გარდა ამისა, შესყიდვების პორტალის მიხედვით, ცალკე ტენდერები აქვთ გამოცხადებული საქართველოს პროკურატურას [„ოპერატიული დანიშნულების 20 ერთეული მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე“ – ჯამში 2 მილიონი ლარით] და შინაგან საქმეთა სამინისტროს – [„ავტოსატრანსპორტო საშუალებების“ შესყიდვაზე, 1 მილიონი ლარით, თუმცა რამდენ და რა სახეობის ტრანსპორტს ყიდულობს – შსს-ს გასაიდუმლოებული აქვს].
ამ ჩამონათვალის მიხედვით 113 პიკაპი თავდაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი, 100 – შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დანარჩენი კი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. მათ შორისაა, მაგალითად, აჭარის სატყეო სააგენტო [8 ცალი], ქობულეთის მუნიციპალიტეტი [2 ცალი] და სხვა.

წყარო: კონსოლიდირებული ტენდერი
ტენდერს თან ახლავს შესასყიდი პიკაპების ტექნიკური მოთხოვნებიც.
მაგალითად: „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება“.
ამასთან, „შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.“
242 პიკაპის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 21 787 502 ლარია.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში“ – წერია ტენდერის პირობაში.
- შესყიდვების პორტალის მიხედვით ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული საქართველოს პროკურატურას ოპერატიული დანიშნულების 20 ერთეული მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 2 063 880 ლარია.
ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 7 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. მანქანების მიწოდება კი ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 230 დღეში უნდა უზრუნველყოს.
- ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 1 044 165 ლარით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც „ავტოსატრანსპორტო საშუალებების“ შესყიდვაზე, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენ და რა სახეობის ტრანსპორტს ყიდულობს, ეს შსს-ს გასაიდუმლოებული აქვს.
„წინამდებარე შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე.“ – წერია ტენდერში.
შსს-ს მიერ ამ საიდუმლო წესით შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 31 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.
ამავე თემაზე:
„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს






