მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმის დინამომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო

23.05.2019
ბათუმის დინამომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო

ბათუმის „დინამო“ დღეს, 23 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობით სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე მატჩი ბათუმის დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

პირველ ტაიმში, მატჩის მეშვიდე წუთზე ბათუმის დინამოს შანსი ჰქონდა გოლი გაეტანა. მამუჩაშვილი პირისპირ დარჩა მეკარესთან, ნიკა საბანაძეს ბურთი გადააწოდა, საბანაძემ კარში დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და „ჩიხურას“ კარი გადარჩა.

მე-17 წუთზე ბათუმის “დინამოს” კარში პირველი გოლი გავიდა. ანგარიში საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელმა, დემურ ჩიხლაძემ გახსნა.

32-ე წუთზე ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ „ჩიხურას“ ფეხბურთელებმა საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს და  დინამოელმა ჯოვინო ფლამარიონმა გოლის გატანა შეძლო. ანგარიში გათანაბრდა და 1:1 გახდა. სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმი ბათუმის “დინამოს” უპირატესობით დაიწყო. მატჩის 49-ე წუთზე ჯერ ჯანელიძის პასით ჰქონდა შანსი რამოსს გოლი გაეტანა, თუმცა ვერ შეძლო. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ 50-ე წუთზე „დინამოს“ ფეხბურთელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან.  საბანაძის მიმართულებით გრძელი პასი გააკეთეს, საბანაძემ ფლამარიონს გადააწოდა, რომელმაც ჩიხურას კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ამჯერად ააცილა.

მატჩის 75-ე წუთზე ჩიხურას ფეხბურთელს, ფანცულაიას ჰქონდა შანსი “დინამოს” კარში ბურთი გაეტანა და თავისი გუნდი დაეწინაურებინა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და ბურთი ასცდა კარს.

80-ე წუთზე მატჩის ბედი დინამოს კაპიტანის გიორგი ჯანელიძის გოლმა გადაწყვიტა. ნავალოვსკის მიერ ზუსტად ჩაწოდებული ბურთი კაპიტანმა კარში დაარტყა და ანგარიში 2:1  გახდა ბათუმის “დინამოს” სასარგებლოდ.

ეროვნული ლიგის გათამაშებაში, ეს მეათე მატჩია, რომელიც ბათუმის დინამომ მოიგო. დღევანდელი მოგებით ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

დღემდე 15 მატჩის განმავლობაში საჩხერის „ჩიხურას“ მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.

ბათუმის დინამო და გულშემატკივრები მეორე გოლის გატანას ზეიმობენ სქრინი პირველი არხის ლაივიდან

 

მთავარი ფოტო:  ბათუმის დინამოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: