ არ დაგიჭირონ? – ეს არის შიშის დანერგვის კლასიკური მეთოდი დიქტატურებში.
ვინც 400 დღეა ქუჩაში დგას, ბიძინა მაგ ხალხს ვერ დაამარცხებს. გამორიცხულია, მაგ ხალხს ვერ შეაშინებ, მათ შიშიც გადალახეს და ყველაფერი. ეს ის ხალხია, ვინც საბოლოოდ ბიძინას ბოლოს მოუღებს.
პროტესტი გაიზრდება ყველა ვარიანტში, რადგან ჩვენ სოციალური აფეთქებისკენ მივდივართ. ფასების ზრდა, მაგალითად, ავტობუსით მგზავრობის ფასი, ყველას ეხება, მარტო ოპოზიციას კი არა.
ბევრია ისეთი, ვისაც პროტესტი აქვს, მაგრამ მას ვერ გამოხატავს შიშის, სხვადასხვა ფაქტორის გამო. გაპროტესტება ამ ქვეყანაში გახდა ძალიან ძვირი, დაწყებული 5-ათასლარიანი ჯარიმით, დამთავრებული პატიმრობით. ვისაც პროტესტი აქვს და ვერ გამოხატავს, მას კიდევ უფრო მეტად შეეშინდება.
- ბათუმის ბულვარის დირექტორი ყოფილი პოლიციელია – „მზია ამაღლობელის საქმის“ ცრუ მოწმე. ეს რაზე მიუთითებს?
ეს ყველაფერი შიშის დანერგვაა. მიზანია ის, რომ სხვა პატარა „ქოცს“, მაგალითად, გამწვანების სამსახურში, შემთხვევით არ მოუნდეს საწვავის ფასის გაპროტესტება. ის უნდა შეაშინო. თემურ გორგაძეს თუ დააკავებ, ამით დაბალი რგოლის „ქოცი“ ვერ შეშინდება, მაგრამ ბულვარში დასაქმებულ შენსავე მომხრეს თუ დაიჭერ, შეეშინდება სხვასაც.
დიდებს იმიტომ იჭერენ, რომ აჩვენონ — ყველას მივწვდებით, პატარებს კი — დასაშინებლად.
- რა გზავნილია ეს საზოგადოებისთვის, ვინც არაა შესული „ოცნებასთან“ გარიგებაში? რა მასშტაბის კორუფციასთან გვაქვს საქმე?
5-10 წლის წინ, ასე საჯაროდ და უტიფრად არ აჩვენებდნენ, რომ მილიონები აქვთ. ეს ეტაპი გადაილახა უკვე. ახლა პირდაპირ გვეუბნებიან: „ვჭამთ, ვსვამთ, „ვგულაობთ“ და საერთოდ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი“.
კორუფცია ყველგან არის, მათ შორის, მართვის მოწმობის აღებაშიც ფულს იხდიან, რაც არ იყო, მაგალითად, სააკაშვილის მმართველობის დროს. ადრე თუ იყო „ელიტარული კორუფცია“, ანუ რამდენიმე კაცში, ახლა სისტემა საბჭოთა კავშირს დაემსგავსა. მახსოვს, მამაჩემი და ბიძაჩემი ჰყვებოდნენ – ფერმაში ქატოსაც კი იპარავდნენ.
ეს სისტემაა, რომ ახლა ყველამ ყველაფერი უნდა მოიპაროს, ოღონდ ისე, ვითომ არ იპარავს.
ეს არ არის კორუფცია – ეს არის მმართველობის რაღაც სტილი, რომელიც დამყარებულია მომხვეჭელობაზე და ყველა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს. იციან, რომ შანსი არა აქვთ ხანგრძლივ მმართველობაში დარჩნენ, საბოლოო ჯამში დასრულდებიან. ამიტომაც, სანამ აქვთ ძალაუფლება ხელში — დიდი თუ პატარა — ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპაროს, რომ როცა დასრულდება მმართველობა, შერჩეთ რაღაც.
ასე არის მათი სისტემა აწყობილი, რომ ყველამ მაქსიმალურად უნდა გამოხრას და გაიტანოს საკუთარ სარგებელი, რაც კი შეიძლება, რომ გაიტანოს.
არ არსებობს სისტემა, რომელიც კორუფციის გარეშე იმუშავებს, მაგრამ კორუფცია თუ გამონაკლისი შემთხვევაა, იქ სისტემა მუშაობს, ხოლო როცა კორუფცია მმართველობის და ცხოვრების სტილად იქცა, ის მიდის იქამდე, სადაც ჩვენ მივედით ახლა.






