მთავარი,სიახლეები

„გაიზარდოს დამსაქმებელთა მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის“-კვლევა

23.05.2019 • 1589
„გაიზარდოს დამსაქმებელთა მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის“-კვლევა

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამა დასაქმების ხელშეწყობასაც გულისხმობს, თუმცა არ არსებობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების აღრიცხვის ერთიანი ბაზა. სხვადასხვა უწყებას ამის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გააჩნია.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ვებგვერდზე, ვორქნეტში რეგისტრირებული ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის სამუშაო ადგილის პოვნა ძალიან რთულია. სოციალური სააგენტოს ძალისხმევის მიუხედავად, დამსაქმებლები უარს ამბობენ კრიმინალური წარსულის მქონე სამუშაოს მაძიებლების დასაქმებაზე, არაკვალიფიციურ სამუშაოზეც კი.

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი თანხმდება განიხილოს ამ კატეგორიის სამუშაოს მაძიებლის კანდიდატურა, პირველ რიგში, ითხოვს ინფორმაციას რა მუხლით იყო გასამართლებული კანდიდატი. მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები არც განიხილებიან შესაძლო დასაქმებულად, თუმცა არც თაღლითობის, ხულიგნობის, ქურდობის, ნარკოტიკების მოხმარების მუხლით გასამართლებული პირები აჰყავთ სამსახურში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ კვლევაში, რომელშიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებია გაანალიზებული, რეკომენდაციის სახით მითითებულია, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებები, გადადგას გარკვეული ნაბიჯები დამსაქმებელთა დაინტერესებისთვის, გაზარდოს მათი მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის.

„ერთ-ერთ გზას შესაძლოა წარმოადგენდეს დამსაქმებლებისთვის ფინანსური ინტერესის შექმნა (საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებადი ვაუჩერები თითოეული დასაქმებულისთვის და ა.შ.)“ – წერია კვლევაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საგრანტო პროექტს – „ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“. ბენეფიციარები იღებენ ბიზნესიდეების დაფინანსებას სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში. თუმცა ის პირები, რომელთაც გააჩნიათ ბიზნესის, მეურნეობის წარმოების გამოცდილება, ან უკვე აქვთ წამოწყებული ბიზნესი და სჭირდებათ მისი გაძლიერება, მეტად ფინანსდებიან. გამოუცდელ ბენეფიციარებს კი ნაკლებად აქვთ წარმატებული ბიზნესის განვითარების შანსი და გრანტის ეფექტიანად განკარგვის შესაძლებლობა.

კვლევა ადასტურებს, რეაბილიტაციის პროცესში გავლილი პროფესიული კურსების და შეძენილი ცოდნის მიუხედავად, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები მაინც იშვიათად ახერხებენ რეალურად დასაქმებას. ეს მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს ყოფილი და პირობითად მსჯავრდებული პირების მოტივაციას, მიიღონ განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

სარეაბილიტაციო პროგრამების ანალიზში მითითებულია, რომ რეაბილიტაციის პროცესი ძირითადად მიმართულია ფსიქო-სოციალური ასპექტების გაუმჯობესებაზე, არასავალდებულო განათლებისა და დასაქმების პროგრამების მიმართულებით კი, მსაჯავრდებულებთან მომუშავე სოციალურ მუშაკებს ნაკლები დრო რჩებათ. ხშირად ეს მუშაობა საინფორმაციო ხასიათს ატარებს პროფესიული კურსების შესახებ, რაც არასაკმარისია. ბენეფიციარები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ.

,,სიდას“ რეკომენდაციით, სასურველია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს პროფესიული კურსების ჩამონათვალთან ერთად მიეწოდოთ ინფორმაცია, შრომით ბაზარზე არსებული აქტუალური მოთხოვნების შესახებ. ასევე გამოვლინდეს ბენეფიციართა რეალური სწავლების საჭიროებები, შეფასდეს არსებული კვალიფიკაცია, რაც რეალობასთან შესაბამისი კურსის არჩევის გარდა, მათი ადეკვატური თვითშეფასების საფუძველი გახდება.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების გავლენის სისტემური შეფასება არ ხდება. ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებში არსებობს მანამ, სანამ პირი სისტემის ნაწილი ან პროგრამის მონაწილეა. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ უწყებებში ელექტრონული აღრიცხვიანობის დანერგვა, პროგრამებისა და მათი ბენეფიციარების ერთიანი ბაზის შექმნა ხელს შეუწყობდა ამ ხარვეზის აღმოფხვრას“, – ნათქვამია კვლევაში.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: