„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს ხელისუფლების 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში დადანაშაულებას კატასტროფული სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში,“ – ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის მკვლევარი, აკაკი ბერიძე წერს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მეოთხე დღეა განიხილავს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
სასამართლოში ამ ეტაპზე სულ 4 ამიკუსია შესული, კვალიფიციური იურისტები სასამართლოს საკუთარ მოსაზრებას უზიარებენ და დეტალურად ხსნიან, რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას პოლიტიკური პარტიების აკრძალვა.
23 ოქტომბერს ამიკუსი წარადგინა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, აკაკი ბერიძემ.
აკაკი ბერიძის ამიკუსში კონსტიტუციური სარჩელის მხოლოდ ის ნაწილია შეფასებული საერთაშორისო სამართლის კუთხით, რომელიც ეხება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებს და 2008 წელს საქართველოს სახელით მოქმედი საქართველოს ხელისუფლების (საქართველოს) დადანაშაულებას შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში.
ამიკუსის ავტორი თვლის, რომ თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელს, ანუ დაადანაშაულებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას (პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლად) და დასდებს საქართველოს ბრალს – „ომის დაწყებაში“, “ომის პროვოცირებაში“, ამით საქართველოს დაუდგება პოტენციური, შეუქცევადი და დამანგრეველი ზიანი.
„პირველი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად დაადგენს, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ეს საერთაშორისო სამართლებრივ ენაზე იქნება აღიარება და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ცალმხრივი დეკლარაცია.
ამგვარი გადაწყვეტილება ააქტიურებს Estoppel-ის პრინციპს – საქართველო დაკარგავს უფლებას, საერთაშორისო ტრიბუნალებსა თუ პოლიტიკურ ფორუმებზე (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო) ამტკიცოს საპირისპირო, ანუ ამტკიცოს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია მყისიერად გამოიყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე, რათა ლეგიტიმაცია შესძინოს თავის შეჭრასა და ოკუპაციას, როგორც „პასუხს ქართული მხარის მიერ დაწყებულ აგრესიაზე/ომზე“.
მეორე, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო კონფლიქტი ან მოახდინა მისი ესკალაცია, ეს რუსეთს აძლევს ლეგიტიმურ Casus Belli-ს (ომის საბაბს) და შესაძლებლობას, თავისი ქმედებები გაეროს წესდების 51-ე მუხლით (თავდაცვა) გაამართლოს. ეს სრულად ანგრევს ევროპული სასამართლოსა (ECtHR) და ICC-ის მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ მოცემულობებს.
რუსეთი შეძლებს განაცხადოს: „თავად საქართველოს უმაღლესი სასამართლო ადასტურებს, რომ დამნაშავე ქართული მხარეა, შესაბამისად, ჩვენი ჩარევა ოსი და აფხაზი ხალხის, ისევე როგორც ჩვენი მშვიდობისმყოფელების დასაცავად, იყო მართლზომიერი.“
მესამე, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა: საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) მიმართ არის არაღიარების პოლიტიკა. საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას და აცხადებს უკანონოდ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის აგრესიისა და უკანონო სამხედრო ძალის გამოყენების (Ex injuria jus non oritur – უკანონობისგან უფლება არ წარმოიშობა) შედეგს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო შექმნის პრეცედენტს, რომლითაც ქართულ მხარეს დაადანაშაულებს, სეპარატისტული რეჟიმები და რუსეთი ამას გამოიყენებენ მათი დამოუკიდებლობის საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის. ისინი იტყვიან, რომ რადგან საქართველომ თავად აღიარა „აგრესიის“ დაწყება, სეპარაცია იყო თვითგამორკვევისა და გადარჩენის ერთადერთი გზა.
ეს მიაყენებს გამოუსწორებელ დარტყმას საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას, საფრთხეს შეუქმნის სხვა სახელმწიფოების მიერ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და უმძიმეს ზიანს მიაყენებს ტერიტორიულ მთლიანობას.
მეოთხე, საფრთხე ექმნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და ჟენევის ფორმატს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ქართული მხარის დადანაშაულება ომის დაწყებაში, ძირს გამოუთხრის ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს, როგორც დაზარალებულის და სამართლიანი პოზიციის მქონე მხარის სტატუსს. რუსეთი ამით მოიპოვებს სრულ მორალურ და სამართლებრივ უპირატესობას მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ – ვკითხულობთ ამიკუსში.

აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი
- რატომ არ დაუწყია ომის საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე
ამიკუსში მოყვანილია ცნობილი იტალიელი საერთაშორისო სამართლის ექსპერტისა და იუგოსლავიის ყოფილი ტრიბუნალის მოსამართლის, ანტონიო კაზესეს მიერ გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის ანალიზი. ამ ანალიზში ავტორი ცალსახად მიუთითებდა, რომ რუსეთის ქმედებები იყო გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა.
კაზესეს განმარტებით, რუსეთის მცდელობა, საკუთარი აგრესია გაემართლებინა „ჰუმანიტარული ინტერვენციით“ ან ტერმინით „პასუხისმგებლობა დაცვაზე“ სრულიად არალეგიტიმური იყო, რადგან საერთაშორისო სამართალი არ ანიჭებს უფლებას ცალკეულ სახელმწიფოს, ცალმხრივად, გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის/ავტორიზაციის გარეშე, შეიჭრას სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
რუსეთის ე.წ. „მშვიდობისმყოფელთა“ დაცვის არგუმენტიც (თავდაცვა – სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მოტივით) ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სამართალში აღიარებულ პროპორციულობისა და აუცილებლობის ტესტს, რადგან მოჰყვა მასშტაბური შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ამიკუსის ავტორი, აკაკი ბერიძე, ანტონიო კაზესეს მიერ ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში საერთაშორისო სამართლის მიხედვით სრულად გამართლებულია:
„საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი: კაზესე პირდაპირ წერს, რომ თუნდაც რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა ჯარები ცხინვალის რეგიონში, შესაძლოა იყო „პოლიტიკურად წინდაუხედავი“, მას არ დაურღვევია არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი წესი.
რეგიონი საერთაშორისო სამართლით საქართველოს იურისდიქციაშია, ამიტომ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, იმოქმედოს საკუთარ ტერიტორიაზე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სამართლებრივად დედა-სახელმწიფო (საქართველო) ომს ვერ დაიწყებდა.
ომის დაწყება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაა და არა საკუთარ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – ვკითხულობთ ამიკუსში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) მიღებული აქვს ისტორიული გადაწყვეტილება.
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (საჩივარი N 38263/08). ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც სამართლებრივად აფორმებს რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი უმნიშვნელოვანესი გარემოებები: 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები სრულად ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. რუსეთი ახორციელებს განგრძობად „ქმედით კონტროლს“ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკა – რაც გამოიხატებოდა ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვაში, ქართული სოფლების გადაწვაში, ეთნიკურ წმენდასა და მაროდიორობაში 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს.
სასამართლომ დაადგინა სამხედრო ტყვეების წამება. კერძოდ, დადგინდა ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები რუსული და სეპარატისტული ძალების მხრიდან 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ეთნიკური წმენდა და მიმოსვლის თავისუფლება, რაც გამოიხატება იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობაში. ეს მუხლი პირდაპირ ადასტურებს ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის სამართლებრივ ფაქტს.
სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ დაანგრია რუსული პროპაგანდისტული მითი საქართველოს მიერ ცხინვალის რეგიონში ომის დაწყების შესახებ და პასუხისმგებლობა ცალსახად დააკისრა რუსეთის ფედერაციას.
„2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის გამოძიება და შემდგომი გადაწყვეტილებები.
გამოძიების ფარგლებში (რომელიც მოიცავდა 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს), ICC-მ გამოსცა დაპატიმრების ორდერები ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მაღალჩინოსნებისა და რუსი გენერლის (მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი, დავით სანაკოევი, ვიაჩესლავ ბორისოვი) მიმართ ომის დანაშაულებისათვის, კერძოდ: უკანონო თავისუფლების აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა და მძევლად აყვანა.
სტრატეგიული თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არცერთ ეტაპზე არ წაუყენებია ბრალი საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლისათვის.
ICC-ის გამოძიებამ პრაქტიკულად გააბათილა რუსეთის ბრალდებები საქართველოს მხრიდან ომის დანაშაულებისა თუ გენოციდის ჩადენის თაობაზე.
ჰააგის სასამართლოს ეს პოზიცია წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ ფარს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამტკიცებს საქართველოს, როგორც თავდაცვის რეჟიმში მყოფი და აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოს სტატუსს,“ – ვკითხულობთ ამიკუსში.
ამიკუსში ასევე მოყვანილია შვეიცარიელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის დასკვნიდან მონაკვეთიც.
ჰეიდი ტალიავინის დასკვნის 270-ე გვერდზე წერია: „რუსეთი ჩართული იყო კონფლიქტში რამდენიმე გზით: პირველი, რუსეთის სამშვიდობოები, რომლებიც დისლოცირებულნი იყვნენ სამხრეთ ოსეთში, სოჭის შეთანხმების საფუძველზე, ჩაერთნენ ბრძოლაში ცხინვალისათვის; მეორე, რუსეთის რეგულარული ჯარები იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და უფრო ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე; მესამე, ჩრდილო კავკასიის არარეგულარულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა ბრძოლაში; და ბოლოს, რუსეთი მრავალი საშუალებით ეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალებს, განსაკუთრებით მათი წვრთნით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, დაფინანსებით და სხვა მხარდაჭერით…
გაეროს წესდების მე-2(4) მუხლისა და, პარალელურად, ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის სამხედრო ოპერაციებმა საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და სხვაგან, ნებისმიერ ადგილას საქართველოში) დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი ძალის გამოყენების აკრძალვის შესახებ“.
ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა მისიას, რომელიც ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოს დავალებით შეიქმნა. კერძოდ, საბჭომ 2008 წლის 2 დეკემბერს, შვეიცარიელ დიპლომატს, ჰეიდი ტალიავინს დაავალა შეექმნა „საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისია“, რომელსაც უნდა გამოეძიებინა საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებების კუთხით.
მისიის მიერ მომზადებული ვრცელი ნაშრომი ე.წ. ტალიავინის დასკვნის სახელითაა ცნობილი.






