მთავარი,სიახლეები

 რა სახდელს დააკისრებს ბსუ-ს ეთიკის კომისია ლექტორს – სექსუალური შევიწროება

24.05.2019
 რა სახდელს დააკისრებს ბსუ-ს ეთიკის კომისია ლექტორს – სექსუალური შევიწროება

შენიშვნა, საყვედური ან ხელშეკრულების შეწყვეტა – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი ამ სამ სახდელს ითვალისწინებს ლექტორის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისია ბსუ-ს ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დღეს, 11 საათზე შეიკრიბა. როგორც სტუდენტის ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ სტუდენტს ბულინგის თავიდან ასაცილებლად ვინაობის გასაჯაროება არ სურს, რის გამოც ეთიკის კომისიის სხდომას ვერ იღებენ ჟურნალისტები, თუმცა კომისიის სხდომას ესწრება იმ რვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვინც გუშინ, ბსუ-ს საჯარო წერილით მიმართა ეთიკის კომისიაზე დასწრების თხოვნით.

„ეს გოგონა სტუდენტია, სწავლობს, მთელი ცხოვრება წინ აქვს, სხვადასხვა სფეროში მოუწევს ყოფნა და მისი ვინაობა არ უნდა იყოს გასაჯაროებული”, – ამბობს ადვოკატი.

„მაქსიმალურად ღია ვართ, მაგრამ ამან არ უნდა დააზარალოს მხარეების, განსაკუთრებით სტუდენტის ინტერესები. კომისია შედგება 7 წევრისგან, აქედან სამი ადმინისტრაციული თანამდებობის პირია, ერთი აკადემიური თანამდებობის პირი, ფსიქოლოგი, ერთი იურისტი და ორიც სტუდენტი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყების წინ ანზორ ბერიძემ, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელია.

მისივე თქმით, რა ვადებში უნდა მოიკვლიოს საკითხი ეთიკის კომისიამ, განსაზღვრული არ არის, თუმცა კომისიის წევრები დაინტერესებულები არიან, რომ მოკვლევის პროცესი მალე დასრულდეს.

თავად სტუდენტი, რომელიც ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მიუხედავად ანონიმურობისა, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ის უკვე გახდა სტუდენტების ნაწილისგან ბულინგის მსხვერპლი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: