მთავარი,სიახლეები

“სახლში შეუვარდნენ, სცემეს და მარიხუანა წაართვეს” – ყაჩაღობის საქმე

11.06.2019
“სახლში შეუვარდნენ, სცემეს და მარიხუანა წაართვეს” – ყაჩაღობის საქმე

ყაჩაღობის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 11 ივნისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ხალაში მოხდა.

საქმის მასალების მიხედვით, სამმა ბრალდებულმა ხალაში მცხოვრები მამუკა ა. დააყაჩაღეს, სცემეს და დანით “სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები” მიაყენეს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებიდან წაუკითხა ისიც, რომ იმ საღამოს ბრალდებულები კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში შეიჭრნენ და დაზარალებულს მარიხუანა წაართვეს.

მარიხუანას გარდა, ყაჩაღობის ღამეს დაზარალებულის სახლიდან ასევე წაიღეს: 80 ლარი, ოქროს ძეწკვი, “აიფონის” მარკის ტელეფონი და სიგარეტი “პარლამენტი”.

“ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელით თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე,”- მიმართა მოსამართლემ ბრალდებულებს, როცა მან ბრალის არსის გაცნობა დაასრულა.

“თავს დამნაშავედ არ ვცნობ,”- უთხრა მოსამართლეს სამივე ბრალდებულმა. სამივე მათგანმა ასევე აღნიშნა, რომ დასაქმებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი მეზღვაურია, თუმცა იგი ყაჩაღობის ღამეს საქართველოში იმყოფებოდა.

მხარეებმა უკვე გაცვალეს მტკიცებულებები. დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს ყველა მტკიცებულებას, რაც პროკურორმა დავით კირჩხელმა ამ საქმეზე წარმოადგინა. შესაბამისად, მოსამართლე ყველა მოწმის ჩვენებას მოისმენს.

პროკურორის თქმით, საქმეში უკვე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სხეულის დაზიანება ჰქონდა. ექსპერტიზა ჯერ არაა მზად დანის ნაწილში, რომელიც უკვე ამოღებულია.

“რეალურად ისინი მივიდნენ დაზარალებულთან და ითხოვეს, მარიხუანა მოგვაწევიეო, რაზეც უარი მიიღეს და ამას მოჰყვა ჩხუბი. სხვას არაფერს ბრალდებულები არ ამბობენ,” – აღნიშნავს ადვოკატი მერი ცინარიძე. მისივე თქმით, დაცვის მხარემ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერიც, სადაც დაზარალებული ამბობს, რომ ის მხოლოდ სცემეს და მისი სახლიდან არაფერი წაუღიათ.

“ჩვენ ასევე გამოვკითხეთ მოწმე – ნათესავი ბიჭი, რომელიც იმ საღამოს დაზარალებულთან იმყოფებოდა. ის მბობს, რომ პოლიციამ აიძულა ცრუ ჩვენების მიცემა,” – დასძინა ადვოკატმა მერი ცინარიძემ.

“ეს კაცი ჰყიდდა მარიხუანას, ასე იყო ცნობილი… უბრალოდ, მივიდნენ და მარიხუანა ითხოვეს,”- გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: