მთავარი,სიახლეები

რა ზიანი მოაქვს სუიციდის არასწორ გაშუქებას

11.06.2019 • 5240
რა ზიანი მოაქვს სუიციდის არასწორ გაშუქებას

რაზე არ უნდა ისაუბროს მედიამ, როდესაც საქმე მოზარდის სუიციდს შეეხება. როგორი ენა უნდა გამოიყენოს მედიამ, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც სოციალური ქსელებით თუ სხვა ფორმით, სუიციდის თემაზე საუბრობენ, წერენ, აკომენტარებენ და რამდენად დიდი შეიძლება იყოს ზიანი, რომელიც შეიძლება ამ თემის „გაყვითლებამ“ გამოიწვიოს. რისკებსა და გაშუქების ფორმაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს.

ცნობილია მასობრივი მიბაძვითი სუიციდის ფენომენი, რომელიც თავს იჩენს  დროის ერთსა და იმავე მომენტში და ხშირად განპირობებულია მედიის ზეგავლენით. სუიციდის შემთხვევების ხშირი და ინტენსიური გაშუქება ზრდის  სუიციდის რისკს გარკვეულ ჯგუფებში, კერძოდ კი,  მოზარდებში. განსაკუთრებულ რისკჯგუფს აქ 15-დან 19 წლამდე ასაკის თინეიჯერები წარმოადგენენ.  არანაკლები როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებსაც, სოციალურ მედიას. დღეს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გადაიქცეს ახალი ამბების „ავტორად“, დაწეროს, გაიზიაროს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამიტომ, პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ მედიაზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე.

  • ქალბატონო მაია, რას უნდა მოვერიდოთ და რატომ ამ თემის გაშუქების დროს?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მოზარდებისთვის დამახასიათებელია ჯგუფის შიგნით, თინეიჯერულ პოპულაციაში მიკუთვნებულობის  მაღალი მოთხოვნილება. ეს ამ ასაკის ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, გზა საკუთარი იდენტობის მოპოვებისაკენ, ხშირად,  თანატოლთა მხრიდან აღიარებაზე გადის. მოზარდს ამ აღიარებისთვის ბევრ რისკსა და კომპრომისზე  შეუძლია წასვლა. მათი კონფორმიზმიც სოციალიზაციის მოთხოვნილებითაა განპირობებული. ანუ ისინი, ხშირად, თითქმის ერთნაირი იდეებით საზრდოობენ.

დააკვირდით როგორ გვანან ერთმანეთს – ერთნაირად აცვიათ, ერთნაირად მეტყველებენ. მათ აქვთ გარკვეული შიდა კულტურა, რომლითაც თითქოს გარესამყაროს გამოეყოფიან.  ამ ჯგუფის შიგნით ძალიან მაღალია ე.წ. გადადების, მიბაძვის, ინდუცირების [აზროვნების მეთოდი – კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა] მომენტებიც. რაც მოსწონს ყველას, სწორედ ის იქცევა მთავარ იდეად, აზრად, ის ხდება მოდური.

ამას გარდა,  გარდატეხის ასაკის ბავშვისთვის იმპულსურობა და სპონტანურობაა  დამახასიათებელი – ეს კავშირშია იმასთან, რომ მოზარდის თავის ტვინში რევოლუციური ცვლილებები ხდება. ხშირია ემოციური აფეთქებები, სიბრაზის, მოწყენილობის, უხალისობის და უგუნებობის გამოვლინებები.

  •  რაც სუიციდზეც ვრცელდება?

კი, ყველაფერზე. ისინი ახდენენ ერთმანეთის ქცევების კოპირებას და გადააქვთ საკუთარ ცხოვრებაში, ამავდროულად ძალიან იმპულსურები არიან!

ამიტომ, როცა ვაშუქებთ მოზარდთა სუიციდს, ძალიან საფრთხილოა, რომ მიწოდებულმა ინფორმაციამ არ გამოიწვიოს არაჯანსაღი დაინტერესება. ის, ვინც თვითმკვლელობა ჩაიდინა, არ უნდა იქცეს გმირად. არ უნდა მოხდეს მოვლენის რომანტიზება. მოკლედ, მოვლენა არ  უნდა გახდეს მიმზიდველი.

თუკი ამას აკეთებს მედია ან  ნებისმიერი მოქალაქე,  რომელიც ავრცელებს  ინფორმაციას, ძალიან ზრდის რისკებს. გარდა იმისა, რომ მასობრივი სუიციდის ფენომენი არსებობს, ასევე, არსებობს ერთეულოვანი მიბაძვითი სუიციდის ფენომენიც. კვლევებით დადგენილია, რომ მოზარდობაში მეგობრის თვითმკვლელობა სუიციდური ქცევის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ეს ხშირად კავშირშია სოციალურ მოდელებთან, რომელსაც თვითონ მოზარდები ქმნიან, ასევე, გართულებულ გლოვასთან, გაუსაძლის ტკივილთან, რაც დანაკარგს უკავშირდება, როდესაც  „გამოსავალს“ ხედავს იმაში, რომ გაიმეოროს მეგობრის  ქცევა.

  • არის შემთხვევები, როცა სუიციდის მიზეზად სიყვარული სახელდება, ეს იგულისხმება რომანტიზებაში?     

დიახ, ეს ძალიან „საინტერესოა“ ნებისმიერი თინეიჯერისთვის. ზუსტად ეს არის რომანტიზების მომენტი. ამიტომ გაშუქების დროს ძალიან უნდა შევიკავოთ თავი მიზეზებზე ლაპარაკისგან, რა საშუალებებით იყო ეს ჩადენილი და ა.შ. ამ საშუალებებზე საუბარი ძალიან სახიფათოა. სახიფათოა, ასევე, ისეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება, რაც უკავშირდება ე.წ მონანიების, გამომშვიდობების ტექსტებს და ა.შ. ეს წარმოუდგენელია. ამით პირდაპირ აძლევ გამზადებულ მასალას იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს მოწყვლადი.

კვლევები, პრაქტიკოსთა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი რამ  ხშირად ფატალურ შედეგებამდე მიდის. ჯერ კიდევ გოეთეს პერიოდიდან მოყოლებული ვიცით, რომ „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ როცა გამოქვეყნდა, მაშინ გამოიკვეთა მასობრივად რომანტიკული სუიციდის ფენომენი პირველად და ეს იყო გაკვეთილი, რომელზეც უნდა გვესწავლა, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან.

  • რა ინფორმაციის შემცველი უნდა იყოს ამ ტიპის ინფორმაცია. მხოლოდ მშრალი ამბავი უნდა გაშუქდეს, თუ საერთოდ არ უნდა გაშუქდეს?

პირველ რიგში, ეს არ უნდა იყოს ტოპნიუსი, არც ერთ შემთხვევაში. უნდა იყოს მშრალი ინფორმაცია, მხოლოდ ფაქტის კონსტანტირება. თუ მედია ინტერესდება ამ თემით, მნიშვნელოვანია პრევენციაზე საუბარი, განათლების კუთხით ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე ის, რომ ასეთი სახის მოვლენა გადააქციოს მთავარ და რაც ყველაზე საშიშია, „ყვითელ“ თემად.

ყველა, ვინც გააზიარებს ამ ტიპის ინფორმაციას ან კომენტარს დაწერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რას წერს და როგორ წერს. ხშირია შემთხვევა, როცა ასეთ დროს იწყება დამნაშავის ძებნა. არავინ იცის, ვინ არის დამნაშავე, ეს სპეციალისტების გამოსაკვლევია და ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ფაქტორით განპირობებული.

  • სუიციდის დროს გამოძიება იწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც გარკვეულწილად ბადებს ინტერესს, ხომ არ იყო მოზარდი ძალადობის, შანტაჟის მსხვერპლი და ა.შ. ეს ხომ არ განაპირობებს მეტ ინტერესს?

ჩვენ ვიცით ასეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი  იყო ზეწოლის ან შანტაჟის მსხვერპლი, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა  და გამოკვეთილი იყო დამნაშავე.  ასეთ დროს  აქცენტი დანაშაულზე გადადის და, ბუნებრივია, ეს უნდა გაშუქდეს. სუიციდის თემა საშიში ხდება მაშინ, როცა სანახაობას ემსგავსება,  როცა „ყვითლდება“ ან რომანტიკულ ელფერს იძენს.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წერ ნიუსს, რა ტერმინოლოგიას იყენებ, როგორ აწვდი.

ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა დისტანცირდე ემოციებისგან. ხშირად ჟურნალისტები სუიციდის ხშირი და დეტალური გაშუქების მიზეზად ასახლებენ საზოგადოების მაღალ ინტერესს, მაგრამ არსებობს კი სამყაროში ადამიანის სიცოცხლეზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე უფრო მაღალი ღირებულება? აქედან უნდა ამოვიდეთ.

ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა უნდა დაიცვას მაღალი მორალური ღირებულება, – არ ავნო! თუკი შენ გაქვს მინიმალური ეჭვი იმის, რომ ის, რასაც ავრცელებ ვიღაცისთვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს, არ უნდა გააკეთო.

  • როგორია თქვენი შეფასება, რამ წამოსწია ფონი ამ მხრივ, რაში უჭირთ ყველაზე მეტად მოზარდებს?

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად, წლის ამ დროს ან დღესასწაულებზე, საკუთარ დაბადების დღეზე  ხდება ხოლმე ასეთი ფაქტები. ეს მაშინ, თუ კავშირშია დაწეულ გუნება- განწყობასთან,  დეპრესიულ მდგომარეობასთან,  ადამიანისთვის ძნელად გადასატანია მარტოობის, მიტოვებულობის, ზედმეტობის განცდა.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორებია, განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში – მნიშვნელოვანი დანაკარგი, ახლობლის გარდაცვალება, საყვარელ ადამიანთან დაშორება, მშობლების განქორწინება,  ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება, ძალადობის გამოცდილება, პრობლემები ურთიერთობაში,  ასევე, ეს ყველაფერი კავშირშია, ზოგადად, საზოგადოებაში არსებულ ემოციურ ფონთან, სიღარიბესთან, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან და ა.შ.

  • ჩვენ ვახსენეთ სუიციდის პრევენცია, რა როლი შეუძლია ამაში ითამაშოს სკოლამ, განათლებამ, იმაზე აქცენტირებამ, რომ სიცოცხლე არის ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ადამიანს გააჩნია?

როდესაც დამცავ ფაქტორებზეა საუბარი, განათლებას  და,  ზოგადად, ისეთ  ღირებულებებს, როგორიცაა:  ჯანსაღი ცხოვრების წესი,  სიცოცხლის სიყვარული, ემპათია, მეგობრობა და ა. შ. დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდებისათვის ცხოვრება არ უნდა იყოს მოსაწყენი, ისინი არ უნდა რჩებოდნენ მარტო, მნიშვნელოვანია მოზარდთა პოზიტიური ჯგუფების შექმნა, რეკრეაციული, სადისკუსიო სივრცეები… საერთოდ, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო სუიციდის, ძალადობის პრევენციაზე, მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს და შექმნის შესაბამის პროგრამებს, სერვისებს.

ხშირად არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვთ ახალგაზრდებს! ჩვენ მათ ვერაფერს ვთავაზობთ. განათლება, ასევე, რელიგია მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია. რწმენა, სიცოცხლის  სიყვარული, თანადგომა და მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: