მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

24.05.2019 • 1489
აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საზღვაო სფეროში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის კუთხით.

22 მაისს ლაიპციგში (გერმანია) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში IMO-ს გენერალურ მდივან კიტაკ ლიმს შეხვდა და 2002 წლის ათენის კონვენციის დეპონირების სიგელი გადასცა.

„ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და საქართველოს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს უსაფრთხო და მგზავრებზე ორიენტირებულ გარემო თავის საზღვაო სივრცეებში და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორიცაა საქართველოსა და IMO-ს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში; საქართველოს პრიორიტეტები და თანამშრომლობის პოტენციური სფეროები IMO-ს და EBRD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე; მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი IMO-ს ინსტრუმენტების იმპლემენტაციის საკითხები; IMO-ს პროექტებში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF) ჩართვა.

მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საზღვაო სექტორის რეფორმირების შესახებ და აღნიშნა: „საქართველოს ზუსტად აქვს წარმოდგენილი ის სამიზნე მაჩვენებლები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს ქვეყნის საზღვაო დარგში და თანამიმდევრულად ახორციელებს მიზნობრივ და ძალიან ეფექტურ რეფორმებს. საქართველო გამორჩეული მარეგულირებელი ბაზა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის, რაც კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.“

საქართველო იყო ათენის კონვენციის 1974 და 1976 წლების რედაქციის წევრი სახელმწიფო, რაც საზღვაო გადაყვანისას მგზავრთა უფლებების დაცვის მოძველებულ სამართლებრივ რეჟიმებს ითვალისწინებდა, კონვენციის 2002 წლის რედაქცია კი – უფრო ეფექტურად იცავს მგზავრთა უფლებებს და ამასთან ერთად მნიშვნელოვანი ასპექტი შემოაქვს საზღვაო გადამყვანის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კუთხით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: