რუსეთის დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს

ბათუმში ქუჩებში 26 მაისს საზეიმო მსვლელობა 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მემედ აბაშიძის გამზირზე ჩავლის დროს მსვლელობაზე რუსეთის დროშები გამოჩნდა და ტრანსფარანტიც – Russia.

“ეს იყო პროვოკაცია… რუსეთი არ მონაწილეობს ჩვენს ფესტივალში,”- გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამ სამინისტროს ორგანიზებით უკვე მე-19 წელია ბათუმში ფესტივალი “ოქროს დელფინი” იმართება. ფესტივალის ფარგლებში იმართება საზეიმო მსვლელობაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

“ეს გააკეთა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან… ჩვენ ისინი უკვე დავსაჯეთ, მსვლელობაში აღარ მონაწილეობენ და არც საღამოს დაჯილდოვების დროს იქნებიან,”- ამბობს ანჟელა ქამუშაძე, ფესტივალის “ოქროს დელფინის” ორგანიზატორი. მისივე თქმით, მან არ იცის, რატომ გააკეთეს ეს ფესტივალის მონაწილეებმა და ფესტივალში მონაწილეობას ვერ შეუზღუდავდა იმ ადამიანებს, რომლები ეთნიკურად რუსები არიან.

ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ჯგუფებმა დღეს რამდენიმე ქუჩაზე ჩაიარეს. მსვლელობა “საოცრებათა სკვერში” დასრულდა.

რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

თბილისში – რუსთაველის ქუჩას, ბათუმში კი მემედ აბაშიძეს, ხვალ, 26 მაისი, ანუ დღესასწაული დაეტყობა – ეროვნულ დროშებს გამოფენენ. ამ ქუჩებს მიღმა ადამიანებისთვის 26 მაისი ერთი მორიგი დღე იქნება. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, სახელმწიფო ჩვენში ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც „მტერი“. შესაბამისად, „დამოუკიდებლობა კი არ მიხარია, არამედ მისგან თავს ვიცავ“.

ოკუპაციის მიღმა ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ დღეს დამოუკიდებლობის ძირითადი გამოწვევა საქართველოში სამართლიანობის განცდაა. რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად? – ამ თემაზე ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ლაშა, თქვენი დაკვირვებით, როგორ ვუყურებთ ამ ქვეყნის მოქალაქეები 26 მაისს, რა დღეა ეს?

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ფორმალობად იქცა. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის ამ დღის მნიშვნელობა. 26 მაისი 1918 წელთან ასოცირდება, 90-იანი წლების დასაწყისთანაც, როდესაც თავიდან მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ეს დღე ფორმალობად იქცა, რადგან ახლა, მაგალითად, თბილისში რუსთაველის ქუჩაა გადაკეტილი და ძალიან ბევრი ადამიანია უკმაყოფილო ამით, რადგან საცობებში უწევს ყოფნა. ვერ შედგა დამოკიდებულება 26 მაისის, მე ასე ვიტყოდი, ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო დღესასწაულის მიმართ.

რატომ ვერ შედგა, თქვენ რას უკავშირებთ ამას? 

ძნელი სათქმელია. წლების განმავლობაში 90-იან წლებში რაღაცნაირი ცუდი დამოკიდებულება არსებობდა „სოციალ-დემოკრატებთან“, რადგან ისინი იყვნენ მმართველი პარტია და ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის, კარგად არ ვიცით. არ ვიცით, რამდენი რამ გაკეთდა ამ თუნდაც მოკლე პერიოდში, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს.  ჩემი ღრმა რწმენით, საქართველო იქნებოდა ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო, ისე რომ განვითარებულიყო, როგორც იმ წლებში ეს იყო დაგეგმილი.

ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა რატომ ვერ გახდა საქვეყნო სიხარულის საგანი, როგორც ეს სხვებთანაა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნაციონალური დღესასწაულები აღინიშნება პომპეზურად.

ამას გარკვეული ტრადიციის შემუშავება სჭირდება, როგორ უნდა აღინიშნებოდეს მსგავსი დღესასწაულები. ჩვენ ამაზე ფიქრითაც არ შეგვიწუხებია თავი – როგორ შეიძლება ეს გახდეს მართლაც საერთო-სახალხო დღესასწაული და მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ აღინიშნებოდეს იგი. ადამიანებს, რომლებიც მესვეურებად ითვლებიან, ასე ვთქვათ, არასდროს აინტერესებდათ ეს საკითხი. მოქალაქეებს კი, როგორც წესი, ასეთი საკითხების აღნიშვნისკენ უბიძგებს სახელმწიფო. თუკი ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიულ, პროევროპულ ფესვებზე გვქონდეს საუბარი, რასაკვირველია, პირველი რესპუბლიკა ამის ნათელი და კარგი მაგალითია და ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა გვესწავლა იმ წლებისგან.

პოლიტიკოსები ხშირად აქცენტირებენ იმაზე, რომ სამშობლო უყვართ, ანუ ეს კარგ ტონად ითვლება პოლიტიკურ ტრიბუნებსა, თუ სუფრებზე, მაგრამ პომპეზური არის ძირითადად რელიგიური დღესასწაულები: შობა, აღდგომა… ასევე ახალი წელი. 

საერო დღესასწაულების მიმართ არის საერთოდ ეს დამოკიდებულება. საერო დღესასწაულებს სჭირდებოდა უფრო მეტი ყურადღება. ადამიანები მაშინ აფასებენ დამოუკიდებლობას, მაშინ ჩნდება ეს შეგრძნება, როცა სახელმწიფო არის მოწესრიგებული, როდესაც სახელმწიფო გარანტიებს აძლევს თავის მოქალაქეებს, რომ მას ექნება სტაბილურობა, სამართლიანი გარემო, მას ექნება სოციალურად ისეთი გარემო, სადაც ნორმალურად ცხოვრებას შეძლებს. სხვა შემთხვევაში, ადამიანები სახელმწიფოს მნიშვნელობას ვერ დაინახავენ, ჩვეულებრივი და პატრიოტული შეძახილებით ეს არ ხდება.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დღემდე ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოს არ აღიქვამენ ასე პოზიტიურად, ამაში გარკვეულ როლს თამაშობს მტრული დამოკიდებულება  სახელმწიფოსადმი, ან კომფორმისტული დამოკიდებულება, რაც არსებობდა საბჭოთა წარსულში, მაშინ ხომ სახელმწიფო გარკვეულწილად მტრადაც კი აღიქმებოდა ადამიანისთვის. როდესაც შენ შენი ქვეყანა გაქვს, შენი სახელმწიფო, ცოტა რთული ხდება ამის გაგება, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ: თუ არ იქნება მოწესრიგებული სამართლებრივი, სოციალური, პოლიტიკური და სხვა საკითხები, ძალიან რთულია, მხოლოდ მოწოდებების დონეზე ადამიანებს უთხრა, რომ უნდა იყვნენ პატრიოტები და უყვარდეთ სამშობლო, უცხოეთში არ წავიდნენ და იქ დარჩენა არ ითხოვონ და ასე შემდეგ.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არაა რეალურად დამოუკიდებელი, თუმცა ამ ტიპის დისკუსიებში ხშირად არგუმენტად ის სახელდება, რომ ქვეყანას არ ჰყავს ეფექტური ხელისუფლება. რატომ ხდება ასე, როცა ადამიანები ქვეყნის მართვას პირდაპირ აკავშირებენ დამოუკიდებლობის მნიშვნელობას? 

აქ მთავარი ისევ საბჭოთა გამოცდილებაა – მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. ამ საბჭოთა ტრავმიდან უნდა გამოვიდეთ და დავინახოთ, რომ სახელმწიფო არ არის ადამიანის მტერი, უნდა გაჩნდეს აღქმა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ნაწილი ამ სახელმწიფოსი და ჩვენ ვაშენებთ მას იმისთვის, რომ უკეთესი გარემო შევქმნათ.

ძირითადად 26 მაისი აღინიშნება კულტურული და გასართობი ღონისძიებებით. თქვენ რა სახის აქტივობის საჭიროებას ხედავთ?

პირველ რიგში, განათლებაა მთავარი. ქუჩაში რომ გახვიდეთ, ახალგაზრდა მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ გეტყვით, რა არის საერთოდ 26 მაისი, რასთან არის იგი დაკავშირებული. მათ საამისოდ არც განათლება აქვთ, მედიაშიც არ ხდება ბევრი რამე… ჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანისთვის, უცნობი და გაუგებარია, რატომ ვზეიმობთ საერთოდ ამ დღეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს მკაფიოდ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს 26 მაისი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყოველმა მოქალაქემ ეს დღე გაიაზროს, გაიგოს თუნდაც ისე, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ამაში მონაწილეობდეს და ეს არ გამოიხატებოდეს მხოლოდ რუსთაველის ქუჩაზე გასეირნებით.

ან სურვილი უჩნდებოდეს, საკუთარი სახლის აივანზე მარტივად გადმოფინოს საქართველოს დროშა. 

კი. ამისთვის მე ვიტყოდი, რომ საჭიროა კარგი მაგალითები არსებობდეს. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ დაინტერესებულია ამით. ხელისუფლებას შეუძლია სამაგალითო რამე გააკეთოს სახელმწიფო შენობებზე… მე ვიტყოდი, რომ 26 მაისის, როგორც საერო დღესასწაულის გაძლიერება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. 26 მაისი არის ერთგვარი სიმბოლო სახელმწიფოს და ამ სიმბოლოს უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს.

თქვენი აზრით, დღეს რა არის საქართველოს დამოუკიდებლობის ძირითადი გამოწვევა? 

ჩვენ ისევ ბევრი გამოწვევა გვაქვს: ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორია, გვაქვს სასაზღვრო პრობლემები, საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც…. მე ასევე მინდა გამოვყო სამართალთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ასევე დამოუკიდებლობის გამოწვევაა. ვგულისხმობ სამართლიანობის შეგრძნებას, რომ აი, ამ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვი.

თამარ ჩუგოშვილს მიმართავს სტუდენტი, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს,

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს

ქალბატონო თამარ,

მოგმართავთ ბსუ-ს სტუდენტი – როგორც ქართული მედია წერს, სტუდენტი, რომელმაც თავისი ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მჭირდება თქვენი, როგორც პოლიტიკოსის, მმართველი პარტიის ლიდერის, როგორც ქალის მხარდაჭერა, რადგან ის, რაც ჩემს, 19 წლის გოგოს გარშემო ბოლო პერიოდში ხდება, არის ძალიან დამთრგუნველი და რთული.

ქალბატონო  თამარ ალბათ გაიგეთ, მაგრამ მაინც მინდა მოგახსენოთ, რომ სოციალური ქსელიდან, მესინჯერიდან ჩემზე რამდენიმე დღის განმავლობაში ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, ჩემი ლექტორის ფეისბუქ გვერდიდან  მომდიოდა მისი სექსუალური ხასიათის ფოტოები. ის საპასუხოდ მოითხოვდა ჩემი ღირსების შემლახავი ფოტოების გაგზავნას. მომმართავდა არასასურველი სიტყვებით, რაც მიზნად ისახავდა ჩემთვის ღირსების შემლახავ და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას… ეს მე მაყენებდა ტკივილს.

მიუხედავად ჩემი უარისა, ლექტორის ფეისბუქგვერდიდან მოწერას არ წყვეტდა. აღნიშნულმა ლექტორმა ისარგებლა ჩემი მდგომარეობით, ანუ იმით, რომ მისგან განსხვავებით მე ზურგს არავინ მიმაგრებდა და არც ახლა მიმაგრებს.

ბევრი ფიქრის და შიშის შემდეგ გადავწყვიტე ეს ამბავი მხოლოდ ჩემთან არ დამეტოვებინა. გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ უნდა გაეგო საზოგადოებას, სხვა ქალებს, თქვენ, ანუ ვისი მხარდაჭერის იმედითაც დავიწყე ამაზე ღიად საუბარი.

მივმართე ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან სიჩუმის შემთხვევაში ვშიშობდი, რომ უარეს მდგომარეობაში აღვმოჩნდებოდი

ახლაც ვცდილობ დავიცვა ჩემი უფლებები, ღირსება და ვაჩვენო სხვა სტუდენტებს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არის შესაძლებელი საკუთარი უფლებების დაცვა და ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას საკუთარი უფლება.

მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, როგორც ქალს, გავლენიან პოლიტიკოსს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს. მოგმართავთ სტუდენტი და გთხოვთ თვალი ადევნოთ საქმის მსვლელობას. გამოიჩინოთ კეთილი ნება და პროცესში ჩაერთეთ მაქსიმალურად. ვფიქრობ, ჩემი, როგორც 19 წლის გოგოს მძიმე გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ ქალზე ძალადობის  მსგავს შემთხვევები თუ სამართალდამცავების უმოქმედობა.

ვფიქრობ, ამით ხელს შევუწყობთ უნივერსიტეტებში სექსუალური შევიწროების ფაქტების აღმოფხვრა, რაც სავალალო იყო.

მართალია, ჩემი ლექტორი, რომელიც მე ვამხილე, ამტკიცებს, რომ თავად არ მიგზავნიდა მესიჯებს, რომ მისი „აიქლაუდი“ [აიფონის ფოტოარქივის პლატფორმა] და სოციალური ქსელი გატეხეს, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ სიმართლე გაირკვევა და მე არ დავიჩაგრები.

პატივისცემით სტუდენტი, რომელიც თავის სახელს ვერ წერს

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ტრამპმა გოლანზე ისრაელის იურისდიქცია აღიარა, რა გავლენა ექნება ამას საერთაშორისო სამართალზე

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი

დონალდ ტრამპის მიერ 25 მარტს ხელმოწერილ საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას, რომ ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს სირიის გოლანის მაღლობებზე, დიდი უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა მთელს მსოფლიოში.

ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა: “ჩვენ არ ვაღიარებთ ისრაელის სუვერენიტეტს არც 1967 წლიდან ოკუპირებულ მიწებზე და არც გოლანის მაღლობზე”.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფანე დუჟარიჩის განცხადებით კი, “გოლანის მაღლობის სტატუსი არ შეცვლილა და გაერო-ს გოლანის პოლიტიკა, უშიშროების საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებებშია მითითებული”.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით განაცხადა, რომ გოლანის მაღლობს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად თვლიან და არ აპირებენ მისი ანექსიის აღიარებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ასე გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას: “ეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს  ეწინააღმდეგება და სამწუხაროდ, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაზრდას შეუწყობს ხელს”.

არსებობს სიტყვათაშეთანხმება, რომელსაც ხშირად იყენებს ყველა მედია: „ოკუპირებული ტერიტორია“. ეს დეფინიცია განსაზღვრავს, პირდაპირი გაგებით, მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას და პერსპექტივას კონკრეტული გეოგრაფიული ადგილის მიმართ.

იეშუას ყოველმა მიმდევარმა უნდა იცოდეს ფაქტები ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ.

აკაკი ბერიძე

3500 წელზე მეტი ხნის წინ ერთი ადამიანი, თავისი ოჯახით გამოვიდა ქალდეველთა ურიდან (თანამედროვე ერაყი) და მოვიდა მიწაზე, რომელსაც მაშინ ქანაანი ეწოდებოდა. ღმერთმა მას აღუთქვა, რომ ეს მიწა მისი და მის შთამომავალთა მემკვიდრეობა იქნებოდა სამუდამოდ.

თავისი პირდაპირი და ჭეშმარიტი მნიშვნელობით „ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები” ნიშნავს, რომ ისრაელი უკანონოდ ახდენს სხვისი კუთვნილი მიწის ოკუპირებას. სხვა სიტყვებით, ისრაელი არღვევს საერთაშორის სამართალს. ისრაელს არ აქვს რაიმე უფლება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაკავებული აქვს და თავად მწვანე ზოლში მოქცეული ისრაელის ტერიტორიაც კი საეჭვოა.

[red_box]ოთხი ასპექტი, რაც გოლანის მაღლობზე ისრაელის ინტერესს განაპირობებს[/red_box]

სამხედრო ასპექტი – ებრაელი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ გოლანის რელიეფი აღმოსავლეთის საზღვარზე ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იდეალურია;

ეკონომიკური ასპექტი – გოლანი ისრაელის მინერალური წყლის 50%-ზე მეტს აწარმოებს. მეღვინეობის პროდუქციის 40% ექსპორტზე გადის და ქვეყნისთვის საჭირო ხილისა და ბოსტნეულის 30%- 50% მოჰყავთ. ასევე ცნობილია, ტურისტული ბიზნესითაც;

წყლით მომარაგების ასპექტი – მდინარე იორდანე ჰერმონის მთის მისადგომებიდან იღებს სათავეს, გაედინება კინერეთის ტბაზე და უერთდება მკვდარ ზღვას, რომელიც ქვეყანაში მტკნარი წყლის მთავარ რეზერვუარს წარმოადგენს. დღესდღეობით ისრაელის სასმელი წყლის 30% გოლანის მაღლობის ტერიტორიის გავლით მოდის;

სოციალური ასპექტი – დასავლეთის სანაპიროსა და ღაზას სექტორის ტერიტორიებისგან განსხვავებით, გოლანში არალეგალი მოსახლეობის რაოდენობა მცირეა და ჰერმონის მთაზე მცხოვრები დრუზები საკმაოდ ლოიალურად არიან განწყობილი ისრაელისა და მისი პოლიტიკის მიმართ. ბოლო პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები, აშშ-ის შუამავლობით, 2000 წელს ჩაიშალა, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები თურქეთის მედიატორობით 2008 წელს შედგა.

სირია მუდმივად აცხადებს, რომ მანამ არ დადებს სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელთან, სანამ ისრაელი სრულად არ დატოვებს გოლანის ტერიტორიას.

გაერო მიესალმება ისრაელს, როგორც თავის წევრს

ისრაელმა მიიღო გაეროს 181-ე და 273-ე რეზოლუცია და მამა-დამფუძნებელმა დავიდ ბენ-გურიონმა ისრაელი გამოაცხადა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1948 წლის 14 მაისს.

დამოუკიდებლობისთვის ომში დაიღუპა 4000 ებრაელი. ისრაელის არარეგულარული ჯარის რიცხვი მხოლოდ 20-30 ათასი ადამიანი გახლდათ. ბევრი მათგანი ახალი ჩასული იყო ისრაელში და ივრითზე გაცემული ბრძანებების გაგებაც კი არ შეეძლო, მაშინ, როცა არაბებს მრავალრიცხოვანი რეგულარული ჯარი ჰყავდათ. ისრაელის გამარჯვება სასწაული გახლდათ.

[red_box]ექვსდღიანი ომი[/red_box]

1967 წელს 19 წელზე მეტი გავიდა და არაბებმა კვლავ დაიწყეს მუქარა იმის შესახებ, რომ ისრაელს ზღვაში ჩააგდებდნენ და საომარ მოქმედებათა შედეგად, ჩაკეტეს მეწამული ზღვისკენ ისრაელის გასასვლელი. 1967 წელს ექვსდღიანი ომის მსვლელობისას გოლანის მაღლობების დასავლეთ ნაწილი ისრაელმა სირიას წაართვა და რეგიონზე კონტროლის დაბრუნების შესაძლებლობა 1973 წლამდე არ მისცა. 1974 წლის 31 მაისს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის პარაგრაფში ჩაწერილი იყო მოთხოვნა, რომ აღმოსავლეთ ტერიტორია სირიის ადმინისტრაციას დაექვემდებარებოდა და იქ, სირიის მოქალაქეები დაბრუნდებოდნენ. ეს ყველაფერი კი ექვს დღეში მოხდა. ეს იყო წარმოუდგენელი სასწაული.

[yellow_box]საზღვრების ურღვევობის პრინციპი და გოლანის მაღლობები[/yellow_box]

აშშ-ის მიერ ერთიანი იერუსალიმის ისრაელის ნაწილად აღიარებით შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს  საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბებული ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპი, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გოლანის მაღლობები მოიაზრება  სირიის ამჟამინდელი  სახელმწიფოს ტერიტორიად. ამერიკის მიერ გოლანის მაღლობების ისრაელის სუვერენის ქვეშ  აღიარება კი სწორედ ასეთი ქმედების ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად. აქვე აღსანიშნავია, რომ წარსულში აშშ-მა ანალოგიურად უკვე იმოქმედა კოსოვოსთან მიმართებით, როდესაც კოსოვოს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობა კანონიერად აღიარა და ეს ამ ტერიტორიული ერთეულის (კოსოვოს) sui generis ხასიათით ახსნა. ესეც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უხეში დარღვევა იყო – საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სერბეთის საზღვრების გადახედვის უფლება ცალმხრივად, სერბეთის თანხმობის გარეშე, არცერთ სახელმწიფოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას  არ აქვს, რაც არ უნდა უპრეცედენტო და საგამონაკლისო იყოს მოვლენები, რომლებმაც განაპირობეს კოსოვოს სესეცია.

ისრაელის მიერ გოლანის მაღლობების ოკუპაცია, როგორც XX და XXI საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი ოკუპაცია, ფაქტია უკვე ისრაელის სასარგებლოდ „გადაიხარა“. აშშ-ის ლობირებით დიდი სახელმწიფოები დელიკატური დიპლომატიური ტექსტებით „ხელებს იმშრალებენ“ არსებული უსამართლობის მიმართ. ეს იმ ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა, რომელიც უარესს პირობებში აყენებს სხვა არსებულ ოკუპაციებს მსოფლიოში, ყირიმს, ქერჩის სრუტეს, აფხაზეთსა და ოსეთს (რუსეთის მიერ), კვიპროსის ნაწილის ოკუპაციას ( თურქეთის მიერ), მთიანი ყარაბახის ოკუპაციას (სომხეთის მიერ) და ასე შემდეგ.

სიტყვათა შეთანხმება „ოკუპაცია“ ისევ უსამართლობად რჩება, დიდი სახელმწიფოები ამ ტერმინს და ფენომენს თავიანთი ინტერესებით იყენებენ, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართალი მხოლოდ და მხოლოდ ზიანდება.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე უვადოდ გაამწესეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ერთადერთი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე თავის პოზიციაზე უვადოდ გაამწესეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭო ჯუმბერ ბეჟანიძე და კიდევ 31 მოსამართლე გუშინდელ სხდომაზე დანიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ მოსამართლეთაგან 3 დაინიშნა გამოსაცდელი ვადით და დანარჩენი უვადოდო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ასევე დანიშნა კობა გოცირიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

https://netgazeti.ge/news/366835/?fbclid=IwAR1776nlEOZmOT1ywzzZgL0_37l4IFRm36GS6iwRzhUbu2bQYSW3qF_Q1mM

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

როგორ დაგსჯის კანონი თუკი სექსუალური შევიწროება დაგიმტკიცდება

გამოძიებამ კვალიფიკაცია უკვე შეუცვალა საქმეს, სადაც სტუდენტი ლექტორს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოძიება თავდაპირველად „სისხლის სამართლის კოდექსის“ იძულების მუხლით დაიწყო, ამჯერად  კი, საქმე უფრო მძიმე -„სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მუხლის მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირდა.

რა სახის სასჯელი არსებობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისთვის“ და რას ითვალისწინებს „სექსუალური შევიწროვება“, რომელიც ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა 3 მაისიდან – განმარტება პაატა დიასამიძეს, საია-ს იურისტს ვთხოვეთ.

„სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება“, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი გულისხმობს „პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას, რომელიც ჩადენილია ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ან დაზარალებულის უმწეობის, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.“

თუკი ამ მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა დაუდგინდება ლექტორს [მეორე ნაწილი მძიმე შედეგის დადგომას გულისხმობს], მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ეს მუხლი ქმედების იძულებაზეა ორიენტირებული, ანუ უნდა დადგინდეს, რომ ლექტორი სტუდენტს კონკრეტული სექსუალური ქმედების ჩადენას აიძულებდა და სტუდენტი დაზარალდებოდა, თუკი ის ლექტორის მოთხოვნას არ შეასრულებდა.

იურისტი პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის ეს მუხლი თავის არსში მოიცავს „სექსუალურ შევიწროებასაც“, რომელიც ამ ეტაპზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ არ გვაქვს და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა.

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, „სექსუალური შევიწროება“ გულისხმობს „საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ, ან შეურაცხმყოფელ გარემოს“.

მუხლი მოიცავს სექსუალური შევიწროების განმარტებასაც – სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ადგილი“ და მოიაზრებს თუ არა კანონით გათვალისიწნებული საჯარო სივრცე ინტერნეტ სივრცესაც? – საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის აზრით, სექსუალური შევიწროების მუხლი ვირტუალური სივრცეს არ მოიცავს და თუ ადამიანმა თავი სექსუალური კუთხით შევიწროეუბულად იგრძნო, მაგალითად, ფეისბუკში დატოვებული საჯარო კომენტარის გამო, მას შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს, ან სასამართლოს.

რაც შეეხება სანქციებს – სექსუალური შევიწროების მუხლი ძირითადად ჯარიმას ითვალისწინებს. პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 300 ლარია, განმეორების შემთხვევაში – 500 ლარი, ან გამასწორებელი სამუშაოები ერთთვემდე ვადით. ადამიანი 500-დან 800 ლარამდე დაჯარიმდება, თუკი მას სექსუალური შევიწროვების ფაქტს დაუდასტურებენ არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ.

„სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად დადგინდა… ადამიანს შეუძლია მოითხოვოს დისკრიმინაციის დადგენა, თუკი ინტერნეტსივრცეში დაფიქსირდება მის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი, სექსუალურ შევბიწროვებას განმარტავს ანტიდისკრიმინაციული კანონი. შესაბამისად, შესაძლებელია, მოქალაქემ მიმართოს სახალხო დამცველს და თუკი დისკრიმინაცია დადგინდა, მას შეუძლია სასამართლოში ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს“, – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

იურისტის განმარტებით, სექსუალური შევისწროება, როგორც დისკრიმინაცია, სახალხო დამცველის მხრიდან შეიძლება დადგინდეს მაშინაც, თუკი იგი საზოგადოებრივ ადგილას არ მოხდა, როგორც ამას ადმინისტრაციული სამართლადარევის კოდექსი განმარატავს.

რას მოიაზრებს „უმწეო მდგომარეობა“? – იურისტის თქმით, ეს მდგომარეობა ავტომატურად გულისხმობს ვითარებას, როცა მსხვერპლს თავის დაცვის, წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ აქვს, მაგალითად, სასმელში საძილე აბების გარევის გამო.

ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, თუკი ის შევიწროებულად გრძნობს თავს?

„სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, პოლიციას აქვს რეაგირების ვალდებულება. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოახდინოს რეაგირება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

საია-ში ასევე მიიჩნევენ, რომ მეტი სიზუსტისთვის უკეთესი იქნება, თუკი სექსუალური შევიწროვების დარეგულირდება სისხლის სამართლის კოდექსშიც გაჩნდება, რადგან „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების მუხლი“, რომლითაც ახლა სტუდენტის და ლექტორის საქმის ძიება მიმდინარეობს, ფოკუსირებულია იძულებაზე, სექსუალური შევიწროება კი, არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევაზეა აქცენტრიებული, როგორებიცაა – მზერა, ფრაზა, ან გენიტალიის ჩვენება.

 

ამ თემაზე:

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

 

 

 

გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანას დატუმბვის დროს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, „სოკარის“ გაზგასამართ სადგურზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას გაზით დატუმბვის დროს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ავტომანქანა დაზიანდა და ერთი საბურავი დაიწვა.

ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო ჯგუფიც.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 187-ე მუხლით.

მშენებლობიდან გადმოვარდნილმა მასალამ სახურავი დააზიანა

ბათუმში, მელიქიშვილის 77-ში მშენებარე კორპუსიდან ქარის დროს სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. სახურავის დაზიანების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში იქვე მცხოვრებმა თამარ გურგენიძემ გამოაქვეყნა. მოქალაქის თქმით, დაზიანდა მისი სახლი. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მას უკვე ესაუბრნენ და ზიანის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. თამარ გურგენიძის თქმით, მშენებლობას მისი სახლის მხარეს სამშენებლო უსაფრთხოების დამცავი ბადე არ ჰქონია.

საცხოვრებელ კორპუსს მელიქიშვილის 77-ში შპს „ელგიგა“ აწარმოებს. აქ გვითხრეს, რომ მშენებარე კორპუსს უსაფრთხოების ბადეები აქვს, მაგრამ სამშენებლო მასალა მაინც გადმოვარდა, რადგან ძლიერი ქარი იყო.

 

 

ბათუმში ღამით დასავლეთის ქარი გაძლიერდება

დღეს, 25 მაისს, აღმოსავლეთის ძლიერმა ქარმა ბათუმში მშენებლობებიდან მასალები და მძიმე კონსტრუქციები გადმოყარა, თუმცა სინოპტიკოსების ცნობით, ღამით ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 15-17 მეტრი წამში, საღამოს და ღამის საათებში კი ქარი მიმართულებას შეიცვლის დასავლეთით და გაძლიერდება 22 მეტრ წამამდე. დროგამოშვებით იწვიმებს ძლიერად“ – უთხრა „ბათუმელებს“ რუსუდან დიასამიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა.

მისივე განმარტებით, აღმოსავლეთის ქარი ნაკლებ შტორმულია ბათუმისთვის, ვიდრე დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის ზემოქმედება აჭარის რეგიონში უფრო ძლიერია.

„ახლა რომ დასავლეთის ქარი ქროდეს, აუცილებლად ზიანს მოგვიტანდა, რადგან დასავლეთის ქარის ზემოქმედება ჩვენს რეგიონში უფრო ძლიერია. ღამე ძირითადი ფრონტი გაივლის ღამის პირველ ნახევარში. ხვალ დილიდან კი ამინდი დამშვიდდება“ – გვითხრა რუსუდან დიასამიძემ.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

 

„ორბის“ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომანქანები დააზიანა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები ქუჩაში გადმოვარდა. საპატრულო პოლიციამ ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი გადაკეტა, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მასალების გამო არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დაზიანებულია 4 ავტომანქანა. სამაშველო სამსახურში სხვა შეტყობინება არ შესულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდნილმა რკინის კონსტრუქციამ რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. საპატრულო პოლიციას უსაფრთხოების მიზნით აქვს გადაკეტილი ქუჩა.

ბათუმის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია „ორბის“ მშენებარე კორპუსის, ან ქალაქში ქარის გამო შექმნილი სხვა პრობლემის შესახებ.

„განთიადში ვიყავით გასულები, სახურავი გადმოვარდა და მოგვარდა უკვე… თუკი სადმე პრობლემა შეიქმნა, გავალთ,“- გვითხრა ჯუმბერ კობალაძემ, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა.

“ორბის” მშენებარე კორპუსზე მომუშავე მუშების ნაწილი მშენებლობიდან გაიყვანეს, ნაწილი კი ქარის მიუხედავად შენობაში რჩება.

„ბათუმელები“ ამ ეტაპზე კომპანია „ორბს“ კომენტარისთვის ვერ დაუკავშირდა.

“ორბის” მშენებარე კორპუსიდან მუშების ნაწილი გაიყვანეს, ნაწილი კი შენობაში დარჩა

 

 

 

 

მოვიდა სქრინები სხვა სტუდენტებისგანაც – ბსუ-ს ეთიკის კომისია სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ამავე უნივერსიტეტის ლექტორისგან სტუდენტის სექსუალური შევიწროების თემას განიხილავდნენ.

ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ანზორ ბერიძე სხდომის დასასრულს კომისიის სახელით ადასტურებს, რომ მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები, მიიღეს დამატებითი მტკიცებულებები სხვა სტუდენტებისგანაც. „[ეს] ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს ლექტორის პოზიციას, რომ მისი ფეისბუქგვერდი გატეხილია. გვაქვს ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებები, ველოდებით მეორე მხარის, ლექტორის ბათუმში ჩამოსვლას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება”, – ამბობს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

ეთიკის კომისიის წევრია ასევე ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი.

„მოვიდა „სქრინები” სხვა სტუდენტებისგანაც, რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ბლომად მასალა დაგვიგროვდა დასამუშავებლად. არის ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს შესწავლას, ავთენტურობის დადგენას,  შესაძლებელია დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც მიმართოს უნივერსიტეტმა სქრინების ავთენტურობის დასადგენად”, – ამბობს ლევან ჯაყელი.

მისი თქმით, მასალების შეკრების პროცესი არ დასრულებულა და შეუძლებელია რაიმე შეფასების გაკეთება, რადგან მეორე მხარე არ არის გამოკითხული.

ბსუ-ს სამართლის ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, მივლინებაშია და ბათუმში 28 მაისს ბრუნდება.

მუხლი შეიცვალა და დამძიმდა – „სტუდენტისა და ლექტორის საქმე“ 

პროკურატურამ მუხლი შეუცვალა საქმეს, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გამოძიება ამ დრომდე 150-ე „იძულების“ მუხლით იყო დაწყებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“.

იძულების მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 139-ე მუხლის მეორე ნაწილი – 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ მუხლის მეორე ნაწილი „მძიმე შედეგის“ დადგომას ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ 139-ე მუხლი ამგვარადაა განმარტებული: „პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას, რომელიც ჩადენილია ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ან დაზარალებულის უმწეობის, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.“

სექსუალური შევიწროება ამ დრომდე არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი. 3 მაისიდან სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა.

 

 

„ოცნების“ აქტივისტი თორნიკე მჟავანაძე აჭარა TV-ის დირექტორის კანდიდატად დარეგისტრირდა

დღეს, 24 მაისს, 18 საათზე დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის სურვილი სულ 9 ადამიანმა გამოთქვა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან:

  • მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;
  • დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
  • გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი;
  • გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
  • ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;
  • ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელი;
  • ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი;
  • თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის გადაყენებამდე ითქვა, რომ მისი იმპიჩმენტის შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებდნენ არჩევას.  2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, თორნიკე მჟავანაძე იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

კონკურსის ეტაპები: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

სამი კალენდარული დღის ვადაში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდა განიხილოს წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისობა მოთხოვნებთან და გამოქვეყნდება იმ კანდიდატების სია, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მრჩეველთა საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას დააგროვებს.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს არაუგვიანეს 4 ივნისისა.

მთავარი ფოტო: თორნიკე მჟავანაძე ქართული ოცნების მაისურით. „ბათუმელების“ არქივიდან.

სამინისტრო გონიოში 48 ჰექტარ მიწას აუქციონზე გასაყიდად გაიტანს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებს წლის ბოლომდე აუქციონზე გაიტანს. ამის შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გონიოს განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა.

„ავიღეთ პოლიგონის მარცხენა მხარე, რომლის დაგეგმარებასაც ვაპირებთ. ახლა აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც გლობალურ დაგეგმარებას გააკეთებენ. არ არის ადვილი საერთაშორისო კომპანიას მიაღებინო ტენდერში თავისი საგარანტიო მოთხოვნებით მონაწილეობა. ჩვენ უკვე გვყავს კომპანია, რომელიც აუცილებლად შემოვა ტენდერში და ბიუჯეტის კვლევისთანავე ჩვენ ამ ტენდერს გამოვაცხადებთ.  ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს გონიოს ტერიტორია იქნება აუქციონზე გამოტანილი თავისი  ნაკვეთების შესაბამისად. ანუ თითოეულ თქვენგანს შეუძლია დაგეგმოს სასტუმროს განთავსება თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა,“ – მიმართა მან დარბაზში მყოფ ბიზნესმენებს.

აჭარის მთავრობასთან შეხვედრას 600-მდე ადამიანი ესწრებოდა.

თორნიკე კუჭავას თქმით, სამინისტროს აქვს თავისი ხედვა, თუ რას ითხოვენ დამგეგმარებლებისა და არქიტექტორებისაგან.

„უნდა გაითვალისწინონ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც არის აჭარის რეგიონში, უნდა გაითვალისწინოს ეკოლოგიური მოთხოვნები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ლოკაციის მიმართ და რაც მთავარია ის კულტურული შემოგარენი, რომელიც ახლავს ამ მონაკვეთს იმისათვის, რომ ის განვითარდეს სწორი მიმართულებით,“ – ამბობს თორნიკე კუჭავა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ საინვესტიციო ტერიტორია პოლიგონის მცირე ნაწილსაც მოიცავს.

„ეს არის გონიოს ციხის პირდაპირ 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ეს ტერიტორია გახდეს ინვესტიციების მოზიდვის წყარო, იქცეს ახალ ტურისტულ ლოკაციად. ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც  მნიშვნელოვანია არსებული პროექტის განხორციელება,“ – ამბობს მინისტრი.

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

მიიღებს პედაგოგი ზაფხულის ხელფასს, თუ განაცხადს ჯილდოზე მაისში გააკეთებს

დღეს 24 მაისს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სკოლების პედაგოგებს და დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პედაგოგებმა კითხვები წერილობით ფორმატში წარმოადგინეს. გთავაზობთ პედაგოგების კითხვებს და მასწავლებელთა სახლის პასუხებს შეხვედრიდან.

  • კითხვა: თუ მასწავლებელი მაისის თვეში განაცხადებს თანხმობას ჯილდოს მიღებაზე, მიიღებს თუ არა ზაფხულის საშვებულებო ხელფასს?

პასუხი: რა თქმა უნდა მიიღებს. ჯერ მიიღებს საშვებულებოს, შემდეგ კი, სექტემბერში მიიღებს ჯილდოს.

  • კითხვა: პენსიონერი მასწავლებელი, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან იმყოფება უხელფასო შვებულებაში, შეძლებს თუ ვერა მიიღოს ჯილდო და როგორ გამოითვლება მისი ოდენობა?

პასუხი: თუ პედაგოგი ხელშეკრულებით მუშაობს და ითვლება მოქმედ პრაქტიკოს მასწავლებლად, მასაც შეუძლია ჯილდოს აღება. ვარაუდია, რომ გამოითვლება მანამდე არსებული ხელფასით, ვიდრე შვებულებაში გავიდოდა. მაგრამ, თუ მას უწევს გამოსვლა 2019 წლის სექტემბრიდან და მასზე განაწილდება რაღაც საათები, მას შეეძლება არსებული საათების და ხელფასის მიხედვით მიიღოს ჯილდო. ამასთან დაკავშირებით რეალურად გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ჯილდო რომ მიეცემა ფაქტია.

  • კითხვა: როგორც ვიცით ფულადი ჯილდო დაანგარიშდება ხელზე ასაღები ხელფასიდან, დაანგარიშებული ჯილდოდან დაიქვითება თუ არა 20%-იანი საშემოსავლო?

პასუხი: ხელზე ასაღები ხელფასიდან ხდება ჯილდოს დაანგარიშება, თუმცა ჯილდო არ ექვემდებარება საშემოსავლოს დაქვითვას.

ბერიკა შუკაკიძე ბათუმში პედაგოგებს შეხვდა.
ფოტო: ლელა დუმბაძის
  • კითხვა: თუ მასწავლებელი მუშაობს ორ საჯარო სკოლაში, ორივე სკოლის შემთხვევაში მიიღებს თუ არა ჯილდოს?

პასუხი: რა თქმა უნდა. მასწავლებლის ხელფასი და საათობრივი დატვირთვა იმ ორი სკოლის ხელფასის მაგალითზე იქნება განხილული, ორივე სკოლიდან მიიღებს ჯილდოს, ოღონდ ორივე სკოლიდან უნდა წავიდეს.

  • კითხვა: თუ არის ჯილდოს დაანგარიშებისას გათვალისწინებული კლასის დამრიგებლის ანაზღაურება?

პასუხი: არა. თუმცა, თუ მაღალმთიანი რეგიონის დანამატია, ამ შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული. კლასკომპლექტების დანამატი ზუსტად არ ვიცი როგორ დაანგარიშდება, ალბათ საათების მიხედვით.

  • კითხვა: საპენსიო ასაკის სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია თუ არა მიიღოს ფულადი ჯილდო?

პასუხი: სამწუხაროდ ვერა, რადგან მას საათობრივი დატვირთვა აღარ აქვს და მასწავლებლის ხელშეკრულება შეწყვეტილი აქვს.

  • კითხვა: პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც არ არის საპენსიო ასაკის, შეუძლია თუ არა 2019 წელს, ორჯერ გავიდეს გამოცდაზე?

პასუხი: არამხოლოდ საპენსიო ასაკის მასწავლებელს, ყველას. მთავარია ის ახლა იყოს დარეგისტრირებული. საშემოდგომო გამოცდას ჰქვია განმეორებითი გამოცდა. ვინც ზაფხულის გამოცდაზე ვერ მიიღებს საკადრის შეფასებას ან არ იქნება კმაყოფილი შეფასებით, მას უფლება ექნება გადააბაროს გამოცდა. სხვა შემთხვევაში, საშემოდგომო გამოცდაზე ვერ გავა.

  • კითხვა: თუ კერძო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელი ვერ აიმაღლებს სტატუსს 2019 წლამდე, 2020 წლისთვის გაუუქმდებათ თუ არა პრაქტიკოსის სტატუსი?

პასუხი: კერძო სკოლები არის კერძო სტრუქტურა და ისინი თავად არიან უფლებამოსილნი გადაწყვიტონ ვის გაუფორმებენ ხელშეკრულებას, რომელ სქემაშიც იქნებიან ჩართული, იმის შესაბამისად. კერძო სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს თავისი სქემა, მისი პროფესიული განვითარების სისტემით.

პედაგოგები და დირექტორები ბათუმში ბერიკა შუკაკიძეს შეხვდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის
  • კითხვა: 2019 წლის 26 ნოემბერს ვხვდები 60 წლის, შემიძლია თუ არა პენსიაზე გასვლის შემთხვევაში მივიღო ჯილდო?

პასუხი: 60 წლის რომ გახდებით, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი, წინსწრებით ვერა.

  • კითხვა: ვარ ფიზიკოსი მასწავლებელი, დადასტურებული მაქვს კომპეტენცია, ასევე ჩატარებული მაქვს შიდა შეფასების გაკვეთილები. მიგროვდება 15 კრედიტქულა. მომეცემა თუ არა საშუალება კრედიტქულიანი ტრენინგებით შევივსო 4 დარჩენილი ქულა?

პასუხი: თქვენ გეძლევათ უფლება 19 კრედიტქულა შეივსოთ ამ წლის ბოლომდე და აიმაღლოთ სტატუსი. დეკემბრის ჩათვლით.

  • კითხვა: მასწავლებელი, რომელიც დაადასტურებს კომპეტენციას და 2019 წლის ბოლომდე დააგროვებს შესაბამისი რაოდენობის ქულებს, როდის მიენიჭება სტატუსი?

პასუხი: 2020 წლის იანვრიდან. ყველა მასწავლებელს სჭირდება გადამოწმება და მასწავლებლის სახლს ერთთვიანი პერიოდი აქვს გადასამოწმებლად.

  • კითხვა: კვლევა თუ არ ჩაეთვლება მასწავლებელს, 2019 წლის სექტემბრიდან თუ მიეცემა კვლევის ხელახლა განხორციელების უფლება?

პასუხი: კვლევის განხორციელება ეხება უფროს მასწავლებელს. მასწავლებელს რომელსაც ექნება ყველა აქტივობა განხორციელებული და 15 კრედიტქულა მოგროვებული მიმდინარე წლის ივლისისთვის, მას სექტემბრიდან შეეძლება გარე დაკვირვების ჩატარება. ამიტომ ვთხოვთ დირექტორებს, რომ 24 ივნისს მთავრდება კვლევის ატვირთვა და როცა განისაზღვრება შეფასების პერიოდი, პირველ რიგში განახორციელონ იმ პედაგოგების შეფასება, რომლებსაც 15 კრედიტქულა აქვთ თავიანთი კვლევით.

„ხშირად შემოდის საჩივარი, რომ „დირექტორი მემტერება“, „რაღაც არ ამატვირთინა“ და ა.შ. თუ ეს ნაცნობი სურათია, ასეთი სკოლის დირექტორებს რესურსცენტრებმა მიხედონ, თუ ის ვერ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ.

ვისაც კვლევა გაქვთ გაკეთებული, თუმცა მიგაჩნიათ, რომ კვლევის ანგარიში რაღაცის დამატებას მოითხოვს, თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ შეფასების ჯგუფს და ხარვეზის ოქმის შემთხვევაში ხელახლა ატვირთოთ თქვენი კვლევის ანგარიში. ჩვენ არ გვაქვს დახარვეზების ვალდებულება, ჩვენ ვამოწმებთ, არის თუ არა შეფასებული სწორად.

  • კითხვა: დირექტორს და მოადგილეს აქვს თუ არა უფლება აიღოს ჯილდო საათების მიხედვით და გააგრძელოს მუშაობა როგორც დირექტორმა?

პასუხი: რა თქმა უნდა. როგორც დირექტორს, ასევე მოადგილეს ამის უფლება აქვთ, რადგან ჯილდოს იღებს როგორც მასწავლებელი და არა როგორც დირექტორი ან მოადგილე.

  • კითხვა: 27 მაისიდან 15 ივნისადმე, თუ აქვს უფროს მასწავლებელს უფლება ჩაატაროს ორი სამოდელო გაკვეთილი?

პასუხი: ამას დებულება არეგულირებს. თუ იქ წინააღმდეგობა არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაატაროთ სამოდელო გაკვეთილი.

  • კითხვა: რუსული სექტორის დაწყებით კლასებში არ არის სასერთიფიკაციო გამოცდა. ამის გამო, მასწავლებელს არ ეძლევა საშუალება აიმაღლოს სტატუსი, ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა?

პასუხი: გეთანხმებით. რუსულ ენასა და ლიტერატურაში როგორც ასეთი არ არის გამოცდა, მომავალი წლისთვის აუცილებლად იქნება ეს დარეგულირებული. ამ მასწავლებლებისთვის არ არის ეს აქტივობა სავალდებულო. ალტერნატიული მექანიზმები მუშავდება და იქნება შემოთავაზებული. თუ ჯილდოს აღება ენდომება შეუძლია ჯილდო აიღოს.

_______

ბერიკა შუკაკიძე პედაგოგებს პენსიონერი მასწავლებლების პროფესიიდან გასვლის ახალ მოდელთან დაკავშირებით შეხვდა. შუკაკიძის თქმით, ამ დროისთვის პროფესიიდან გასვლასთან დაკავშირებით განცხადება 5 ათასმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გააკეთა.

სტატისტიკური მონაცემებით საჯარო სკოლებში ამ დროისთვის 12 300 პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. იმ შემთხვევაში თუკი პროფესიიდან ყველა გავა, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ამ პედაგოგების ჯილდოებისთვის ასი მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.

ამავე თემაზე:

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

ზაზა ფაჩულია ბათუმელი ფანების ალყაში [ფოტო]

დღეს, 24 მაისს, ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ბათუმში, კაფეში ყოფნის დროს გულშემატკივარი ბავშვების გარემოცვაში აღმოჩნდა. სკოლის მოსწავლეებმა ფაჩულიასთან არაერთი ფოტო გადაიღეს.

ზაზა ფაჩულია ბავშვებთან ერთად
ზაზა ფაჩულია ბავშვებთან ერთად

ენძელა მაჭავარიანი: სირცხვილი არ არის საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე

პარლამენტარმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ბათუმელი სტუდენტის განცხადების შესახებ მისი ლექტორის, „ქართული ოცნების“ წევრის მხრიდან სექსუალური შევიწროებაზე.

„რა მნიშვნელობა აქვს ვისი წევრია, როგორც კანონი ითვალისწინებს, ისე უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კანონი მიღებული გვაქვს და კანონი უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ, ვინც კი გნებავთ იყოს.

ის ფაქტი, რომ ამ გოგონამ გაახმაურა, ჩემთვის უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ქალებს მოვუწოდო, სირცხვილი არ არის იმაზე საუბარი, თუ ვინმე გვავიწროვებს, ცხოვრებას არ გვაცლის. ეს სტიგმა უნდა დაძლიოს თითოეულმა ჩვენგანმა და კანონი, რომელიც მივიღეთ და რომლის გამოც ზოგჯერ საყვედურებსაც გამოთქვამდნენ, პრევენციაც იქნება ერთგვარი, რომ ასეთი რაღაცებისკენ აღარ წავიდეს სიტუაცია“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

_____________

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება „ბათუმელებთან” უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

სილამაზის კონკურსის ფლაერები ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის საჯარო სკოლებში ბავშვთა სილამაზის კონკურსის ფლაერები დაარიგეს. ფლაერის თანახმად, კონკურსი „მის აჭარას“, „მის საოცნებო გოგონას“, „მის ფუმფულას“ „მისტერ აჭარას“, „რაინდს“ „უფლისწულს“ და მსგავსი ტიტულებით გამოავლენს გამარჯვებულებს.

ერთ-ერთი დაწესებულება, სადაც კონკურსის ორგანიზატორებმა ფლაერები დაარიგეს, ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაა. სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, მანანა ჯიჯავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფლაერები სკოლაში დარიგდა, თუმცა კონკურსში მიიღებს თუ არა ბავშვი მონაწილეობას, ეს მშობელმა უნდა გადაწყვიტოს.

„თუ ისეთი კონკურსი ტარდება, რაც ეხება სკოლას, თავისთავად ნებადართულია და შემოდიან. ერთი ფლაერი მეც ვნახე მაგიდაზე, შემოსასვლელი ღიაა და ყველას აქვს უფლება რეკლამა გააკეთოს, ვისაც სურვილი აქვს მიიღებს მონაწილეობას“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია სკოლის ადმინისტრაციის პოზიცია ამ ტიპის კონკურსებზე და ეუბნებიან თუ არა მშობლებს, რა ტიპის რისკებს შეიცავს სილამაზის კონკურსები, მანანა ჯიჯავაძე პასუხობს:

„ჩემთვის მისაღები არ არის, მაგრამ მაინც მშობელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველაფერში ერკვევიან, რაც მათ აინტერესებთ“.

სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი გიორგი ბარამაშვილი ამბობს, რომ ფლაერები ქალაქის თითქმის ყველას სკოლაში დაარიგა, თუმცა, მაგალითად, ბათუმის #4 საჯარო სკოლის დირექტორმა ეს ფაქტი უარყო.

„აკრძალულია სილამაზის სტანდარტების ჩატარება? თუ აკრძალავენ კანონით, აღარ ჩავატარებ. მე განათლების სამინისტროსგანაც მაქვს წერილი „თბილისი არტ ჰოლის“ სახელზე და იქ წერია, რომ სამინისტრო მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს“, – გვეუბნება კონკურსის ორგანიზატორი გიორგი ბარამაშვილი.

კონკურსში მონაწილეობა ფასიანია.

ორგანიზატორის თქმით, სკოლებმა იციან, რა ფორმატის კონკურსს ატარებს და თვითონაც ესწრებიან მას.

„სკოლაში თუ არ შევიტანე, აბა როგორ გავავრცელო ინფორმაცია? ეს კონკურსი მეთხუთმეტედ კეთდება. ეს არ არის მარტო სილამაზის კონკურსი, არამედ ტალანტების და არტისტულობის. კონკურსზე ყველა ბავშვი ჯილდოვდება, ქართული ტრადიციული ჩოხებით გამოგვყავს ბიჭები,  ფუმფულები სპეციალურ ლექსებს კითხულობენ, დიდებს [ასაკით უფროსებს] „თამარის ტური“ აქვს, პატარები სამზარეულოში არიან და ა.შ. ამ კონკურსზე ყველა ბავშვი ჯილდოვდება და დაჩაგრული არავინ არის“, – გვეუბნება ორგანიზატორი.

„ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვთ თუ არა სკოლებთან ამ თემაზე საუბარი და როგორია მათი საერთო პოზიცია საბავშვო სილამაზის კონკურსებთან დაკავშირებით.

„საჯარო სკოლა არის დამოუკიდებელი და ვინ შეუშვან სკოლაში და ვინ არა, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტიპის აქტივობები შევზღუდოთ, მაგრამ სკოლის კარი ღიაა და ვერ ჩარაზავ. საბოლოოდ მაინც მშობლის გადასაწყვეტია ამ ტიპის კონკურსში მონაწილეობს თუ არა ბავშვი. თუმცა ბუნებრივია, სასურველი არ არის“, – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.

საფრანგეთის სენატმა 2013 წელს აკრძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები. კონკურსების ორგანიზებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 30 000 ევროა დაწესებული, რადგან ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები აზიანებენ ბავშვის ფსიქიკას.

_________________

მთავარი ფოტო სილამაზის კონკურსის ორგანიზატორის ფეისბუკის გვერდიდან

ამავე თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს სილამაზის კონკურსები

მანქანების ინსპექტირების ფასს მოქალაქე საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასური საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. დღეს, 24 მაისს ამ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა, ანუ კოლეგიამ უნდა იმსჯელოს, არსებითად განიხილავენ თუ არა სარჩელს.

დავის საგანი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტია „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების დამტკიცების თაობაზე“.

მოსარჩელე ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ უნდა დაედგინა ტექნიკური ინსპექტირების საფასური, რაც მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში 60 ლარია, სატვირთოს ინსპექტირება კი 100 ლარი ჯდება.

„გარდა იმისა, რომ არ არის დასაბუთებული როგორ და რა პრინციპების საფუძველზე განსაზღვრა მთავრობამ ამ სფეროში მოქმედი ყველა ბიზნეს კომპანიისთვის 60 და 100 ლარი, კერძო კომპანიებს მოესპო საშუალება დააწესოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საფასურებისგან განსხვავებული საფასურები განხორციელებული ინვესტიციების, ხარჯების, მიღებული/დაგეგმილი მოგების, შემოსავლების მიხედვით, რომელიც ყველა ცალკეული კომპანიისთვის განსხვავებულია, რაც გარდა იმისა რომ ბიზნესში არალეგიტიმური და დაუსაბუთებელი ჩარევაა, არის მისი საკუთრების უფლების შეზღუდვაც,“ – აღნიშნულია სარჩელში.

ამავე რეგულაციის მიხედვით დადგენილია ინსპექტირების ცენტრის მოსაკრებელიც, რაც, მაგალითად, დედოფლისწყაროში 500 ლარია, თელავში – 100, რუსთავში – 2500.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა თავისუფალი მეწარმეობის სფეროში არალეგიტიმური, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეჭრაა.

„გასათვალისწინებელია, რომ დადგენილებებით ეს არის ფიქსირებული თანხა და ინსპექტირების ცენტრს მისი გაზრდა, ან შემცირება არ შეუძლია, რაც თავისთავად არსებითად ზღუდავს კონკურენციას, ქმნის არსებითად მონოპოლიურ გარემოს და აზარალებს მომხმარებელს,“ – დასძენს მოსარჩელე ლევან ალაფიშვილი.

სოფლის ფესტივალი „კაპანი“ – ჩანჩქერი, წყლის წისქვილი და აჭარული სამზარეულო

ავტორი: მარიამ დუმბაძე

სოფელი კაპნისთავი ხვალ, 25 მაისს, დღის ორი საათიდან სტუმრებს ელოდება. ამ სოფელში წელს პირველად ჩატარდება ფესტივალი „კაპანი“. ფესტივალზე დასწრების მსურველები, ორ საათამდე ხელვაჩაურში, აჭარული ღვინის სახლში უნდა მივიდნენ. აქ მათ დახვდებიან სტუდენტები, რომლებიც სტუმრებს გადაამისამართებენ მიკროავტობუსებში. ფესტივალის სტუმრები აჭარული ღვინის სახლიდან სოფლამდე უფასოდ იმგზავრებენ.

რა გელით ფესტივალზე?

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ეთნოგრაფიული ტური კაპნისთავში, რომელიც ეთნოგრაფიული კუთხიდან დაიწყება და გადაინაცვლებს წყლის წისქვილთან, გზად შეგვხვდებათ ხეზე ნაშენი სკები, ჩანჩქერი, აჩიკო ცისკარაძის სახლ-მუზეუმი სამუშაო იარაღებით და 200-წლოვანი ორსართულიანი ნალიით. სტუმრებს შეეძლებათ ნახონ აჭარული სოფლის ავთენტური გარემო.

ფესტივალის სტუმრები დაათვალიერებენ სოფელ კაპნისთავის ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს, ჩანჩქერს, ნალიებს, ეთნოგრაფიულ კუთხეს, ძველ ქვევრებს, ფერადი ლითონის მოპოვების ადგილებს, ძველებურ სკებს. ასევე, გაიმართება უძველესი თამაში ,,იუზქოინი“ [შვიდი ნიგვზის ნაჭუჭუდან ერთ-ერთში ათავსებენ სიმინდის მარცვალს. გამარჯვებულია თამაშის ის მონაწილე, რომელიც გამოიცნობს, რომელ ნაჭუჭშია მარცვალი], კეგლებით გართობა.

ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ გასინჯონ აჭარული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, მათ შორის: სინორი, ბორანო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, მწვადი, ნატურალური ხილი. კერძების დაგემოვნება გამოფენის ფარგლებში ფასიანი იქნება.

სტუმრებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ. ფესტივალის ოფიციალური ნაწილი სრულდება 18:00 საათზე, ბოლო მიკროავტობუსი კი ქედიდან 18:30 წუთზე გადის ბათუმის მიმართულებით.

ის, ვინც უფრო დიდ ხანს გადაწყვეტს კაპნისთავში დარჩენას, უნდა იცოდეს, რომ კაპნისთავში და არც მეზობელ სოფლებში არ არის სასტუმრო, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეიძლება ოთახის დაქირავება.

ფესტივალის სახელწოდება – „კაპანი“ ფესტივალის მასპინძელი სოფლის სახელწოდებიდან მომდინარეობს. ფესტივალის ორგანიზატორის, ზარიმა მაგამედოვას თქმით, ეს სიტყვა თურქული წარმოშობისაა და „მთის ძირს”, „მაღალს“ ნიშნავს.

სოფელი კაპანი ბათუმიდან 26 კილომეტრით არის დაშორებული.

უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა

ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაადასტურა რაკეტა Falcon 10 – ის საშუალებით ორბიტაზე 60 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. რაკეტამ სტარტი აშშ-ს ფლორიდის ნახევარკუნძულზე, კანავერალის კონცხიდან აიღო. ინფორმაცია ილონ მასკმა ტვიტერზე გაავრცელა. თანამგზავრებმა დედამიწა უფასო გლობალური ­Wi-Fi სერვისით უნდა უზრუნველყოს.

ილონ მასკის კომპანია აცხადებს, რომ პერიოდულად განაახლებს ინფორმაციას თანამგზავრების ორბიტაზე გადაადგილების შესახებ.

პროექტი Starlink-ი ოთხი წლის წინ შემუშავდა მასკის ინიციატივით, რომ გლობალური ინტერნეტი მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ იყოს ხელმისაწვდომი. პროექტ Starlink-ის მიხედვით ეტაპობრივად, ორბიტაზე სულ 11 ათასი თანამგზავრი უნდა გაუშვან.

პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად 3,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, ჯამში კი პროექტისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.

46 წლის ილონ მასკი, Forbes-ის მიხედვით, 20.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ბლომბერგის მილიარდერების ინდექსში მასკი ამ ქონებით 41-ე ადგილს იკავებს.

კომპანია Space X-ი მასკმა 2002  წელს დააფუძნა, 2003 წელს კი „ტესლა მოტორსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. „ტესლა მოტორსმა“ საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივ პროდუქციაში გაუშვა პირველი ელექტრო-სპორტული ავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია 2015-2016 წლებში.


მთავარ ფოტოზე: კადრი Space X -ის ვებგვერდიდან.

ბათუმის მერია კიდევ ერთ შპს-ს აფუძნებს

ბათუმის მერია შპს „ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბ „ბათუმს“ დააფუძნებს – ამ საკითხთან დაკავშირებით მერიამ დღეს საკრებულოსგან თანხმობა მიიღო.

საპლაჟო ფეხბურთი ბათუმის მერიას ამ დრომდეც ჰქონდა და ის ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ფინანსდებოდა. კლუბი „დინამო ბათუმი“ დღეს მერიამ საკრებულოს თანხმობით აჭარის მთავრობას გადასცა მისი გასხვისების მიზნით.

ახალი შპს-ს დაფუძნებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “  წევრი ნოდარ დუმბაძე შეეწინააღმდეგა:

„ჩვენი სტრატეგია იყო კლუბების გასხვისება იმისთვის, რომ ბიუჯეტს არ დააწვეს ეს ხარჯი და ახლა რატომ ვქმნით ახალ შპს-ს? – თუ ვინმეს უნდა, რომ კლუბი ჰქონდეს, როგორ ფიქრობთ, ის შპს-ს ვერ დააფუძნებს ან გუნდს ვერ შეკრებს?“

მას განუმარტეს, რომ გუნდი არსებობს, ამიტომაც საჭიროა შპს, რომელიც ამ გუნდს მართავს.

შპს-ის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ჯამში ბათუმის მერიას, ახალი შპს-ეს გამოკლებით, 10 შპს და 12 ა(ა)იპ-ი აქვს.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის შვიდი კანდიდატი – განცხადებების მიღების ბოლო დღე

დღეს, 24 მაისს, სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება.

ამ დროისათვის [13:00] დირექტორის კონკურსში ხუთი განცხადებაა შესული. კანცელარიაში ამბობენ, რომ განცხადებების მიღების ვადის დასრულებამდე კანდიდატების ვინაობას ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა მათი ვინაობა უკვე ცნობილია.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ:

  • მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;
  • დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
  • გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი;
  • გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
  • ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი.

უკვე ცნობილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურში მონაწილეობას მიიღებს ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ასევე, კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელი. იგი განცხადების შეტანას უახლოეს საათებში გეგმავს.

განცხადებების მიღება დღის ბოლომდე გაგრძელდება, საღამოს 6 საათის შემდეგ კი ყველა კანდიდატის ვინაობა გახდება საჯარო.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

მენაშენეების აქცია – ბათუმის მერია უნებართვოდ აშენებული კორპუსის დემონტაჟს აპირებს

დღეს, 24 მაისს, საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მენაშენეებმა გამართეს. ამ წუთებში [13:00] ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე დახურულ კარს მიღმა რამდენიმე მენაშენეს ხვდება.

„შესაძლოა, მშენებლობა იყო უნებართვო, მაგრამ რვა სართული როგორ აშენდა ქალაქის შემოსასვლელში, აქამდე სად იყვნენ? ჩვენ არ დავუშვებთ მშენებლობის დემონტაჟს,“ – ამბობდნენ დღეს მერიის შენობასთან შეკრებილები.

„სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, 2017 წლის ბოლოს კი მშენებლობა შეჩერდა. აქციაზე შეკრებილების თქმით, კომპანიის ორი მესაკუთრე დააკავეს, ხოლო მერიამ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გამოსცა განკარგულება.

„დაზარალდა დაახლოებით 300-ზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა ემიგრანტები არიან, მეც ავსტრიაში ვცხოვრობ,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ქეთევან სირაძემ. მან მერიის წერილობითი პასუხიც გვაჩვენა, რომელიც მენაშენეებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

„სვეტი ჯგუფის“ მიერ უნებართვოდ აშენებული მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ვერ გამოიწვევს ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების კანონიერი უფლებების და ინტერესების პირდაპირი და უშუალო ზიანი მიყენებას…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის პასუხში, სადაც ხაზგასმულია, რომ დემონტაჟი განხორციელდება, რადგან ეს მოქალაქეები მესაკუთრეებად არ მიიჩნევიან და დაზარალებულებად ვერ ჩაითვლებიან.

„მერია ვალდებულია გამოიკვლიოს დეტალები… ფაქტია, რომ ჩვენ გვქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები და ვიხდიდით თანხას. არ შეიძლება ასე მოექცე შენს მოქალაქეებს. თბილისის მერიამ ეს საკითხი შეისწავლა და სხვა სამშენებლო კომპანია შეიყვანა იგივე „სვეტის“ მიტოვებულ მშენებლობაზე… აქ მე ვფიქრობ, რომ „სვეტი“ ჩახსნეს და ვიღაცის ინტერესია, პირდაპირ მოსუფთავებული მიწა ჩაიგდოს ხელში“, – მიიჩნევს ქეთევან სირაძე.

„სვეტი ჯგუფი“ ბათუმში, ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავდა.

ამ თემაზე:

ბათუმში „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტი შესაძლოა აღარ განხორციელდეს

 

 

აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საზღვაო სფეროში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის კუთხით.

22 მაისს ლაიპციგში (გერმანია) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში IMO-ს გენერალურ მდივან კიტაკ ლიმს შეხვდა და 2002 წლის ათენის კონვენციის დეპონირების სიგელი გადასცა.

„ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და საქართველოს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს უსაფრთხო და მგზავრებზე ორიენტირებულ გარემო თავის საზღვაო სივრცეებში და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორიცაა საქართველოსა და IMO-ს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში; საქართველოს პრიორიტეტები და თანამშრომლობის პოტენციური სფეროები IMO-ს და EBRD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე; მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი IMO-ს ინსტრუმენტების იმპლემენტაციის საკითხები; IMO-ს პროექტებში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF) ჩართვა.

მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საზღვაო სექტორის რეფორმირების შესახებ და აღნიშნა: „საქართველოს ზუსტად აქვს წარმოდგენილი ის სამიზნე მაჩვენებლები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს ქვეყნის საზღვაო დარგში და თანამიმდევრულად ახორციელებს მიზნობრივ და ძალიან ეფექტურ რეფორმებს. საქართველო გამორჩეული მარეგულირებელი ბაზა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის, რაც კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.“

საქართველო იყო ათენის კონვენციის 1974 და 1976 წლების რედაქციის წევრი სახელმწიფო, რაც საზღვაო გადაყვანისას მგზავრთა უფლებების დაცვის მოძველებულ სამართლებრივ რეჟიმებს ითვალისწინებდა, კონვენციის 2002 წლის რედაქცია კი – უფრო ეფექტურად იცავს მგზავრთა უფლებებს და ამასთან ერთად მნიშვნელოვანი ასპექტი შემოაქვს საზღვაო გადამყვანის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კუთხით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 24  მაისის 21 საათიდან  25 მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 -26 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორ დღეს, 26-27 მაისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა 18, 5 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

 რა სახდელს დააკისრებს ბსუ-ს ეთიკის კომისია ლექტორს – სექსუალური შევიწროება

შენიშვნა, საყვედური ან ხელშეკრულების შეწყვეტა – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი ამ სამ სახდელს ითვალისწინებს ლექტორის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისია ბსუ-ს ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დღეს, 11 საათზე შეიკრიბა. როგორც სტუდენტის ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ სტუდენტს ბულინგის თავიდან ასაცილებლად ვინაობის გასაჯაროება არ სურს, რის გამოც ეთიკის კომისიის სხდომას ვერ იღებენ ჟურნალისტები, თუმცა კომისიის სხდომას ესწრება იმ რვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვინც გუშინ, ბსუ-ს საჯარო წერილით მიმართა ეთიკის კომისიაზე დასწრების თხოვნით.

„ეს გოგონა სტუდენტია, სწავლობს, მთელი ცხოვრება წინ აქვს, სხვადასხვა სფეროში მოუწევს ყოფნა და მისი ვინაობა არ უნდა იყოს გასაჯაროებული”, – ამბობს ადვოკატი.

„მაქსიმალურად ღია ვართ, მაგრამ ამან არ უნდა დააზარალოს მხარეების, განსაკუთრებით სტუდენტის ინტერესები. კომისია შედგება 7 წევრისგან, აქედან სამი ადმინისტრაციული თანამდებობის პირია, ერთი აკადემიური თანამდებობის პირი, ფსიქოლოგი, ერთი იურისტი და ორიც სტუდენტი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყების წინ ანზორ ბერიძემ, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელია.

მისივე თქმით, რა ვადებში უნდა მოიკვლიოს საკითხი ეთიკის კომისიამ, განსაზღვრული არ არის, თუმცა კომისიის წევრები დაინტერესებულები არიან, რომ მოკვლევის პროცესი მალე დასრულდეს.

თავად სტუდენტი, რომელიც ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მიუხედავად ანონიმურობისა, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ის უკვე გახდა სტუდენტების ნაწილისგან ბულინგის მსხვერპლი.

საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა

ბათუმის საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა. გადაწყვეტილება დღეს, 24 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო. ცნობილია, რომ მთავრობა  კლუბის პირდაპირი წესით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებს. “ლამინი ჯგუფს” კლუბს 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ, სანაცვლოდ კი ისინი ყოველწლიურად 100 000 ლარს გადაიხდიან ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამას გარდა, “ლამინი ჯგუფმა” ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში 200 ათას ლარიანი გარანტია უნდა წარმოადგინოს, ხოლო 3 თვის ვადაში განვითარების კონცეფცია უნდა შეიმუშაოს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს.

კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, ბავშვთა გუნდისთვის დამხმარე ფართს, საფეხბურთო კლუბ “დინამო ბათუმისთვის” შენობას, სადაც ფეხბურთელთა საცხოვრებელი ფართი იქნება.

„ლამინი ჯგუფი“ რომელსაც აჭარის მთავრობა “დინამო ბათუმს” გადასცემს 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს  შპს „ახალ ტექნოლოგიას“. მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.

საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე დაინტერესდა, რატომ არ განიხილა მერიამ „ალიანს ჰოლდინგის“ წინადადება დინამოს შესახებ, რაზეც მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ განმარტა, რომ „ალიანსს“ წინადადება არ დაუზუსტებია და საერთოდ აღარ გამოსულა კონტაქტზე.

საკრებულოს სხდომა. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

საია-ს აჭარის ფილიალის უფროსი მეორე ვადით აირჩიეს

ანნა მდინარაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს. ის კიდევ ერთი წელი იქნება ამ პოზიციაზე. გადაწყვეტილება საია-ს გამგეობამ გუშინ, 23 მაისს მიიღო.

ანნა მდინარაძე საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად გასული წლის 31 მარტს აირჩიეს. საია-ს დებულების მიხედვით, ერთი და იგივე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.

ანნა მდინარაძე 2012 წლიდან არის საია-ს აქტიური იურისტი. 2015 წლიდან იყო საია-ს აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე იყო.

შსს: აჭარაში დაკავებულია პირი, რომლის ჩხრეკისას 200 აბი სუბოქსინი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული, ი.ჩ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბათუმში ნონეშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

დღეს, 24 მაისს, ადრე დილით ნონეშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში ხატებს გაუჩნდა.

“ბებიას სანთელი დაუტოვებია ანთებული, თვითონ სადღაც წასულა. ცეცხლი გაჩნდა და ბინა დაკვამლიანებული იყო. ბინაში  ხანძრის დროს 17 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ეძინა,”- უყვება “ბათუმელებს” ერთ-ერთი თვითმხილველი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბათუმის დინამომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო

ბათუმის „დინამო“ დღეს, 23 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობით სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე მატჩი ბათუმის დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

პირველ ტაიმში, მატჩის მეშვიდე წუთზე ბათუმის დინამოს შანსი ჰქონდა გოლი გაეტანა. მამუჩაშვილი პირისპირ დარჩა მეკარესთან, ნიკა საბანაძეს ბურთი გადააწოდა, საბანაძემ კარში დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და „ჩიხურას“ კარი გადარჩა.

მე-17 წუთზე ბათუმის “დინამოს” კარში პირველი გოლი გავიდა. ანგარიში საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელმა, დემურ ჩიხლაძემ გახსნა.

32-ე წუთზე ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ „ჩიხურას“ ფეხბურთელებმა საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს და  დინამოელმა ჯოვინო ფლამარიონმა გოლის გატანა შეძლო. ანგარიში გათანაბრდა და 1:1 გახდა. სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმი ბათუმის “დინამოს” უპირატესობით დაიწყო. მატჩის 49-ე წუთზე ჯერ ჯანელიძის პასით ჰქონდა შანსი რამოსს გოლი გაეტანა, თუმცა ვერ შეძლო. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ 50-ე წუთზე „დინამოს“ ფეხბურთელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან.  საბანაძის მიმართულებით გრძელი პასი გააკეთეს, საბანაძემ ფლამარიონს გადააწოდა, რომელმაც ჩიხურას კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ამჯერად ააცილა.

მატჩის 75-ე წუთზე ჩიხურას ფეხბურთელს, ფანცულაიას ჰქონდა შანსი “დინამოს” კარში ბურთი გაეტანა და თავისი გუნდი დაეწინაურებინა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და ბურთი ასცდა კარს.

80-ე წუთზე მატჩის ბედი დინამოს კაპიტანის გიორგი ჯანელიძის გოლმა გადაწყვიტა. ნავალოვსკის მიერ ზუსტად ჩაწოდებული ბურთი კაპიტანმა კარში დაარტყა და ანგარიში 2:1  გახდა ბათუმის “დინამოს” სასარგებლოდ.

ეროვნული ლიგის გათამაშებაში, ეს მეათე მატჩია, რომელიც ბათუმის დინამომ მოიგო. დღევანდელი მოგებით ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

დღემდე 15 მატჩის განმავლობაში საჩხერის „ჩიხურას“ მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.

ბათუმის დინამო და გულშემატკივრები მეორე გოლის გატანას ზეიმობენ სქრინი პირველი არხის ლაივიდან

 

მთავარი ფოტო:  ბათუმის დინამოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ გამოცხადებულ დირექტორობის კონკურსში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბათუმის ბიუროს ჟურნალისტი, მერაბ წულუკიძეც მიიღებს მონაწილეობას. მან განცხადება დღეს, 23 მაისს შეიტანა. მერაბ წულუკიძე „ბათუმელებთან“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

მერაბ, რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რა არის მთავარი მოტივაცია?

მაქვს ამბიცია შევძლო ის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ფუნქცია შეასრულოს ნებისმიერი ხელისუფლების, ნებისმიერი საზოგადოებრივი განწყობის პირობებში. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება და მისი მოვალეობის შესრულება, რაც მას კანონით ევალება, დამოკიდებული იქნება გარემოებაზე, რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების პირობაზე, მაშინ ეს იდეა არის მკვდარი. მე ვფიქრობ, კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, გვაქვს მაუწყებლის ქცევის კოდექსი და მთავარია ამ კანონის დაცვა. ვფიქრობ, პროფესიონალიზმით ამ კანონის დაცვა სრულიად შესაძლებელია.

თქვენ იცით, როგორი მოვლენები განვითარდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა ფორმით დატოვა ნათია კაპანაძემ დირექტორის თანამდებობა. საქმე სასამართლოშია. ამის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ ამ ტელევიზიაში მოგეცემათ თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა?

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უბრძოლველად არავინ არაფერს არ მოგვართმევს. ეს მოტივაცია მქონდა მე.

რას გულისხმობთ ბრძოლაში, ანუ, ნათია კაპანაძე არ იბრძოდა იმისთვის, რომ ტელევიზია გამხდარიყო უკეთესი?

შეფასებებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ მოქმედი ჟურნალისტი ვარ. რა იქნება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მრჩეველთა საბჭო, ბუნებრივია არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ძალიან კრიტიკული იყო მედიაექსპერტების შეფასება მრჩეველთა საბჭოს მიმართ, მათ ღიად თქვეს რომ საბჭო ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას. ამის გათვალისწინებით, თქვენ ენდობით ამ მრჩეველთა საბჭოს?

თუ გადავალ მეორე ტურში, ალბათ მექნება საშუალება წარვუდგინო ჩემი ხედვა. ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭომ უნდა მოახერხოს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭო ამას შეეცდება. მინდა დავამტკიცო, რომ შესაძლებელია ბრძოლა. ბრძოლა რა არის – პროფესიონალიზმი და სიმართლე. როცა ხარ მართალი, ხარ ძალიან ძლიერი, ანგარიშგასაწევი ძალა, გინდა ხელისუფლებისთვის, გინდა ოპოზიციისთვის ან საზოგადოებისთვის. მთავარი იარაღი არის სიმართლე, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი. პროფესიონალიზმი გულისხმობს სწორი, უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

ფიქრობთ, რომ ნათია კაპანაძეს აკლდა პროფესიონალიზმი ან სიმართლე?

ნათია კაპანაძეს არ ჰქონდა ჯადოსნური ჯოხი, რომ  აჭარის ტელევიზია უცებ გადაექცია იდეალურ, ძალიან ძლიერ საზოგადოებრივ მაუწყებლად. მას ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ახალ ველოსიპედს ვერც მე გამოვიგონებ, მაგრამ ვთქვი, რომ კანონი გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს ნორმალური საზოგადოებრივი მაუწყებელი.

პოლიტიკოსების ბუნებაა, რომ გავლენა ჰქონდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც აქვს გარანტირებული ბიუჯეტი, ვიდრე კერძო ტელევიზია დააფინანსონ და ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა. ამას თუ არ გავუმკლავდით, გამოდის საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ არის საჭირო.

პროგრამა როდის შეიმუშავეთ თუ ახლა აპირებთ მუშაობას?

სიმართლე გითხრა, მე ჩემი კოლეგების რჩევით მივიღე ეს გადაწყვეტილება. ნაწილი თეზისების ჩამოწერილი მაქვს და ეს არ მოითხოვს დიდ დროს. ძირითადი ხედვები უნდა წარვადგინო. მე შევთავაზებ ჩემს პროგრამას, ბორდისთვის გასათვალისწინებელი იქნება ალბათ ჩემი ჟურნალისტიკაში მუშაობის 21-წლიანი პერიოდიც.

როგორია თქვენი ძირითადი ხედვა?

მძლავრი საინფორმაციო სამსახური, მძლავრი ონლაინ მედია. რა თქმა უნდა, საავტორო გადაცემებია საჭირო, ეკონომიკის თემაზე ყველაზე მეტად, რადგან ქვეყნის დიდი გამოწვევაა ეკონომიკა. როდესაც ადამიანებს სურთ ბიზნესის დაწყება ელემენტარული ინფორმაცია არ აქვთ. ტურიზმი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უბრალო მაგალითს გეტყვით, უცხოელი ტურისტი როცა ჩამოდის აქ და ძალიან მარტივი ტექნიკური საშუალებებით იღებს ვიდეო რგოლს, ასი ათასობით ნახვა აქვს… ძალიან ძნელია ადამიანს ელაპარაკო ღირებულებებზე, როცა მას ძალიან უჭირს.

ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თქვენი დეიდაშვილია. ეს სიმართლეა?

თორნიკე რიჟვაძესთან ნამდვილად არ მაკავშირებს არავითარი ნათესაობა. მე არ ვიღებ მონაწილეობას საჯარო სამსახურის კონკურსში. ტელევიზიის დირექტორის არჩევის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ბორდმა.

იცით ვინ იქნებიან თქვენი კონკურენტები?

მე რაც ვიცი, განცხადება შეიტანეს ჟურნალისტებმა – ირმა ზოიძემ და ბაჩო გურაბანიძემ. ვფიქრობ, ღირსეული კონკურენტები არიან, მაგრამ, ვფიქრობ, მეც კონკურენტუნარიანი ვარ.

52 წელი ერთი საკერავი მანქანით [ფოტო]

ისინი თავის პროფესიაზე მშვიდად და აუღელვებლად საუბრობენ. საუბრობენ ისე, რომ კერვას არ წყვეტენ და მათი ხმა საკერავი მანქანის ხმას ერევა. ისინი მკერავები არიან, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიის ადამიანები, ვისთანაც ორიგინალური ჩაცმა და საკუთარ გარდერობში ცვლილების შეტანა სიამოვნებას ანიჭებს.

ავთო ვაჩეიშვილი

52 წელია მკერავი ვარ. 1966 წელს დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ არ შემიწყვეტია. თავიდანვე რაღაც მიდრეკილება მქონდა, მიყვარდა ეს ხელობა და გადავწყვიტე გავყოლოდი ბოლომდე.

მშვიდი სამუშაოა, თუმცა  ზოგჯერ კლიენტის დამოკიდებულება მერთულება. ვითომ იცის რა უნდა, მაგრამ არ იცის და მე ვერ ვუმტკიცებ, რომ არ იცის. თავისებურად უნდა, მე რომ ვეუბნები, ისე არ ჯერავს, მერე გამოდის, რომ მე მართალი ვარ და ვაკეთებ ისევ ჩემს ჭკუაზე.

საკერავი მანქანა, რომელზეც ვკერავ 52 წელია მემსახურება. „22 კლასი“ ჰქვია და ამ ხნის მანძილზე ერთგულად მუშაობს. კი ძველი მანქანაა, მაგრამ ვერ ველევი. ახლები  ძალიან ძვირი ღირს და მაგის ყიდვის საშუალება არაა.

ხელფასს რაც შეეხება, იმაზეა დამოკიდებული, როგორი მუშაობა იქნება. ბოლო სამი თვე, ზამთრის სეზონზე 150-200  ლარი გამომდიოდა. თუმცა სხვა თვეებში, როცა მუშაობა არის 400-500 ავდივარ.

ავთო ვაჩეიშვილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მარინე ნიფანაძე

თითქმის 27 წელია მკერავი ვარ. სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, ახლა ქართულ ტრადიციულ სამოსს ვკერავ. მკერავი იმიტომ გავხდი, რომ ბავშვობის გატაცება იყო. მიყვარს ჩემის სამსახური. ბედნიერი ვარ, როცა აქ მოვდივარ და ვმუშაობ.

 

ნიფანაძე მარინე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მერიკო ქობულაძე

40 წელია მკერავი ვარ. მახსოვს, 1979 წელს დავიწყე მუშაობა, როგორც მკერავმა. სამწლიანი სამკერვალო დავამთავრე, მერე ერთი წელი პრაქტიკაზე ვიყავი. არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიით მუშაობაზე. კმაყოფილი ვარ ჩემი საქმით.

კი, ზოგჯერ პრეტენზიული კლიენტებიც გვყავს, მაგრამ ვეგუებით, რა ვქნათ. ჩვენს პროფესიას ეს ახლავს.

მერიკო ქობულაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნათელა ვაშაყმაძე

49 წელია მკერავი ვარ. 1970 წელს დავიწყე  მუშაობა. სოფელში დავიბადე, გავიზარდე  და არ მინდოდა იქ დარჩენა. წამოვედი  ქალაქში. საშუალო განათლება არ მქონდა, მერე ხელობა ვისწავლე და მკერავი გავხდი. საინტერესოა და მიყვარს ჩემი საქმე.

ნათელა ვაშაყმაძე

ქრისტინე გიორგაძე

რვა წელია მკერავი ვარ. ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროფესია. როგორ აგიხსნათ, როცა ვკერავ, ვმშვიდდები. კარგად  ვარ.

ქრისტინე გიორგაძე

„გაიზარდოს დამსაქმებელთა მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის“-კვლევა

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამა დასაქმების ხელშეწყობასაც გულისხმობს, თუმცა არ არსებობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების აღრიცხვის ერთიანი ბაზა. სხვადასხვა უწყებას ამის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გააჩნია.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ვებგვერდზე, ვორქნეტში რეგისტრირებული ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის სამუშაო ადგილის პოვნა ძალიან რთულია. სოციალური სააგენტოს ძალისხმევის მიუხედავად, დამსაქმებლები უარს ამბობენ კრიმინალური წარსულის მქონე სამუშაოს მაძიებლების დასაქმებაზე, არაკვალიფიციურ სამუშაოზეც კი.

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი თანხმდება განიხილოს ამ კატეგორიის სამუშაოს მაძიებლის კანდიდატურა, პირველ რიგში, ითხოვს ინფორმაციას რა მუხლით იყო გასამართლებული კანდიდატი. მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები არც განიხილებიან შესაძლო დასაქმებულად, თუმცა არც თაღლითობის, ხულიგნობის, ქურდობის, ნარკოტიკების მოხმარების მუხლით გასამართლებული პირები აჰყავთ სამსახურში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ კვლევაში, რომელშიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებია გაანალიზებული, რეკომენდაციის სახით მითითებულია, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებები, გადადგას გარკვეული ნაბიჯები დამსაქმებელთა დაინტერესებისთვის, გაზარდოს მათი მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის.

„ერთ-ერთ გზას შესაძლოა წარმოადგენდეს დამსაქმებლებისთვის ფინანსური ინტერესის შექმნა (საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებადი ვაუჩერები თითოეული დასაქმებულისთვის და ა.შ.)“ – წერია კვლევაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საგრანტო პროექტს – „ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“. ბენეფიციარები იღებენ ბიზნესიდეების დაფინანსებას სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში. თუმცა ის პირები, რომელთაც გააჩნიათ ბიზნესის, მეურნეობის წარმოების გამოცდილება, ან უკვე აქვთ წამოწყებული ბიზნესი და სჭირდებათ მისი გაძლიერება, მეტად ფინანსდებიან. გამოუცდელ ბენეფიციარებს კი ნაკლებად აქვთ წარმატებული ბიზნესის განვითარების შანსი და გრანტის ეფექტიანად განკარგვის შესაძლებლობა.

კვლევა ადასტურებს, რეაბილიტაციის პროცესში გავლილი პროფესიული კურსების და შეძენილი ცოდნის მიუხედავად, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები მაინც იშვიათად ახერხებენ რეალურად დასაქმებას. ეს მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს ყოფილი და პირობითად მსჯავრდებული პირების მოტივაციას, მიიღონ განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

სარეაბილიტაციო პროგრამების ანალიზში მითითებულია, რომ რეაბილიტაციის პროცესი ძირითადად მიმართულია ფსიქო-სოციალური ასპექტების გაუმჯობესებაზე, არასავალდებულო განათლებისა და დასაქმების პროგრამების მიმართულებით კი, მსაჯავრდებულებთან მომუშავე სოციალურ მუშაკებს ნაკლები დრო რჩებათ. ხშირად ეს მუშაობა საინფორმაციო ხასიათს ატარებს პროფესიული კურსების შესახებ, რაც არასაკმარისია. ბენეფიციარები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ.

,,სიდას“ რეკომენდაციით, სასურველია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს პროფესიული კურსების ჩამონათვალთან ერთად მიეწოდოთ ინფორმაცია, შრომით ბაზარზე არსებული აქტუალური მოთხოვნების შესახებ. ასევე გამოვლინდეს ბენეფიციართა რეალური სწავლების საჭიროებები, შეფასდეს არსებული კვალიფიკაცია, რაც რეალობასთან შესაბამისი კურსის არჩევის გარდა, მათი ადეკვატური თვითშეფასების საფუძველი გახდება.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების გავლენის სისტემური შეფასება არ ხდება. ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებში არსებობს მანამ, სანამ პირი სისტემის ნაწილი ან პროგრამის მონაწილეა. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ უწყებებში ელექტრონული აღრიცხვიანობის დანერგვა, პროგრამებისა და მათი ბენეფიციარების ერთიანი ბაზის შექმნა ხელს შეუწყობდა ამ ხარვეზის აღმოფხვრას“, – ნათქვამია კვლევაში.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

საია დაიცავს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს სტუდენტს, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შემთხვევის შესახებ „ბათუმელები“ 21 მაისს წერდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით არის დაწყებული. საია-ს ინფორმაციით, სტუდენტმა საგამოძიებო ორგანოს ჩვენება უკვე მისცა და წარუდგინა ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე დაკითხეს სხვა მოწმეები.

უნივერსიტეტის სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეგულაციების შესამუშავებლად საია-მ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც მიმართა.

„ეს არის დაგეგმილი სიბინძურე, სიცრუე… ჩემი ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გატეხილია…“ – აღნიშნა დღეს, 23 მაისს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა, ომარ მახარაძემ TV 25-თან. მისივე თქმით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იცოდა მან, რომ ტელეფონის პროგრამა გატეხილი იყო. თუმცა მას მთელი ამ ხნის განმავლობაში სტუდენტისთვის არ უცნობებია, რომ მის ტელეფონს სხვა იყენებდა.

 

Exit mobile version