იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მაიზერ ხვარეშია დაინიშნა.
მაიზერ ხვარეშიას იმერეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ის დღეს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა სულხან თამაზაშვილმა.
მაიზერ ხვარეშიამ ამ პოსტზე რამაზ თათარაშვილი შეცვალა. რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის უფროსად გასული წლის ივნისში დანიშნეს. მან ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი იმუშავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს, სადაც მან სერგი ბზიშვილი ჩაანაცვლა. ხოლო თავად სერგი ბზიშვილი მუშაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
ცნობისათვის, ერთი თვის წინ, 2026 წლის 27 მაისს, როცა გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს მოქალაქეებზე, პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე, ამ დროს შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი იყო.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.
- ვინ არის მაიზერ ხვარეშია
მაიზერ ხვარეშია, რომელიც დღეს, 24 ივნისს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნეს, ამ დრომდე სასაზღვრო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
მაიზერ ხვარეშია მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში, მათ შორის წამყვან თანამდებობებზე.
ოფიციალური, საჯარო წყაროების თანახმად, ის მხოლოდ სამი წელი – 2022-2025 წლამდე პერიოდში იყო სისტემიდან წასული. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მისი სახელი სამშენებლო ბიზნესში და სხვადასხვა კომპანიების მეწილეთა შორის.
ხვარეშია სისტემაში 2025 წლის სექტემბერში დაბრუნდა და აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის.
მაიზერ ხვარეშიას შესახებ “ბათუმელებმა” გასულ წელს ვრცელი გამოძიება მოამზადა, რომლის ნახვაც ამ ლინკზე შეგიძლიათ
პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს






