მთავარი,სიახლეები

როცა სმენისარმქონე ხარ და სამსახურს ეძებ

10.06.2019 • 3156
როცა სმენისარმქონე ხარ და სამსახურს ეძებ

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, სამსახურის პოვნა ბევრად რთულდება, როცა სამუშაოს მაძიებელი სმენისარმქონეა.

33 წლის ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებს თვითრეალიზაციის გარდა დასაქმება, უპირველეს ყოვლისა, შემოსავლისთვის სჭირდებათ: “ჩვენი შემოსავლის წყარო, ძირითადად, პენსიაა – 100 ლარი. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვყავს ოჯახები, გვყავს ბავშვები, ძალიან რთულია ჩვენთვისაც ცხოვრება. შემოსავლის წყარო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს”.

ნათია ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად სმენისარმქონე ადამიანებისთვის სულ უფრო და უფრო რთულდება სამსახურის პოვნა – “ახალგაზრდებსაც უარით გვისტუმრებენ ხოლმე და ასაკოვნებისთვის კიდევ უფრო რთულია სამუშაოს დაწყება”.

ნათია ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებისთვის, ძირითადად დამლაგებლის სამუშაოებია, თუმცა მათ გაცილებით უფრო მეტი რამის კეთება შეუძლიათ. ამის საჩვენებლად საცდელი ვადით მაინც უნდა აიყვანონ სადმე, მათ კი ამის საშუალება ძალიან იშვიათად ეძლევათ: “ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სმენისარქონის გამო, ვერ გავუმკლავდებით სამუშაოს, ვერ შევისწავლით საქმეს. საცდელი პერიოდით რომ აგვიყვანონ, რამდენიმე დღე, იქნებ მოსინჯონ ჩვენი შესაძლებლობები, რისი გაკეთება შეგვიძლია, ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და სრულფასოვანი ადამიანობის შეგრძნება ჩვენც უნდა გვქონდეს”.

ნათია შარაშენიძე

ნათია სალონის მიმართულებით აქვს პროფესია მიღებული, უნდა კიდევ რამდენიმე საქმე ისწავლოს, მაგრამ ამბობს, რომ სმენის არქონის გამო, ხშირად იმაშიც კი ეპარებათ ეჭვი, რომ აითვისებს: “მინდა ყურადღებას გვაქცევდეს სახელმწიფო ისე, რომ საზოგადოებაში მეტად ვიყოთ ჩართული და მეტი განათლების მიღება შეგვეძლოს. ძალიან მონდომებული ვარ და თუ სწავლას დავიწყებ, მაქსიმალურად ვეცდები დავეუფლო პროფესიას. მე ვმუშაობდი სუპერმარკეტში კონსულტანტად, მაგრამ ძალიან დატვირთული გრაფიკით მიწევდა მუშაობა და ამიტომ დავტოვე სამუშაო. ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია მუშაობის დაწყება, ჩვენი კომპეტენციებიდან გამომდინარე. ჩვენთვის არ არის ეს რთული. შევხედავთ სამუშაოს სპეციფიკას, თუ არ არის ჩვენთვის რთული და ვერ მოვერგებით, თავად ვამბობთ უარს”.

ნათია ფიქრობს, რომ დამსაქმებლები სმენისარმქონე მოქალაქეებს შეშინებული უყურებს – “თვლიან, რომ თავს ვერ გავართმევთ ვერაფერს, მაგრამ უნდა ვცადოთ ყველაფერი. აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ ყველაფერის კეთება შეგვიძლია. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ სხვადასხვა პროფესიაზე მიგვიღონ, ვისწავლოთ, ან სამუშაო დავიწყოთ, განათლებას ვერ მივიღებთ და ასე უფრო ვაკუუმში ვიქნებით”.

27 წლის სალომე მანეჟაშვილი პროფესიით ფოტოგრაფია – კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის სპეციალისტი. განათლება პროფესიულ კოლეჯში მიიღო, თუმცა ოთხი წელია თავისი სპეციალობით სამსახური ვერ იპოვა. მცდელობა ჰქონდა დროებით სხვა სამსახურიც ენახა, მაგრამ სმენისარქონის გამო – ყველგან ბარიერი შეხვდა.

სალომე მანეჟაშვილი

სალომე, ერთ-ერთ უშედეგო მცდელობას იხსენებს, როცა მარკეტში, კონსულტანტად სურდა დროებითი სამუშაო დაეწყო. იქ უარი იმის გამო უთხრეს, რომ სმენისარმქონეა და ჩათვალეს, რომ კომუნიკაციას ვერ შეძლებდა კლიენტებთან – “კომუნიკაცია ჩემთვის პრობლემა არ არის, პირის აპარატით ვხვდები რას ლაპარაკობენ. მე კი წერილობით შემიძლია მივახვედრო ფასი, თუ სხვა დეტალი”.

საბოლოოდ ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში დასაქმდა, თუმცა ყველაზე მეტად, კვლავ თავისი პროფესიით მუშაობაზე ოცნებობს. “სურვილი მქონდა ფოტოგრაფი გავმხდარიყავი, მე თითონ გამოვთქვი სურვილი რომ მესწავლა. როცა თბილისში სკოლა დავამთავრე, მიმიღეს პროფესიულში. ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი პროფესიას. მინდოდა გადამეღო ფოტოები ბუნებისთვის, შემდეგ კი ჩემი ხელით დამემუშავებინა პეიზაჟები ფოტოშოპში. ახლაც ვცდილობ, რომ ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა. 4 წელია ბათუმში ვცხოვრობ. სადაც ვიკითხე ამ პროფესიით არავინ გამოთქვა სურვილი, რომ დამეწყო მუშაობა, ამის შემდეგ წავედი ფარმადეპოში სამუშაოდ”.

სალომე აფთიაქში უკვე 10 თვეა  მუშაობს, აქ დასაქმების ფორუმიდან მივიდა – “საცდელად მივედით „ფარმადეპოში“, გავესაუბრეთ დამსაქმებელს, მკითხეს თუ როგორ შევძლებდი კომუნიკაციას. ავუხსენი, რომ პირის აპარატით ვხვდები საუბარს, დაიტოვეს ჩემი მონაცემები და მალევე შემეხმიანეს”.

სალომე ამბობს, რომ თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მას კერძო შეკვეთებზეც შეუძლია მუშაობა, ასეთი საქმისთვის კი წერილობითი ფორმითაც შესაძლებელია კომუნიკაცია. “თუ ვინმესთვის უფრო მოსახერხებელია, შეგვიძლია წერილობით ვიკონტაქტოთ. მთავარია, მაჩვენოთ რისი გაკეთებაა აუცილებელი და მე ჩემს საქმეს გავაკეთებ კომპეტენციიდან გამომდინარე. რეკლამების შეკვეთებზე შემიძლია მუშაობა, წერილობითაც რომ ამიხსნან რა მევალება, რა უნდა ვაკეთო, გავაკეთებ”, – ამბობს ის.

თეკლა ძნელაძე

22 წლის თეკლა ძნელაძემ, რომელიც ასევე სმენის არმქონეა, პროფესიული კოლეჯი გასულ წელს დაამთავრა. მზარეულია, მაგრამ ერთი წელია სამსახური ვერ იპოვა. ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი – სმენისარქონაა. თეკლა ამბობს, რომ კომუნიკაცია მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მას ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევს სმენისმქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და ამას თავისუფლად ახერხებს – “ერთი წელია სამუშაოს ვეძებ,  მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. უარის მიზეზი ის იყო, რომ სმენის შეზღუდვა გაქვს და თანამშრომლებთან კომუნიკაცია პრობლემა იქნებაო. მაგრამ კომუნიკაცია ჩემთვის პრობლემა არ არის. ეს მე სამუშაო პროცესში ხელს არ შემიშლის. არ ვიცი, რატომ გახდა ეს პრობლემა. ჩვეულებრივ ადამიანებთან კომუნიკაცია შემიძლია. მათი პირის აპარატით ვხვდები საუბარს, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ ფიქრობენ, რადგან სმენისარმქონე ვარ, ჩემთან ურთიერთობა გაუჭირდებათ. რამდენიმე ორგანიზაციაში ვცადე  მუშაობა დამეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სმენისარქონა  გახდა პრობლემა”.

თეკლა ამბობს, რომ მისი თანატოლები უფრო მეტ დაბრკოლებასაც აწყდებიან, რადგანაც მათ ნაწილს, პირის აპარატით საუბრის გაგება არ შეუძლია – “ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა იცოდეს ჟესტური ენა, კომუნიკაცია ჩვენც რომ გაგვიმარტივდეს. ჟესტურის სწავლა მარტივია,  თუკი ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი. ვფიქრობ, მალე შეისწავლიან სალაპარაკო ჟესტურ ენას”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: