დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 402

20 აპრილის [19:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 402 შემთხვევა. დილის მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.

ინფიცირებული 402 პირიდან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 503

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში

ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი კვების ობიექტი ამარაგებდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო.

ამ 45 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა და მათმა ნაწილმა სასტუმრო უკვე დატოვა.

შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დღის ბოლომდე მოგვაწვდიან იმის შესახებ, თუ რა გაირკვა ბათუმში, საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამიანების საკვებით ინტოქსიკაცაციის შესახებ.

20 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4 782 ადამიანი იმყოფება. ამასთან, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა არის 402, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 პირი, გარდაიცვალა – 4. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 503 პირი. 

„ჭირი“ – ქართული ანიმაციური ფილმი, რომელსაც კანის კინოფესტივალის გრანპრი აქვს

ერთ დღეს ფერად ქალაქში აჩრდილი გამოჩნდება და თანდათან ადამიანებს, სახლებს, ქალაქის ქუჩებს ფერს უკარგავს – ამის შესახებ გვიამბობს ქართული ანიმაციური ფილმი „ჭირი“, რომელმაც 1984 წელს კანის კინოფეტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მიიღო, როგორც ფესტივალის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა.

კადრი ანიმაციური ფილმიდან „ჭირი“

„ჭირის“ რეჟისორი დავით თაყაიშვილია. მას საქართველოში უფრო იცნობენ ანიმაციური ფილმებით „ბაბილინა“, „ბატი ტასიკო“ და „ოჯახი“ –  ამბავი პატარა ლეკვზე, რომელიც სახლში მოწყენილი ელოდება ბავშვების დაბრუნებას.

რეჟისორ დავით თაყაიშვილის შესახებ ინტერნეტში მცირე ბიოგრაფიულ ცნობას იპოვით, სადაც აღნიშნულია, რომ იგი 1959 წლის 13 აპრილს დაიბადა, 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი და კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ მულტგაერთიანებაში მუშაობდა, იყო საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი, 1984 წელს კი კანის კინოფესტივალზე მისმა ანიმაციურმა ფილმმა ,,ჭირი“ – გრანპრი – „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

დავით თაყაიშვილი 1989 წელს, 30 წლისა გარდაიცვალა. ამავე წელს,  ჟურნალ „კინოში“ გამოქვეყნდა მი შესახებ  – „დაგვიანებული წერილი“, რომელშიც რეჟისორი „ჭირზე“ საუბრობდა:

„ჭირი“ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შესრულებული ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დათო სიხარულიძემ წამიკითხა სცენარი, რომელმაც დამაინტერესა მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეით – სამყარო ისეთი მრავალფეროვანია, რომ დაუშვებელია მხოლოდ ერთი ფერის გამეფება. მუშაობის პროცესში სცენარი გადამუშავდა და მიიღო უფრო მკვეთრი სოციალური ხასიათი. ქალაქი, ხალხი, გარემო, უფრო რეალური გახდა. ყავისფერიც ფილმში მოგვიანებით შევიტანეთ (სცენარის მიხედვით ქალაქში შემძვრალი ბაცილა ყველაფერს უფეროდ, თეთრად ღებავდა).“

დავით თაყაიშვილი. ფოტო: geocinema.ge

„ოქროს პალმის რტოს“ მფლობელ ქართველ რეჟისორზე ვერ იპოვით ინტერნეტში ვერც ფოტომასალას. იძებნება მხოლოდ ერთი, პასპორტის ფოტო და ასევე, 1984 წლის კანის კინოფესტივალის ბროშურაში დაბეჭდილი მისი სახელი ვიმ ვენდერსისა და ბერტრან ტავერნიეს გვერდით. ვენდერსის ფილმმა „პარიზი, ტეხასი“ იმავე წელს მიიღო კანის ფესტივალის მთავარი პრიზი, ბერტრან ტავერნიეს სურათი კი, „კვირადღე სოფელში“ – საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა.

ფილმის დამდგმელი მხატვარი დავით სიხარულიძეა. იგი „კვირის პალიტრასთან“ იხსენებს, რომ „ჭირ­ზე“ მუ­შა­ო­ბი­სას ჯგუფს „გოს­ფილ­მი­დან“ დაურეკეს – ეს ან­ტი­საბ­ჭო­თა ფილ­მი რად გინ­დათ, დე­ბი­უ­ტით მო­მა­ვალს რა­ტომ იფუ­ჭებ­თო.

„ჭირის“ ნახვა იუთუბზე შეგიძლიათ:

შეძლებენ თუ არა პედაგოგები გარედაკვირვების გავლას პანდემიის შემდეგ

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გარედაკვირვებას 3 ათასამდე მასწავლებელი ელოდებოდა, თუმცა ეს პროცესი სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო გადაიდო.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ მოახერხებენ პედაგოგები სტატუსის ამაღლებას ამ სავალდებულო აქტივობის ჩატარების გარეშე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ გარედაკვირვების გავლა პედაგოგებს 2021 სასწავლო წლის ჩათვლით შეეძლებათ.

„შექმნილმა მდგომარეობამ შეუშალა პედაგოგებს ხელი გარედაკვირვებაში, მაგრამ როგორც კი აღდგება სასწავლო პროცესი, მათ ამის საშუალება მიეცემათ და ამისთვის პერიოდი ალბათ განისაზღვრება 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში,“ – გვითხრეს ცენტრში.

2019 წლის განმავლობაში ცენტრში აცხადებდნენ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა 2020 წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი ახალი მოთხოვნები. კითხვაზე, ახალ სქემაში რჩება თუ არა გარედაკვირვება  აუცილებელ აქტივობად სტატუსის ცვლილებისთვის, ჯერჯერობით ცენტრისგან დადასტურებული პასუხი ვერ მივიღეთ.

მასწავლებლებს გარკვეული კრედიტების დაგროვება ზაფხულში დაგეგმილ მასწავლებლის საგნობრივ გამოცდებზეც შეუძლიათ. გამოცდის თარიღებში ცვლილება ამ დრომდე არ არის, თუმცა ჩატარდება თუ არა საგნობრივი გამოცდები, ეს კორონავირუსის პანდემიის დინამიკაზეა დამოკიდებული.

გარედაკვირვების გავლა შეუძლიათ მხოლოდ უფროს მასწავლებლებს, იმისათვის, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღონ.

____________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კანონი შერჩევითია – იურისტი „გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეზე“

გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეს, რის გამოც დღეს, 20 აპრილს, პოლიციელი დააკავეს, ეხმაურება იურისტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროგრამის მენეჯერი, გიორგი ჩიტიძე:

„…ამ ყველაფერში ყველაზე ნამდვილი ტრაგედია იცით რა არის? აი, თეორიულად, ამ პოლიციელს შეიძლება შინაპატიმრობა შეეფარდოს. ასეც რომ არ მოხდეს, 2-დან 4 წლამდე წავა ციხეში.

მაშინ როდესაც, „ბასიანიდან“ გამოსულ რეივერს რომ 2 აბი MDMA აღმოაჩნდეს, სანქცია არის 8-დან 20 წლამდე ან უვადო, ხო, არ მოგესმათ, უვადო. ასე რომ, არამხოლოდ კანონის აღსრულებაა შერჩევითი, თავად კანონებია მოზელილი შერჩევითად,“ – წერს გიორგი ჩიტიძე ფეისბუქზე.

პროკურატურის განცხადებით, პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სახლის აივანზე ცეცხლსასროლი იარაღი უმისამართოდ გაისროლა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებიან და თავისუფლების აღკვეთა ელის 2-დან 4 წლამდე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პოლიციელს, რომელსაც ბრალი დღეს უკვე წარუდგინეს, დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდება.

გამორიცხული არ არის პოლიციელს სასჯელის სახით შინაპატიმრობა შეუფარდონ. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს – 6 თვიდან 2 წლამდე ვადით.

იურისტი გიორგი ჩიტიძე მიიჩნევს, რომ „კანონი შერჩევითია“ და ეს კონკრეტული შემთხვევა ნათლად აჩვენებს სანქციებს შორის თანაფარდობის დარღვევას. გიორგი ჩიტიძე აქცენტს ნარკოპოლიტიკაზე აკეთებს. ამ მიმართულებით ცვლილებების პაკეტი შემუშავდა კიდეც, თუმცა 2017 წლიდან პარლამენტს მისი განხილვისთვის არ მოუცლია.

„ასეთ მძიმე შემთხვევაზე არის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა… ეს ნათლად აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა და სანქციები არის გადასახედი. მარტივი შედარებისთვის, ნარკომომხმარებელი, რომელიც საფრთხეს მხოლოდ საკუთარ თავს უქმნის, შესაძლოა დასაჯო 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს არის „ნულოვანი პოლიტიკის“ შედეგი, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ ამას გადახედოს,“ – გვითხრა გიორგი ჩიტიძემ.

იურისტის აზრით, უნდა გადაიხედოს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლიც.

„მე მგონია, რომ როცა პოლიციელი ასე იქცევა, ეს აშკარად რბილი სანქციაა,“ – აღნიშნა გიორგი ჩიტიძემ „ბათუმელებთან“.

შვედეთის პრინცესა საავადმყოფოში მედპერსონალის დამხმარედ მუშაობს

შვედეთის პრინცესა სოფია COVID-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეს სტატუსით ჩაერთო.

პრინცესა ინსტაგრამზე აქვეყნებს სამედიცინო უნიფორმის ფოტოს და წერს, რომ სტოკჰოლმში, სოფიაჰემეთის უნივერსიტეტში პირველადი დახმარების ინტენსიური სამდღიანი კურსის  გავლის შემდეგ, ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს, რითაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს შეუმსუბუქებს მუშაობას.

„გამანაწილეს მოვლის დეპარტამენტში, სადაც სხვა, ახალგადამზადებულ კოლეგებთან ერთად ვეხმარებით და ვუმსუბუქებთ სამედიცინო პერსონალს სხვადასხვა საქმეს… ასეთ დროს გქონდეს დახმარების შესაძლებლობა, ძალიან დიდი ჯილდოა,“ – წერს ის.

პრინცესა სოფიას მოვალეობაში შედის დალაგება და პაციენტებზე ზრუნვაში დახმარება.

დღეისთვის შვედეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 14 385 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ბენქსი კარანტინის თემას ეხმიანება – „ჩემს ცოლს სძულს, როცა სახლიდან ვმუშაობ“

გრაფიტის ანონიმურმა ინგლისელმა მხატვარმა ბენქსიმ ინსტაგრამზე თავისი უახლესი ნამუშევარი გამოაქვეყნა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული სოციალური დისტანცირების გამო მან აბაზანაში გააკეთა.

ბენქსიმ სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათებს თან დაურთო წარწერა: „ჩემს ცოლს სძულს, როდესაც სახლიდან ვმუშაობ“.

ბენქსის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილია მხატვრის აბაზანაში დიდი არეულობის ამტეხი 9 ვირთხა. ერთ-ერთი მათგანი თხევადი საპნის გადმოსხმას ცდილობს, ერთიც ტუალეტის ქაღალდზე დარბის, რის გამოც გრაგნილის ნახევარი იატაკზეა ჩამოცვენილი; ზოგი კბილის პასტას ასხამს კედელზე, ზოგიც – ბენქსის ტუალეტით სარგებლობს. სურათის ცენტრშია სარკე, რომელშიც არეკლილი ვირთხა წითელი ტუჩსაცხით კედელზე ხაზავს გამოკეტილ სივრცეში გატარებულ დღეებს.

 

 

„ჩვენც გოლგოთა გავიარეთ“ – პატრიარქის მიმართვა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს, რომელიც 20 აპრილით თარიღდება.

„კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასული ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თვისი წყალობა მიჰფინოს მათ უკვდავ სულებს,“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

 

გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს

20 აპრილს, გამთენიისას, გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს – ფაქტს „ბათუმელებთან“ შს სამინისტროში ადასტურებს.

ქურდობის ფაქტზე შეტყობინება პოლიციაში გამთენიისას შევიდა. პოლიციას ფაქტის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ დაკავებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ტელევიზორი. სხვა დეტალები ზუსტდება,“- გვითხრეს შს სამინისტროში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8-13 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევო ორ დღეს, 22-23 აპრილს, მოსალოდნელია წვიმა.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დააკავეს პოლიციელი, რომლის ბრმა ტყვიას ქალი ემსხვერპლა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დააკავეს პოლიციელი, რომლის მიერ ნასროლი ბრმა ტყვიის შედეგად თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქალი დაიღუპა.

პროკურატურის ცნობით, გამოიძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა.

გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ქალს და იგი გარდაიცვალა.

„ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბათუმში სასაფლაოს პოლიციელები და ჯარისკაცები იცავენ [ფოტო]

ბათუმში ფერიის სასაფლაო ჩაკეტილია, ყველა ჭიშკარს ბოქლომი ადევს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საპატრულო პოლიცია და ჯარისკაცები დგანან. ბათუმში,ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, სასაფლაოზე  შესვლა დღეს აკრძალულია.

სასაფლაოები საქართველოში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 დღით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაიკეტა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.

ჩაკეტილია სასაფლაო სოფელ განთიადშიც
ფერიის სასაფლაო
ფერიის სასაფლაო

პოლიცია სასაფლაოსთან

კომენდანტის საათის დარღვევისთვის 85 ადამიანი დაჯარიმდა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათი კიდევ 139-მა ადამიანმა დაარღვია, რის გამოც, ქვეყნის მასშტაბით, 85 მოქალაქე დაჯარიმდა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის მოთხოვნა დაარღვია 19-მა მოქალაქემ. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 35 პირი დააჯარიმეს.

თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ვ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული 9-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – აცხადებს შს სამინისტრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კიდევ ერთი ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდან – სულ 34

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერიდან კიდევ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა.

მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადებული პირი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. აღნიშნული პირი გადაყვანილია კლინიკა „მედალფაში“, ოჯახის წევრები კი – საკარანტინე სივრცეში.

„დაავადებული პირი არის ქალი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მსუბუქია. დღის განმავლობაში მოხდება ყველა კონტაქტის მოკვლევა. ჩივილები დაეწყო გუშინ ღამით, როცა იყო თვითიზოლაციის რეჟიმში.“

ნინო ნიჟარაძის თქმით, 5 ადამიანი მიიჩნევა გამოჯანმრთელებულად, თუმცა აქედან მხოლოდ 3 დატოვებს დღეს კლინიკას, 2 ადამიანი კი ჯერჯერობით ისევ კლინიკაში დარჩება, სანამ ნარჩენი მოვლენები სრულად არ ალაგდება.“

ნინო ნიჟარაძის თქმით, ჯამში კლინიკაში 34 ადამიანი მკურნალობს. ქობულეთის კლასტერთან სულ 34 პირია დაკავშირებული, მათთან ჯამურად 474 კონტაქტია, რის გამოც შესაძლოა დაავადების მაჩვენებელი გაიზარდოს.

„ჩვენ კიდევ ვგეგმავთ დარჩენილი კონტაქტების ნიმუშების აღებას, საეჭვო ჩივილების მქონე პირები მაშინვე გადმოგვყავს კლინიკაში. გადაცემას და მატებას, ზოგადად, ადგილი არ აქვს.

ცხელების კლინიკაში ამჟამად 16 პაციენტი იმყოფება, ეს არის ინფექციური „მედემერჯენსი“ და რესპუბლიკური საავადმყოფო. დღის განმავლობაში აქედან ველოდებით ნიმუშებზე პასუხს. გუშინ, დღის განმავლობაში, ცხელების კლინიკაში 34-მა პაციენტმა გაიარა და მათი პასუხი იყო უარყოფითი“, – ამბობს ნიჟარაძე.

_____

20 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 399 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 93 გამოჯანმრთელდა, 4 პირი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4782, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.-

რა შემთხვევაში აქვს საქართველოში დარჩენის უფლება უცხოელს, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა

მთავრობის 16 აპრილის განკარგულებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

[checklist]

  • თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
  • თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
  • თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
  • თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

[/checklist]

ასეთ შემთხვევებში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა:

[checklist]

  • არ ჩაითვლება უკანონოდ და მასზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იგი წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

[/checklist]

[crosslist]

  •  არ ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისთვის.

[/crosslist]

ეს ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის განკარგულებაში შევიდა.

ახალი ცვლილება ამ განკარგულებით დადგენილი შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით მოქმედებს:

[toggle title=”ეს შეზღუდვები ნახეთ აქ“]

კომპეტენციის ფარგლებშისაქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ შეზღუდვებს:

. ) საჰაერო მიმოსვლის კუთხით:

ვ.ა.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო სივრცის გამოყენებით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;

ვ.ა.ბ) მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის ან/და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს), აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, იზღუდება საქართველოდან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაადგილება;

ვ.ა.გ) აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის გავლით საჰაერო გზით მოძრავი ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე, არ იზღუდებიან საქართველოდან გასვლაზე;

.სახმელეთო მიმოსვლის კუთხით:

ვ.ბ.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან სახმელეთო/საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;

ვ.ბ.ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებსა და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;

ვ.ბ.გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, ან რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი წესების და ნორმების თანახმად და პასუხისმგებელი ორგანოების კონტროლის ქვეშ;

ასევე:

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომთავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:

ბ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა; ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 23 თებერვლიდან; იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან; საფრანგეთის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 19 მარტიდან, გარდა 2020 წლის 20 მარტის პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან/აეროპორტში განხორციელებული პირდაპირი საერთაშორისო ფრენისა. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;

​1) პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების დროებით შეწყვეტა  2020 წლის 21 მარტიდან.  შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. აგრეთვე შეზღუდვა არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, ამბულატორიულ, ავარიულ, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;

[/toggle]

 

საქართველოში 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის დეკრეტით შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

 

აჭარაში Covid19-ით ინფიცირებული 64 პაციენტიდან 13 გამოჯანმრთელდა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, Covid-19 სულ 64 პაციენტს დაუდასტურდა, რომელთაგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა, აქედან 5 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა დღეს, 19 აპრილს.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 15 მარტს გამოვლინდა.

ინფიცირებული 64 პაციენტიდან 2 უცხოეთის მოქალაქე იყო და მათ დატოვეს საქართველო, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, დღეს 34 პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი კი, სხვადასვა დროს ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში თერმოსკრინინგი ჯამში 11 196 მოქალაქეს ჩაუტარდა, ხოლო კორონავირუსზე კვლევა 1700-ზე მეტ პირს.

ამ დროისთვის 10-ზე მეტი ადამიანი რჩება ცხელების ცენტრებში ბათუმში, რომელთა ანალიზის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეს ბათუმიდან გადაგზავნილი 140 ანალიზის კვლევის პასუხსაც ელოდებოდნენ და ყველა პასუხი Covid-19-ზე უარყოფითი იყო.

19 აპრილის 23:45 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა არის სულ 394, მათ შორის გამოჯანმრთელდა 93 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 094, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 547 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეს, 19 აპრილის დილით, სულ გამოჯანმრთელებული იყო 86 პირი, საღამოს 21:30 საათისთვის კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92-ია.

ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში სულ არის 394, მათ შორის გარდაიცვალა – 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 094, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 547 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 აპრილს, საღამოს, ბათუმიდან გადაგზავნილი 140 პირის ანალიზის კვლევის პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა არცერთ მათგანს Covid-19 არ დაუდგინდა.

აჭარაში 140 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

 

აჭარაში 140 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 აპრილს, საღამოს, ბათუმიდან გადაგზავნილი 140 ანალიზის კვლევის პასუხს ელოდებოდნენ და ყველა პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია.

ამ დროისთვის აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“, Covid-19-ით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს. აქედან  ინფიცირების 33 შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, მათ შორის არიან ბავშვებიც.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, 18 აპრილის საღამოსთან შედარებით, 6-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19 აპრილის საღამოს მონაცემებით არის 394, მათ შორის გამოჯანმრთელდა 92, ხოლო გარდაიცვალა – 4.

კორონავირუსი ბუნებრივია, თუ ხელოვნური? – პრიმიტიული ხრიკები

„იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის“ – ეს ერთ-ერთი ბოლო ამბავია ქართული, მაგრამ პრორუსულად მიჩნეული გამოცემიდან – „საქართველო და მსოფლიო“. ეს ნიუსიც იმაზეა, თუ როგორ გახდა რუსეთის შემყურე ევროპა, რომელმაც პუტინს სანქციები დაუწესა. იგივე ინფორმაციას ფართოდ აშუქებს ტელეკომპანია ობიექტივი და ასევე ათობით სხვა მედია. რუსული მედია ცინიკურად განიხილავს იმ საკითხს, რომ როგორც იქნა ამერიკა გახდა „პირველი“, კორონავრუსით დაღუპულების მიხედვით.

კრემლისტური მედია რუსეთში, დასავლეთსა, თუ საქართველოში პანდემიის ამ ეტაპზე ძირითადად ორ მოსაზრებას ამყარებენ: იტალიის შემთხვევამ აჩვენა, რომ ევროკავშირი არ მუშაობს და ევროპას რეალურად მხოლოდ რუსეთი ეხმარება და მეორე – COVID 19 ბუნებრივად კი არ გაჩნდა, არამედ ის ამერიკელებმა შექმნეს.

პანდემიის საწყის ეტაპზე დასავლეთი და, მათ შორის, ევროპელი მედია რუსულ დეზინფორმაციას ნაკლებად იმჩნევდა. მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები იტალიის ქუჩებში გამოჩნდნენ, გავლენიანი დასავლური გამოცემები წერენ რუსეთისგან დაზვერვის საფრთხესა და რუსულ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანიც „ევროპაში პანიკის დათესვაა“. დასავლურ მედიაში რუსულ პროპაგანდაზე საუბრის დროს გაჩნდა მოწოდებაც: სანდო წყარო მოძებნეთო და ისიც თქვეს, რომ „იტალიაში რუსეთი ხელთათმანებით მუშაობს“ – ასე რუსი ექიმების და სამხედროების ჩასვლა იტალიაში ფრანგულმა რადიომ შეაფასა.

პირველი სამიზნე: ვირუსი ხელოვნურია, ლაბორატორიაში გამოიყვანეს, თუ ბუნებრივი? 

რუსული პროპაგანდის აქტიური მუშაობის შედეგად ეს კითხვა, შესაძლოა თქვენც გაგიჩნდათ, ან მას სადმე მაინც მოჰკრავდით ყურს იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთხელ ისაუბრეს ვირუსის ბუნებრივი წარმომავლობის შესახებ. მოისმენდით ამბავს იმაზეც, რომ Covid 19 სავარაუდოდ ღამურასგან გადავიდა ადამიანზე.

კითხვას ვირუსის ლაბორატორიაში დამზადების შესახებ ხუმრობად მიიჩნევს პაატა იმნაძეც, რომელიც უკვე ყველასთვის ნაცნობი და ბევრისთვის სანდოა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2 აპრილს მან ეს თქვა:

„ხუმრობის ხასიათზე ნუ დამაყენებთ, რადგან სიტუაცია მთლად სახუმარო არ არის… მესმის, ეს არის შეთქმულების თეორიები. მე მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობ. მეცნიერული ფაქტი არის ერთი – შესწავლილია, ვირუსის სიკვენსი გაკეთებულია, ანუ ამ ვირუსის თანმიმდევრობა გაშიფრულია. დადგენილია, რა სიხშირით ხდება იქ მუტაციები. ეს გამოაქვეყნეს ამ დარგში მსოფლიოში წამყვანმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა, რომლებიც ამ მეცნიერებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. მათ სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ეს ვირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში წარმოიქმნა. ესეც გამოთვლილია და ამ სეკვენირების საშუალებით დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივად მოხდენილი მუტაციები,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ და თავის ამ გამოსვლაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მეცნიერულად იოლად შეიძლება იმის დადგენა, ვირუსი ხელოვნურად შექმნეს, თუ იგი ბუნებრივია.

„მოლეკულურ ბიოლოგიას, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, რომ ცვლილება მიკროორგანიზმში ეს არის ხელოვნურად ჩასმული, ან ამოღებული გენი, თუ ეს რის ბუნებრივი მუტაციის შედეგი“, – თქვა პაატა იმნაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

მსოფლიოში გავლენიანმა სამეცნიერო ინსტიტუტებმაც იგივე თქვეს. Covid 19 რომ ზოონოზური წარმოშობის ვირუსია [როცა პირველწყარო ცხოველია], ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარშშიც.

„COVID 19 არის ზოონოზური ვირუსი. ფილოგენეტიკის ანალიზებიდან, რომელიც ჩატარებულია გენომური სრული თანმიმდევრობით, ღამურები, როგორც ჩანს, COVID 19 ვირუსის რეზერვუარია. შუალედური მასპინძელი (ებ) ის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი….“ – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.

Covid 19-ის გენომზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა ამერიკულმა სამეცნიერო გამოცემამ Nature Medicine, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ბუნებრივი გადარჩევის შედეგადაა ჩამოყალიბებული. „გენეტიკური მასალა მკაფიოდ აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 არ არის წარმოქმნილი რომელიმე მონათესავე ვირუსის საფუძველზე…” – ვკითხულობთ ამ გამოცემის სტატიაში.

ანალოგიური შედეგი აჩვენა სკრიპსის ცნობილმა კვლევითმა ინსტიტუტმაც. აქ წერია, რომ კორონავირუსი ადამიანს არ შეუქმნია და იგი ბუნებრივი სელექციის შედეგია.

Covid 19-ის ვუჰანის ლაბორატორიიდან შესაძლოა გავრცელების შესახებ სიუჟეტი ჰქონდა CNN-ს, სადაც  საუბარია იმაზე, რომ ამერიკელებმა გამოძიება დაიწყეს. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ვირუსი შესაძლოა ვუჰანის ლაბორატორიაში კვლევების ჩატარების დროს შემთხვევით გავრცელდა.

ვინ ამტკიცებს, რომ Covid 19 ხელოვნურად შექმნეს? 

ამ ეტაპზე არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს იმის სათქმელად, რომ ვირუსი ჩინეთში, ან შეერთებულ შტატებში ხელოვნურად დაამზადეს, თუმცა რუსეთში პოლიტიკოსები მეცნიერების გვერდის ავლით საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ამ მიმართულებით ცდილობენ. რუსულ მედიაში ბევრგან შეხვდებით მოსაზრებას, ან იმის მტკიცებას, რომ Covid 19 ლაბორატორიაში შექმნეს და იგი „ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიტანეს ჩინეთში“. პროპაგანდის ნაწილია ისიც, რომ „სინამდვილეში, ვინც პირველად ვირუსით დაავადდა, ამერიკელი იყო“.

„ვირუსის ჰიბრიდიზაციის ცდებს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი ატარებდა შეერთებულ შტატებში.

„კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა გამარჯობა ლუგარის ლაბორატორიავ“, – ამ სათაურით სტატია, მაგალითად, ონლაინგამოცემა NewsFrontGeorgia-მ გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია კონსპირაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ვირუსი ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიტანეს ჩინეთში და ამაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც საუბრობდა ტვიტერის გვერდზე. სტატიაში ვერ ნახავთ სხვა მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა ამ კონსპირაციას, ან ჩინეთის მთავრობის ბრალდებაზე ამერიკის მთავრობის გამოხმაურებას: „ჭორების გავრცელების დრო არ არისო“.

Covid 19 რომ ხელოვნური ვირუსია, ლაბორატორიაში დაამზადეს და ამერიკელებმა შექმნეს – ამის შესახებ სტატიებს პრორუსულ გამოცემებში, თუ რუსულ მედიაში სხვადასხვა ფორმით ნახავთ.

მაგალითად, ტელეკომპანია „ობიექტივის“ 24 მარტის ეთერში წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსი შექმნილია ხელოვნურად და მის მოლეკულაში არსებობს საინჟინრო ჩარევის კვალი. კვარაცხელიამ „რასია 1“-ის ეთერში რუსი პოლიტიკოსის, სერგეი კურგინიანის და პოლიტოლოგის, არიელ კოენის გამოსვლები ახსენა. ისინიც კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზე საუბრობენ.

კურგინიანმაც კორონავირუსის წარმოშობა ამერიკას დააბრალა იმ ლოგიკით, რომ ამერიკამ ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო.

„რატომ არ გვიჩვენებენ ამ ვირუსს? სტრუქტურას? აჩვენეთ ხალხს სტრუქტურა, ძალიან საინტერესო იქნება. მას უცნაური გენომი აქვს, ინჟინირებული, უცნაური ჭრები, მექანიკური…. ახლა მეორე კოლეგებო, ამერიკელებმა ოფიციალურად დაიწყეს უკვე ვაქცინის გამოცდა, როგორ მიაღწიეს ამას ასე მალე?… სხვანაირად შეუძლებელია, თუ ვირუსზე უკვე არ მუშაობ იმთავითვე,“ – იკითხა „რასია 1“-ის ეთერში სერგეი კურგინიანმა.

პრორუსულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული ამ ტიპის მასალების შესახებ სხვა ინფორმაციას „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში ნახავთ. ეს ორგანიზაცია პერიოდულად მუშაობს დეზინფორმაციის ახალ ფორმებზე პრორუსულ ქართულ მედიასაშუალებებში.

 

კრემლის ამბები შინ და გარეთ

კრემლისტური მედიის დავალება რუსეთში და საზღვარგარეთ საერთოა – „პუტინი დახმარების ხელს უწვდის ევროპას, ვირუსი გამოგონილია“, თუმცა განსხვავდება ნიუსები აუდიტორიის შესაბამისად. მაგალითად, რუსული მედიაგამოცემების ნაწილმა რუსული აუდიტორიისთვის ამბების მოყოლის დროს აქცენტების გაკეთება იმაზე ამჯობინეს, რომ „ვირუსი მსოფლიო მთავრობამ შექმნა“ და „კორონავირუსის წამალს ისევ რუსი მეცნიერები გამოიგონებენ“. მაგალითად, „ენტვ“-მ ნათელმხილველი ვანგაც გაიხსენა, რომელმაც თითქოს იწინასწარმეტყველა, რაც ახლა ხდება სამყაროში. ტელეკომპანიის ცნობით, ნაპოვნია ვანგას წინასწარმეტყველება ახალი კორონავირუსის წამლის შესახებ. მას რუსი მეცნიერები კედარისგან დაამზადებენ.

დასავლეთში კი, რუსული მედია, რომელიც ინგლისურ ენაზეც ვრცელდება, მთავარ აქცენტს იტალიისთვის დახმარების გაწევაზე აკეთებს. კიდევ ერთი აქცენტი ესაა: „ევროკავშირი ხელს უშლის მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლას“ – ეს სათაური 8 აპრილს ინგლისურენოვან რუსულ გამოცემა „ნიუს ფრონტს“ ჰქონდა.

ამავე გამოცემის სტატიის სათაური 22 მარტს ასეთი იყო: „იტალიამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა – პუტინი თანახმაა“. ამ და სხვა სტატიებში სხვადასხვა ექსპერტის, ან პოლიტოლოგის მოსაზრებას ნახავთ, როგორ დაეხმარა პუტინი იტალიას და როგორი ქმედითი იყო ეს. აქ არ შეგვხვედრია, მაგალითად, ცნობილი იტალიური გამოცემის La Stampa-ს სტატიაზე გამოხმარება. ეს იტალური გამოცემა 23 მარტს წერდა, რომ რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარების 80 პროცენტი უვარგისი აღმოჩნდა. 

რუსი სამხედროები იტალიაში

ინგლისურნოვანი რუსული გამოცემები დასავლური აუდიტორიისთვის „მასონურ მითებსაც“ არ ივიწყებენ, მაგალითად, 14 აპრილს გამოცემა RT-მ გამოაქვეყნა ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, მარატ საფინის მოსაზრება: „კორონავირუსული პანდემია შესაძლოა საბაბი იყოს ადამიანებში მიკროკრიპების მასობრივი გადანერგვისთვის…“

როგორ „შეამჩნიეს“ რუსული ხელთათმანი დასავლურ მედიაში 

„რუსეთი მუშაობს ხელთათმანებით ჩინეთთან ერთად“ – წერდა 5 აპრილს ფრანგული რადიო RFI.fr. მულტიმედია მასალა იტალიის მიმართ რუსეთის დახმარებას ეხებოდა და ასეთი სათაური ჰქონდა: „რუსეთი და ჩინეთი იყენებენ COVID 19-ს ევროკავშირის დიკრედიტაციისთვის.“ ჟურნალისტურ მასალაში ეჭვია გამოხატული, რომ იტალიაში რუსები რეალურად დაზვერვისთვის შევიდნენ.

ფრანგული რადიო ყურადღებას ამახვილებს EU vs Disinfo- ს მონაცემებზეც, რომლის მიხედვითაც კრემლისტური მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ. ერთ-ერთ სტატიაში ფრანგული რადიო Sputnik-ის ლატვიური ვერსიის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ ამბავს იხსენებს –  ვირუსი ლატვიაში შექმნეს ხანდაზმული იტალიელების მკვლელობისთვისო.

დეზინფორმაციის შესახებ ბრალდებებს რუსული მედიაგამოცემებებიც ეხმაურებიან და რუსეთის ხელისუფლებაც, მაგალითად, გამოცემა „სპუტნიკის“ ინგლისურენოვანმა ვერსიამ 14 აპრილს გაავრცელა აშშ-ში რუსეთის საელჩოს შეფასება პენტაგონისგან რუსული მედიაგამოცემების კრიტიკაზე.

„…სასაცილოა SPUTNIK-ის და RT-ს დადანაშაულება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. უმჯობესია, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილოს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, – აღნიშნა რუსეთის საელჩომ.

13 აპრილს რუსეთის მხრიდან კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის შესაძლო დამალვას სტატია მიუძღვნა „The New-York Times“-მა. ამ გამოცემას პუტინის პრესპიკერი 15 აპრილს გამოეხმაურა და თქვა: „არანაირი რეაქცია არ იქნება მოსკოვის მხრიდან. ჩვენ არ გვჯერა, რომ ასეთი დაბალი კლასის პუბლიკაციები იმსახურებენ რეაქციას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

„რუსული მედია Covid 19-ზე ავრცელებს დეზინფორმაციას“ – ამ სათაურით სტატია რუსულ ყალბ ამბებს „გარდიანს“ ჰქონდა. ეს სტატია ევროკომისიის სპიკერის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანოს ციტატით სრულდება:

„ვინც ავრცელებს დეზინფორმაციას, არსებითად თამაშობს ადამიანების ცხოვრებასთან… ყველა პასუხისმგებელმა სოციალურმა მედიამ, ან მედიის მომხმარებელმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, რომ არსებობს უამრავი დეზინფორმაცია, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს… ორმაგი შემოწმება, სამმაგი შემოწმებაა საჭირო, გადადით იმ მედიაზე, რომელსაც ნამდვილად ენდობით და გადახედეთ წყაროებს,” – თქვა პიტერ სტანომ.

სოჭის გირჩებს მოქალაქეები ლიცენზიის გარეშე ვეღარ მოიპოვებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 260 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს სოჭნარ კორომებში – მუდმივი სათესლე უბნების დადგენის, მათი მონაცემთა ბანკის შექმნის, თესლმსხმოიარობის პოტენციალის, ეკოლოგიურად მდგრადი მოპოვების კვოტის დადგენისა და თესლის ხარისხის შეფასების მიზნით – სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.

სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი კვლევა უნდა ჩატარდეს 2020 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მიღებული შედეგების მონიტორინგი კი – 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში.

„გასათვალისწინებულია ის გარემოება, რომ 2022 წელს ვადა გასდის უკვე გაცემულ ლიცენზიებს [სოჭის გირჩებით სარგებლობაზე] და სწორედ აღნიშნული კვლევის საფუძველზე განხორციელდება შემდგომში ახალი ლიცენზიების განკარგვა სახელმწიფოსათვის მისაღებ მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასში“, – აცხადებს სააგენტო.

ლიცენზიები სამომავლოდ აუქციონით გაიცემა. აუქციონის გამოცხადებისთვის კი, სააგენტოს ინფორმაციით,  აუცილებელია სალიცენზიო და სოჭის კორომთა ფართობებზე ფაქტობრივად არსებული მდგომარეობისა და რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაციის არსებობა, რისთვისაც აუცილებელია 2-წლიანი დაკვირვება და ამ პერიოდის განმავლობაში სოჭის გირჩის ყვავილობის, მსხმოიარობის/ნაყოფიერების ერთიანი ციკლის შესწავლა.

ამასთან, სალიცენზიო ვადის გასვლის პერიოდი უნდა ემთხვეოდეს სოჭის გირჩის მსხმოიარობის პერიოდს (სოჭის გირჩის მსხმოიარობის პერიოდულობა კი განისაზღვრება 2-3 წელიწადში ერთხელ).

„ვინაიდან, კავკასიური სოჭი (განსაკუთრებით თლუღის სატყეო კვარტალში არსებული) გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით და ვარჯის განლაგებით, რის გამოც მისი თესლიდან გამოზრდილ საახალწლო ნაძვის ხეებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა ევროპის და დიდ ბრიტანეთის ბაზარზე. შესაბამისად, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ამ ბუნებრივ რესურსზე მოთხოვნა სამომავლოდ გაიზრდება და სახელმწიფო უნდა იყოს მზად, რომ ერთის მხრივ დააკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა გონივრული რაოდენობის ფარგლებში და მეორეს მხრივ ბუნებაშიც დარჩეს საკმარისი რაოდენობის რესურსი, რომ ხელი არ შეეშალოს ამ სახეობის გამრავლებას, საქართველოს ტეროტორიაზე სამომავლოდ შესაბამისი სანერგე მეურნეობების მოწყობას და.ა.შ.“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

სააგენტოში თვლიან, რომ „საქართველო ამით შეინარჩუნებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ბაზარზე და სეზონის ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მისი ჩანაცვლება სხვა ქვეყნის რესურსით, ხოლო შემდგომში რესურსზე ლიცენზიის გაცემა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური, ეკონომკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის სტაბილურ სეზონურ დასაქმებას“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ტყის ხეების, ყვავილებისა და დანარჩენი მცენარეების საქართველოდან გასული თესლის ღირებულება იყო:

  • 2017 წელს – 1 019 800 აშშ დოლარი;
  • 2018 წელს – 1 237 600 აშშ დოლარი;
  • 2019 წელს – 620 600 აშშ დოლარი [წინასწარი მონაცემები];
  • 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი – 143 000 აშშ დოლარი.

გერმანულმა რადიო WDR-მა [საზოგადოებრივი მაუწყებელი] 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა სიუჟეტი საქართველოში ნაძვისა და სოჭის გირჩების შეგროვებაზე.

WDR-ის ცნობით, გერმანიაში ყოველწლიურად 29 მილიონი საახალწლო ნაძვის ხე იყიდება, რომლებიც, ძირითადად, საქართველოდან შეტანილი გირჩებისგან გამოჰყავთ. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სწორედ ამ გირჩებისგან გამოყვანილი სამხრეთული საახალწლო ნაძვის ხეებია.

ნახეთ ვრცლად:

გერმანული მედია: ქვეყანაში ყოველ წელს 29 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და ისინი ქართული წარმოშობისაა

მთავარი ფოტო: კადრები რადიო WDR-ის სიუჟეტიდან

სახელმწიფო პირბადეებს აღარ შეკერავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოების ხაზის გამართვა და პირბადეების წარმოება, რისთვისაც 6 600 000 აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა.

„საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ფონდმა თავისი განცხადება სააგენტოდან გამოიხმო.

საპარტნიორო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო და ფონდმა იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100%-ით დასაფინანსებლად“. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდმა“, მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა“.

კერძო ინვესტორების შესახებ ფონდის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა სამი დღის წინ, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ შეიძენს. ამ პირბადეების საქართველოში წარმოება კი შპს „რესპირატორმა“ დაიწყო.

„ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც უკვე დღეს აწარმოებს პირბადეს, ეს კომპანია შემოიტანს დამატებით კიდევ ერთ ხაზს და შეძლებს დღეში 250 ათასი ერთჯერადი პირბადის წარმოებას. ქართუ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და 4 მილიონ პირბადეს, რომელიც ამ საწარმოში იქნება წარმოებული აჩუქებს სახელმწიფოს. პირველ რიგში ეს პირბადეები მოხმარდება სამედიცინო სექტორს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით კი, საქართველოში პირბადეების საწარმოო ხაზის ასამოქმედებლად სახელმწიფო სტრუქტურებიც იყო ჩართული: „ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო და გვეხმარებოდა ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში [ჯანდაცვის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები], რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნედლეული, მასალა დროულად მოხვედრილიყო საქართველოში და ეს წარმოების გაშვება შესაძლებელი გამხდარიყო“.

გარდა იმისა, რომ 4 მილიონ პირბადეს ამ საწარმოდან „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, „რესპირატორს“ უფლება აქვს პირბადეები ქართულ ბაზარზეც გაიტანოს გასაყიდად.

შპს „რესპირატორის“ დირექტორის, სერგო გალუსტიანის თქმით, პირბადეების ადგილზე წარმოება მათ ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად შეძლეს: „დიდი მხარდაჭერა გამოხატეს, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით… მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიის დასკვნაც და ჩვენ აღნიშნული პირბადეების მიწოდება შეგვიძლია ქართულ ბაზარზე“.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება – ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „რესპირატორი“ 3 დღის წინ, 2020 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100% წილის მფლობელი და ასევე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია სერგო გალუსტიანი. ის სხვა რამდენიმე კომპანიაშიც ფლობს წილებს.

„რესპირატორი“ ე.წ. სამშრიან პირბადეებს აწარმოებს, რომელშიც კომპანიის დირექტორის თქმით, არის ფილტრატორი შრეც.

ნახევარი მილიონი ცალი სამშრიანი პირბადის შეძენაზე კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სხვა კომპანიასთან ხელშეკრულება 570 ათას ლარზე აქვს გაფორმებული მარტის თვეში, ანუ 1 პირბადის ფასი 1.14 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადე, რომელიც ცალი 20 თეთრად იყიდებოდა პანდემიამდე აფთიაქებში, დღეს 1 ლარი და 80 თეთრი ღირს [ესეც დეფიციტურია].

არის ასევე ქართული პირბადეებიც 50 თეთრად, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალო კომპანიები უფასოდ კერავენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნედლეულის მობილიზება უწევს და თითო პირბადის შეკერვა 1 ლარზე მეტი უჯდება“.

საპარტნიორო ფონდმა შესყიდვების სააგენტოს 6,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ნებართვისთვის, განცხადებით 2020 წლის 21 მარტს მიმართა.

სააგენტომ ფონდს, მოთხოვა ერთი დღის ვადაში დაეზუსტებინა ინფორმაცია – კერძოდ, მიეთითებინა ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი და ოდენობა (მოცულობა).

ფონდმა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განცხადება სააგენტოდან გამოიხმო.

ამ თემაზე:

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, გუშინ საღამოსთან შედარებით, 6-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობაა – 394, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86, ხოლო გარდაიცვალა – 4.

19 აპრილის 12:45 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5 094 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 547.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია ასევე საქართველოს 3 მოქალაქე.

18 აპრილს ბათუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქობულეთის კლასტერიდან.

გარდაცვლილი 73 წლის ქალია, რომელიც 10 აპრილს შეიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, 13 აპრილს კი იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

ამ თემაზე:

ბათუმში Covid19-ით პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის კლასტერიდან

 

 

40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾5,2 მილიონი დაიხარჯება

მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც, ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნების მიზნით, ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული თანხა გამოიყოფა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

[yellow_box]ამ თემაზე: 9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას[/yellow_box]

მთავრობის ახალ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სუბსიდირება არ განხორციელდება „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იმპორტირებულ ხორბალზე.

ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი ან/და იმპორტირებული აქვს არანაკლებ 5 000 ტონა ხორბალი;

სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა  გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული  პირობების  შესაბამისად;

პროგრამის მიხედვით, სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია კი განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე;

პროგრამით განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის  იმპორტის სუბსიდირება.

სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 17 აპრილიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

 

COVID 19-ის მართვის კლინიკებში მომუშავე პერსონალი მხოლოდ ამ კლინიკებში უნდა მუშაობდეს

COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დაწესებულებებში.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 აპრილს მიიღო.

მთავრობის დადგენილებით, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი [ასეთის არსებობის შემთხვევაში].

[toggle title=”კლინიკების ჩამონათვალი ნახეთ აქ“]ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)  გამოწვეული ინფექციის (COVID-19) სამართავად  მობილიზებული კლინიკები:

რეგიონი დაწესებულების დასახელება დაცლის პირობა/სტატუსი
თბილისი სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ მზადაა
თბილისი სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მზადაა
თბილისი შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ მზადაა
თბილისი შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ მზადაა
თბილისი ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ მზადაა
თბილისი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ მზადაა
თბილისი სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ (ბავშვთა განყოფილება) მზადაა
თბილისი შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“ მზადაა
იმერეთი სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (50 საწოლი) მზადაა
იმერეთი შპს-ლჯ და კომპანია-დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი მზადაა
აჭარა შპს „მედალფა“ ბათუმის კლინიკა მზადაა
შიდა ქართლი სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ მზადაა
ქვემო ქართლი სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ მზადაა
სამეგრელო-ზემო სვანეთი შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“ მზადაა
სამეგრელო-ზემო სვანეთი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ ჩაერთვება სანებართვო დანართის მიღებისთანავე
აჭარა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ჩაერთვება სანებართვო დანართის მიღებისთანავე
იმერეთი შპს „კლინიკა ბომონდი“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 300- ეგზავნება მოთხოვნა 24 საათში დაცლის
მცხეთა-მთიანეთი შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 300- ეგზავნება მოთხოვნა 24 საათში დაცლის
იმერეთი სს „ევექსის ჰოსპიტლები“  – ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი შემთხვევების რაოდენობა > ან= 400- ეგზავნება მოთხოვნა 72 საათში დაცლის
თბილისი სს „გერმანული ჰოსპიტალი“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 800- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
თბილისი სს „ჯერარსი“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
თბილისი სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
თბილისი შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 72 საათში დაცლის
თბილისი შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 1300- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
თბილისი სს „ევექსის ჰოსპიტლები“  – კარაპს მედლაინი შემთხვევების რაოდენობა > ან= 1300- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
თბილისი შპს „ვივამედი“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 1400- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის
იმერეთი სს  „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (სრულად დაცლა) შემთხვევების რაოდენობა > ან= 1400- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის
თბილისი სს „ევექსის ჰოსპიტლები“  – ი. ბოკერიას სახელობის  რეფერალური ჰოსპიტალი შემთხვევების რაოდენობა > ან= 1800- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის
თბილისი შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“ შემთხვევების რაოდენობა > ან= 1800- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის

აღნიშნული დაწესებულებები ახორციელებენ/განახორციელებენ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების მართვას:

ბათუმი შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“
ბათუმი შპს „მედ ემერჯენსი“
ქუთაისი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ –  ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება
ფოთი სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ფოთის ჰოსპიტალი
სენაკი შპს „არქიმედეს კლინიკა“
ქარელი შპს „გორმედი“
ბოლნისი შპს „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“
რუსთავი სს „რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო“
მარნეული შპს „ჯეო ჰოსპიტალს“
ახალციხე შპს „ახალციხის კლინიკა იმედი“
აბასთუმანი შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“
თელავი შპს „თელავის რაიონული საავადმყოფო“
ლაგოდეხი შპს „არქიმედეს კლინიკა“
საგარეჯო შპს „ჯეო ჰოსპიტალს“
ონი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“

ეს დაწესებულებები კი განახორციელებენ/ახორციელებენ:

  • ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს ზემოთ ჩამოთვლილ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების საფუძველზე;
  • COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები;

ამასთან, მთავრობის დადგენილებით დაევალათ:

ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით;

ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება;

გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს:

საჭიროებისამებრ, კლინიკის სრულად მობილიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დახმარება მიმდინარე პაციენტების შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილების პროცესში;

უზრუნველყოს ამ დადგენილების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება.

[/toggle]

 

მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დგინდება ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი.

შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცა უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა, რომელიც ძალაში იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

ამ თემაზე:

რესპუბლიკურის ექთანი: ექიმები ვირუსით დაავადებულების შემდეგ რიგით პაციენტებს იღებენ

სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე – ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია

18 აპრილის საღამოს ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით  სააღდგომო ლიტურგია ეპარქიის  ტაძრებში არ ჩატარდა. მსახურება მხოლოდ ერთ, სამების დედათა მონასტერში ჩატარდა. სასულიერო პირები სამების მონასტერში მრევლის გარეშე წირავდნენ.

სააღდგომო ღვთისმსახურება   19 აპრილს, დილის 7 საათზე დაიწყება ეპარქიაში შემავალ ტაძრებში. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის განცხადებით მრევლიც და სასულიერო პირებიც მსახურებაზე პირბადეებით იქნებიან.

ბათუმის საკათედრო ტაძარი აღდგომის ღამეს 18.04.2020
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აღდგომის ღამეს, ბათუმი 18.04.2020

 

ბათუმში Covid19-ით პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის კლასტერიდან

18 აპრილს ბათუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქობულეთის კლასტერიდან.

გარდაცვლილი 73 წლის ქალია, რომელიც 10 აპრილს შეიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, 13 აპრილს კი იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

„მედალფას“ რეგიონალური ხელმძღვანელის, ლევან ანთაძის განცხადებით, ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

18 აპრილის მონაცემებით [23 სთ] საქართველოში კორონავირუსის 388 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 ადამიანი, გარდაიცვალა – 4. 

სამმა გამოჯანმრთელებულმა ბათუმში კლინიკა დატოვა – Covid-19

დღეს, 18 აპრილს, ბათუმში სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა „მედალფა“ დატოვა, Covid-19 – ზე მათი ანალიზების პასუხები უარყოფითია.  შესაბამისად ამ დროისთვის კლინიკაში 38 პაციენტი რჩება, რომლებიც Covid-19-ზე მკურნალობას აგრძელებენ. მათგან ორის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

18 აპრილის [11 სთ] მონაცემებით, საქართველოში 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 385 შემთხვევა.

მათგან გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 519

ბათუმში 92 პირის ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან გაგზავნილი 92 ანალიზის პასუხი, რომლის პასუხებსაც Covid-19-ზე დღეს, 18 აპრილს  ელოდებოდნენ, უარყოფითია.

ამ დროისთვის აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“ Covid-19-ით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. აქედან  ინფიცირების 33 შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 465 კონტაქტი, მათგან 230 პირთან ჩატარებულია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ამ 230-დან არის სწორედ ის 33 კონტაქტი, რომლებსაც Covid-19 დაუდასტურდათ.

დილის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, გუშინდელთან შედარებით 15-ით გაიზარდა და არის 385. მათ შორის გამოჯანმრთელდა – 84, ხოლო გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემები, კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 18 აპრილის [11 სთ] მონაცემებით, საქართველოში 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

„ერთი ხმელა პური მიკიდია საკენკად და ამით ვიარსებო“ – ადამიანები შიმშილის ზღვარზე

„მოვიდნენ, გამოაღონ მაცივარი, რომელიც ცარიელია. საჭმელი აღარ არის სახლში, ერთი ხმელა პური კიდია საკენკად და ამით ვიარსებო? რამდენ ხანს გავძლებთ ასე, შვილი მყავს, ცოლი, როგორ გავიტანოთ თავი“, – გვეუბნება მევლუდ არნანია. ის ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც პანდენმიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, მევლუდი და მისი მეუღლე ორივე უმუშევარი დარჩა. არნანიას ორი თვის ქირაც გადასახდელი აქვს.

„საქართველოში არც მე ვმუშაობდი და არც ჩემი ცოლი. არც იყო რაიმე სამუშაო რომ გვენახა და ამიტომ გადავდიოდით თურქეთში. ამაზე ვიყავით დამოკიდებული. დღეს კი ვხედავთ რა მდგომარეობაა, ვეღარც თურქეთში მივდივართ და არც აქ არის რაიმე სამუშაო. ყველაფერი დაკეტილია. ცუდ მდგომარეობაში ვართ ძალიან, საჭმელი, საარსებო წყარო ხომ გვინდა? ბინის მეპატრონეს ვთხოვე, რომ ერთი თვის გადასახადი ედროვებინა, მადროვა, მაგრამ სანამ გადავიხდიდი უკვე მეორე თვის ქირაც მომადგა“.

მევლუდ არნანია ბინაში 300 ლარს იხდის. ახლა 600 ლარი უნდა გადაუხადოს მეპატრონეს. გადასახადებიც უნდა გადაიხადოს, რადგან საერთო მრიცხველზე მაღალი მაჩვენებელი იწერება და შეღავათები არ შეეხო. მევლუდს ოჯახში 17 წლის შვილიც ჰყავს. „ინტერნეტი არ გვაქვს და ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრება. თუ ახლა შუქის ფულიც ვერ გადავიხადე, ვერც ტელესკოლას ნახავს. დანაზოგი რაც გვქონდა ამოიწურა. ორი თვეა უმუშევარი ვართ. ვინმეს რომ ვესესხო იმის საშუალებაც არ არის, ყველას პრობლემა აქვს“, – გვეუბნება ის.

მევლუდ არნანიას აზრით, სახელმწიფო უსამართლო იქნება თუკი მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით იხელმძღვანელებს და მას და მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს კომპენსაციას არ გადაუხდის.

„მთავრობას რომ უსმინო გარეთ უნდა გეძინოს, ხელი ან ფეხი არ უნდა გქონდეს და თავზე ბრეზენტი უნდა გეხუროს. მაინცდამაინც სულს უნდა ღაფავდე, რომ რაღაცით დაგეხმაროს, თუმცა ბევრი აღარ გვიკლია ამ მდგომარეობამდე“, – გვეუბნება ის.

მევლუდის მსგავსად ყოველდღიურ გამომუშავება ჰქონდა აკაკი დავითაძესაც. რესტორანში მიმტანი იყო. პანდემიის გამო დაიხურა რესტორნები, საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტი, შესაბამისად, ისიც შემოსავლის გარეშე დარჩა.

აკაკის შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდა. იმ დროს საგანგებო მდგომარეობა ახალი გამოცხადებული იყო და კრიზისი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს. აკაკის ორი არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავს. ახლა მთელი ოჯახი შემოსავლის გარეშეა.

„როგორც გავიგე, სახელმწიფოს მხოლოდ იმას დაეხმარება, ვინც საგადასახადოშია დარეგისტრირებული, ეს არასწორი მიდგომაა. სოციალურად დაუცველი ვარ, არც კომუნალური შეღავათები მაქვს, არც სხვა. ბინის მეპატრონემ პრობლემები შემიქმნა, რადგან ფულს ვერ ვაძლევ, შეიძლება ქუჩაში აღმოვჩნდეთ ამ პანდემიის დროს. 300 ლარს ვიხდი ქირაში, სოციალური შემწეობა კი 280 ლარია. სად წავიდე სახლიდან თუ გაგვიშვებს“, – ამბობს აკაკი.

აკაკი წლების განმავლობაში ირჩენდა თავს მძიმე შრომით. ახლაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

„ძალიან რთულია, როცა გასაქანი არ გაქვს. უფასო სასადილოც დაკეტეს, ერთხელ ავიღეთ პროდუქტი და ეგ იყო, ჯანმრთელობის პრობლემაც მაქვს, დავწერე განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, მთავრობაში, მითხრეს, რომ ფული არ აქვთ და ვერ დამეხმარებიან. ერთი თვის ბინის ქირას ვითხოვდი. არც მერია დამეხმარა“.

აკაკი ამბობს, რომ ახლა ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელევიზორი – 8 და 9 წლის ბავშვები სასწავლო პროცესსაც მოწყდნენ.

მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე გვიყვება ლიანა მაკარაძეც, რომელიც ასევე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, შვილთან და შვილიშვილთან ერთად.

„ჩვენი შემოსავლის წყაროც თურქეთში მუშაობა იყო. ჩაიკეტა საზღვარი და დავრჩით უმწეო მდგომარეობაში. ერთი შვილი, რომელიც სამკურნალოდ იყო წასული, ვეღარ გადმოვიდა და თურქეთში ჩარჩა, ამის გამო, სოციალური შემწეობაზე 70 ლარი ჩამომაკლეს. მის პატარა შვილს მე ვუვლი. თუ სოციალურ შემწეობას ბინის ქირაში გადავიხდი, მშიერი ვრჩებით“, – ამბობს ლიანა.

ლიანა გვეუბნება, რომ მისი შვილების და ოჯახის გარდა, 70 წლის დედაზე და ძმაზე ზრუნვაც მოუწია, რომლებიც მძიმე ონკოლოგიური პაციენტები არიან. „ამის გარდა, ჩემს ძმას ფსიქიკური პრობლემებიც აქვს და დედას ძალიან უჭირს მოვლა. ისინიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათ ჩვენ ვეხმარებოდით, მაგრამ ახლა არც ჩვენ გვაქვს შემოსავალი სოციალური შემწეობის გარდა.

დედამ ბინის ქირა პენსიით გადაიხადა, რადგან მეპატრონე გარეთ უშვებდა, მაგრამ საჭმლის გარეშე დარჩნენ. ამ თვეში მე გავუზიარე ჩვენი სოციალური შემწეობიდან, მომავალ თვეში არ ვიცი რა იქნება“.

ლიანა ამბობს, რომ მის ოჯახს სამი თვის ქირა აქვს უკვე გადასახდელი. ოჯახში კი აღარავინ მუშაობს.

აჭარის მთავრობა ამბობს, რომ კორონავირუსის ბრძოლის ფონდში მილიონზე მეტი ლარია აკუმულირებული, თუმცა როგორ აპირებს ამ ფონდის განაწილებას ან იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ყოველდღიურ სამუშაოზე იყო [toggle title=””]Content[/toggle]დამოკიდებული და დაკარგა შემოსავალი, ამ დრომდე უცნობია. აჭარის მთავრობაში ამ დროისთვის მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ „მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ პაკეტზე“.

20 აპრილს ბათუმში 26 გრადუსამდე დათბება – გარემოს ეროვნული სააგენტო

18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი იქნება. მთაში – 10-15 გრადუსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, 20 აპრილს ბათუმში დღისით 26 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.

21 აპრილიდან კი მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა – ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე დაიკლებს.

გერმანიაში Covid-19 კონტროლს ექვემდებარება – გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ გერმანიაში კორონავირუსის ეპიდემია კონტროლს ქვეშაა.

მინისტრი აცხადებს, რომ უკვე 12 აპრილიდან ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა აღემატება ახალინფიცირებულთა რაოდენობას.

ინფიცირების მაჩვენებელი 0,7-ზე ჩამოდის, რას იმას ნიშნავს, რომ ყოველ ინფიცირებულზე უკვე ერთზე ნაკლები ახალი ინფიცირების შემთხვევა მოდის – წერს „ბიბისი“.

ოთხშაბათს, 15 აპრილს, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გადაიდგმება ნაბიჯები შეზღუდვების შესამსუბუქებლად. მცირე ზომის მაღაზიების ნაწილი შემდეგ კვირაში გაიხსნება, ხოლო სკოლები – მაისის დასაწყისში, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი.

მაგრამ მერკელმა განაცხადა, რომ საჭიროა სიფრთხილე, ამიტომაც სპორტული და გასართობი ცენტრები, ასევე კაფეები და რესტორნები გერმანიაში ისევ დაკეტილი დარჩება.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გერმანიაში დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ქსელმა საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასება მიიღო. აპრილის დასაწყისში გერმანიაში 100 000-ზე მეტ ტესტს ატარებდა ყოველდღიურად, რამაც ქვეყანას მისცა საშუალება დროულად გამოევლინა ინფიცირების შემთხვევები.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აგვიტოში გერმანული კომპანიები დაიწყებენ კვირაში 50-მდე მილიონი ნიღბის წარმოებას მედპერსონალისთვის.

ბოლო მონაცემებით გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 141 397 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 83 114 პირი, გარდაიცვალა – 4 352.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტოსააგენტო. EPA/CLEMENS BILAN

 

ქობულეთში სასწრაფო დახმარების მანქანას ტრაილერი შეეჯახა, არიან დაშავებულები

დღეს, 18 აპრილს, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, რომელიც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, დაშავებულია მედდა და სასწრაფოს მძღოლი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავდა პაციენტიც, თუმცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მხოლოდ ერთ დაშავებულზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, აქ არ აკონკრეტებენ, პაციენტია დაშავებული, მედპერსონალი თუ მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფატზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

_____________________

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნინო ნიჟარაძე: შესაძლოა შემდეგი კვირა გვქონდეს კრიტიკული

„შემდგომი კვირა შესაძლოა  გვქონდეს კრიტიკული, ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე. ეს, რა თქმა უნდა, უკონტროლო ზრდასთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ თუ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ნაკლებად ექნებათ კომუნიკაცია, ზრდის ტემპი იქნება უფრო იშვიათი და მართვადი“ –  განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ დღეს, 18 აპრილს ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ყოველდღიურად ასი ლაბორატორიული ნიმუში იგზავნება საკვლევად:

„ბევრი არ დასტურდება, მაგრამ არის მოლოდინი, რომ შესაძლოა ჩვენ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზარდოს, რადგან ქვეყნის დინამიკას მივყვებით“.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 17 აპრილს, 24 საათის განმავლობაში ცხელების ცენტრს 26-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 24  დატოვა კლინიკა.

ამ დროისთვის აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“ Covid-19-ით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. აქედან  ინფიცირების 33 შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, მათ შორის არიან ბავშვები.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 465 კონტაქტი, მათგან 230 პირთან ჩატარებულია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ამ 230-დან არის სწორედ ის 33 კონტაქტი, რომლებსაც Covid-19 დაუდასტურდათ.

„სიკვდილიანობა ახალგაზრდებშიც მაღალია“ – თეთრხალათიანთა დღიური საფრანგეთიდან

ფრანგული გამოცემა Le Monde ყოველდღე აქვეყნებს საკუთარ გვერდზე მედპერსონალის მონათხრობს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან უწევთ მუშაობა. საფრანგეთი იტალიისა და ესპანეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით.

 თეთრხალათიანთა კრიზისის დღიური – ასე ეწოდება რუბრიკას, რომელშიც  ზოგადი პროფილის ექიმები, მედდები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები პანდემიის პირობებში ყოველდღიური საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ საუბრობენ.

  • მატიას ვარგონი, 53 წლის, სენ-დენის დელაფონტენის ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი

„იმ პირობებში, როგორშიც ახლა საფრანგეთია, ძალიან სახიფათო იქნება დაავადების მეორე ტალღა, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა უკვე გადატვირთულია. მიუხედავად 11 მაისამდე გახანგრძლივებული კარანტინისა, ხალხი მაინცაა ქუჩაში, თუმცა რთულია იმ ადამიანებისთვის შინ დარჩენა, ვინც არ არის ინფიცირებული კორონავირუსით, მაგრამ აქვს სხვა ქრონიკული დაავადებები, რაც ხშირად ექიმთან ვიზიტს და შესაბამისად გარეთ გასვლასაც ნიშნავს.

სანამ ქვას ვესროდეთ ადამიანებს სახლში არდარჩენის გამო, შეგახსენებთ, რომ ამ რაიონში სენ-დენიში, უამრავი ადამიანი ცხოვრობს პატარა ბინაში, არასახარბიელო პირობებში, განსაკუთრებით სამუშაოდ ჩამოსული ემიგრანტები. აქამდე სახლებში ისინი მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდნენ, ან სადილად. გამოდის, რომ ასეთი ხალხი „ციხეში“ აღმოჩნდა ჩაკეტილი.

რამდენიმე დღის წინ ასევე ვნახეთ უზარმაზარი რიგები პარიზში, ეს ზრდის ვირუსის მეორე ტალღის რისკს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კი უკვე გადატვირთულია.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ვირუსის ტალღა თვეების მანძილზე გაგრძელდება“.

  • ჯული უდე, 39 წლის, ტულუზის სასწრაფო დახმარების ექიმი 

„კრიზისი დიდხანს გასტანს, ეს იყო ის, რასაც სტუდენტებსაც კი ვეუბნებოდით თავიდანვე. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, პროცესის გაწელვაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა წვეთ-წვეთობთ გაიზარდოს და  პირდაპირ ცუნამი არ მივიღოთ.

თვითორგანიზება გვჭირდება, რომ თვეობით შევძლოთ ფუნქციონირება. განყოფილებების უმრავლესობა ახლა 2 ნაწილადაა გაყოფილი:  Covid-განყოფილებები და არაკოვიდგანყოფილებები.

ზოგიერთი ვერ ბედავს დაგვირეკოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხაზზე. ზოგს ერიდება, რომ გადავიტვირთებით, ან ეშინიათ დაინფიცირდნენ საავადმყოფოებში. ამ პატარა „ზრუნვას“ ხალხის მხრიდან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არიან სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტები მძიმე სიმპტომებით, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება. მაგალითად ინფარქტის დროს, როცა პაციენტს გულის უკმარისობის სტადია აქვს. იგივე ითქმის აპენდიციტზე, როცა დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა პერიტონიტი განვითარდეს“.

  • ოფელი მოჟე, 25 წლის. ნანტის საუნივერსიტეტო ცენტრის მედდა

„ბოლო რამდენიმე დღეა გადაუდებელი შინაგანი მედიცინის განყოფილებაში ვმუშაობ, ჩვენს კლინიკაში გარკვეულწილად მივაღწიეთ ბალანსს covid 19-ით შემოსულ და გაწერილ პაციენტებს შორის. პირველი ტალღის ნაკადს ვუმკლავდებით, შეზღუდვებმა და კარანტინმა ამაში ხელი შეგვიწყო, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არის ვირუსის მეორე ტალღის დიდი საფრთხე. იმედია ამ დროისთვის შესაბამისად მომარაგებულები და აღჭურვილები ვიქნებით.

კორონავირუსის ტალღის გამო შეზღუდულია შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში პაციენტების მიღება, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანთა დაავადებები გართულდება და შესაბამისად მკურნალობაც მომავალში გახანგრძლივდება“.

  • მატილდა პადილია, 21 წლის, რუანის მოხუცთა თავშესაფრის მედდა, სტუდენტი

„მოხუცთა თავშესაფარში ყოფნისას ერთად საუზმობენ, სადილობენ და ვახშმობენ. დღის მეორე ნახევარში კულინარიის მასტერკლასებია, სამაგიდო თამაშები იმართება, მღერიან ან კითხულობენ. ეს ყველაფერი თავშესაფარში ხანდაზმულთა მონოტონურ ცხოვრებას ცოტათი ახალისებს, მათ რეგულარულად სტუმრობდნენ ასევე სტილისტები და მანიკიურის სპეციალისტები. ეს ყველაფერი უცებ გაქრა. ხანდაზმულები მთელ დღეებს საკუთარ ოთახებში, მარტო ატარებენ და ვერავის ხედავენ მომვლელის გარდა.

მინდოდა მუსიკის საშუალებით რაღაც შემეცვალა იზოლაციის წესებში, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ყველაფერი შევათანხმე, რაიმე სახიფათო ხომ არ იყო ამაში.  მხოლოდ ორი ადამიანიც რომ გვისმენდეს, დრო დაკარგულად არ მიმაჩნია – ეს ერთად გატარებული წუთებია. თავშესაფრის ყველა ხანდაზმული გამოვკითხე, რისი მოსმენა ან სიმღერა სურდათ. უმრავლესობამ შარლ აზნაურის La Bohème და Emmenez-moi მოინდომა.

ჩემს ჰავანურ გიტარაზე რამდენიმე დღე ვაწყობდი ამ სიმღერებს. რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ ჩამომევლო რამდენიმე ოთახში და ერთად გვემღერა. რაღაც დრო ხომ მაინც გავატარეთ ერთად. ერთმა იტირა – ძალიან იმოქმედა, რომ იფიქრე ჩემზე და მოხვედიო. ვუპასუხე, რომ ეს მცირეხნიანი მუსიკალური თერაპია იყო მათი განწყობისთვის. დავპირდი, რომ მომდევნო დღეებშიც ავაწყობდი  გიტარას და შარლ აზნაურის გარდა სხვა მომღერლების სიმღერებსაც ვუმღერებდი”.

  • ტომას ჟილე, 38 წლის, ბობინის ავიცენას ჰოსპიტლის პულმონოლოგი

„ვირუსი ისევ ინტენსიურად პროგრესირებს. სამწუხაროდ, დაღმავალი დინამიკა შესაძლოა არ იყოს ერთგვაროვანი, ცალკე თემაა ვირუსის მეორე ტალღა, რაც არ ვიცით უფრო ძლიერი იქნება თუ პირიქით, სუსტი. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის მოსახლეობის იმუნიტეტზე.

პრეზიდენტმა მაკრონმა აღიარა, რომ არსებობს ვალდებულებები, რის საფუძველზეც დეფიციტური რესურსი არ უნდა ყოფილიყო დეფიციტი. სიტყვაც არავის დაუძრავს იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მცირდებოდა საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა. პრეზიდენტმა გაზარდა მედპერსონალის ხელფასი, მაგრამ ეს დაგვიანებული რეაქციაა, გაშვებული შესაძლებლობა.

ახლა, როცა გადავდგით ნაბიჯი, უკან უნდა დავინახოთ, რომ კრიზისი ახალი პროვოკატორია, რომელიც არ ცნობს საზღვრებს.

საავადმყოფოში ყველანი შეძრწუნებულები ვართ. 93 ახალგაზრდა გვყავს განყოფილებაში ინფიცირებული, სიკვდილიანობა მათშიც მაღალია. მართალია უდაბნოში არ ვცხოვრობთ, მაგრამ სამედიცინო უდაბნოში აღმოვჩნდით პარიზის შუაგულში”.


ბოლო მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების  2 მილიონზე  მეტი შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის გარდაცვლილია 154 271 ადამიანი.

საფრანგეთში ვირუსით ინფიცირების 149 130 შემთხვევაა, Covid-19-ით ქვეყანაში 18 703 ადამიანი გარდაიცვალა.

________________________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHRISTOPHE PETIT

ქობულეთში თერმოსკრინინგი 11 ათას ადამიანს ჩაუტარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 11 100-ზე  მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა ქობულეთის კლასტერის გამო. ამ კლასტერში, ბოლო მონაცემებით, 32 პირია ინფიცირებული ახალი კორონავირუსით.

ბოლო მონაცემებით, თერმოსკრინინგის შედეგად გამოიკვეთა 25 საყურადღებო შემთხვევა, თუმცა 17 აპრილის მდგომარეობით, ამ შემთხვევებიდან ლაბორატორიულად არცერთს არ დაუდასტურდა Covid-19 – ამის შესახებ დღეს, 18 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გრძელდება და პარალელურად საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების მოძიების პროცესში ოჯახის ექიმებიც არიან ჩართული:

„ისინი დისტანციურად ეკონტაქტებიან პაციენტებს და აგროვებენ ინფორმაციას როგორც მათი, ასევე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შესახებ.“

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში გაცილებით მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც საკარანტინო სივრცე დატოვეს, ვიდრე რჩებიან. იგი ამბობს, რომ ამ პირებს საკარანტინო სივრცის დატოვების წინ ასევე უტარდებათ დიაგნოსტიკა.

ამ დროისთვის აჭარაში  საკარანტინე სივრცე დატოვა  2200-მა პირმა, ხოლო კარანტინში რჩება 1700 – მდე ადამიანი.

Exit mobile version